მარტოხელა - თავი 13 - Marao

მარტოხელა - თავი 13

2023-03-25 09:57:51+04:00


წინა თავი

_ ისა და… მგონი, მოეწონა ლალო შენს ხელოსანს, არა? ნახე, როგორ უყურებდა? _ მაშინვე სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი სოფომ, რადგან მიხვდა, რომ გოგას ამბავმა დაქალი ზედმეტად აანერვიულა.

_ არ ვიცი, სოფო. მე ყავას ვადუღებდი, მისთვის არ შემიხედავს.

_ წავიდეთ, რა, _ ლალო ადგა.

_ წავიდეთ, წავიდეთ. მერე დაგირეკავ, მატი, კარგი?

_ ჰო.

_ არ გვინდა გაცილება, ჩვენითაც გავიგნებთ გზას, _ თანაგრძნობის ნიშნად მხარზე დაადო ხელი დაქალმა და გავიდა. ლალოც მას მიჰყვა.

მატილდა მოწყვეტით დაეშვა ჰოლის იატაკზე. რა საზიზღარია ეს სოფო! როგორც ჩანს, მანამ იქექა ფეისბუკზე, სანამ გოგას არ მიაგნო. ღმერთო, რა ცნობისმოყვარე და ჭორიკანაა! რა უნდოდა, რას ახარა მატილდას ეს ამბავი? ჰგონია, ამით კარგი საქმე გაუკეთა? პირიქით, გული მოუკლა.

სერგიმ გაიგონა, როგორ გავიდნენ ქალები გარეთ და თავი ფანჯარაში გაყო. სწორედ ამ დროს გაიგონა სოფოს ნათქვამი:

_ კარგად გამოვიდა, არა? ხედავდი, მატის როგორ… _ ფრაზის დასასრული ვერ მოისმინა სერგიმ, რადგან ზუსტად ამ დროს მატილდამ კარი მთელი ძალით მოაჯახუნა.

ლამის ჩამოიღო კარი. საინტერესოა, რამ გამოიწვია მატილდას ასე გაღიზიანება? სერგიმ შუბლი შეიჭმუხნა.

_ რამე მოხდა? _ მეორე სართულიდან ჩამოირბინა მამაკაცმა.

_ რა? აჰ, არა, არაფერი. არ ვიცი, მიხვდი თუ არა, მაგრამ დღეიდან ოფიციალური სამიზნე გახდი.

_ ოხხ, _ სიცილი ვერ შეიკავა სერგიმ, _ ეს სულაც არ მომწონს.

_ ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გიზიდავს ფოი-ფოი, ჭკვიანი და დამოუკიდებელი ქალები, მითითებების გაცემას რომ არიან ჩვეული, ისეთები. აი, ზუსტად ასეთს გტენიან.

_ მოიცა, მოიცა! რას ნიშნავს, მტენიან? ვინ მტენის? ვის?

_ სოფო… ლალოს. რა გგონია, სხვა რა მიზეზით მოიყვანა ამ დილაუთენია? ჩემი ლამაზი თვალების სანახავად? ძალიან კარგად იცის, რომ ამ დროს შეიძლება მეძინოს. _ მატის სახე აუპილპილდა, თვალები რისხვით აენთო, _ პროფესიონალის რჩევები არ გაწყენდაო! ხომ არ იცი, რა მირჩია? მობატბატდა და წაბატბატდა ეგ ბატისტვინა ეგა! იმისთვის მოვიდა, რომ ლალოსთვის შენი თავი ეჩვენებინა.

_ მომისმინე, მაგ ქალისთვის სულ სამი სიტყვა არ მექნება ნათქვამი, რაც გავიცანი, _ გააპროტესტა მამაკაცმა, _ შეიძლება ახლა ისიც არ ახსოვს, რა მქვია.

_ გეგონოს! არ ახსოვს კი არა, იმაზე მეტი იცის შენზე, ვიდრე გგონია!

სერგი გაშრა. ეს რას ნიშნავს? კაცია თუ რაღაც ნივთი? ვის რა ესაქმება მასთან? ერთხანს გახევებული იდგა. ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს გულზე მართლა სამიზნე ჰქონდა მიხატული.

_ ჯობია საქმეს მივხედო, ისედაც დიდი დრო დავკარგე, _ ჩაიბურტყუნა თავისთვის და კვლავ კიბეს აუყვა.

სოფო შუა ოთახში გამომჯდარიყო ფეხშიშველი და ტერფებს იზელდა, თან ფიქრიას ექაქანებოდა.

_ ახლა უკვე გასაგებია, რასაც განიცდის ჩვენი საერთო მეგობარი. უნდა გენახა, რა დღეში ჩავარდა ლალოს დანახვაზე, _ კისკისი ატეხა.

ფიქრია ფანჯრის რაფაზე ასულიყო და მინებს წმენდდა.

_ შენ კიდევ რას გადაეკიდე მაგ ფანჯარას? შეეშვი, რა აზრი აქვს შიგნიდან გაწმენდას, როცა გარედან მაინც ჭუჭყიანია? მოდი, აგერ დამიჯექი და მელაპარაკე! _ ლამის უყვირა დაქალს.

ფიქრია მორჩილი ბავშვივით ჩამოვიდა ფანჯრის რაფიდან და სოფოს გვერდით მიუჯდა. დაჭმუჭნილი გაზეთები, მინების გასაწმენდად რომ მოემარაგებინა, მაგიდაზე დაყარა.

_ ამინდი რომ გამოვა, გარედანაც გავწმენდ, რა პრობლემაა? _ ფიქრიამ ამოიოხრა და სიცივისგან დამზრალი თითები გაფარჩხა, _ რას ვგავარ. ქალის თითები ჰქვია ახლა ამას?

_ ხოდა, მიხედე. როცა ალაგებ, ხელთათმანები გაიკეთე, რამდენჯერ გითხარი.

_ ვერ ვმუშაობ ამ ხელთათმანებით და რა ვქნა? _ დაიწუწუნა ფიქრიამ.

_ აუ, იცი რა მინდა? ამას წინათ ჩაი რომ გასწავლეს, ყინულით… ხომ არ დაგველია?

_ კაი რა, მაგარი დებილობაა. მე სულ არ მომეწონა. ჩაი ცხელი როცაა, მაშინაა სასიამოვნო, თორემ ყინული თუ ჩააგდე, კომპოტი გამოვა, ჩაი კი არა.

_ მე კიდევ მაგრად მომეწონა. მიდი, მე გამიკეთე, კარგი? და ნუშის ნამცხვარიც მოაყოლე! _ დაადევნა სამზარეულოსკენ მიმავალ მეგობარს სოფომ.

_ ლალოს თუ მოეწონა? _ იკითხა ფიქრიამ, როცა ჩაი და ნამცხვარი შემოიტანა.

_ მე რა ვიცი. კრინტი არ გაუღია თვითონ და არც მე მიცდია რამე მეკითხა. თუ არ მოეწონა და იყოს იქ, მე რა ვქნა. რაც შემეძლო გავაკეთე, გენაცვალე და… იქნებ შენ მაინც გითხრას, ა?

_ არა მგონია. ისე მოაქვს თავი თავისი სამსახურით, თითქოს შანტეკლერის დედოფალი მყავდეს. მთელი წელია სახლს ვულაგებ და ისე მიყურებს, როგორც დამლაგებელს. ყავაზეც კი არ მეპატიჟება. რახან ფულს მიხდის, ჰგონია, რომ…

_ დაიკიდე.

_ დაკიდებული არაა? მეტი დარდი არ მქონდეს! თავი ქვისთვის უხლია! სულ არ მემეტება ეგ კაცი მისთვის. არაა ღირსი! _ გაღიზიანდა ფიქრია.

_ ღირსი არაა, მაგრამ მაინც უნდა დავეხმაროთ. მეცოდება. ხომ იცი, როგორ უჭირს კაცებთან საერთო ენის გამონახვა. როგორმე უნდა შევახვედროთ ერთმანეთს. ბიბის რომ დააპატიჟებინო? და ჩვენც უცებ დაგადგებით თავს, ოღონდ მატიმ არ უნდა გაიგოს.

_ ბიბიმ მითხრა, კატერზე გიტარა აქვსო. ალბათ უკრავს კიდევაც.

_ მართლა? ვაა, რა მაგარია! ეგეთ კაცზე ლალო კი არა, მეც არ ვიტყოდი უარს, _ გაიცინა სოფომ, _ მატილდას ის გოგაც ეყოფა!

_ გაფიცებ ყველაფერს, ოღონდ ეგ გამაგებინე, გოგა ვინაა! _ ცნობისმოყვარეობა გაკრთა ფიქრიას ხმაშიც და თვალებშიც.

_ მატის პირველი სიყვარული. მეტი მეც არ ვიცი. ჩემთან ჰყავდა ოფისში მოყვანილი, ოღონდ რატომ მომაყენა სამსახურში, ვერ მივხვდი. შემახარბა ვითომ?

_ კაი რა, მატი ეგეთი რომ არაა, ხომ იცი?

_ აბა რა უნდოდა?

_ ალბათ შემთხვევით შეხვდა სადმე შენს ოფისთან ახლოს და მარტო რომ არ დარჩენილიყო მასთან, შემოგიარა.

_ ჰო, არც ეგაა გამორიცხული. ცოტა უხერხულად კი იყო. უფრო დაბნეული, მე ვიტყოდი. ვინ იცის, იქნება ჯერაც უყვარს? როგორ მაინტერესებს, იყვნენ უკვე ერთად თუ არა?

_ უიმეე! _ ფიქრია დაიჯღანა, _ ოღონდ მაგი ვინმეს დაუწვეს და სუფრას მე ვიკისრებ. არ იცი, რა მუდოა? რომ ვუყურებ, ასე მგონია, ცხოვრებაში კაცთან სიამოვნება არ განუცდია.

_ მთლად ეგეთიც ნუ გგონია, კაი ქვეშ-ქვეშაა ეგეც. ორი ქმარი რომ გამოიცვალა, ეგ არაფერი? შენ ის მითხარი, ის ვიღაც ტიპები რომ უნდა დაგეპატიჟებინა, სად გაქრნენ?

_ უჰ, არც მიხსენო! ცოლიანები ყოფილან თურმე, ბიბიმ მითხრა. მოაშორე აქედან!

_ ეგ დურგალი ნეტავ არაა ცოლიანი?

_ გაშორებულია. პროფესიით რომ არქიტექტორია, გითხარი? სამშენებლო კომპანიაში მაგარი თანამდებობა ეკავა თურმე. სიმამრის ყოფილა. მერე ცოლთან რაღაც სკანდალი მოსვლია და წამოსულა იქიდან. ჩვენი წონა ფული აქვს თურმე.

_ მიდიი! რა ფული! რაში ეტყობა? დურგლად მუშაობს კაცი და ფულს რა, ბალიშებში ტენის?

_ მაგდენი არ ვიცი. იქნებ თვალის ასახვევად იქცევა ეგრე, შენ რა იცი, _ ფიქრიამ ნუშის ნამცხვარი ჩაახრამუნა, _ ყოველ შემთხვევაში, ბიბისთან რომ იმუშავა, ერთი თეთრი არ აუღია. რომ უჭირდეს, უარს არ ეტყოდა ნამდვილად.

_ ჰოდა, თუ ფულიანია, მით უკეთესი. ლალოს დასაწუნი მაშინ სულ არაფერი არ სჭირს.

_ ისე, მატის თუ მოსწონს, არ ჯობია მაგას შევუწყოთ ხელი? ლალო ვინ მიგდია! _ გამოცოცხლდა უეცრად ფიქრია.

_ შენც მართალი ხარ. მატის რამდენი წელია კაცი არ ჰყოლია, თან აშკარად მოსწონს ეგ ხელოსანი. კიდევ ცოტა ხანს რომ დავრჩენილიყავით, ალბათ გამოგვყრიდა სახლიდან, ისე გააცოფა ჩვენმა სტუმრობამ, _ გადაიხარხარა სოფომ.

_ აი, ბიბის დაბადების დღეზე ეგ სერგიც იქნება დაპატიჟებული და გამოჩნდება, სინამდვილეში რა ხდება, _ ისე შესძახა ფიქრიამ, თითქოს დიდი აღმოჩენა გააკეთაო.

_ ხო, მართლა! ახლა მალე მოდის არა ბიბის დღეობა? აუ, შარშან რა დრო ვატარეთ.

_ წელს უფრო გრანდიოზულს აპირებს, მთელი ბანკირები და ვიღაცები უნდა დაპატიჟოს. რემონტიც მაგიტომ გააკეთა.

_ ისე, იცი რა? ამ დილით მატის რომ ვუთხარი გოგას ცოლის დაბადების დღის ამბები, იცი რა დღეში ჩავარდა? გალურჯდა ლამის. _ დაეჭვებულმა სოფომ თვალები მოჭუტა, _ მაინც ვერ ვხვდები, ვის უმიზნებს _ იმ გოგას თუ ამ დურგალს.

_ მაგრამ ის გოგა ხომ ცოლიანია? მატილდა ცოლიან კაცთან ურთიერთობას არ გააბამს. არ იცი მაგის ამბავი?

_ არ ვიცი, არ ვიცი, _ თავი გადააქნია სოფომ.

_ სერგის კიდევ ისეთი კუდიანი ცოლი ჰყოლია და ისეთი ამბები გადაუტანია, ადვილი შესაბმელი არ იქნება, რომ იცოდე. ასეთი კაცები მშიშრები არიან. მეეჭვება, კიდევ ცოლის მოყვანაზე იფიქროს. ყველაფერი დაკარგა თურმე, რაც გააჩნდა.

_ შენ რა იცი? იქნებ აბუქებენ.

_ მაგდენი არ ვიცი, მაგას მე ვინ მეტყვის, მაგრამ ჭორი უმიზეზოდ არ ვრცელდება. არადა, მაგარი სიმპათიური კაცია, არა?

_ კი, კარგი ტიპია. განათლებულიც ჩანს, ყველაფერთან ერთად. მშიშარა თუა, ეგ არაფერი. არ მეგულება მამაკაცი, უღელში შებმას არ გაურბოდეს. ყველა კაცი მშიშარაა მაგ საკითხში.

_ ჩვენ რა, მღვდელთან კი არ მიგვყავს ჯვრის დასაწერად. უბრალოდ, ცოტას წავეხმარებით და ეგაა, _ თავი შორს დაიჭირა ფიქრიამ.

_ მდაა. ესე იგი, ბიბის იუბილეზე მაგარი ამბები გველის, არა?.. ვნახოთ, ვნახოთ, _ დაეჭვებით გააქნია თავი სოფომ და ცივი ჩაი მოსვა.

როგორც კი სერგიმ ხერხვა გააგრძელა, მატი დივანზე წამოსკუპდა და ფეისბუკს ეწვია. საუკუნეა აქ არ ყოფილა. არ უყვარს ეს სოციალური ქსელები. თითქოს ყველას ცხოვრება ხელისგულზეა დადებული. რატომ გამოაქვთ ადამიანებს თავიანთი პირადული ასე სააშკარაოზე, ვერ გაუგია. რა საჭიროა? ისეთ რამეს დადებენ ხოლმე სტატუსად, თვალები შუბლზე აუდის. თვითონ ასეთ რამეს არასდროს იზამს. არც გაუკეთებია. რატომ უნდა აჭორაოს ზედმეტად ვინმე თავის ცხოვრებაზე?

სასწრაფოდ აკრიფა გოგას სახელი და გვარი. მაშინვე მიაგნო. ფოტოებზე გადავიდა და რაც უფრო მეტს ათვალიერებდა, მით უფრო ფითრდებოდა. ლამაზი არ ეთქმოდა მის ცოლს, თუმცა მთლად გონჯიც არ იყო. ასაკი მოხდომია. ახალგაზრდობაში უფრო საშინელი ახსოვს მატის. ერთი უყურეთ, როგორ ეხუტებიან ერთმანეთს, თითქოს ახალდაქორწინებულები არიანო! როგორ მოტყუვდა მატილდა! რა ადვილად წამოეგო მის ანკესს. თურმე მშვენიერი ცოლქმრობა ჰქონიათ, მან კი დაიჯერა, რომ მხოლოდ ფიქტიურად იყვნენ ერთად, ოჯახის შენარჩუნების მიზნით. ოჰო! აი, საჩუქარიც! რამხელა თვალი აქვს ამ ბრილიანტის ბეჭედს! ჰმ…

ნირწამხდარმა ტელეფონი დივანზე მიაგდო და თვალები დახუჭა. ნეტავ ერთხელაც დაურეკავდეს და შეხვედრას სთხოვდეს! ნახავს, რა დღესაც დააყრის მაგ უსინდისოს! აჩვენებს, მისი მოტყუება როგორ უნდა!

იმწუთას ყველა და ყველაფერი შესჯავრდა. გოგაც, სოფოც, სერგიც და ყველა, ყველა!

აჯობებს საქმეს მიხედოს. სანამ სერგი ხერხვითააა გართული, თვითონ თაროებს გამოიტანს ავტოფარეხიდან და ერთ კედელს მაინც მოაწყობს. ნახავს მაინც, რა გამოვა.

ერთბორბლიანი რკინის ეტლი გამოაგორა ავტოფარეხის სიღრმიდან და წიგნის თარო ზედ წამოაქცია. კარგა გვარიანად ემძიმა, მაგრამ არ შეეპუა. რის ვაივაგლახით მიიტანა კარამდე. მთავარია, როგორმე ამ საფეხურს გადააცილოს და მერე ადვილად შეიტანს ჰოლში.

ის იყო, სახელურები დახარა და ბორბალი ჰაერში ასწია, რომ ეტლი გვერდზე გადაიხარა და თაროც თან წარიტანა. ფრთხილად შეეცადა გასწორებას და წონასწორობის აღდგენას, ძალიან ფრთხილად. აი, კიდევ ცოტაც და… ჯანდაბა! თარო დაცურდა და მატისაც ყვირილი აღმოხდა.

ზედა სართულზე ელექტროხერხი მყისიერად დადუმდა. მატილდამ ერთხელაც წამოიყვირა და მთელი ძალით დაქაჩა ეტლის სახელური მარცხენა მხარეს, რათა არ გადაყირავებულიყო. ზურგით რიკულს მიეყრდნო და ცალი მუხლი თაროს მიადო, რომ ეტლიდან არ გადავარდნილიყო.

_ სერგი! დამეხმარე!

_ რა მოხდა? _ მამაკაცმა კისრისტეხით ჩამოირბინა ქვედა სართულზე და ისე სწრაფად გაჩნდა მატისთან, როგორც ბოთლიდან ამომძვრალი ჯინი.

_ რა ძალა გედგა, ვერ დამიძახე? _ გაბრაზდა მამაკაცი.

_ მოიცა, აქ ვერ გამოძვრები, _ ქოშინებდა ქალი და ცდილობდა, როგორმე დაეთმო გზა კართან მომდგარი ხელოსნისთვის.

სერგი ზემოდან გადაახტა ეტლს და თარო ციმციმ მოიქცია ხელებში.

_ არ იტყვი მაინც, სად მიათრევ ამ თაროს?

_ მისაღებში.

_ ახლა? კი მაგრამ, რისთვის?

მატიმ მხოლოდ თავი გააქნია. თვითონაც არ იცოდა რისთვის და სერგისთვის როგორ აეხსნა?

_ აი, ასე. მოიცადე, ფარდაგს გავწევ!

რამდენიმე წუთის შემდეგ მისაღებში პირველი წიგნის თარო გაჩნდა, რომელსაც გვერდი დაუმშვენა დივანმა, მაგიდამ და ორმა სკამმა. სურათი ამაზრზენი სანახავი იყო, მაგრამ მატილდამ თავი იმით დამშვიდა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო.

ნებისმიერი მოგზაურობა პირველი ნაბიჯით იწყება, მოაფიქრდა უცებ სადღაც წაკითხული ფრაზა.

უბედურება ისაა, რომ მატი ძალიან ბერს კითხულობს. პოეზიის ჩათვლით. იმდენი ლექსი იცის, ხანდახან ავტორები ერთმანეთში ერევა. აი, ახლაც, დგას კარის ზღურბლთან სერგი მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული, მისჩერებია მას და მატის სრულიად მოულოდნელად ახსენდება სტრიქონები: „მე მახსოვს შენი სხვა გამოხედვა, მშვიდი, მშიერი, მკაცრი და მწველი…” ახსენდება სტრიქონები, მაგრამ ავტორი ვეღარ. ნეტავ ვისი ლექსია? ღმერთო, გაახსენე!

_ რას მომჩერებიხარ ასე? _ ვეღარ მოითმინა ბოლოს, _ სულ დამავიწყდა, ასეთი მძიმე რომ იყო, _ ამოიჩურჩულა და მისავათებულმა გახედა თაროს, სპილოსავით რომ მოჩანდა მის პატარა მისაღებში, _ არც მეგონა, ამხელა ადგილს თუ დაიკავებდა.

_ მატი, მართლა გინდა რჩევა მოგცე თუ ამდენი ტყუილად მალაპარაკე ეს დღეები? არ შეგიძლია ცოტა ხანს მაცალო? დრო როცა მექნება, გითხარი უკვე, დაგიპატარავებ ამ თაროებს და მერე როგორც გაგიხარდება, ისე დადგამ და სადაც გაგიხარდება, იქ.

სერგი უკნიდან მიუახლოვდა მატის და მხარზე ხელი შეახო. ქალი გაყუჩდა. მამაკაცმა ცერა თითის წრიული მოძრაობით დაუზილა ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტი დაძაბულობა დაგროვებულიყო.

_ პრობლემაა ისაა, რომ როცა რამეს აკეთებ, თავს არ ზოგავ და შედეგს არ უფიქრდები. განა შეიძლება ქალისთვის ამხელა სიმძიმის აწევა და მით უფრო თრევა? მაინცდამაინც წელი უნდა მოიწყვიტო? შემდეგისთვის გაითვალისწინე, რომ ასეთ შემთხვევებში მაინც დამიძახო დასახმარებლად.

_ შენ ისედაც ბევრი საქმე გაქვს ზემოთ. აქ, ქვემოთ როგორმე მე თვითონ მივხედავ ჩემს თავს.

ჰო, ალბათ უკეთ გაუმკლავდებოდა ამ წუთებსაც, მისი თითების ჯადოსნური შეხებისგან რომ არ დნებოდეს. მსუბუქი კვნესა დასცდა მატის ტუჩებს, როცა სერგიმ მისი ტკივილის წერტილს მიაგნო.

სტკივა… მაგრამ ეს სასიამოვნო ტკივილია…

_ ნუ იქნები ეგეთი ჯიუტი, _ თქვა მამაკაცმა.

_ კარგი, ჰო. შევცდი. მაგრამ მინდოდა მენახა, როგორ მოუხდებოდა თარო აქაურობას.

როცა სერგიმ ჩაიხითხითა, მატი ადგილზე გაქვავდა.

_ ძალიან გთხოვ, არაფერი თქვა. მართალი ხარ, აქ საშინელი ქაოსია. სულ არ მოუხდა ამ ოთახს. ალბათ, ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი ჩემს სიცოცხლეში.

თუმცა, უნდა ეთქვა, რომ მეორე დიდი შეცდომა.

მამაკაცის თითები მის ზურგზე, თმის ძირებში დასრიალებდა, თითქოს ეფერებოდა ქალს, მასაჟს უკეთებდა და ამშვიდებდა.

_ ამაზე დიდი შეცდომა არასდროს დაგიშვია? _ ისე შემპარავად შეეკითხა სერგი, თითქოს ყველაფერი იცოდა მატილდას შესახებ, _ უბრალოდ, მაინტერესებს, თორემ შეგიძლია არ მიპასუხო.

_ არც ვაპირებ. _ სულაც არ იყო საჭირო სერგის გაეგო, რომ როცა გოგას შეხვდა, რომანტიკის ცეცხლში იყო გახვეული, სასიყვარულო რომანების წამხედურობით მიამიტურად დაიჯერა პირველი სიყვარულის მითის უძლეველობა და წამიერმა სისუსტემ სძლია, რამაც შეცდომაში შეიყვანა.

თუმცა რა? დიდი ამბავი! სადაც ორი ქმარი გამოიცვალა, იქ მესამე კაცსაც თუ გაუსინჯა გემო, ამით არაფერი დაშავებულა. მრიცხველი კი არ უყენია! სამაგიეროდ, ამაზე მთელი სიცოცხლე ოცნებობდა. ჰოდა, აიხდინა ოცნება და ეგაა!

ნეტავ ვის ატყუებს! საკუთარ თავს? თვითონ კი არ აიხდინა ოცნება, გოგას დაეხმარა ოცნების ახდენაში. აი, ესაა სიმართლე!

რაც იყო, იყო. ნათქვამია, სწავლა სიბერემდეო! აწი მაინც ხომ ისწავლის ჭკუას? იმედია, როცა გოგა დარეკავს და ისევ შეეცდება მის დაყოლიებას, უარის თქმა შეძლოს. უარის თქმა კი არა, ისეთი რამეები უნდა უთხრას, რომ გააცამტვეროს. იმან კი არ უნდა იგრძნოს თავი გამარჯვებულად, მატილდამ უნდა აგრძნობინოს, რომ დაამარცხა. და გააკეთებს კიდევაც ამას.

არასდროს არ არის გვიან ყველაფრის თავიდან დაწყება. განა ტყუილად კითხულობს ამდენ წიგნს?

მატიმ დაიქსუტუნა. ნეტავ ცხვირსახოცი ჰქონოდა ახლა და გემრიელად მოეხოცა ცხვირი.

მთელი სიცოცხლე რაღაცის მისაღწევად იბრძოდა და რას მიაღწია? ჯერჯერობით მხოლოდ იმას, რომ გოგას თავი მოატყუებინა და თავისი პირველი ქმრის სახლი მარტივ მამრავლებად დაშალა.

_ უკვე ვეღარაფერს ვეღარ ვერევი. ეს სახლი მაინც არ დამენგრია.

_ ცხელმა ცრემლებმა ღაწვები დაუნამა ქალს.

სერგიმ სიტყვის უთქმელად თავისკენ შემოაბრუნა.

აცრემლებული და სასოწარკვეთილი მატი უმწეოდ მიეყრდნო მამაკაცს. აი, კიდევ ერთი უსიამოვნება _ თავის ემოციებს ვეღარ აკონტროლებს. ან განუწყვეტელმა უძილობამ და არასწორმა კვებამ გაიტანა თავისი, ან ნაადრევი მენოპაუზა ეწყება. აი, ჭეშმარიტად სასიხარულო აზრი! ეგღა აკლდა მის ისედაც არასრულ ბედნიერებას!

_ ეი! _ ხმადაბლა წარმოთქვა სერგიმ და მისი რბილი თმა თითებით შეარხია, _ ჩვენ უკვე ძალიან ბევრი გავაკეთეთ. გინდა მთელი ავეჯი ახლავე ავიტანოთ მეორე სართულზე? აქ მხოლოდ სარწეველა სავარძელი დავტოვოთ, რათა შიგ ჩაჯდე ხოლმე და იმაზე იფიქრო, როგორ გამოიყენო ამხელა სივრცე.

_ ვერა, ავეჯის მაღლა ატანა არ გამოვა, რადგან შენ ჯერ არ დაგისრულებია ზემოთ მუშაობა. _ მატი თითქმის ნანობდა, რომ სერგი მის მიმართ ასეთ თანაგრძნობას და თანადგომას ავლენდა.

ასე ხომ მასზე დამოკიდებულების ჩვევა უმუშავდება. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე კი იცის, რომ ეს საბედისწერო შეცდომაა, ისევე როგორც გოგასკენ გადადგმული ნაბიჯი.

_ შეგვიძლია ავეჯს ზეწრები გადავაფაროთ, რათა მუშაობისას არ დამტვრიანდეს.

მამაკაცი თანაგრძნობის ტონით ლაპარაკობდა. თანაგრძნობა კი, საუბედუროდ, მატიზე ყოველთვის დამღუპველად მოქმედებდა. ცრემლებმა, მიუხედავად მათი შეკავების სასოწარკვეთილი მცდელობისა, ნაკადულებად გაიკვლიეს გზა მატილდას სახეზე.

ქალის თითები მამაკაცის მკერდზე ამოძრავდა. მატი ცხვირსახოცს ეძებდა სერგის პერანგის ჯიბეში. ხელოსანი წამით გაირინდა და ქალმა იგრძნო მწველი სიმხურვალე, რომელიც სერგის სხეულიდან წამოსულიყო. ქალმა ინსტინქტური მოძრაობა გააკეთა და ქალის რბილი სხეული მამაკაცის მკვრივ მკლავებში მოექცა.

ღმერთო! მატი აქ არაფერ შუაშია! ეს, უბრალოდ, შეუძლებელია! ამ საკითხში ყველაზე აღიარებული ავტორიტეტების წიგნებიდან იცის მატიმ, რომ ის არ მიეკუთვნება ქალების იმ ტიპს, რომელსაც მამაკაცის აღგზნება შეუძლია. ეს, ალბათ, ჩვეულებრივი მამაკაცური რეაქციაა, რომელსაც შექმნილი გარემოებები იწვევს.

_ ცხვირსახოცი ჯინსის ჯიბეშია, ახლავე მოგცემ, _ წარმოთქვა მამაკაცმა უცნაურად დაძაბული ხმით.

ალბათ, თავს უხერხულად გრძნობს ეს კაცი და არ იცის, როგორ მოიშოროს მატი თავიდან მისი გრძნობების შელახვის გარეშე. ასე რომ, ეს მატილდამ თვითონ უნდა გააკეთოს. ქალმა უკან დაიხია და ისე ჩამოართვა ცხვირსახოცი მამაკაცს. და მაშინვე იგრძნო, როგორ საშინლად არ ჰყოფნიდა მისი სითბო, ძალა და ყველაფერი, რაც შიმშილს განაცდევინებდა, მაგრამ ვერ აცნობიერებდა ამას.

მატილდამ ცხვირსახოცით თვალები ამოიმშრალა და ცხვირიც მოიხოცა.

_ გავრეცხავ და დაგიბრუნებ, _ თქვა ქალმა, თან ცდილობდა, თვალებში არ შეეხედა მამაკაცისთვის.

ის კი უსიტყვოდ მისჩერებოდა. იდგა და შესცქეროდა.

ეს გზა არსაით მიდის, მატი! შეჩერდი, გოგონი!

და შემდეგ სერგიმ გააკეთა ის, რაც ამქვეყნად ყველაზე მეტად სურდა მატილდას და რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა.

მკლავები მოხვია, ჩაიხუტა, ძლიერად ჩაიხუტა და… აკოცა… ისევ.

ამჯერად შეუძლებელი იყო შემცდარიყავი მისი კოცნის ხასიათის გამოცნობაში. მწველი იყო ეს კოცნა, მწველი და ხორციელი. ისე, რომ ტუჩები არ მოუშორებია, სერგიმ უკუსვლით წაიყვანა ქალი დივნისკენ და თავი ბალიშზე დაადებინა. ვიწრო და მყარი დივანი აშკარად არ იყო განკუთვნილი ორი ადამიანისთვის და თუ მაინცდამაინც ორი უნდა დაწოლილიყო, მხოლოდ ერთმანეთთან მჭიდროდ მიხუტებულები.

თავიდან არც ერთი მათგანი არ განძრეულა. მატიმ ამდენი წლის შემდეგ უკვე მეორედ განიცადა ის შეგრძნება, რომელიც მის თავს დატრიალდა.

ეს იყო სასტიკი მოთხოვნილება, რომელიც დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას მოითხოვდა.

რატომ არ გაშალა ეს წყეული დივანი წუხელ, როცა სერგის თეთრეული გაუშალა? რამ დაუბინდა გონება? რატომ იფიქრა, რომ ამ სივიწროვეში კაცი მოხერხებულად დაიძინებდა? ჯანდაბა! ჯანდაბა და ჯანდაბა!

როგორც კი ქალს მამაკაცის ცხელი სუნთქვა შეეხო, მყის ვნებიანმა სურვილმა დარია ხელი, მაგრამ როგორც კი სერგიმ სვიტერის ქვეშ ხელი შეუყო და მის შიშველ მკერდს თითები შეახო, მატის უნებურად დასცდა:

_ მოიცა, უნდა ვილაპარაკოთ…

სერგის ხელები გაუშეშდა. ვილაპარაკოთო? ეს ქალი სრულ ჭკუაზეა? თუ თვითონ შეიშალა? ოდნავ მაინც თუ შერჩა საღი გონება, ის დროა, აიკრას გუდა-ნაბადი და დაახვიოს აქედან.

_ მაპატიე, მატი, მაგრამ საერთოდ არ მიფიქრია ჩემი უპირატესობით მესარგებლა.

არ უფიქრია! ერთმანეთს მიკრულები ძლივს იმაგრებდნენ თავს ვიწრო დივანზე. ამდენი ხანია, ეფერება და არ მიფიქრიაო! ალბათ, რაც პირველად მოადგა ენაზე, ის თქვა. არადა, ღმერთო, რა სახე აქვს. თითქოს კაცობა დაკარგაო. მთლად გადაფითრებულია!

მატიმ სინდისის ქენჯნა იგრძნო, რადგან სულაც არ გაუწევია წინააღმდეგობა, როცა სერგიმ მისი ტუჩებისკენ გაიწია. რა ემართება? თითქოს ვნების შემოტევა დაეწყო. ჯერ ერთი კაცი, ახლა მეორე… რა უნდა? ინტიმური სიშლეგე დაემართა? დაქალები ამას ალბათ არასდროს დაიჯერებენ, რადგან სულ აშაყირებენ, მიუხედავად იმისა, რომ ორი ქმარი გამოიცვალე, მაინც შინაბერას ქცევები გაქვსო. მერამდენე წელია, კაცი არ გაჰკარებია. უფრო სწორად, კაცს არ გაჰკარებია. აბა, რა შეიცვალა ამ რამდენიმე დღეში? გოგასგან განხიბლული სერგისთან ეძებს ნავსაყუდელს? რა გარანტია აქვს, რომ ესეც იმასავით არ მოექცევა? ერთიც ვნახოთ და უთხრას, ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ შეცდომა დავუშვით და საკმარისიაო. ჰა-ჰა! აი, მაშინ აღმოჩნდება სასაცილო მდგომარეობაში.

გაგრძელება იქნება

იხილეთ ასევე

მარტოხელა - თავი 12

მარტოხელა - თავი 11

მარტოხელა - თავი 10