როგორც ყველა დიდ ქალაქში, მოსკოვშიც აღარ ასაფლავებენ ადამიანებს ცენტრალურ სასაფლაოზე, მხოლოდ იშვიათი გამონაკლისების გარდა. არადა, ქალაქგარეთ სასაფლაოებამდე ძალიან შორი მანძილია. სწორედ იქ უნდოდა ხელისუფლებას ჩემი ქმარი დაესაფლავებინა, მაგრამ არ დავანებეთ.
მე და ჩემი მეგობრები მივიჩნევთ, რომ მისი საფლავი ზუსტად ქალაქის ცენტრში უნდა მდებარეობდეს, იქ, სადაც იგი დაიბადა.
ვაგანსკის სასაფლაოს დირექტორთან დელეგაცია გავემართეთ. იგი სულ რამდენიმე ნაბიჯზეა ჩვენი სახლიდან. ლამაზი ბაღის შუაგულში პატარა ეკლესია დგას.
მოდის იოსებ კობზონი. როგორც კი დირექტორი მას თავის კაბინეტში შეიპატიჟებს, კობზონი ეგრევე იწყებს:
- ვისოცკისთვის ადგილია საჭირო! - და ასმანეთიანების დასტას უწვდის.
ეს მთელი სიმდიდრეა.
შეურაცხყოფისგან გაწბილებული დირექტორი მთელი ხმით გაჰყვირის:
- როგორ იფიქრეთ, რომ მე ფულს ავიღებდი?! მე ისე მიყვარდა იგი…
მას თურმე უკვე მოუმზადებია საუკეთესო ადგილი მოედნის შუაგულში, რათა მის საფლავთან მისვლა ყველას ადვილად შეძლებოდა.
ეს კეთილი ადამიანი ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რამდენად იღბლიანად შეარჩია საფლავის ადგილი. უკვე რამდენი წელია, უამრავი ადამიანი მიდის ვლადიმირის საფლავთან, რთავენ მას ყვავილებით, თითქოს უცნობი ჯარისკაცი იყოს. ვიღაცებს სასმელი მოაქვთ, ვიღაცებს - ვაშლები, ნამცხვარი… ყვავილების გორა აქ მუდმივად დგას. თაიგულებზე დაკრულ ქაღალდზე კი ლექსებია წაწერილი.
იმ დღიდან სასაფლაოს დირექტორმა ადგილი დაკარგა. იგი სამსახურიდან მოხსნეს. იქნებ მთავრობამ არ აპატია მისი ქმედებით აგორებული სკანდალი? - პოეტ ვლადიმირ ვისოცკის საფლავი, შუაგული მოსკოვის ცენტრში, უამრავი საბჭოთა ადამიანის თავშეყრის ადგილი გახდა წლების განმავლობაში…
8 8 8
ვალოდიას ძეგლის დადგმის თაობაზე ჩემსა და მის ოჯახს შორის უსიამოვნო შელაპარაკება მოხდა. მისი ერთ-ერთ ლექსი, რომელსაც «ძეგლი» ჰქვია, რაღაცნაირად ანდერძის მსგავსია. ლექსში ნათლადაა გამოთქმული, რომ ვლადიმირს არ სურდა მის საფლავზე ქანდაკება დაედგათ. «მე მსახიობი ვარ და არ მინდა ამ ქვეყნიდან გრანიტად წავიდე» - ასეთია ლექსის მოკლე შინაარსი.
დავით ბოროვსკიმ, რომელიც 15 წელი მუშაობდა მის გვერდით, ჩემი თხოვნით ძეგლის პროექტების გამოფენა მოაწყო.
ჩემი აზრით, ისე კარგად ვერაფერი გამოხატავდა ვისოცკის მოკაშკაშე და ხანმოკლე ცხოვრებას, როგორც ვარსკვლავი, რომელმაც ცეცხლოვანი კვალი დატოვა სივრცეში და რომლის ნაგლეჯიღა მოჩანს ცის კაბადონზე, ანუ მეტეორი. იქვე წარწერა - ვლადიმირ ვისოცკი და დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი.
სამწუხაროდ, მის მშობლებს ეს იდეა არ მოეწონათ. მათ სასტიკი წინააღმდეგობა გამიწიეს იმ მიზეზით, რომ ეს ბარბაროსული და გაუგებარი ძეგლი ვალოდიას ვაჟებისთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა. მათ უნდოდა მონუმენტის დადგმა, მთლიანი ტანით, რათა ყველას კარგად შეეცნო ვისოცკი. ვიმედოვნებდი, რომ კონკურსი დაგვეხმარებოდა და მისი მშობლები როგორმე კომპრომისზე წამოვიდოდნენ.
თეატრის ფოიეში 30-ზე მეტი ნამუშევარი გამოიფინა. სკულპტორებმა მთელი სული ჩააქსოვეს თავიანთ საქმეში, ყველა თავისებურად გამოხატავდა, რა სახის ქანდაკება სჭირდებოდა ჩემს ქმარს.
დიდხანს ვარჩევდით… ყველა მათგანს საათობით ვაკვირდებოდით. მშობლებმა მაინც ის აირჩიეს, სადაც იგი მთლიანად ჩანდა - მთელი სხეულით. ქარში გაფრიალებული დროშის ფონზე ორმეტრიანი ცხენი იდგა, მის წინ ვალოდია, რომლის თავს ზევით მხარზე გადებული გიტარა მოჩანდა.
ვერ შევთანხმდით. მე ჩემს არჩევანს ჯიუტად ვიცავდი. ისედაც, პატარა ეკლესიის ფონზე უზარმაზარი ქანდაკება არ იქნებოდა ლამაზი. ისიც ვთქვი, რომ ვალოდია იყო პოეტი, მსახიობი და არა საბჭოთა კავშირის გმირი და სამხედრო ხასიათის ძეგლი სრულ წინააღმდეგობაში მოვიდოდა მისი პიროვნებასთან. მისი ავტოპორტრეტი იმიტომაც არ მიმაჩნდა საჭიროდ, რომ ისედაც არსებობდა უამრავი ფოტოსურათი, კინოფილმი და ვიდეოკასეტა. მაინც ვერ მივედით საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ხუთი წლის შემდეგაც იგივე მდგომარეობა დარჩა. სიმართლე რომ ვთქვა, მომწონდა კიდეც საფლავის ასეთი სახე - ახალ-ახალი ყვავილების მთა იდგა მუდამ, ზამთარსა და ზაფხულში, რა უნდა ყოფილიყო ამაზე უკეთესი?
8 8 8
1985 წლის ნოემბერია. ეს-ესაა, შემატყობინეს, რომ ძეგლი დაიდგა. დღეიდან შენს საფლავს დაამშვენებს სოციალისტური რეალიზმის სიმბოლო - ძეგლი, რომლის არსზე შენ მთელი ცხოვრება გული გერეოდა. და რადგანაც სკულპტურა ორმეტრიანია, ჯუჯასავით მოჩანხარ მის ფონზე, რომელსაც კუზის ნაცვლად ზურგზე გიტარა «ამოსვლია», ირგვლივ კი ცხენებითაა გარშემორტყმული. ეს სიმახინჯეა, იგი არანაირ ჩარჩოში არ ჯდება და უბრალოდ, სასაცილოდ გამოიყურება.
იქვეა წარწერა: «მშობლებისგან და შვილებისგან». საბედნიეროდ, მე არ დამიძახეს, როცა მისი დადგმა გადაწყვიტეს. კიდევ კარგი, თორემ სკანდალს ავწევდი. არც მეგობართაგან მისულა ვინმე. ფარსი გაგრძელდა…
8 8 8
ეს ლოთი, ანტისაბჭოთა ადამიანი, დაუმორჩილებელი, უნიჭო, თავხედი, ხალხის მტერი, შეშლილი, ცუდი შვილი, საშინელი მამა, ჩაშვებული ადამიანი, რომელიც უცხოელ მსახიობთან დაცანცარებს - თქვენი შვილია, სემიონ ვლადიმირის ძევ!
ეს პუბლიკისგან გაღმერთებული მსახიობი, ყველასგან აღიარებული შემოქმედი, თავის ქვეყანაზე სიგიჟემდე შეყვარებული, დაუღალავი მშრომელი, შვილების ნახვას რომ უკრძალავდნენ, მომთმენი და თავმდაბალი ადამიანი - ესეც თქვენი შვილია, სემიონ ვლადიმირის ძევ!
თქვენი მედლები, რომლებიც ომში მიიღეთ, დღეს არ გაძლევთ სიმართლის თქმის უფლებას. თქვენ არასდროს არაფერი გაგეგებოდათ, არასდროს გესმოდათ მისი. თქვენი ვაჟის სიმღერები ყურს გჭრიდათ მხოლოდ. თქვენს წრეში მისი ცხოვრების სტილი სკანდალურად მიაჩნდათ. და თუ არ გესმით თქვენი ქმედების უსამართლობა, მაშინ ორმაგად დამნაშავე ხართ. თქვენ გაწირეთ ადამიანი და იგი თქვენი შვილი იყო!
12 წლის განმავლობაში ვცდილობდი თქვენ შემორიგებას. მაგრამ თქვენ მხოლოდ საკუთარი თავი გაღელვებდათ, გინდოდათ, მშვიდი ცხოვრება გქონოდათ. გსურდათ, ვალოდიას შემოქმედება მიღებული ნორმის ჩარჩოებს არ გასცდენოდა და საჯარო არ გამხდარიყო. სერიოზულად არც არასდროს დაინტერესებულხართ თქვენი ვაჟის შემოქმედებით, რადგან იგი ეწინააღმდეგებოდა თქვენეულ შეხედულებას ცხოვრებაზე.
როცა ჩვენ ძეგლის თაობაზე ვდავობდით, ყველაზე მეტად ერთმა რამემ დამცა თავზარი. რამდენჯერმე მიმანიშნეთ, რომ თქვენი ადგილი სიკვდილის შემდეგ საკუთარი შვილის გვერდით უნდა ყოფილიყო. მე კი საკმაოდ ირონიულად გიპასუხეთ, რომ ეს საფლავია და არა კომუნალური ბინა. მაშინ ერთ რამეს მივხვდი. ამ სამარცხვინო ძეგლის დადგმით თქვენ წინ იხედებოდით - საკუთარ ადგილს იწყობდით სასაფლაოზე და ღვიძლ შვილზე ამ დროს ნაკლებად ფიქრობდით. თქვენ, რომელიც არასდროს უჭერდით მხარს მის ბრძოლას სამართლიანობისთვის. ახლა კი მზად ხართ, გაიზიაროთ ის დიდება, რომელიც მას გარდაცვალების შემდეგ ხვდა წილად.
თქვენ უღალატეთ თქვენს ვაჟს…
8 8 8
1982 წელია. მეგობარ ქალთან ერთად ვზივარ მოსკოვის ცენტრალური სატუსაღოს მოსაცდელ დარბაზში, სწორედ იქ, საიდანაც პატიმრებს ბანაკებში აგზავნიან. ერთი კაცი, რომელმაც უფლება მიიღო იმ სახლის მშენებლობაზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, თავის დროზე მხატვარ-გრაფიკოსების ჯგუფს ხელმძღვანელობდა. მას ნება დართეს, ქალაქის ცენტრში რამდენიმე კოოპერატიული სახლის მშენებლობა წამოეწყო. მან შეადგინა მოპაიეების სია, რომელშიც შედიოდნენ ცნობილი არტისტები, სწავლულები და პოლიტიკოსები. მათ შორის აღმოვჩნდით ჩვენც.
«მალაია გრუზინსკაიას» ქუჩაზე, ზოოპარკთან ახლოს, ვარდისფერი აგურისგან მშენებარე კოშკები წამოიმართნენ. იქვე, გვერდითაა კონსერვატორიის სტუდენტების საერთო საცხოვრებელი. ზაფხულში აქაურობა ძალიან ლამაზია. სხვადასხვა ინსტრუმენტის ჰანგები ხშირად სწვდება ჩვენს სმენას, სტუდენტები მეცადინეობენ…
კენჭისყრის შედეგად ჩვენ მერვე სართულზე შეგვხვდა ბინა.
ექვსი წელიწადი ველოდით ამ ბინას. შესახლების ნებართვა, როგორც იქნა, გამოვტაცეთ ხელიდან მოსსაბჭოს ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირს, რომელიც იმხანად ლოგინად იყო ჩავარდნილი. მასთან მინისტრის მოადგილემ, შენი შემოქმედების ერთმა თაყვანისმცემელმა მიმიყვანა.
როგორც იქნა, გვეღირსა ბედნიერება და გადავედით ახალ ბინაში. გვიხარია, მაგრამ უეცრად არასასიამოვნო ამბავს ვიგებთ… შენმა მეგობარმა, რომლის შემწეობითაც მოხვდი ამ სიაში, ვერ შეძლო ყველას დარწმუნება, რომ ბინების აშენებისას ხარჯები სწორად გაანაწილა, რის გამოც წინააღმდეგობას წააწყდა. მას უსიამოვნება შეემთხვა და თანამდებობიდან გადააყენეს. არც ამას დასჯერდნენ, კუთვნილი ქონება ჩამოართვეს, ციხეში უკრეს თავი და აბსოლუტურად უსარგებლო გახადეს საზოგადოებისთვის.
ამას მოჰყვა ის, რომ, როგორც უკვე «უვარგისი» და საქმისთვის გამოუყენებელი, მეგობრებმაც ზურგი აქციეს. დარჩა სრულიად მარტო, ქალიშვილის ანაბარა.
ის 70 წლისაა, ავადმყოფი გულის პატრონი. მის ქალიშვილს არ მისცეს უფლება, ბანაკში გადაყვანის წინ მოენახულებინა მამა. ამიტომ მან მე მთხოვა დახმარება. უარის თქმა არ შემიძლია, მით უმეტეს, რომ მისი ქალიშვილი დარწმუნებულია, ციხის უფროსებს ჩემი დანახვა გულს მოურბილებს.
მართლაც ასე მოხდა. როგორც კი ჩემი ვინაობა გაიგეს, უზარმაზარი ალაყაფის კარი გაიღო, შეგვიპატიჟეს და სკამებიც კი გამოგვიტანეს. გვთხოვეს, დავლოდებოდით და აი, ახლა ვსხედვართ და ველოდებით. მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში დახურული კარიდან გამომსვლელ ყველა მილიციელს ყოველი შემთხვევისთვის ვეუბნები ჩემს სახელს და გვარს და ვახსენებ ჩემი აქ მოსვლის მიზეზს. ვიცი, რომ ამ მეთოდით, დღეს თუ არა, ხვალ მაინც გაიგებს ავადმყოფი მამა, ქალიშვილი მის ნახვას რომ ცდილობდა. ორივემ კარგად ვიცით, რომ ეს მოხუცისთვის ბოლო მგზავრობაა. ვერც მისი გული და ვერც ასაკი გაუძლებს გადასახლებას.
გამოდის ციხის კომენდანტი. ჩვენ ვუხსნით ჩვენი მოსვლის მიზეზს. ის გვისმენს, შემდეგ კი გვთხოვს, ცოტა ხანს დავიცადოთ.
უკვე ძალიან გვიანაა, სიგარეტიც გაგვითავდა, მოუსვენრობა გვიპყრობს. ყოველგვარი იმედი გადაგვეწურა.
ამასობაში იღება კარი, გამოდის კომენდანტი. ორივენი ფეხზე ვდგებით, მაგრამ კომენდანტი აშკარად ყალბი სინანულით მოგვახსენებს, რომ საპატიმროში მოულოდნელად გავრცელდა ეპიდემია და მნახველებს პატიმრებთან შეხვედრა ეკრძალებათ. რა თქმა უნდა, თქვენი კეთილდღეობისთვის, ქალბატონებო, - დასძენს ბოლოს იგი. იმედგაცრულებულები ვტოვებთ სატუსაღოს…
1987 წელია. კიდევ ერთხელ მომიწია შენს მეგობართან შეხვედრა. უცნაურია ცხოვრება… იგი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ის ძალიანაა დაბერებული, კბილები დასცვენია, მაგრამ ძველებურად ენერგიითაა სავსე. მეუბნება, რომ ჩემმა მაშინდელმა ციხეში ვიზიტმა წარმოუდგენელი შედეგები გამოიღო. იმისთვის, რომ ამ ზედმეტად ცნობილი ტუსაღისგან უმტკივნეულოდ გათავისუფლებულიყვნენ, იგი სასწრაფოდ სხვა ციხეში გადაიყვანეს, რის გამოც გადასახლება აიცდინა. როგორც ჩანს, სწორედ ამან შეუნარჩუნა სიცოცხლე.
- ერთადერთი თქვენ შემომრჩით ძველი მეგობრებიდან, ვინც არ დამივიწყა და ჩემი გულისთვის შეუძლებელი შეძლო, - მადლიერებით სავსე მეუბნება შენი მეგობარი.
მიხარია, რომ ცოტათი მაინც შევძელი მისი დახმარება. ვიცი, ეს შენც გაგიხარდებოდა…
8 8 8
რა შეიძლება ახლა, ამ გადასახედიდან შენზე ითქვას?
ვლადიმირ ვისოცკი - საბჭოთა კავშირის ცნობილი არტისტი, არშემდგარი პოეტი და კომპოზიტორი.
ვისოცკი წერს ლექსებს და ქმნის მუსიკას ამ ლექსებზე. იგი თავად მღერის მათ, გიტარის თანხლებით. მისი სიმღერა-ბალადები თემატიკით მრავალფეროვანია - ლირიკული, პოლიტიკური, სახუმარო. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რადგან 600-ზე მეტია. მან 5 ფირფიტა საბჭოთა კაავშირში, ხოლო 2 საზღვარგარეთ ჩაწერა.
მისი ბალადები უმეტესად სპორტზეა, ომზე… ზღაპრებიც აქვს შექმნილი. პროტესტის გამომხატველი სიმღერებიც შედის მის რეპერტუარში, მაგრამ თავად ავტორი ამბობს, რომ საყოველთაო ადამიანურ პრობლემებზე ქმნის სიმღერებს… ცდილობს, ყოველ შემთხვევაში… თავის ლექსებში იგი სრულად განიხილავს ცხოვრების, სიკვდილის, სიძულვილის, ბედისწერის, ტანჯვის, გმირობის, მეგობრობის თემებს…
ვლადიმირ ვისოცკი არ გახლავთ ოფიციალური პოეტი, მისი ლექსები არსად დაბეჭდილა, მაგრამ სიმღერები ბევრჯერ გამოუყენებიათ კინოფილმებში. ის მღერის სცენასა და ეკრანზე. მისი სიმღერები სულის კივილი უფროა, ვიდრე მელოდია. იგი თითქოს მონოლოგებს ქმნის სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებიდან. თითქოს ცდილობს, თავისი სიმღერის გმირის სულში დასახლდეს, იცხოვროს მისი ცხოვრებით და მასთან ერთად მოკვდეს. იგი უყვარს თავის მსმენელს, რომელთა რიცხვი უთვალავია…
ასეთი ხარ შენ ჩემი გადმოსახედიდან.
მახსოვს, ერთხელ ასეთი რამ მომწერე:
«ჩემი აზრით, პოეზიას საზღვრები არა აქვს. ის პრობლემები, რომლებიც მე მაღელვებს, ყველას ჩემნაირად აღელვებს ირგვლივ. მე უბრალოდ, მინდოდა, ჩემს ქვეყანაში ადამიანებს კიდევ ერთი მიმდინარეობის შესახებ ჰქონოდათ წარმოდგენა - მინდოდა, გაეგოთ, რას ნიშნავს საავტორო სიმღერა. მე ჩემი ხელწერა მაქვს და ამით განვსხვავდები სხვებისგან. ვფიქრობ, არც სხვა ქვეყნებში გაუჭირდებათ ჩემი სიმღერების გაგება. ენობრივი ბარიერი არ შეუშლის მსმენელს ხელს, გაიგოს, რაზე ვმღერი. თეატრის სცენაზეც ხომ ასე ხდება. სხვა ენაზე როცა თამაშობ, მაყურებელს სულაც არ ექმნება დისკომფორტი, თუკი რუსული არ ესმის. მისთვის სპექტაკლის თამაშის ხარისხია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დიალოგების თუ მონოლოგების შინაარსის წვდომა. აი, ნოემბერში ჩამოვალთ პარიზში და თავად დარწმუნდები. იმედი მაქვს, ოდესმე მეხიკოშიც ჩავალ».
შენი იმედი გამართლდა და მართლაც მოგიწია მეხიკოში კონცერტის გამართვა. დარბაზი დაინგრა აპლოდისმენტებით. ერთ საათში დაიპყარი ასობით მსმენელის გული.
8 8 8
ერთხელ, ნიუ-იორკში გამართული კონცერტის შემდეგ, ღიმილით მიყვებოდი:
- ვინ ჰგავს საბჭოთა ადამიანზე უფრო ამერიკელს? არავინ. როგორც ამერიკელები, რუსებიც ზაფხულში მდინარის პირას ისვენებენ, თევზაობენ, სვამენ ლუდს და ლაპარაკობენ თავიანთი შვილების მომავალზე. არადა, ამერიკელებისგან ჩვენი ხელისუფლება მტრის ხატს ქმნის. ამ დროს თურმე რა ადვილად შეგვეძლო გამოგვენახა საერთო ენა!
არ დამავიწყდება, დისნეი-ლენდში რომ ვიყავით. ამ ზღაპრულ სამყაროში შენც პატარა ბავშვივით გრძნობდი თავს, თითქოს არაცნობიერად გადაეშვი მარკიზების, ჯუჯებისა და გრაფების სამყაროში, მით უმეტეს, რომ ამ ყველაფერს ფონად მოცარტის მუსიკა გასდევდა.
ბოლოს კოკა-კოლას ბოთლებით და ფუნთუშებით «შეიარაღებული» ტროტუარზე რომ ჩამოვსხედით, ვიგრძენი, როგორი დაღლილი ვიყავი. შენ კი უჩვეულოდ ხალისიანად გამოიყურებოდი. მაშინ მივხვდი, როგორ მოგისყიდა ამერიკამ…
8 8 8
ახლა კი შენი საფლავის ქანდაკება არ ამომდის გონებიდან. შენ ასეთი ძეგლის ღირსი არ იყავი, ეს არ დაგიმსახურებია. მინდოდა, შენს საფლავზე მეტეორიტი ყოფილიყო გამოქანდაკებული, რადგან ყველაზე მეტად მეტეორიტს ჰგავდა შენი ცხოვრება…
სამაგიეროდ, მოხდა უცნაური რამ. 1985 წელს გავიგე, რომ ყირიმის ობსერვატორიის ასტრონომებმა მარსსა და იუპიტერს შორის ღია ორბიტაზე არსებულ ვარსკვლავს შენი სახელი დაარქვეს - ვლად ვისოცკი!
პლანეტების საერთაშორისო კატალოგში იგი 2374-ე ნომრით ირიცხება…
ღამღამობით ხშირად ვუყურებ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. ვუყურებ და მეღიმება, როცა წარმოვიდგენ, რომ ამ უამრავ პლანეტას შორის, უზარმაზარ გალაქტიკაში ქაოსურად რომ არის მიმოფანტული, სადღაც ერთიც ციმციმებს - ძალიან პატარა მბრწყინავი ციური სხეული, რომელიც ჩემი მეუღლის სახელს ატარებს.
8 8 8
«მომისმინე! სულერთია, ჩვენ ვიცით, რომ შენ აქ ხარ! გამოდი, დაგველაპარაკე!» - 1981 წლის 25 ივლისის საღამოს პუბლიკა აი, ასე ამყარებდა კონტაქტს შენს ხმასთან.
დარბაზი ისეთი გადაჭედილია, როგორც არასდროს. ხალხის მსგავსი სიმრავლე ყველაზე წარმატებული აკრძალული სპექტაკლების დროსაც არ ახსოვთ მსახიობებს. ადამიანები კითხვებს სვამენ, შემდეგ კი შენს პასუხს ისმენენ - პირდაპირს და მოკლეს, ნათელს და მკაფიოს… ყველაფერ იმას, რაც ოდესმე დაგიწერია…
სცენაზე თოკია გაბმული, მასზე რამდენიმე თეატრალური სავარძელია დამოკიდებული, რომლებზედაც თეთრი ზეწარი გადაუფარებიათ. რაღაც მომენტებში ზეწრები ფრიალებს და ისინი ტალღებს ემსგავსებიან, შემდეგ კი კვლავ ქვავდებიან, როგორც დიდი ყინულის ლოდი.
რამდენიმე წამში შემდეგი სცენისთვის ახალი ატმოსფერო იქმნება. დარბაზში მთელი ლიტერატურული მოსკოვია შეკრებილი, ერთმანეთს მტრად გადაკიდებული შემოქმედნიც კი დაამეგობრა ამ ერთმა საღამომ.
ლიუბიმოვი თავის ჩვეულ ადგილზე ზის და ტირის. მე მისგან მარჯვნივ ვზივარ და ჩემი ღაწვებიც ცრემლითაა დანამული, რაც ასე მაკლდა შენი დასაფლავების დღეს. მაშინ რატომღაც, გამიშრა ცრემლი, ალბათ იმის ბრალი თუ იყო, რომ წინა დღეებში ძალიან ბევრი ვიტირე.
მაოცებს საღამოს ორიგინალური გადაწყვეტა. ლიუბიმოვმა შეძლო, სამი საათის განმავლობაში შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები სულის შემძვრელად გამოეხატა სცენაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ შენი ცხოვრების, არამედ ჩემიც. მან წარმოგვიდგინა ჩვენი თაობის 20 წლის ცხოვრება - 60-80-იანი წლები - 20 წელიწადი მჩქეფარე შემოქმედების, ბრძოლის 20 წელიწადი. ეს გახსენებაა არა მარტო შენი, არამედ ყველა მეგობრის, გადასახლებულის, ციხეში გამომწვდეულის, გაუჩინარებულის, გაძევებულის, ცოცხლების სიიდან ამოღებულის, ნარკოტიკების, არყის მოხმარების გამო შრომისუნარდაკარგულის…
და კიდევ… ეს არის სპექტაკლი სიყვარულზე. მასში ნაჩვენებია ჩვენი შეხვედრა, ყველაფერი, რაც იყო იქამდე და მას შემდეგ, ურთიერთობა ბოლო ამოსუნთქვამდე, ლექსის უკანასკნელ სტრიქონამდე.
და კიდევ - ეს არის სპექტაკლი შენს მძიმე ცხოვრებაზე, 18-საათიან რეპეტიციაზე, შენს ბრძოლაზე სასოწარკვეთილებასთან…
რაღაც მომენტებში თავს უხერხულადაც კი ვგრძნობ - ისე, რომ შენი ლექსების გარდა არაფერი გამოუყენებია, ლიუბიმოვმა ჩვენი ცხოვრების ყველაზე რთული მომენტები აჩვენა მაყურებელს…
და აი, სატირული ნაწილიც დაიწყო. პუბლიკა, როგორც ყოველთვის, სიცილით კვდება. რა სასიამოვნოა, როცა ხედავ, რა რეაქცია აქვს დარბაზს შენი ხმის გაგონებაზე და მიხარია, რომ ჩემმა ცდამ უშედეგოდ არ ჩაიარა - მე აქამდე მოვიტანე ყველა შენი ჩანაწერი, ლექსი, სიმღერა, მაგნიტოფონის ფირები, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი სასტიკად აკრძალული იყო!
ძალიან ბევრი ბიუროკრატიული ფიგურაა დამნაშავე ძალიან ბევრი საბჭოთა არტისტის სიკვდილში. მათ ისინი ისე არ გაუწყვეტიათ, როგორც სტალინმა ჩაიდინა, მაგრამ არანაკლები ტკივილი მიუყენებიათ მათთვის. სამაგიეროდ, ჩვენ, მეგობრებმა, ვიცით, რომ ისინი ჯალათები არიან და მათ ქვეყანას საუკეთესო შემოქმედი ადამიანები წაართვეს.
1981 წელს ლიუბიმოვმა ეს სპექტაკლი შენს დაბადების დღეს გამართა და, იმავდროულად, შენი გარდაცვალების ერთი წლის თავზე…
როცა ამ სტრიქონებს ვწერ, 1987 წელია… ლიუბიმოვი გაემგზავრა, ეფროსი გარდაიცვალა, თეატრი დაობლდა…
არავითარი ცნობა არ ისმის სპექტაკლზე…
8 8 8
1980 წლის 4 ოქტომბრის ადრიანი დილაა. ტელეფონი რეკავს. ახალგაღვიძებული ძლივს ვაგნებ ტელეფონის ყურმილს. უცნობი მამაკაცის ხმა გაუგებარ ენაზე რაღაცას მელაპარაკება. მე მხოლოდ შენს სახელს და გვარს ვარჩევ: «ვლადიმირ ვისოცკი».
ბოლოს დამტვრეული ინგლისურით მიმახვედრებს უცნობი, რომელიც იაპონელია, რომ მას ვლადთან შეხვედრა სურს. ჯერ კიდევ ძილში ვარ, ამიტომ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ვეუბნები:
- კარგი, 3 საათზე მობრძანდით!
მართლაც, მოდის მაღალი, ერთობ ელეგანტური ახალგაზრდა მამაკაცი, ძალიან დაბნეული და შეშინებული. სავარძელზე მივუთითებ. ის ჯდება.
იაპონელებთან ბევრჯერ მიმუშავია, ამიტომ ჩემთვის ადვილი გასაგებია მათი ინგლისური, მაგრამ უცნობი ისეთი აღელვებულია, ენა ებმება. არაყს ვთავაზობ, თან ვეუბნები, რომ არსად გვეჩქარება, რომ ჩემთვის ძალიან საინტერესოა მისი ისტორია. ვგრძნობ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომიყვეს.
უცნობი სულს ითქვამს, წყნარდება და იწყებს.
- მე ჟურნალისტი ვარ, მოდების ჟურნალთან ვთანამშრომლობ. რამდენიმე კვირის წინ ტოკიოში მოდების ჩვენება გაიმართა. მოდელების გამოსვლას ფონად ედო მელოდია, მამაკაცის ხმა, რომლის მსგავსი არასდროს მომისმენია. გაოგნებული ვიყავი. ცხოვრებაში მსგავსი შოკი არ განმიცდია, ისე მომნუსხა იმ კაცის სიმღერამ. იმისთვის, რომ გამეგო, ვინ იყო ამ სიმღერების შემსრულებელი, ასობით ადამიანის გამოკითხვა მომიწია. ბოლოს, როგორც იქნა, გავარკვიე, რომ სიმღერა გადმოწერილი იყო პარიზში ჩაწერილი ფირფიტიდან და რომ მისი შემსრულებელი რუსია. გადავწყვიტე, პარიზში წავსულიყავი. ყველაზე დიდ მაღაზიაში შევედი. რუსული სიმღერების მთელი განყოფილება გადმომილაგეს. ყველა გადავათვალიერე მანამ, სანამ მისი სახე არ ვიპოვე გარეკანზე. როგორც კი შევხედე, მაშინვე მივხვდი, რომ მას ვეძებდი. გამყიდველმა ფირფიტა ჩართო და მე კვლავ მოვისმინე მისი ხმა. ყველა ფირფიტა ვიყიდე, რაც ჰქონდათ. შემდეგ, სიმართლე გითხრათ, მთელი გამოძიება ჩავატარე და გავიგე, რომ მისი მეუღლე პარიზთან ახლოს ცხოვრობს. და აი, თქვენც გიპოვეთ. უფლებას მომცემთ, ვლადიმირ ვისოცკიზე სტატია დავწერო?
ეს ყველაფერი იაპონელმა ჟურნალისტმა ერთი ამოსუნთქვით მოჰყვა. ისე ავნერვიულდი, რომ ხმის ამოღება ვერ მოვახერხე. როგორი განსხვავებულები ვართ! ის - ახალგაზრდა იაპონელი, შენი ხმით მოხიბლული, მე - შენი ქვრივი, მწუხარებით ძალაგამოცლილი. თვალგაშეტერებული შევყურებ. ის კი მეუბნება:
- მოდების ჩვენებიდან მეორე დღესვე რუსული ენის შესწავლა დავიწყე…
დასასრული