მარტოხელა - თავი 12 - Marao

მარტოხელა - თავი 12

2023-03-24 10:30:01+04:00


წინა თავი

სახლში მთელი დღე სერგის ჩაქუჩის კაკუნის ხმა ისმოდა, მინიატურული ჩაქუჩის. მერე ჩაქუჩი ხერხმა შეცვალა, მერე ისევ ჩაქუჩმა… მატი კი ადგილს ვერ პოულობდა, მობილურს ხშირ-ხშირად დახედავდა, იქნებ ამ ხმაურში ზარის ან მესიჯის ხმა ვერ გავიგონეო. ამაოდ. გოგა არ ურეკავდა.

უფრო და უფრო იპყრობდა მღელვარება. ნუთუ საწადელს მიაღწია და ამით დაამთავრა მასთან ურთიერთობა? არა, ამას ვერ დაიჯერებს. განა ასე შეიძლება? რაღას ალოდინებს? ვერ ხვდება, როგორ ნერვიულობს? მაგრამ იქნებ ძალიანაა დაკავებული და გოგამ მისთვის ჯერ ვერ მოიცალა. ჰო, ეგრე იქნება, თორემ გამორიცხულია, არ დაერეკა.

- რაღაც სხვანაირი ხარ, მოხდა რამე? - სერგი გამომცდელად მიაჩერდა ქალს შუა სადილისას.

- სხვანაირი? - სიწითლემ გადაურბინა მატის სახეზე, - რანაირი? ჩვეულებრივად ვარ. უბრალოდ, სოფომ ისე მომიშალა ნერვები, ვერ ვივიწყებ.

- ჰო… - მრავალმნიშვნელოვნად წარმოთქვა მამაკაცმა და დიასახლისს თვალი აარიდა.

ღამე ცივი იყო, მაგრამ ვარსკვლავებით მოჭედილი. როგორ უნდა შეძლოს ქალმა თავის მოთოკვა, როცა გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად მასში ზამთრის ძილიდან გამოღვიძებული ვნებები იწყებს ვულკანივით ამოხეთქვას და სექსუალური აქტივობისკენ უბიძგებს?

თვითონ ხომ არ დაურეკოს პირველ სიყვარულს და მოიკითხოს? რა დაშავდება ამით, უბრალოდ, მოიკითხავს.

არა, არა და არა! ეგღა აკლია, თავი დაიმციროს! წესით, მას უნდა დაერეკა. ასეა მიღებული. დაუწერელი კანონების მიხედვით, პირველი ღამის შემდეგ მამაკაცმა უნდა იაქტიუროს.

რა სისულელეებს როშავს. ეს რომ სოფოს გააგონა ახლა, მაგრად დასცინებდა. მისთვის ხომ არანაირი კანონი არ არსებობს, არც დაწერილი და არც დაუწერელი. ყოველთვის ისე მოქმედებს, როგორც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ. მატილდას ადგილას უკვე ცხრაჯერ ექნებოდა გოგასთან ზარი გაშვებული. მაგრამ მატი ხომ სოფო არ არის. მას ასე არ შეუძლია. ურჩევნია, თვითგვემას მიეცეს, ვიდრე თავის სიამაყეს გადააბიჯოს.

თან ფიქრობდა მატილდა, თან თეთრეულს უშლიდა ხელოსანს. სანამ ის ამ საქმით იყო გართული, სერგიმ სააბაზანოს მიაშურა და წყალი გადაივლო.

მერე ივახშმეს. მერე ცოტა ხანს ისაუბრეს და თავ-თავიანთ ოთახებს მიაშურეს.

სიფრთხილის მიზნით მატილდამ სასტუმრო ოთახში შუქი ანთებული დატოვა. აშკარად ეუხერხულებოდა სახლში უცხო მამაკაცი რომ ჰყავდა, მაგრამ ამაზე ფიქრისთვის არ ეცალა. მისი გონება კვლავ გოგას დასტრიალებდა. მისი ცხოვრება ადვილი არასდროს ყოფილა, ამიტომ არ უკვირს, ასე რომ მოხდა. ჯერ მაინც არ კარგავს იმედს, შეიძლება დარეკოს იმ ბიჭმა, იქნებ რა შეემთხვა. იმის დაჯერებაც არ უნდა მატილდას, რომ გამოიყენეს და მიაგდეს. მაშინ ჯობია მოკვდეს!

დილით გალახულივით ადგა. მთელ სხეულში ამტვრევდა. ისედაც ყოველთვის უჭირდა დაძინება, ახლა კი, საერთოდ… თუ ასე მოუწია მომდევნო ღამეების თეთრად გათენება, მისგან აღარაფერი დარჩება!

თანაც, ეს კაციც რომ სახლში ჰყავს! შეცდომა დაუშვა, ამის ნება რომ დართო! ხომ იცოდა, რომ არავინ მოუვარდებოდა, რაში სჭირდებოდა მისი აქ შემოსახლება? თავის გემოზე ვერ გაუვლია, ვერ უფიქრია, ვერ წამოწოლილა…

ის იყო, სააბაზანოდან გამოვიდა, რომ მესიჯის სიგნალმა დაიწკარუნა. მაშინვე მობილურს ეცა. ჰო, ის იყო, გოგა! მოულოდნელად თბილისში მომიწია დაბრუნება და ამიტომ ვერ შეგეხმიანეო. ჰმ! კიდევ კარგი, რომ გააგებინა, თორემ რა არ იფიქრა მატიმ. აი, ხომ ამბობდა, რაღაც მოხდა, თორემ ასე არ დამივიწყებდაო. ისე უცებ გამოუკეთდა ხასიათი, ღიღინი დაიწყო. სველი თმითა და უძილობისგან ამღვრეული თვალებით სამზარეულოს მიაშურა. აჰა, ისიც აქ იყო, მისი ხელოსანი, რომელიც გოგას გამოჩენამდე მატილდას სხეულის ეროტიკულ სიმებს არხევდა. დამჯდარა აგერ, სამზარეულოს მაგიდასთან და მას ელოდება.

სერგი ნელა გაიმართა წელში. თვალებმოჭუტულმა შეათვალიერა მატილდა - სველი თმიდან დაიწყო და შიშველ ფეხებამდე ჩამოვიდა.

- ასე არ გაცივდები? - შეეკითხა მამაკაცი, - ჯერ კიდევ ზამთარია და აქ არც ისე ძალიან თბილა.

- არა, არ გავცივდები. აი, ყავას დავლევ და ავალ მერე, ჩავიცვამ, - მხიარულად მიუგო მატიმ.

- კარგია, რომ კარგ ხასიათზე გხედავ. ბოლო ორი დღეა ცხვირ-პირი ჩამოგტირის.

- გადამიარა. არ ღირს უმნიშვნელო რამეებზე ნერვიულობა თურმე.

სერგიმ ჩაიღიმა.

- მაპატიე, თუ გაგაღვიძე. ვცდილობდი ისე მემუშავა, არ მეხმაურა.

- სულაც არ გაგიღვიძებივარ. ტოროლა არ ვარ და დილაუთენია არ ვიღვიძებ ხოლმე, რადგან დილის ძილი მიყვარს და ადვილად ვერავინ გამაღვიძებს. ასე რომ, ახლაც ნახევრად ძილში ვარ, - გაიცინა.

სერგიმ კვლავ ჩაიღიმა.

- გავალ ცოტა ხანში, მესის გავასეირნებ.

ისევ ღიმილი და არც ერთი სიტყვა.

რა თევზივით ჩაიგუბა პირში წყალი? რატომ პასუხს არ სცემს მატილდას? რა სჭირს ამ კაცს?

- სულ არეული მაქვს ბიორიტმები, - დაამატა ბოლოს იმ იმედით, რომ ახლა მაინც იტყოდა ხელოსანი ორიოდე სიტყვას, მაგრამ ნურას უკაცრავად. პასუხად კვლავ ღიმილი მიიღო.

ამასობაში ყავა გაიმზადა და მაგიდას მიუჯდა.

- ზამთარი რომ დამთავრდება, ყველაფერი თავის ადგილას დადგება, - გააგრძელა მატიმ, - ჭკუა რომ მქონოდა, რამე ისეთი სამსახური უნდა მეშოვა, ღამისთევა სადაც მომიწევდა. მერე დილით ვიძინებდი და ვიძინებდი. მაგრამ სეზონი რომ არ არის, ასეთი არც სამსახურია არსად.

სიტყვები, სიტყვები, სიტყვები. ენას ატარტარებს და არ ჩერდება. რაში აინტერესებს ამ კაცს, მატილდა ტოროლაა თუ ბუ? მხოლოდ სოფომ და ფიქრიამ იციან მისი ყველა ნაკლის შესახებ. მერე რა, რომ დილით ადრე ადგომა უჭირს? რომელი ქმარ-შვილი მას ჰყავს დასაპურებელი!

- დღეს კი ძალიან ადრე ამდგარხარ.

ოჰო, მგონი დაიძრა ყინული! რაღაც მაინც თქვა. მატის კი ეგონა, დამუნჯდაო.

- ვცდილობ. თან ძაღლზეც ვგრძნობ პასუხისმგებლობას, თორემ სიამოვნებით გავაგრძელებდი ძილს. ალბათ, რას ვგავარ, არა? - გაიცინა მატიმ და სველ თმაზე ხელი გადაისვა.

- მშვენივრად გამოიყურები, - მიექათინაურა სერგი.

- სხვათა შორის, ასე ადრე სულაც არაა აუცილებელი კარგად გამოიყურებოდე. ახალგაღვიძებულზე ქალს აბურდული თმა აქვს, ნამძინარევი მზერა… და ეს უხდება კიდევაც.

- კი, უხდება, - დაეთანხმა სერგი და ისევ გაუღიმა.

რა მომნუსხველი ღიმილი აქვს ამ კაცს. როგორც ჩანს, უკვე მოუსწრია წყლის გადავლება. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ დროს, როცა მატის ეძინა, მისგან სულ ახლოს სრულიად შიშველი მამაკაცი იდგა.

- ამ მზეს მაინც რა დაემართა? გუშინ რა კარგი ამინდი იყო.

- ემზადება ამოსასვლელად. ჯერ ადრეა მისთვის. რამდენიმე წუთი კიდევ აცალე, - მიუგო სერგიმ და მის წინ დადებული ბლოკნოტი გადაშალა. რომელიღაცა გვერდზე გადაფურცლა და მატისკენ გააცურა.

- აბა, ნახე, ასეთი იქნება შენი თაროები.

მატილდა კარგა ხანს ათვალიერებდა ნახატს, მერე ხელოსანს მიუბრუნდა:

- ლამაზია, მომწონს. კომპაქტურიცაა.

- მიხარია, რომ მოგწონს.

მატილდამ ბოლო ყლუპი მოსვა და ფინჯანი ლამბაქზე დადო, მერე თვალი გაუსწორა მამაკაცს.

- სერგი, როგორ ფიქრობ, საშინელ შეცდომას ვუშვებ?

ხელოსანმა დაუფარავი გაოცებით შეხედა.

- იმას ვგულისხმობ, რასაც მაღლა ვაკეთებთ.

სერგი სკამის საზურგეს მიეყრდნო და წამოზრდილი წვერი ცერა თითით მოიფხანა.

- რაშია საქმე? ხომ არ გადაიფიქრე, მატი?

- არ ვიცი, - უმწეოდ აიჩეჩა მხრები.

- და არ გეჩვენება, რომ უკვე დაგვიანებულია? თუ რამე არ მოგწონს ჩემს პროექტში, აჯობებს ახლავე მითხრა. და თუ გინდა ყველაფერი ძველ ადგილას დავაბრუნო, მაგასაც შევეცდები, ოღონდ ამისთვის რამდენიმე დღე დამჭირდება.

- არა, არა, რა სისულელეა, მომწონს. - სწრაფად შეეპასუხა მატი, - პროექტი კარგია, ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირს.

რაც მატილდას არ მოსწონს, ისაა მხოლოდ, რომ დილით მასთან ერთად საუზმობს, მისი ლოსიონისა და საპნის სურნელს ისუნთქავს. უფრო სწორად, მატილდას საპნის სურნელს. როგორც ჩანს, სერგის თავისი საპნის მოტანა დაავიწყდა.

აი, სანამდე მიიყვანა სიზმრებმა. გოგას გამოჩენამდე თითქმის ყოველღამე სერგი ესიზმრებოდა, თანაც ერთობ ეროტიკულად. ამწუთას წარმოიდგინა შხაპის ქვეშ მდგარი შიშველი სერგი, რომელსაც მხრებზე წყლის ნაკადი ეღვრებოდა და შუბლი შეიჭმუხნა. საკმარისია! შეიძლება სიზმართან ვერაფერი გააწყოს, მაგრამ რეალობაში ხომ შეუძლია თავის მოთოკვა?

- არა, ტყუილად ვწუწუნებ. მართლა მომწონს, რასაც აკეთებ.

- ესე იგი, აღარ ვინერვიულო? - გაიხუმრა სერგიმ და დაჟინებით ჩააშტერდა სახეში.

ოხ, როგორ იცის ხოლმე მოშტერება. თან ისე იცინის, ისე სექსუალურად, ისე მომაჯადოებლად, რომ…

- მესი უნდა გავიყვანო. - თქვა და წამოდგა.

- მიდი, ჩაიცვი და მეც გამოგყვები. - თქვა სერგიმ და მაგიდის ალაგებას შეუდგა.

- იყოს, რომ მოვბრუნდები, მე თვითონ ავალაგებ. - უხერხულად იგრძნო თავი ქალმა.

- არა უშავს, მიჩვეული ვარ. მოდი, იცი რა? ჩემი ფურგონით წავიდეთ, მესი ძარაზე მივაბათ. იმედია, არ ჩამოხტება.

- მანქანით რატომ? ფეხით არ ჯობია? - გაუკვირდა მატის.

- იმიტომ, რომ თუ ის შენი მდევარი კიდევ გამოჩნდება, მანქანით გავეკიდებით და ხელიდან ვერ დაგვისხლტება.

- არც იფიქრო ამაზე. ის აღარ გამოჩნდება.

- შენ რა იცი? უკვე გაარკვიე რამე?

- არა, უბრალოდ, გული მიგრძნობს. შენ ისე დააფრთხე იმ დღეს, რომ არა მგონია გამოჩნდეს, - ისე მოეკიდა ალმური, სწრაფად გავიდა სამზარეულოდან, სერგიმ არაფერი შემატყოსო.

არადა, რაღაც კი შეატყო სერგიმ, მაგრამ რა? ამას ჯერ ვერ ხვდებოდა.

ცა გაოქროსფერებულიყო. მზე ამოდიოდა. თებერვალია, გაიფიქრა მატიმ. თითქმის გაზაფხული. მერე ზაფხულიც მოვა და მატილდა თავის ბიზნესს წამოიწყებს.

და სერგი სად იქნება მაშინ? ალბათ აქედან წავა და ბათუმში ამოყოფს თავს ან სულაც თბილისში. მერედა კატერი? რა პრობლემაა, კატერს გაყიდის ან ბიბის მიაბარებს დროებით. იქნებ არც წავიდეს და საბოლოოდ დამკვიდრდეს ამ ქალაქში? მერე სხვა ქალს გადაუკეთებს სახლს, მერე კიდევ სხვას და ასე შემდეგ. რატომღაც, გული დასწყდა. უკვე მოახლოებული გაზაფხულიც აღარ ახარებდა დიდად.

გასეირნებამ საოცრად კარგად ჩაიარა. მატილდა მშვენივრად აგებინებდა ძაღლს ყველაფერს.

- ისე, ერთი საკუთარი ძაღლი არც მე მაწყენდა, - თქვა მატიმ და ღიმილით გადახედა სერგის.

- მერე რა გიშლის ხელს?

- ჯერ ვერა. ჯერ ჩემი საქმე უნდა ავაწყო და მერე, თუ ყველაფერი კარგად იქნება, ვიფიქრებ მაგაზე.

ერთ საათში უკან მობრუნდნენ.

- შენ აქ დამელოდე, მე შევიყვან მესის, კარგი?

- არა, მეც გამოგყვები.

- დარჩი! - მომთხოვნი ტონით წარმოთქვა მამაკაცმა, ქალს მიეახლა, მხარზე ხელი დაადო, დაიხარა და აკოცა.

ო, ღმერთო! თუ რამეს შეუძლია მისი სიმშვიდის დარღვევა, ამ კაცის კოცნაა! აკოცა! დღისით, მზისით! ხალხის თვალწინ. თუმცა ქუჩაში ჯერ არავინ ჩანდა, ერთი ველოსიპედიანი მგზავრის გარდა.

სერგის ხმა, შეხება და გარეგნობა ბოლო ხანებში აღაგზნებდა მატის, მაგრამ კოცნამ კინაღამ უგონო მდგომარეობაში ჩააგდო. კიდევ კარგი, გული არ წაუვიდა. რა ჯანდაბა ემართება? ნეტავ ვისი გულია, ასე ყრუდ რომ სცემს ორ სხეულს შორის? იმდენად ძლიერად, რომ მისი დარტყმები ტანსაცმლის ორ ფენაშიც კი იგრძნობა.

სერგისი თუ მატილდასი?

თუ ორივესი?

აი, სანამდე მივიდა! აქამდე ერთიც არ უნდოდა და ახლა ორ კაცთან სიამოვნებს ურთიერთობა. განა ნორმალურია ეს? ხომ არ ჯობია, აქედანვე უთხრას სერგის, რომ არაფრის იმედი არ ჰქონდეს, რომ მათ ურთიერთობას გაგრძელება არ ექნება! რაღაც ძალიან შეაჩვია ტუჩები ამ დღეებში. უკვე მეორედ აკოცა. მერე რა, რომ ესიამოვნა? მატილდას ახლა გოგა ჰყავს. ასე რომ, სერგი აღარაფერში სჭირდება. კი, მოსწონს და ძალიანაც მოსწონს, მაგრამ გოგა მისი პირველი სიყვარულია, დაუვიწყარი სიყვარული. ამიტომ მის ხელოსანს მატისთან დაახლოების შანსი აღარ აქვს.

- რაღაც არ გამოჩნდა დღეს შენი მდევარი, - თქვა სერგიმ და ძაღლს ჯაჭვზე მოქაჩა, რათა ერთ ადგილას გაეჩერებინა.

- კარგი რა, შენ მართლა გჯერა, რომ ვიღაც მე დამდევდა? სისულელეა. უბრალოდ, რაღაცნაირად დაემთხვა ისე, თორემ არავინაც არ მითვალთვალებს. თანაც, ამ დილაუთენია რატომ უნდა გამოჩენილიყო? არ მითხრა, რომ დღედაღამ ჩემს სადარაჯოდაა გამოსული.

- ვინ იცის… - შეფიქრიანებული ხმით წარმოთქვა მამაკაცმა და ძაღლი ეზოში შეიყვანა.

უხმოდ ისაუზმეს. თითქოს უბრად იყვნენ ერთმანეთთან. მატის ერთხელაც არ შეუხედავს მისთვის. ცოტა არ იყოს, შეფიქრიანდა. ასე თუ მიუჩოჩდა ეს კაცი, მალე მის საძინებელსაც მოადგება და არც შეეკითხება, ისე დაეუფლება. როგორ აჯობებს უთხრას, რომ მეორედ მსგავსი რამ არ გაიმეოროს? უხეშად არ გამოვა, უარესი შედეგი არ გამოიღოს.

უეცრად ჭიშკართან მანქანის დამუხრუჭების ხმა გაისმა.

- სტუმრიანობისთვის ძალიან ადრე ხომ არ არის? - წარბები აზიდა მამაკაცმა.

- ოღონდ არა სოფოსთვის. - მიუგო მატიმ, - ყავის დასალევად გამომივლის ხოლმე დილაობით, როცა სამსახურში მიდის.

მატილდამ ქურთუკი მოისხა და გავიდა. სერგი ფანჯარას მიუახლოვდა. მანქანაში ამჯერად არა მხოლოდ სოფო, ვიღაც მეორე ქალიც იჯდა, რომლის სახეს მამაკაცი შორიდან ვერ არჩევდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ ორივე კარი გაიღო და მანქანიდან ორი ქალი გადმოვიდა. წითურთმიანს სერგი უკვე იცნობდა, სოფო იყო, მატილდას დაქალი. მეორე მაღალი იყო, ქერა, შავი ჩექმა და შავი შარვალი ეცვა. გარედანაც შავი ქურთუკი ემოსა წითელი შარფით. აი, მას კი მამაკაცი პირველად ხედავდა.

ქალები სახლისკენ გამოემართნენ. სერგიმ კარი გააღო, რათა ზღურბლზე შეჰგებებოდა სტუმრებს. ქერა ფრთხილად მოაბიჯებდა ქვაფენილზე, წითურთმიანი კი ისე თამამად მოდიოდა, ყურადღებას არ აქცევდა არც ფილებს და არც მათ შორის ამოსულ ბალახს.

- დილა მშვიდობისა, სერგი! ლალო, გაიცანი, ეს მატილდას დურგალია.

ქერამ კეკლუცად გაუღიმა სერგის და ხელი გაუწოდა.

- სასიამოვნოა, - ჩაიბურტყუნა მამაკაცმა.

- მე სოფო ვარ, ალბათ გახსოვართ, არა?

სერგიმ თავი დაუქნია.

განა შეიძლება ასეთი კოლორიტული არსების დავიწყება? ჩაიცინა მამაკაცმა.

- ლალო ჩემთან დარჩა წუხელ და იცი, რა მომაფიქრდა? რახან შენს ბიზნესს ისევ ხსნი, პროფესიონალის რჩევები არ გაწყენდა. ჰოდა, ლალოს ვუთხარი ამ დილით, მოდი, შევუაროთ მატის და მოვიკითხოთ-მეთქი. ხომ კარგად მოვიქეცით?

- დარწმუნებული ვარ, მატილდამ კარგად იცის, რას აკეთებს და ჩემი რჩევა არაფერში დასჭირდება.

მატის ხმა არ ამოუღია, სამზარეულოში შეუძღვა სტუმრებს და მაშინვე ყავის მომზადებას შეუდგა.

სოფომ ერთხანს კვლავ ბიზნესზე დაიწყო ლაპარაკი, მერე კი უცებ გადავიდა ზოგად თემებზე და პირდაპირ სერგის მიადგა. ბომბავდა და ბომბავდა შეკითხვებით.

- მართალია, რომ კატერზე ცხოვრობთ?

- მართალია.

- ბიბის და ფიქრიას იცნობთ?

- ვიცნობ.

- ცოლ-შვილი გყავთ?

- არა, არ მყავს.

- რა სამწუხაროა.

- რა არის სამწუხარო?

- შვილები რომ არ გყავთ.

- ჰო, ეგ მართლა სამწუხაროა. რომ მყოლოდა, სანამ ფეხს აიდგამდნენ, მანამ ცურვას ვასწავლიდი.

სოფოს სიცილი აუტყდა და მამაკაცს მხარზე ხელი დაჰკრა.

- ალბათ ბევრს იცნობთ ჩვენს ქალაქში, არა? ამიტომაც ჩაუშვით ღუზა ჩვენთან, ხომ? სწორად ვთქვი?

- მთლად ეგრე ვერ ვიტყოდი, - ჩაიცინა სერგიმ, - უფრო ალბათ, დრეიფში მოვყევი.

- ეგ რას ნიშნავს? - სოფომ უფრო ახლოს მიაჩოჩა სკამი მამაკაცისკენ, გეგონებოდათ, ინტერესი კლავს, სანამ დრეიფის მნიშვნელობას გაიგებსო.

- ოოო, სოფო, მორჩი რა, ნუ გაუწყალე ადამიანს გული! - შეწუხდა მატილდა დაქალის უაზრო და არაფრის მომტანი შეკითხვებით.

- ქალბატონებო, თქვენთან ყოფნა ძალზე სასიამოვნოა, მაგრამ მე სამუშაო მაქვს, ამიტომ დაგტოვებთ, თქვენი ნებართვით, - სერგი წამოდგა, ქალებს თავი დაუკრა და სწრაფად გავიდა სამზარეულოდან.

- რა მომაბეზრებელი ხარ ხანდახან, რა გემართება? - უსაყვედურა მატიმ მეგობარს სერგის გასვლის შემდეგ.

- რა იყო, რა ვთქვი ამისთანა? უბრალოდ, რამდენიმე შეკითხვა დავუსვი. არ შეიძლება დამაინტერესოს ადამიანმა?

- მაგისთვის დამადექი ამ დილაუთენია? - კოპები შეკრა მატილდამ, თუმცა მშვენივრად უწყოდა, რა ოინიც ჩაიდინა სოფომ - ლალო მოიყვანა სერგის გასაცნობად და ამით ერთი ნაბიჯი გადადგა წინ მათ დასაახლოებლად.

- მაგისთვისაც და სხვა რამისთვისაც.

- რა? - უსიამოვნოდ შეიჭმუხნა შუბლი მატიმ.

- იმ დღეს ჩემთან კაცი რომ გყავდა მოყვანილი, შენი პირველი სიყვარული.

მატილდას წამოახურა.

- მერე რა?

- რამე ხომ არ გქონია მასთან ჯერ? - მისკენ გადაიხარა სოფო და მრავალმნიშვნელოვნად უჩურჩულა.

- ვერ გავიგე, შენ რა, ჩემი „ქვედა სართულის” დარაჯი ხარ? - უკმეხად მიუგო, - რა შენი საქმეა, მე ვისთან რა მექნება?

- რა გეწყინა, ვერ გავიგე! მე შენი დაქალი არ ვარ? ჰოდა, როგორც მეგობარი მეგობარს, გაფრთხილებ: ის კაცი აფანატებს თავის ცოლზე და ახლოსაც არ გაეკარო, თორემ ერთხელაც მიგჟიმავს და მერე მიგაგდებს.

მატილდა გაფითრდა. გულმა რეჩხი უყო. სოფო ასეთ რამეებს ჰაიჰარად არ იტყოდა. ესე იგი, რაღაც იცის.

- ეგ ვინ გითხრა?

- შტერო! ერთხელ მაინც შედი მაგ ფეისბუკზე და დაათვალიერე ხოლმე, რა ხდება. იმდენი ფოტო ამომიგდო შენი გოგასი, რომ თვალები ამიჭრელდა. გუშინ დაბადების დღე ჰქონია მაგის ქალბატონს და რესტორანში გადაუხადა. „ჩემი ერთადერთის დაბადების დღე” - ასეთი კომენტარები აქვს სურათებს. გინდა ნახო? მოდი აქ, აბა! - სოფომ მობილური მოიმარჯვა.

- არ მინდა! - საიდანღაც წამოვიდა ეს უცნაური ხმა, - არ მაინტერესებს. მე მას შემთხვევით შევხვდი აქ და უბრალოდ, მოვიკითხეთ ერთმანეთი. სულ ეს იყო. მისი პირადი ცხოვრება ჩემი საქმე არ არის.

გაგრძელება იქნება

ასევე იხილეთ:

მარტოხელა - თავი 11

მარტოხელა - თავი 10

მარტოხელა - თავი 9