მარტოხელა - თავი 16 - Marao

მარტოხელა - თავი 16

2023-03-29 10:00:16+04:00


წინა თავი

- სველი თმით აპირებ დაძინებას? ფენი ხომ გაქვს?

მატის მოულოდნელად წამოახურა. მამაკაცის სიახლოვე თავისას შვრებოდა.

- სააბაზანოშია. - ძლივს წარმოთქვა, თითქოს ხმა ჩახლეჩოდა.

- აქ შესაერთებელი არის?

- არის, აგერ, - თავი გაიქნია მატიმ ჩამრთველისკენ, კამოდის ცოტა ზემოთ რომ იყო დამონტაჟებული.

- ახლავე მოვალ და ბარემ თმის გაშრობაშიც მოგეხმარები. მერე კი გავალ, ოღონდ არ მიყვირო და არ გამაგდო. შევთანხმდით?

მორჩილად დაუქნია თავი. განა მართლა უნდოდა მისი გაგდება, მაგრამ როგორღაც სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდა. ეგონა, თუ ბრაზიანის ნიღაბს მოირგებდა, თავის სურვილებს მოთოკავდა და თავს კონტროლს გაუწევდა.

ეჰ… ასე ძლიერები რომ იყვნენ ქალები, როცა საქმე ვნებას ეხება… ხანდახან ისე ძლიერად მოგეძალება იგი, ვერა ქალი ვერ აღუდგება წინ.

მაგრამ მატილდას შეუძლია. მას იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. აბა, ამდენი წელი როგორ მოახერხა თავის შენახვა? რა, განა თაყვანისმცემლები არ ჰყავდა? რა თქმა უნდა, ჰყავდა, ოღონდ გონი ვერც ერთმა ვერ დააკარგვინა. დიდი ვერაფერი ბედენა იყვნენ.

აი, ეს კაცი კი სულ სხვაა. სულ რომ ცუდად მოუტრიალდეს მასთან ერთი ღამის გატარება, მაინც ღირს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ინანოს.

სანამ მატილდა ამ ფიქრებში იყო, სერგი დაბრუნდა და ფენიც მოიტანა. ჩართო და ქალის თმის გაშრობას შეუდგა. მისი სახე ისე ახლოს იყო მატის სახესთან, რომ ქალი მამაკაცის მომწვანო-მოოქროსფრო თვალების უცნაურ წერტილებს ხედავდა.

სუნთქვა შეეკრა. მამაკაცსაც აშკარად იგივე ემართებოდა. რამდენიმე წამის განმავლობაში უსიტყვოდ შესცქეროდნენ ერთმანეთს. ახლა რაღაც უნდა მომხდარიყო.

არც მატის შეუმჩნევია და არც სერგის, როგორ ჩამოუცურდა ქალს მკერდიდან საბანი. პერანგი მაინც ჩაეცვა, ასე შიშველი რომ შეხტა საწოლში. შეგნებულად გააკეთა ეს, თუმცა ამის აღიარება არ სურდა.

როცა მამაკაცის ხელები უსურვაზივით შემოეხვია მის სხეულს, ჩუმი კვნესა აღმოხდა. ვერ მოითმინა და სერგის ყელზე, იმ ჩაღრავებაში აკოცა, რომელზეც პულსი გამალებით უცემდა. მისი გულიც სწორედ ასე სცემდა.

- აბა? აპირებ თუ არა ჩემს კოცნას? - მისდა უნებურად დასცდა ქალის ბაგეებს.

როგორც რეალისტმა, იგრძნო, რომ მოსახდენი არ ასცდებოდა და მამაკაცს სახე მიუშვირა.

კი, სერგი აპირებდა. და კოცნიდა კიდევაც.

მერედა, როგორ კოცნიდა!

ღმერთო, როგორ კოცნიდა!

და განა მარტო კოცნას სჯერდებოდა! მამაკაცი ხელებს არ აჩერებდა. ხან სად აღმოჩნდებოდა მისი თითები და ხან სად. თითქოს ქალის სხეულს მისხალ-მისხალ შეისწავლიდა.

მერე ორივენი საწოლზე მიწვნენ. ვიღას გაახსენდა საბნის გადაფარება. მამაკაცი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მთელი მზრუნველობით ცდილობდა გაციებისგან ქალის გადარჩენას, ახლა სრულიად დაუდევრად იქცეოდა. ერთი ეგ იყო, რომ თავისი სხეულით გადაეფარა მატის და ერთიანად შიგ ჩამალა.

- ის იქ არის, კამოდის უჯრაში, - წაიჩურჩულა ღონემიხდილმა ქალმა. პრეზერვატივი იგულისხმა.

- გავიგე, - მსუბუქი ხვნეშით მიუგო მამაკაცმა, თუმცა ხელი კამოდის უჯრისკენ არ გაუწვდენია. მერე გაიმართა და გახდას შეუდგა, რაც რეკორდულად სწრაფად გააკეთა.

- არ ვიჩქარებ, - მხოლოდ ეს თქვა მამაკაცმა ყრუ, გაბზარული ხმით.

სწორედ ამ დროს თავსხმა წვიმამ დაუშვა. სახლს წვიმისგან თითქოს ზანზარი გაუდიოდა. რა სასიამოვნო ყოფილა წვიმის თანხლებით ასეთი ნეტარება. გარეთ ასხამს, ცივა, შენ კი თბილად ჩაწოლილხარ ლოგინში და მაგარი მამაკაცი გეფერება. ამაზე დიდი ნეტარება ნუთუ კიდევ არსებობს? მიუხედავად წვიმის ხმაურისა, მატის სერგის გახშირებული სუნთქვის ხმა ესმოდა. მამაკაცმა თვალები, წამწამებიც კი დაუფარა კოცნით. მერე ცხვირზე გადავიდა, ყურებზე, ყელზე… ბოლოს ტუჩებს მიადგა. იცის, როგორ ასიამოვნოს ქალს, საიდან დაიწყოს და სად დაამთავროს!

რა მაგარი მამაკაცია!

ოცნების მამაკაცი!

ალბათ, ჭკუაზე შეშლის ეს მამაკაცი!

ბოლოს სერგიმ მისი მკერდისთვისაც მოიცალა. მჭიდროდ შემოხვია მკლავები და ქალის ალერსს მიეძალა.

პრელუდია კარგა ხანს გაგრძელდა. მატიმ არც იცოდა, ასეთი რამ თუ იყო შესაძლებელი.

- არ დაგავიწყდეს, გთხოვ, - ამოიჩურჩულა ძალაწართმეულმა.

კვლავ პრეზერვატივი იგულისხმა.

- მაცალე. ერთი წუთი მაცალე, - მამაკაცის ხმა წვიმის გუგუნმა გადაფარა.

სერგიმ კიდევ აკოცა ტუჩებში. მამაკაცის ტუჩებს პიტნისა და ყავის სურნელი ასდიოდა.

რა კარგი სურნელი იყო ეს სურნელი.

მერე ბუნდოვნად ახსოვს, როგორ გაცვალეს ადგილები. მერე ისევ. პრეზერვატივი ვიღას ახსოვდა!

მოულოდნელად სერგიმ მისი სახელი წარმოთქვა. წარმოთქვა ისე ნაზად, იმდენი გრძნობა და ტკივილი ჩააქსოვა, რომ მატილდას შეაკანკალა…

როგორც იქნა, ვნება დაცხრა. მატიმ უეცრად იგრძნო, რომ ზურგზე სციოდა. არც ახსოვდა, როდის მოექცა მამაკაცს ზემოდან. აი, თურმე რატომ შესცივდა.

გაღიმებული გვერდით მიუწვა ხელოსანს და განათებული ოთახის ჭერს მიაჩერდა. ახლაღა გაახსენდა საბანი, რომელიც აქამდე ძირს ეგდო. პირველად სერგიმ მოისაზრა მისი აღება და გადაფარება.

- იმის ნაცვლად, რომ გაციებისგან დამეცავი, მე თვითონ გაგყინე, მგონი, - ჩაიფხუკუნა მამაკაცმა და მზრუნველად შემოუკეცა ქალს საბანი მხრებთან.

მერე თვითონაც გულაღმა გაწვა. მატიმ თავი მიაბრუნა და შეათვალიერა. სერგის თვალები დაეხუჭა, მკერდი მოღეღოდა და სხეულზე ოფლის წვეთები უბრწყინავდა. ისე სუნთქავდა, თითქოს სამ წუთში ორი კილომეტრი გაერბინოს.

თავიდან თითქოს დიდად არ მოსწონდა. მაშინ, როცა პირველად ნახა და გაიცნო. მერე და მერე უფრო ესიმპათიურა. ახლა კი აღტაცებული იყო მისით. ამწუთას მიეცა შესაძლებლობა, გულდასმით დაეთვალიერებინა მისი სახე - ყველა მიმიკური ნაოჭი და ნაკეცი, მგრძნობიარე და ვნებიანი ტუჩები, საოცრად გრძელი და ხშირი წამწამები.

ეს იყო სახე მამაკაცისა, რომელიც მატილდას უყვარდა. ამის გააზრებამ მოულოდნელად თავზარი დასცა.

აი, თურმე რა ყოფილა! ის შეყვარებულია. ამიტომაც გაუადვილდა დღეს გოგასთან დაშორება. არც კი დანანებია. გულიც არ დასწყვეტია. ალბათ, ამიტომ. ალბათ, იმიტომ, რომ ის შეყვარებულია. მას სულ სხვა მამაკაცი უყვარს. ის, რომელიც ახლა გვერდით უწევს. ის, რომელმაც წამების წინ ღვთაებრივი სიამოვნება განაცდევინა.

მთავარია, არ დაორსულდეს და სხვას ყველაფერს მოევლება.

რა ეშმაკი ვინმეა, არც კი შეეცადა პრეზერვატივის გამოყენებას. ისე, მართალიცაა. პირველად გქონდეს სასურველ პარტნიორთან სექსი და ისიც პრეზერვატივით? სისულელეა. რა სიამოვნება უნდა იგრძნო, როცა რეზინი გეხება? არანაირი.

რაც იყო, იყო. რაც მოხდა, მოხდა. უკან ვეღარაფერს დააბრუნებს. ახლა აჯობებს, ხვალინდელ დღეზე იფიქროს. სანამ სერგი მასთან მუშაობს, შეუძლია არ ინერვიულოს. ის ვერსად გაექცევა. ამიტომაც მომდევნო დღეებში გამოჩნდება, რა ბედი ეწევა მათ ურთიერთობას.

ამ ფიქრებში ჩათვლიმა.

ორივეს.

სადღაც ტელეფონმა დარეკა. მატის თითქოს საიდანღაც მოესმა ეს ხმა, თითქოს საბნის ქვემოდან.

სერგი ზურგზე სწორედ მაშინ გადატრიალდა, როცა მატილდა ადგა. მამაკაცმა ცალი თვალი ირიბად გააყოლა ქალს. ნეტავ საათის რომელი იყო?

ღამის პირველი ნახევარი თუ მეორე? სავარაუდოდ, განთიადია, რადგან გარეთ ისე აღარ ბნელოდა. წვიმასაც გადაუღია.

იფიქრა, მეც ავდგებიო, მაგრამ ძალა არ ეყო. სწორედ ამ დროს მატის ხმაც მოესმა, ვიღაცას ტელეფონზე ელაპარაკებოდა:

- ხო, აბა რა, ორჯერ.

ორჯერო? ნეტავ ვის უყვება ღამის თავგადასავლის შესახებ? სერგი გაოცდა.

- შენ ნუ იღელვებ, ყველაფერი კარგადაა. უკვე ძალიან შევეჩვიეთ ერთმანეთს. არ იცი, როგორ გვიხარია ერთმანეთის ნახვა.

მართალია. სერგისაც ძალიან უხარია. ნეტავ ვის ელაპარაკება?

ცოტა ხანიც და მატი დაბრუნდა.

- პრობლემაა რამე? - სასხვათაშორისოდ იკითხა მამაკაცმა, ვითომ ქალის ლაპარაკი ბუნდოვნად გაიგონა.

- არა. მესის პატრონი იყო, ჩემი მეზობელი. ძაღლი მოიკითხა.

ააა! მესი! სერგიმ კი რა არ იფიქრა!

მატიმ გარდერობი გამოაღო და ტანსაცმლისა და საცვლის გამოღებას შეუდგა.

- უნდა ადგე? არ დაწვები? - შეეკითხა მამაკაცი და იდაყვზე წამოიწია.

მატიმ ისე გააქნია თავი, მისთვის არ შეუხედავს.

საინტერესოა, რატომ ჰგონიათ ქალებს, რომ წოლისას აბურდული თმა ცუდი სანახავია? მატილდას ძალიანაც უხდება. ნაზ, სექსუალურ და ოდნავ აღვირახსნილ იერსაც კი ანიჭებს მის სახეს.

პლედში გახვეული მატილდა ზურგშექცევით იდგა. ადრე თუ გვიან მაინც მოუწევდა, შეეხედა მამაკაცისთვის. სექსი იმდენად კარგი ჰქონდათ, ამ ფაქტის იგნორირება შეუძლებელი იყო.

მაგრამ მატილდა… რაც არის, არის. მატილდა მატილდაა. სერგი ამ ერთი ღამით მიხვდა, რომ ქალს მასსავით დიდი ხანია, სექსუალური პარტნიორი არ ჰყოლია. ზედმეტად კარგად იყო ყველაფერი. მატის აწი მოუწევს ალბათ, შეეგუოს იმას, რაც მათ შორის მოხდა. არა უშავს, სერგი დაელოდება, მას არსად ეჩქარება.

მატი კი სულ სხვა რამეს ფიქრობდა. მთლად ისეც არ იყო, როგორც მისი ხელოსანი ვარაუდობდა. მას სულ რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ბობოქარი ღამე, თუმცა იმ ერთმა ღამემ უფრო მოანდომა, თავიდან განეცადა განცდილი. ამიტომაც აეწყო ასე კარგად ყველაფერი. კარგია, რომ სერგიმ ეს არ იცოდა. არც იყო საჭირო, სცოდნოდა. მატი მას ამის შესახებ არასდროს ეტყვის.

გარეთ თითქოს ჩამოღამდა. უცნაური ამინდი დაიჭირა. წუხელ გაწვიმდა, ახლა კი თოვა დაიწყო. ორივენი ფანჯარასთან იდგნენ და გაჰყურებდნენ, როგორი ფარფატით ეშვებოდნენ ფიფქები ციდან. სერგის მკლავი მატის მხარზე ესვენა ისე, თითქოს ეს უჩვეულო სულაც არ იყო და მთელი ცხოვრება ასე გაეტარებინოს. როგორ უნდოდა მატილდას, მართლა ასე ყოფილიყო, მაგრამ იგი რეალურად უყურებდა მოვლენებს. ამოიხრა:

- საუზმე სულ დამავიწყდა.

- ნეტავ მაცივარში რამე მოგვეძევება? ჯერ არაფერი ღია არ იქნება, გასვლასაც არა აქვს აზრი.

მაინც მოიძიეს რაღაც. ყველი, კარაქიანი პური და ჩაი გემრიელად მიირთვეს. მატის ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ასე გემრიელად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად ჭამდა.

- კარგა ხანია ასე გემრიელად არ მისაუზმია, - გაეცინა სერგის, - თითქოს ხომ ბევრი არაფერი გვაქვს, მაგრამ მაინც ყველაფერია, ისე დავნაყრდი.

- მეც, - მიუგო მატილდამ და სიწითლემ გადაურბინა ღაწვებზე. ორივეს ერთი და იგივე შეგრძნება გაუჩნდა.

უკვე კარგად იყო გათენებული, როცა ფიქრიამ დარეკა.

- გოგონი, როგორ გიკითხო? - მხიარული ხმა ჰქონდა მეგობარს.

- კარგად ვარ, რა ვიცი. რა მიჭირს. შენ როგორ ხარ?

- დაღლილი და დაქანცული. მთელი ღამე გავათენეთ. საღამოს ბიბის დაბადების დღეა, ხომ არ გადავიწყდა? შენ და შენი ხელოსანი ორივე დაპატიჟებული ხართ. გამოიპრანჭე და ისე მოდი. აქ ისეთი ხალხი იქნება, ნუ იტყვი.

- უი, კიდევ კარგი, შემახსენე, სულ გამიფრინდა თავიდან.

- ჰოდა, ექვსზე აქ იყავით, იცოდეთ.

მატიმ მობილური გათიშა და სამზარეულოს კარში გაიხიდა. ამწუთას ორ სურვილს შორის იწვოდა. საკუთარ თავზე ეფიქრა, რომ ყველაფერი კარგად წაუვიდოდა თუ სერგისთვის ხელი ეტაცა და ისევ საძინებელში ამოეყოთ თავი? თუმცა ამისთვის საძინებელი სულაც არ იყო აუცილებელი. სექსისთვის ნებისმიერი ადგილი გამოდგება. მაგალითად, მაგიდა ან… ხალიჩა სასტუმრო ოთახში.

- მოდი, მეორე სართული დავცალოთ წიგნებისგან. დაბლა ჩამოვზიდოთ. - შესთავაზა მამაკაცმა.

- არა, ახლა მაგის თავი არ მაქვს, ცოტა გვიან. - იუარა ქალმა, - ჩემი მეზობლები დღეს ჩამოდიან, მესის პატრონები. ამ ერთი საქმისგან მაინც დავისვენებ.

- მე კი მეგონა, კიდევ ერთი კვირა მოგვიწევდა მისი გასეირნება.

- გაგიჟდი? ძლივს გავიდა დრო, - გაეცინა მატის.

- მაშინ დარჩენილ თაროებს დავაპატარავებ, კარგი? შენც მომეხმარე.

- კარგი აზრია, - დაეთანხმა ქალი და ხელისგულამოტრიალებული მარჯვენა გაუწოდა მამაკაცს.

სერგიმაც თავისი მარცხენა დაურტყა. ქალს ეგონა, მათი თითები ერთმანეთს ჩაეხლართებოდნენ, მაგრამ მამაკაცმა სწრაფად გასწია ხელი უკან.

აშკარაა, რომ მხოლოდ მატიმ კი არა, სერგიმაც იცის, რომ ბედის დუელში გამოწვევა არ შეიძლება…

მატილდა ხვდებოდა, რომ უხერხულობა, უბრალოდ, სასაცილო იყო მისი ასაკის ქალისთვის, რომელმაც უკვე ორჯერ გათხოვება მოასწრო, ამიტომ მესამე ხელი ტანსაცმელი სცადა - უფორმო ვარდისფერი შალის სვიტერი დიდი საყელოთი და მუქი ბორდოსფერი ფართხუნა შარვალი. როცა სარკეში ჩაიხედა, ერთობ კმაყოფილი დარჩა. დღეს ასე დაიწყებს რონინს სერგის თვალწინ. მშვენიერ ფორმაში იქნება. საწოლზე უამრავი ტანსაცმელი ეყარა, რომლებიც ასარჩევად გადმოიღო გარდერობიდან და სათითაოდ მოირგო, რის გამოც ლოგინი თითქმის არ ჩანდა. ეს კარგი იყო, რადგან ახლა შეეძლო მშვიდად გაეხედა საწოლისკენ და ეფიქრა იმაზე, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა და არა იმაზე, რაც უკვე გააკეთა.

გუშინ. და წუხელ. ორჯერ!

სერგიმ, ადგა თუ არა, თავის კატერს მიაშურა, რათა იქაურობისთვისაც დაეხედა და ერთი-ორი ხელი ტანსაცმელიც წამოეღო. მატის ძილი მაშინ გაუკრთა, როცა მისი მანქანის ძრავას ხმა გაიგონა. ფურგონი ღმუილით გასცდა მის ჭიშკარს. ქალი ცოტა ხანს იჯდა და მამაკაცის ყოველ კოცნას, ჩახუტებას, ალერსსა და ვნებიანად, ჩურჩულით წარმოთქმულ სიტყვას იგონებდა. თან ისე იგონებდა, რომ იმ სიამოვნებას ხელახლა განიცდიდა.

წამწამებზე ტუშს ისმევდა, როცა სერგის მანქანის ხმა მისწვდა მის სმენას. ტუში! დილით! რვის ოცდაექვს წუთზე!

გაგრძელება იქნება

იხილეთ ასევე:

მარტოხელა - თავი 15

მარტოხელა - თავი 14

მარტოხელა - თავი 13