გოგონას თვალები ცრემლებით ქონდა სავსე და მათ დამალვას გულმოდგინედ ცდილობდა. ბაჩუკიმ თვალი თვალში გაუყარა და ხელები სუსტ მხრებზე მოხვია.
-ყველაფერი რომ დამთავრდება, რას აპირებ?
-არ ვიცი. ჩემი სახლი დამწვარია. მშობლები აღარ მყავს. სულ მარტო ვარ. რამეს მოვიფიქრებ. - გაღიმება სცადა ოლიამ.
-საავადმყოფოში დავბრუნდეთ. პატარა ბარათს და მისამართს მოგცემ. მე რომც არ ვიყო ცოცხალი, ომის შემდეგ იმ მისამართზე მიხვალ. ბარათს მიცემ და ისინი ნამდვილ შვილად მიგიღებენ. ახლა დავბრუნდეთ და პოლკოვნიკ ასათიანს გადაეცი, ხვალისთვის მანქანები მომიმზადოს.
ჭუბერისკენ მიმავალი გზა თოვლიანი და ყინვიანი იყო. ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, მაგრამ ბაჩუკი მეგობრებთან ერთად სულ ზევით ზევით უღელტეხილისკენ მიიწევდა. ორი მანქანა ტანსაცმლით, საჭმლით, წამლებით და ყველაფერ იმით იყო დატვირთული, რისი შოვნაც კი შეძლეს ჯარისკაცებმა. ქალები, ბავშვები და მოხუცები წინ მიიწევდნენ ქარსა და ყინვაში. ჯარისკაცებს რამდენიმე საფლავის გათხრაც დაჭირდათ, გაყინული მოხუცებისთვის სამუდამო სასუფევლის დასამკვიდრებლად. ყველა მებრძოლს ერთი აზრი უტრიალებდა თავში, აქ ყოფნას და ამ ხალხის ყურებას, ბრძოლის ველზე ყოფნა ერჩივნათ. როგორც იქნა თოვამ გადაიღო. ცა მოიწმინდა და ვარსკვლავები გამოჩნდა. ბაჩუკიმ ცას ახედა. „მოყინავს“ - ჩაილაპარაკა თავისთვის და დათოვლილ ტოტებს თვალიერება დაუწყო.
-რას აკეთებ მეგობარო? - მიმართა გიგაურმა ბაჩუკის. ამ ბიჭმა რამდენჯერმე იხსნა მისი სიცოცხლე და ახლაც გვერდიდან არ შორდებოდა.
-ტოტები მოვაგროვოთ და ცეცხლი დავანთოთ. ამაღამ გაყინავს. ხალხი დაიღუპება. იქნებ გადავარჩინოთ.
-რომ შეგვამჩნიონ და დაგვბომბონ? - ვარაუდი გამოთქვა ჯარისკაცმა.
-არ მგონია თვითმფრინავებს ახლა ჩვენთვის ეცალოს. თან ან შეგვამჩნევენ და ან არა. გაყინვით კი აუცილებლად გაიყინებიან. გიგაურმა ხელები ასწია, როგორც იტყვიო, ჩაიბურდღუნა და ტოტების მოგროვებას შეუდგა. გამთენიას ყინვამ ისე მოუჭირა, სუნთქვა აღარ შეიძლებოდა.
გამონაორთქლი ჰაერშივე იყინებოდა. ბაჩუკის აქა-იქიდან კვნესის ხმა ესმოდა. ჩანთებზე მიწოლილ ადამიანებს მოუსვენრად ეძინათ. ერთმანეთს ჩახუტებულები გათბობას ცდილობდნენ. ჯარისკაცებმა ხალხში გაიარეს. ვიღაცებს თბილი ტანსაცმელი მიაშველეს, ვიღაცებს წამალი და თვითონაც კოცონთან დაბრუნდნენ. გარიჟრაჟთან ერთად ბავშვის ტირილი ძლიერდებოდა. ბაჩუკიმ თვალი ვერ მოხუჭა. ჯერ არ დაბადებულ შვილზე ფიქრობდა და ნონას გაბერილ, ჯერ თვალით არ დანახულ მუცელს ეფერებოდა. ბაჩუკის ომში გაწვევის წერილი ხელში ეკავა, როცა მილიონჯერ გავლილი გზა გაიარა თავისი სახლიდან ნონას საძინებლამდე. გოგოს წააკითხა და მის რეაქციას დაელოდა. ნონას ხმა არ ამოუღია.
არც ცრემლი გადმოვარდნია. უსიტყვოდ უყურებდა ბიჭს და მის თვალებში ყველაფერი იკითხებოდა, ტკივილიც, ტირილიც და გლოვაც. „რა ვუთხრა ჩემს შვილებს, როცა სხვები ომობდნენ, მე ჩაის ვსვამდი-თქო?“ - მხოლოდ ეს თქვა ბიჭმა. გარიჟრაჟზე დატოვა სატრფოს ოთახი ბაჩუკიმ ისევ იმავე გზით, რითაც მოვიდა და ისევ ავმა გოშიამ გააცილა.
პატარას ხმა ძლიერდებოდა. ბაჩუკიმ ვეღარ მოითმინა და ხმას გაყვა. ახალგაზრდა ქალი პატარა ჩანთაზე მიწოლილიყო და არ ინძრეოდა. პატარა ალბათ წლამდე იქნებოდა. ხელებს დედის სახეზე აცეცებდა და რაღაცას ლუღლუღობდა. ბაჩუკიმ ქალთან ჩაიცუცქა, ხელი გაიწვდინა და ოდნავ შეეხო. მოულოდნელად სადღაც ქალის კალთიდან ორი პატარა ეშვი გაჩნდა და ბიჭს მკლავზე დაეკიდა. კბილებს პრიალა ცხვირი მოყვა. მალე შავმა დიდმა ყურებმაც არ დააყოვნა და გაბურძგნული ლეკვი გამოჩნდა. ყელზე საყელო ეკეთა მედალიონით. ბიჭს გაეცინა. ძაღლს კისერში ხელი დაავლო და ზევით აწია. „მაქსი“ წაიკითხა მედალიონზე.
-შენ მერე მოგხედავ, ახლა მაცადე მეგობარო - მოეფერა ბიჭი ძაღლს და გვერდით გადასვა. პატარა დამცველი არ ჩერდებოდა. ჯარისკაცს შარვლის ტოტზე ეკიდებოდა და ქალთან არ უშვებდა.
-ქალბატონო - ბაჩუკიმ ქალს ხმადაბლა დაუძახა და ოდნავ შეეხო. უსიცოცხლო სხეული ბიძგს დაემორჩილა და გადატრიალდა. ბიჭი შეცბა, ფეხზე წამოხტა და ხმამაღლა შეყვირა. ყვირილის ხმაზე კბილებამდე შეიარაღებული რამდენიმე მებრძოლი მასთან გაჩნდა.
-ბიჭებო, ქალია მკვდარი - შეაჩერა იარაღმომარჯვებული მებრძოლები ჯარისკაცმა და პატარასთან დაიხარა. ხელში აიყვანა და გულზე მიიხუტა. პატარას სითბო ესიამოვნა. იყუჩა და თვალები მილულა. მაქსი ფეხსაცმელზე ეკიდებოდა და პატარას არ თმობდა.
-ქალბატონი მიწას მივაბაროთ და დანარჩენს მერე მივხედოთ - ორი სიტყვა დაუგდო ბაჩუკიმ მეგობრებს და კოცონისკენ დაიძრა. ლეკვი ფეხდაფეხ მისდევდა.
-რა უნდა ვუქნათ ამათ? - თავზე დაადგა გიგაური მეგობარს.
-მანქანას ვიშოვნი და დედაჩემთან და ნონასთან წავიყვან - არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა ბიჭმა.
-გასაგებია. მანქანას მე გიშოვნი - მიუგო პასუხი მებრძოლმა და გაეცალა. ბაჩუკიმ პატარა ჩაით და პურით დააპურა. არც მაქსი გამორჩენია. ამ ბავშვის გადარჩენა მისი ცხოვრების მიზნად იქცა და მეტი არაფერი აინტერესებდა.
ორი საათი არ იყო გასული, გიგაურმა რუსული „ნივა“ რომ მოიყვანა. მანქანაში ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად ისხდნენ და გულზე ძაღლ და ბავშვ მიხუტებულ ბაჩუკის თვალებდაჭყეტილი მიჩერებოდნენ.
გაგრძელება იქნება
ავტორი: სალომე ტაბატაძე