მარტოხელა - თავი 15 - Marao

მარტოხელა - თავი 15

2023-03-28 10:19:32+04:00


წინა თავი

- რას მერჩოდი, იქნებ ეს მაინც მითხრა? - ხმა გაებზარა ქალს.

- რატომ გერჩოდი? საიდან მოიტანე, რომ გერჩოდი?

მატის თითქოს არც გაუგონია მისი შეკითხვა.

- ვიყავი ჩემთვის მშვიდად, წყნარად. ვცხოვრობდი შეუმჩნევლად, უმამაკაცოდ და უტკივილოდ. ახლა რა გამოვიდა? მოხვედი, გონება ამირიე, დედა მიტირე და მორჩა, არა? მე, ალბათ, უკანასკნელი ქალი ვიყავი შენს კოლექციაში, რომელსაც დაეუფლე. ეს გინდოდა და სხვა არაფერი. როგორ შეიძლებოდა პირველი სიყვარული ისე გაგეშვა ხელიდან, მასთან სექსი არ გქონოდა? სირცხვილით თავი რა გამოგეყოფოდა, ხომ?

- მატი, რას ამბობ, გესმის მაინც?

- გადასარევად მესმის. სულელი არ ვარ. - მატი სავარძელზე გასწორდა, თითებით საჭე ჩაბღუჯა და თვალები დახუჭა, - სულ სხვა რამეს ველოდი. რა თქმა უნდა, იმას არა, რომ ჩემ გამო ოჯახს დაანგრევდი და ახალ ცხოვრებას დაიწყებდი. ვიცოდი, რომ ჩვენი ურთიერთობა მარადიული ვერ იქნებოდა, მაგრამ ასე ერთი შეხვედრით თუ დაამთავრებდი ყველაფერს, ვერ წარმოვიდგენდი.

- მერედა, ვინ გითხრა, რომ დავამთავრე? მომისმინე… მე აქ სამუშაოდ ვარ ჩამოსული. შემთხვევით შეგხვდი და რადგან დაგინახე, გვერდს ვერ აგივლიდი. მართლა გამიხარდა შენი ნახვა და მთელი წარსული თვალწინ დამიტრიალდა. მინდა შენთან ურთიერთობა, თუმცა რა სიხშირით მოვახერხებ ამას, არ ვიცი. სანამ აქ ვარ, კიდევ შეიძლება რაღაცის მოფიქრება, მაგრამ თბილისში რომ წავალ, წარამარა ხომ არ ვირბენ აქეთ-იქით?

მატის ვაიღიმილისგან სახე დაეღრიჯა.

- რომ გყვარებოდი, ირბენდი. იმიტომ, რომ მე ასე მოვიქცეოდი. ზუსტად ვიცი, შენ რომ თბილისში დაბრუნდები და მე ყოველკვირა ჩამოგაკითხო, იქაც ვერ გამონახავ დროს ჩემთან შესახვედრად.

- მატი…

- დამამთავრებინე, თუ შეიძლება. ის ღამე კარგი იყო, ვერაფერს ვიტყვი. შეიძლება იმის გამო, რომ დიდი ხანია, კაცი არ მყოლია. შეიძლება იმის გამოც, რომ წარსულში საკუთარ თავზე მეტად მიყვარდი. ამას ახლა მნიშვნელობა არა აქვს. დაფიქრების დროც არ მქონდა, რომ საღად მეაზროვნა და სწორი გადაწყვეტილება მიმეღო. ჩემი საქციელი უფრო სპონტანური იყო, ვიდრე გრძნობით ნაკარნახევი. ჰოდა, ახლავე და აქ გეუბნები, რომ ჩვენ მეტჯერ აღარ შევხვდებით ერთმანეთს. ვიჩქარე და ვნანობ. თურმე აღარ მყვარებიხარ, უბრალოდ, ემოციებს ავყევი. მიდი, მიხედე შენს ერთადერთს, მე კი თავი დამანებე. გამარჯობის სათქმელადაც კი ნუ შეაჩერებ მანქანას, თუ შემთხვევით ქუჩაში გადაგეყრები. მე ჩემი გზა მაქვს, შენ - შენი და ეს ორი გზა არასდროს არსად არ გადაიკვეთება.

- მატი… - კვლავ სცადა გოგამ მისი შეჩერება.

- მე შენი მატი დიდი ხანია, აღარ ვარ და ასე ნუღარ მომმართავ. ახლა კი გადადი მანქანიდან, ისედაც ბევრი დრო დავკარგე. კარგად იყავი, - დაამთავრა და თავი მიაბრუნა, გოგას შეხედვაც არ უნდოდა.

მამაკაცი გახევებული იჯდა, არც უფიქრია გადასვლა. ალბათ სიტუაციის ასე შემობრუნებას არ ელოდა. ეგონა, მის უყურადღებობას მატი ახლაც ისე მოითმენდა, როგორც ღრმა ახალგაზრდობაში ითმენდა. მოითმენდა და მის ზარს თვინიერად დაელოდებოდა. თუმცა ამწუთას დარჩენას და თავის მართლებას წასვლა სჯობდა. რამდენიმე დღე დააცდიდა ქალს, სანამ სიბრაზე გადაუვლიდა და მერე ისევ დაურეკავდა, დაუყვავებდა და შემოირიგებდა. სანამ აქ იყო, რატომ არ უნდა შეხვედროდა? ამით ხომ არაფერს წააგებდა? მერე რა იქნებოდა, ამას დრო უჩვენებდა.

- ნახვამდის. ამ დღეებში დაგირეკავ, - ხმადაბლა თქვა და კარი გამოაღო.

- არც გაბედო! - წაისისინა მატიმ და სიძულვილით სავსე მზერა მიანათა, - დაივიწყე ჩემი ნომერი! შენ ჩემთვის არ არსებობ!

ვახ! რა გამწარებულია! გოგას ასეთი მატილდა არ ახსოვს, ის ასეთი აგრესიული არასდროს ყოფილა. მაშინაც კი, როცა ცოლი მოიყვანა და მერე შემთხვევით მას შეხვდა სადარბაზოსთან. მაშინაც ისეთი მშვიდი იყო მატი და ისეთი რბილი ღიმილით მიულოცა დაოჯახება, თითქოს მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ ერთმანეთთან. არც კი უგრძნობინებია, როგორ ატკინა გული თავისი საქციელით. თუმცა მაშინ თვითონაც არ ყოფილა უკეთეს დღეში. სიტუაცია ისე შეტრიალდა, მატილდასთვის ზურგი უნდა ექცია და ის გოგო შეერთო ცოლად, ვინც არასდროს ჰყვარებია. სერიოზული მიზეზი ჰქონდა, რომლის გაჟღერებასაც ახლა აზრი არა აქვს.

- როგორც გინდა, - ყრუდ ჩაილაპარაკა და გადავიდა. სანამ კარს მოხურავდა, დაიხარა და შეხედა მატის იმ იმედით, რომ ქალიც შეაგებებდა მზერას, მაგრამ არა. მას ისევ მიებრუნებინა თავი და ფანჯარაში იყურებოდა.

გოგამ კარი ფრთხილად მიხურა და განზე გადგა. ხელები პალტოს ჯიბეებში ჩაიწყო და დაელოდა, როდის დაძრავდა მატილდა მანქანას. მხოლოდ მაშინ შებრუნდა შენობაში, როცა მისი ერთადერთი სიყვარული ნელი სვლით დაიძრა და იქაურობას გაშორდა.

როცა მატი შინ დაბრუნდა, სერგი გახურებული მუშაობდა. ჯერ გარდერობი დაშალა და ის აიტანა მაღლა, მერე მისი ნაწილები - კარები, თაროები, უჯრები. როცა ამას მორჩა, გარდერობის ხელახლა აწყობას შეუდგა. ესეც მოამთავრა ცოტა ხანში და სხვა დანარჩენის ატანა დაიწყო. დაიღალა. ხუმრობა არ იყო ასეთი სიმძიმეების კიბეზე აზიდვა. მერე ორი თაროც გადააკეთა, მატილდას გავახარებო.

მატილდა კი იგვიანებდა. ბოლოს გადაწყვიტა, ბარემ ყველაფერს ადგილს მივუჩენო, მაგრამ გადაიფიქრა. ირგვლივ ქაოსი გამეფებულიყო ისევე, როგორც მის სულში. ვერაფრით შეძლო ერთ რამეზე კონცენტრირება. ამის დედაც! რა მისი საქმეა, მატილდა სად დადის და დროს ვისთან ატარებს? ვინ ეკითხება?

როგორ მოხდა, რომ მას ეს აღელვებს? რატომ?

როგორც კი კარის გაღების ხმა გაიგონა, მაშინვე ძირს ჩამოვიდა. ქალს თან თებერვლის ცივი ჰაერის ნაკადი შემოჰყვა. პალტოდან წვიმის წვეთები ჩამოიფერთხა და რაღაც უაზრო ქუდი, თავზე რომ ეხურა, მოიხადა. სერგის დანახვაზე მატი ადგილზე გაქვავდა. არ ელოდა, მამაკაცი თუ კართან დახვდებოდა.

- ჩემი ავეჯი სად არის? - გაოცებულმა ირგვლივ მიმოიხედა. ცდილობდა არ შემჩნეოდა, როგორ ნერვიულობდა.

- მაღლა ავიტანე. ფეხები სველი გაქვს, გაიხადე ბოტასი, თორემ გაცივდები. რატომ ჩექმა არ ჩაიცვი? ვერ ხედავ, გარეთ რა ამინდია?

- არ იცი, რა ცუდი დღე მქონდა, - თავის ქნევით წარმოთქვა ქალმა.

ნაქსოვი ქუდისგან თმა შუბლზე მისწებებოდა, ბოლოები კი აპრეხოდა.

პატარა ბავშვს ჰგავსო, გაიფიქრა მამაკაცმა.

- კარგი დღე დილიდან არ გქონია, - ჩაიბურტყუნა სერგიმ, - ჯერ იყო და, კინაღამ წიგნის თარო დაიმხე თავზე, მერე…

- გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს! - მატილდამ პალტო სკამზე უდიერად მიაგდო, - როცა მშია, მაწანწალა ძაღლს ვემსგავსები, სულ ღრენის ხასიათზე ვარ.

- მჯერა, - ჩაიფხუკუნა მამაკაცმა და სამზარეულოსკენ მიმავალ ქალს უკან მიჰყვა, თან აინტერესებდა მისი რეაქცია, როცა ორ წიგნის თაროს შეამჩნევდა, რომლებიც უკვე დააპატარავა და ბოლოებიც მოუმრგვალა. ძალიან უნდოდა მის მოსვლამდე მოესწრო ამის გაკეთება და მოასწრო კიდევაც. ამით თითქოს საჩუქარი გაუკეთა. მართალია, ეს საჩუქარი ყვავილებს და შოკოლადებს ვერ შეედრებოდა, მაგრამ მაინც სიურპრიზი იყო. ამაზე ფიქრში იყო სერგი, რომ უცებ გაიაზრა, რამდენს ნიშნავდა მისთვის, თუ მატი ნამუშევარს მოუწონებდა.

- ვაა, ეს უკვე გააკეთე? - მატი მოუტრიალდა და სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა.

- ჰო, რაღაცების გაკეთება მოვასწარი, - გაუღიმა მამაკაცმა, - ვიფიქრე, რახან ღამე აქ ვრჩები, რომც დავიღალო, პრობლემა არაა, დავწვები და გამოვიძინებ-მეთქი.

- რაღაცებისო! გამაგიჟებ შენ მე! ყველაფერი გაგიკეთებია, მეტი რაღა უნდა მოგესწრო? - ხელი შემოატარა ოთახს მატილდამ, - დედაა! ნუთუ ორ საათში ამდენი რამის გაკეთება შეძელი?

- ცოტა გვიან რომ მოსულიყავი, ერთ-ორ თაროს კიდევ მოვასწრებდი, - მოიტყუა სერგიმ.

სიმართლე რომ ითქვას, მუშაობის გაგრძელებას არ აპირებდა. ადრე კი იყო ჯერ, მაგრამ იფიქრა, გავალ, ძაღლს გავიყვან, ამით საქმეს წინ წავიგდებ და თუ მანამდეც არ მოვიდა, მის საძებნელად გავეშურებიო. ასეთ პატარა ქალაქში მისი მანქანის პოვნა არ გაუჭირდებოდა, თუ თვითონაც მანქანით შემოივლიდა ქუჩებს. ამისთვის ერთი საათიც კი არ დასჭირდებოდა.

მატილდამ მზერა მოარიდა. ასე ეგონა, თუ თვალს გაუსწორებდა, მამაკაცი ყველაფერს მიუხვდებოდა. არც იმის ხასიათზე იყო, შეექო და ხოტბა შეესხა გაწეული სამუშაოსთვის. როგორ უნდოდა ახლა მარტო დარჩენილიყო. მიწოლილიყო თავის საწოლზე, საბანი თავზე გადაეხურა და საბოლოოდ გამოეტირა თავისი პირველი სიყვარული.

მაგრამ ამას ვერ იზამდა. როგორმე დაღამებას უნდა დალოდებოდა.

ნერვებს უშლიდა გოგას გახსენება. არც კი იბრძოლა მის შესარიგებლად. ისე მიიღო მატილდას პრეტენზია, თითქოს ამას ელოდა კიდევაც. ალბათ როგორი შვება იგრძნო, თვითონ რომ არ მოუწია ურთიერთობის დამთავრების შესახებ ლაპარაკმა. ნეტავ თუ ატკინა გული? რაც უნდა იყოს, ქალმა დაახვევინა, ეს კი არავის სიამოვნებს. გამარჯვებულად ყოველთვის ის თვლის თავს, ვინც პირველი ამბობს ურთიერთობაზე უარს. კარგია, რომ ყველაფერი დაამთავრა. გოგა სისხლს გაუშრობდა, მორიგ შეხვედრებზე რომ დათანხმებოდა. უნდა მჯდარიყო კრეტინივით და მის ზარს დალოდებოდა დღეები, კვირები, შეიძლება თვეებიც კი. სადა აქვს მატილდას ამის ნერვები? პატარა გოგო კი არაა, უკვე ზრდასრული ქალია. ორი ქმარი ჰყავს გამოცვლილი, ბოლოს და ბოლოს. რა თქმა უნდა, ძალიან უმძიმდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ მაინც გადადგა, რადგან მართლა არ უყვარდა ისე ძლიერად, როგორც წლების წინ, ყველაფერს რომ უთმობდა და პატიობდა. მაშინ სხვა დრო იყო. მაშინ გოგაც სხვა იყო და მატიც სხვა. ახლა სულ სხვანაირი ქალია. ცხოვრებამ ბევრი რამ ასწავლა, გამოცდილება შესძინა და სხვა თვალით უყურებს ურთიერთობას. კი მოატყუა გოგა, ვიცოდი, რომ ოჯახს არ დაანგრევდიო, მაგრამ გულში სწორედაც ამის იმედი ჰქონდა, თორემ მის საყვარლობაზე წამითაც არ უოცნებია. არც არავის საყვარლობაზე. ამის სურვილი არასდროს გასჩენია. ასეთ პატარა ქალაქში ქალი რომ საყვარელს გაიჩენს, უპირობოდ ყველას სალაპარაკო გახდება. აი, როგორც სოფოზე ჭორაობენ, ისე იჭორავებდნენ მასზეც. ფიქრია რომ ფიქრიაა და სოფოს უახლოეს მეგობრად მოაქვს თავი, ისიც კი ჭორავს, როცა მისი მორიგი კაცის შესახებ რამეს გაიგებს.

მატის არ იზიდავს ასეთი ხმაურიანი ცხოვრება. თავის მარტოხელობა ურჩევნია საყვარლების ცვლას.

სკამის საზურგეს მიეყრდნო და ხელებით მაგიდას ჩაეჭიდა. მერე ფეხზე გაიხადა და ფეხის თითები წრიულად აამოძრავა. როგორ ეწვოდა ფეხისგულები. დაიხარა და ცალი ხელით თითების დაზელვა სცადა.

- მესი ხომ არ გაასეირნე შემთხვევით?

- ვერა, ვერ მოვასწარი.

- ისე ვარ გაყინული, ვეღარ გავიყვან. ამ ერთხელ რომ არ გავასეირნო, ქვეყანა დაიქცევა?

- არ შეიძლება, ცოდოა. ააყროლებს იქაურობას, დილამდე ვერ მოითმენს. მასაც სჭირდება ტუალეტში გასვლა.

- ჰო, მართალი ხარ, - ამოიოხრა ქალმა და თავი მაგიდაზე ჩამოდო.

- კი მაგრამ, მანქანით იყავი და ფეხები ასე რამ გაგიყინა? ან სად დაგისველდა?

მატი შეცბა. ამ შეკითხვას არ ელოდა. სულაც არ უნდოდა სერგისთვის ეთქვა, რომ მანქანა მოსახვევში დააყენა და ფეხით გამოეშურა სახლისკენ, რათა გაცხელებული შუბლი გაეგრილებინა და მასთან ერთად გაავებული გულიც დაეოკებინა. არ იყო საჭირო, მის ხელოსანს ასეთი პირადული რამეები სცოდნოდა. თანაც, მოსწონდა ამ კაცს და ყველაფერი რომ ეთქვა, შეიძლება მისი იმედი გაეცრუებინა. სერგის დაკარგვა კი მატილდას სულაც არ უნდოდა.

- აუ, რა ვიცი, იმდენ ადგილას მომიწია მისვლა, რამდენჯერაც მანქანიდან გადმოვედი, იმდენჯერ ზუსტად იმ ადგილას წვიმის გუბე დამხვდა და შიგ ჩავტყაპუნდი. ხომ გითხარი, რთული დღე მქონდა-მეთქი.

- კი, რთული დღე ნამდვილად გქონდა. მოდი, შენ შედი სააბაზანოში, ცხელი წყალი გადაივლე, ფეხებიც გაგითბება, მე კი ძაღლს მივხედავ.

- არ მინდა ასე შეგაწუხო, - მატილდამ სინდისის ქენჯნა იგრძნო. ეს კაცი იმაზე მეტს უკეთებდა, ვიდრე ევალებოდა.

- შევწუხდები თუ არ შევწუხდები, ეს ჩემი გადასაწყვეტია. შენ ის გააკეთე, რაც გითხარი, მე ჩემს საქმეს მივხედავ, - თქვა სერგიმ და სამზარეულოდან გავიდა.

მატიმ ყრუდ დაიგმინა და ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია.

როგორც კი სერგი გავიდა, ფიქრის საშუალებაც მიეცა. განა ქვეყანა დაიქცა, გოგას რომ დაშორდა? ძალანაც კარგი. აწი მაინც ეცოდინება, რომ კაცებს არ უნდა ენდოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არავის ნდობა არ შეიძლება. რწმენა არ უნდა დაკარგოს ადამიანების მიმართ. აი, მაგალითად, გული უგრძნობს, რომ თავის ხელოსანს შეუძლია დაეყრდნოს, ის არასდროს უღალატებს. რატომ ჰგონია ასე? ეს არ იცის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ასე იქნება. სწორედ ნდობა აახლოებს ადამიანებს ერთმანეთთან. ეს თითქოს მეორე სუნთქვაა, რომელიც გიბიძგებს, რომ არ უნდა დანებდე. როგორც უნდა გაგიტყდეს გული, მაინც გაბრძოლება ჯობია, თორემ დეპრესიაში ჩავარდები და სევდის ჭაობში ამოყოფ თავს, საიდანაც ამოსვლა ძალზე ძნელია. ხანდახან ამას წლები სჭირდება. არც ისეთი გულუბრყვილოა მატილდა, ამას ვერ მიხვდეს. ადამიანი იმისთვის ცხოვრობს, რომ სიძნელეებს არ შეუშინდეს, არ დამარცხდეს, სული არ გაიტეხოს. მერე რა, თუ გოგასთან ურთიერთობამ არ გაამართლა? ორჯერ სცადა და ორივეჯერ ხელი მოეცარა. ეს იმას ნიშნავს, რომ მესამედ აღარ გაიმეოროს იგივე შეცდომა. მორჩა, უკვე დასვა წერტილი. ახლა აჯობებს დაჯდეს და თავისი მომავლის კონტურები შემოხაზოს - როგორ წარმოუდგენია თავისი ხვალინდელი დღე. ყველაფრის შეცვლა შეიძლება, თუ მოინდომებ. შეცვლა უკეთესობისკენ. საკუთარ ბედს ადამიანი თვითონ ჭედავს. ამიტომ ასწიე თავი, მატილდა, და გაუღიმე შენს ხვალინდელ დღეს. ეს მიგაახლოებს ბედნიერებასთან. უფრო მეტიც, ეს უკვე ჰგავს ბედნიერებას.

მატიმ წელი აითრია და სააბაზანოს მიაშურა. კარგა ხანს ინებივრა შხაპის ქვეშ. სიამოვნებდა ცხელი წყალი, ათბობდა, ათრობდა, ართობდა…

მერე გაიგონა, როგორ გაიღო და დაიხურა შემოსასვლელი კარი. სერგი დაბრუნდა. ყველაზე კარგი ადამიანი დედამიწის ზურგზე. არა, მთელ პლანეტაზე - მიწაზეც და ცაშიც, ჰაერშიც და წყალშიც. მატიმ ასე გადაწყვიტა.

როცა სააბაზანოდან გამოვიდა, სასტუმრო ოთახის ფანჯარა გამოაღო და გარეთ გაიხედა.

სიბნელე და სინათლე ერთმანეთში ათქვეფილიყო. სწორედ ის დრო იყო, როცა მზე მთვარესთან შესარწყმელად ემზადებოდა. თოვდა? არა. წვიმდა? არც წვიმდა. თოვლი გაწვიმებულიყო. თოვლიც ისეთივე წყალწყალა მოდიოდა, როგორი წყალწყალა დღეც მას ჰქონდა.

მისი მზერა ცას მისწვდა, გონება კი წარსულის უსიამოვნო მოგონებას.

ვერ იტანდა გოგას. მისი სახელის გაგონებაც არ სურდა. რა უცებ მოახერხა მატილდას ენერგეტიკულად გაძარცვა! დამთავრდა! მისნაირ ტოქსიკურ ადამიანებს აღარასდროს გაეკარება.

როგორ ნატრობდა წარსულში მასთან ყოფნაზე, ოცნებობდა მასზე, როგორც ძვირფას ნივთზე და ეგონა, რომ თუ მისი გახდებოდა, ეს ბედნიერებას მიანიჭებდა. მაგრამ სულაც არ მოხდა ასე. მან მიიღო ის, რაც სურდა, თუმცა ბედნიერება ვერ იგრძნო. გოგა მისთვის ამიერიდან სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი გახდა.

თუმცა ერთი მხრივ, ეს უხაროდა კიდევაც, რადგან სრულიად გათავისუფლდა გოგასგან. დღეიდან მისი გონება სხვა მამაკაცზე მორიგ პროექციას შექმნის. ეს იმ ნივთივითაა, წლები რომ ოცნებობ და ბოლოს შეიძენ, მერე კი სრულიად ჩვეულებრივი ხდება და შემდეგ სხვა, კიდევ ერთი ძვირფასი რაღაცის შეძენას დაისახავ მიზნად. აი, მატიმაც დაისახა. ახლა თავისი მომავლის ბედნიერებას მას მიაბამს. აწყმოში კი დატოვებს არა ბედნიერებას, არამედ უკმაყოფილებას. გოგასთან მატილდას ენერგეტიკული კავშირი დასრულებულია. შორს მისგან ენერგოვამპირები! ამიერიდან ცხოვრებას თავხედურად ჩახედავს თვალებში! მას ისეთი კაცი სჭირდება, ვისაც ერთ ღამეზე მეტი ღამით ენდომება მასთან ყოფნა. ანუ მთელი დარჩენილი სიცოცხლე.

ნეტავ სერგი სად არის? რას აკეთებს? ეჰ, ნეტავ იცოდეს, რა ცეცხლი ტრიალებს ამწუთას მატილდას გულში. სულელი ქალი, თავი ჭკვიანი რომ ჰგონია ხანდახან! მაგრამ სერგის ხომ მოაწონა თავი? ესე იგი, არის მასში რაღაც, მაგრამ ახლაც რომ შეცდომა დაუშვას? იქნებ სერგისთვისაც მანამ არის საინტერესო, სანამ მასთან ლოგინში სექსის ცეცხლს გააჩაღებს? გოგასავით რომ დაადოს, მერე რა ქნას? ხომ უნდა მოიკლას თავი? არადა, მასთან ურთიერთობა ძალზე საინტერესოა. საკუთარ თავსაც უფრო საინტერესოდ ხედავს მის გვერდით. ეჰ… რა კარგად შეუძლიათ ქალებს საუბრის წარმართვა და რა სულელურად - ცხოვრების! რამხელა ტკივილი მოუტანა გოგამ! თითქოს თავიდან განმეორდა ყველაფერი. თუმცა არა, ეს სიყვარულის ტკივილი არ ყოფილა, მატი ასე არ გრძნობდა, რადგან სიყვარულს კი არ მოაქვს ტკივილი, არამედ იმ ადამიანებს, ვისაც სიყვარული არ შეუძლია!

ნეტავ სერგის თუ შეუძლია? თუ უყვარდა თავისი ცოლი? იქნებ მანაც ანგარებით შეირთო? ოდესმე მოუყვება მატილდას ამის შესახებ? ცნობისმოყვარეობა კლავს, ისე უნდა ამის გაგება.

- გამოხვედი? - მოულოდნელად საიდანღაც გაჩნდა მისი ხელოსანი. ალბათ აქვე იყო სადმე ჩასაფრებული.

- ჰო.

- მოგიხდა წყლის გადავლება. სიამოვნების ოხშივარი აგდის, - ტუჩის კუთხეები ღიმილმა შეურხია მამაკაცს, - ნუ ხარ ასე მოწყენილი, არ გიხდება. გაიცინე და გაიხარე.

- ცხოვრება არ მაძლევს გახარების საშუალებას.

- ჰმ… იმისთვის, რომ იცხოვრო და გაიხარო, ორი რამაა საჭირო.

- და რა? - მატისაც გაეღიმა.

- პირველი: იცხოვრო. მეორე: გაიხარო.

მატილდას სიცილი აუტყდა, სერგის გაეღიმა. მოსწონდა ეს კაცი, ზედმეტად მოსწონდა…

უცებ მატის ზედიზედ ორჯერ დააცემინა. აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო, რომ სერგი ორივე მაჯაში ერთდროულად სწვდა და საძინებლისკენ გააქანა.

- საინტერესოა, ვინ იქნება დამნაშავე, ახლა რომ გაცივდე და ფილტვების ანთება აიკიდო? ავად გინდა გახდე? მერე ვინ დაგიმთავრებს რემონტს, რომლის მოსწრებაც დროზე გინდა? შენ მოგიარო თუ საქმე ვაკეთო? - ამუნათებდა მამაკაცი, თან ლამის მიარბენინებდა ქალს.

- ფეხების დასველებით ფილტვების ანთება არ ემართებათ. მაგას იწვევს…

- მიკრობები! - გააწყვეტინა ხელოსანმა, - ვიცი, განა არ ვიცი! არაყი გაქვს?

სიამოვნებას გრძნობდა, მამაკაცის ხელები რომ ეხებოდა, ვიღაც რომ ასე ზრუნავდა მასზე. და რომ არა ეს სიამოვნება, ალბათ საკადრის წინააღმდეგობასაც გაუწევდა, მაგრამ ისე იყო გაყინული და დაღლილი, მორჩილად მისდევდა უკან. კრავივით. ბატკანივით. ცხვარივით.

ნეტავ არ ჩამოსულიყო მანქანიდან და სახლამდე მოთრეულიყო, იქნებ გადარჩენილიყო გაცივებას. ახლა შესაძლოა მართლა სურდო აიკიდოს, თუ არა პნევმონია. რომელი ძლიერი იმუნიტეტი მას აქვს?

- ცოტა ჭაჭა მაქვს, მგონი. სამზარეულოს კარადის ზედა მარცხენა უჯრაში უნდა იყოს.

მამაკაცმა ქალი ოთახში შეიყვანა, საწოლზე ჩამოსვა და დოინჯშემოყრილმა დახედა.

- გაიხადე და ჩაწექი. მოგეხმარო?

- არა, მე თვითონ, - გაწითლდა ქალი და თავზე შემოხვეული პირსახოცი საწოლზე მიაგდო. სერგიმ აიღო და კოხტად გადაფინა სკამზე.

რა აკურატული ვინმეა! აი, კიდევ ერთი საოცრება! რას იფიქრებს ახლა მატილდაზე? სიკოხტავე აკლიაო?

- კარგი, მე გავალ, არაყს მოგიტან, თან ტაშტით ცხელ წყალს მოვაყოლებ. სააბაზანოში ზღვის მარილი შევამჩნიე, იმას ჩავყრი შიგ და ფეხები ჩაყარე ცხელ წყალში.

- არა, რააა. ამწუთას არ გამოვედი იქიდან?

- გამოხვედი, მაგრამ ფეხები ცხელ წყალში არ გაგიჩერებია. გადავლება სხვაა, გაჩერება - სხვა. უნდა დაილბო ფეხები, გასაგებია?

- გასაგებია, სხვა რა გზა მაქვს, მაინც არ მომცემ საშველს და, _ ჩაიცინა მატილდამ.

სერგი გავიდა და ისე მალე დაბრუნდა, ქალი გაოცდა, ნამდვილი ბომბდამშენივით ჩქარიაო.

- აჰა, შენ ეს დალიე, მე კიდევ წყალს მივხედავ.

ტაშტში ჩასხმულ წყალს ორთქლი ასდიოდა. სერგიმ იღლიაში ამოჩრილ ზღვის მარილით სავსე ქილას თავი მოხსნა და ლამის ნახევარი ჩაყარა ტაშტში.

- ძალიან ბევრია, ძალიან ბევრი! - იყვირა მატიმ.

- ძალიან გვიანაა, ძალიან გვიან, - გამოაჯავრა ხელოსანმა, _ სანამ ჩავყრიდი, მანამ უნდა გაგეფრთხილებინე.

- ვერ მოვასწარი. ისე, სხვათა შორის, თუ გითხარი, რომ სამსახურიდან დაგითხოვე? გათავისუფლებული ხარ, მეგობარო! - კბილები ლამის უწაკწაკებდა, როცა ამას ამბობდა, ოღონდ არა მხოლოდ სიცივის გამო.

- ბევრს ნუ ლაპარაკობ, ჩაყარე ფეხები დროზე შიგ და ეგეც დალიე! - არც მიაქცია ყურადღება მის ნათქვამს სერგიმ.

მატის შეაკანკალა, წყლის ჭიქა, რომელიც ნახევრამდე არყით იყო სავსე, მოიყუდა, ერთი ამოიქშინა და გადაჰკრა.

დაიჭყანა, მაგრამ რა დაიჭყანა. ხელის ზურგი პირზე მიიდო და ჰაერი რაც შეიძლებოდა ღრმად შეისუნთქა.

- კარგია, ერთ საქმეს, როგორც იქნა, თავი მოვაბით. ახლა ფეხები. დაგეხმარო?

- არა, - თავი გააქნია მატიმ, - შენ ისედაც საკმარისად დამეხმარე, - გაბუტული ბავშვივით წარმოთქვა ქალმა, ხალათის ბოლოები აიწია და ფეხები წყალში ჩაუშვა.

- ცოტა ხანს იყავი ასე, სანამ წყალი განელდება და მერე შეხტი ლოგინში, - დამოძღვრა ხელოსანმა.

კაცი ისე ექცეოდა, როგორც მამები ექცევიან თავიანთ შვილებს. მატი ღიმილს ძლივს იკავებდა.

- შენ რა, ვერ გაიგონე? გათავისუფლებული ხარ-მეთქი! - მაინც გაუსწრო წინ ენამ.

- მშვენიერია. ავიღებ ჩემს ინსტრუმენტებს და იმწუთასვე წავალ, როგორც კი შენს ახალ სამზარეულოს დავამთავრებ იქ, მაღლა! - საჩვენებელი თითი მეორე სართულისკენ გაიშვირა სერგიმ.

მატიმ ამოიოხრა.

- გინდა კიდევ რამე?

- მადლობა, მეტი აღარაფერი, - ჩაიდუდუნა.

- კარგი ცხელია წყალი?

- სასიამოვნოდ, - თავი დაუქნია ქალმა და ფეხის თითები გაამოძრავა, - ნამდვილი ნეტარებაა.

- ნამდვილი ნეტარება ცოტა სხვანაირად გამოიყურება, - მზაკვრულად ჩაუკრა სერგიმ, - თუმცა ახლა ეს უფრო მოგიხდება.

მატილდამ კოპები შეკრა და ცივად ახედა მამაკაცს. სერგი თითქოს ვერ მიუხვდა, რა იმალებოდა მის ამოხედვაში.

- მორჩა?

- ჯერ არა, ცოტა ხანს კიდევ ვიქნები ასე.

- მაშინ ცოტა ხანს მეც დავრჩები და როგორც კი ლოგინში შეხტები, წავალ.

- სანამ შენ არ გახვალ, არ დავწვები! - ჯიუტი ბავშვივით გაბუსხა ქალმა ტუჩები, - გადი აქედან, სადაც გინდა, წადი, სანამ არ გამიგდიხარ!

მამაკაცი თავის კანტურით გავიდა, მატის ნამიან პირსახოცს ხელი წამოავლო და ოთახი დატოვა. რაღაცნაირი სურნელება დატოვა თან, რისი, მატილდას ვერ გაერკვია.

როგორც კი მამაკაცმა კარი გაიხურა, მაშინვე გადაიძრო ხალათი, საბანში შეწვა, მაგრამ ტაშტიდან ფეხები არ ამოუღია. წყალი იდეალური ტემპერატურის იყო. რა უცნაური კაცია. ყველა სხვა სიკეთესთან ისიც იცის, როგორ მოუმზადოს ქალს საამო აბაზანა!

ახლა ყველაფერი რიგზე იყო. შეიძლება მთლად ყველაფერი არა, მაგრამ მაინც. რაც მთავარია, გოგასთან ღირსეულად დაამთავრა ყველაფერი. სწორედ ისე, როგორც უნდოდა. სწორედ ისე, როგორც მისნაირ ქალს შეეფერებოდა. მართალია, იჩქარა მასთან შეხვედრა და ქვეშაც გაუგორდა, მაგრამ ამასაც არა უშავს. ამისგან ტრაგედიას ნამდვილად არ შექმნის. მოსახდენი უნდა მომხდარიყო, თუმცა უფრო სხვანაირად წარმოედგინა ეს ყველაფერი. აიტანს, ამასაც აიტანს. ამნაირები აუტანია? რკინის ქალია, სხვა თუ არაფერი. მის ცხოვრებაში ისეთები მომხდარა, ეგ მონაგონია!

ბოლოს წყალი ჯერ გათბა, მერე გაცივება დაიწყო. კი ამოყარა ფეხები წყლიდან, მაგრამ პირსახოცი? სერგიმ ხომ თან წაიყოლა იგი! ოხ! ნეტავ ვინ ეკითხებოდა? გამოუჩნდა აქ აკურატული მამაკაცი! არამკითხე მოამბე!

სწორედ ამ დროს კარი გაიღო და სერგი პირსახოცით ხელში გამოჩნდა. ოღონდ ამჯერად პატარა, ყავისფერი პირსახოცი მოჰქონდა.

- მგონი, ეს ურიგო არ იქნება ფეხების გასამშრალებლად, რას იტყვი?

მატის ბრაზმა სახეში აასხა.

- ხომ გითხარი, დათხოვილი ხარ-მეთქი, ვერ გაიგე? კიდევ ერთხელ გიმეორებ! მიაშურე შენს კატერს. ან სადმე სხვაგან წადი, სულერთია! ოღონდ კი მოშორდი აქაურობას!

- შენთვის არ მითქვამს, რომ მაღალ კლასებში, როცა სკოლაში ვსწავლობდი, მაშველად ვმუშაობდი?

- გადასარევია. ჰოდა, მესროლე ახლა ეგ მაშველი რგოლი და გადი! - მატიმ ხელი პირსახოცისკენ გაიშვირა.

სერგი გაუნძრევლად იდგა და საბანაფარებულ ქალს უხმოდ მისჩერებოდა.

- კარგი, ჰო, აღარ გათავისუფლებ. უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, მომეცი ოღონდ ეგ პირსახოცი.

მამაკაცი მაინც არ გარხეულა.

- მეტი რაღა ვქნა? კიდევ რაღა გინდა?

- მე უნდა გაგიმშრალო ფეხები, თორემ დაგიცურდება ეგ საბანი და გაშიშვლდები. ამის გამო კი გაცივება არ აგცდება. ერთი კარგი საქმით არ მინდა მეორე გაფუჭდეს.

- ესე იგი, წასვლას არ აპირებ, - მატილდას ტონი შემრიგებლური გაუხდა.

იცოდა, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ისე კარგად იცოდა, როგორც მაშინ, გოგასთან პაემანზე რომ მიეჩქარებოდა. მიეჩქარებოდა კი არა, გარბოდა. როგორ გაენელებინა ეს სიტუაცია? რაღაცას თუ არ მოიფიქრებდა, არანაირი მაშველი რგოლი არ უშველიდა. კი მოსწონდა სერგი, ზედმეტადაც მოსწონდა, მაგრამ იყო კი მზად მასთან ფიზიკური სიახლოვისთვის? რას მოუტანდა მერე ეს სიახლოვე? გოგასავით რომ მიეტოვებინა, მერე?

ღმერთო, რას აიჩემა ეს გოგა და გოგა! მორჩა, ის აღარ არსებობს, დამთავრებული ამბავია, როგორც ერთი სევდიანი დრამა.

თავი ჩაღუნა, თითქოს ბედს მინებდაო. საბანი მჭიდროდ შემოიხვია მკერდზე, ზურგიდანაც შემოიფუთნა და ფეხები წყლიდან ამოასწია.

მამაკაცი მყის დაიხარა და სწრაფად შეუდგა მისი ლამაზი ტერფების გამშრალებას.

როცა საქმეს მორჩა, წამოდგა და ქალს დააჩერდა.

გაგრძელება იქნება

ასევე იხილეთ:

მარტოხელა - თავი 14

მარტოხელა - თავი 13

მარტოხელა - თავი 12