მარტოხელა - თავი 14 - Marao

მარტოხელა - თავი 14

2023-03-27 10:06:26+04:00


წინა თავი

სერგი დივნიდან გადავიდა. არ ახსოვს, ბოლოს როდის იყო მსგავს სიტუაციაში. მისმა ლიბიდომ ჩაილურის წყალი მას მერე დალია, როცა გაიგო, რომ ცოლი ღალატობდა. მას შემდეგ სქესობრივ კავშირებზე არც უფიქრია. არც ეცალა მაგისთვის. იქ სიმამრთან უთანხმოებები, სამსახურის დატოვება, აქ ცოლთან განქორწინება… ყველაფერი ერთბაშად წაეწყო ერთმანეთს.

თუმცა საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში საქმე სქესობრივ კავშირს არ ეხება, რადგან ეს მატილდაა და არა ვიღაც ქალი. მაგრამ მერე რა? მატი რა, ქალი არ არის? თუკი სწორად ამოიცნო, ის, რაც სერგის უნდოდა, მატილდასაც უნდოდა და მასზე არანაკლებად. იქნებ პრეზერვატივის უქონლობის გამო შეეშინდა? ვერაფერი გაუგია. არადა, მატის ნებისმიერი შეხება მასში აღგზნებას იწვევს. არა ქალის უკმარისობით გამოწვეულ აღგზნებას, არამედ სულ სხვა, ნაზ გრძნობას. ის პატივს სცემს ამ ქალს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სამუშაოდ დაიქირავა, არამედ იმიტომაც, რომ ძალიან მოსწონს. მატი მასში პატივისცემას იწვევს. ჯანდაბა! აღფრთოვანებულიც კი არის. თუმცა მატილდა იმდენად დამოუკიდებელია, ზოგჯერ ეს მისთვის მავნებელიცაა.

სერგიმ ცალი მუხლი იატაკს დააბჯინა, თავს იდიოტად გრძნობდა. მშვიდად, მეგობარო! მთავარია, თავაზიანობა შეინარჩუნო!

- მატი, თუ გინდა, რომ ბოდიში მოგიხადო, - თითქოს კარი ჭრიალებსო, ისეთი ხმით წამოიწყო მამაკაცმა, - მე ბოდიშს მოგიხდი. მართალი ხარ, მე არ უნდა…

სწორედ ამ დროს მატილდა წამოჯდა და საჩვენებელი თითი ტუჩზე მიადო.

- არ გინდა. ძალიან გთხოვ, არაფერი თქვა, - ჩურჩულით წარმოთქვა ქალმა და მამაკაცს მზერა აარიდა, არ შეეძლო მისთვის თვალი გაესწორებინა.

სერგიმ წყენის სხვა მიზეზების ძიებაც სცადა, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა. ისინი, უბრალოდ, არ არსებობდა. თითქოს არც არაფერი მომხდარა მათ შორის, თუ არ ჩავთვლით მის გვერდზე მოქცეულ პერანგსა და მატის აბურდულ თმას.

სერგი ფეხზე წამოდგა და მატილდას მიაჩერდა. უნდოდა გაეგო, რა ხდებოდა ქალის თავში. თუმცა არაფერი გამოუვიდა. ეს იგივე იყო, ეყურებინა წყლის ზედაპირზე არეკლილი ღრუბლებისთვის, რომლებიც მალავს იმას, რაც ფსკერზე დევს.

- დამიძახე, როცა ამათი ატანა მაღლა მოგინდება. - მშრალად თქვა.

- ვიფიქრებ მაგაზე, მაგრამ, ალბათ, უფრო ხვალ, - სინანულით გაჯერებული ხმით მიუგო ქალმა.

სერგიმ მხრები შეარხია და მეორე სართულისკენ ამავალ კიბეს შეუყვა, რათა დაწყებული საქმე გაეგრძელებინა. ის იყო, ააღწია კიდეც მაღლა, რომ მატის კივილის ხმა შემოესმა.

ახლა მაინც რა მოხდა? დაპანიკდა მამაკაცი და საფეხურები კისრისტეხით ჩამოირბინა.

მატილდა ახალდადგმულ თაროსა და საჟურნალე მაგიდას შორის გახიდულიყო. წამოყირავებული თარო ორივე ხელით ეკავა და შველას ითხოვდა. როგორ მოახერხა თაროს ასე წამოქცევა? გაოგნდა სერგი და ერთი ნახტომით მიეჭრა ქალს, თაროს ქვემოდან მხრებით შეუდგა და გაასწორა.

ღმერთო, სერგის დროზე რომ არ მოერბინა, უკვე გაჭყლეტილი იქნებოდა. მისი ხელები ამ სიმძიმის შეკავებას ვერ შეძლებდნენ. რამ მოაფიქრა ამხელა რაღაცის დერეფანში გათრევა? მართალია, აქაურობას არ მოუხდა, მაგრამ ხომ შესთავაზა მამაკაცმა, დამიძახე და როცა რამის გატანა ან შემოტანა მოგინდება, დაგეხმარებიო.

ქალი უყურებდა, როგორ შესჭიდებოდა სერგის დაკუნთული მკლავები ვეება თაროს და გული უცნაურად უცემდა. დამალვას აზრი არ ჰქონდა. მას უნდოდა ამ კაცთან. როგორ ინანა, წეღან რომ უარი უთხრა. მას სურდა სერგისთან სარეცლის გაყოფა. უნდა ეღიარებინა ეს, საკუთარ თავს ხომ ვერ მოატყუებდა?

ვნების საათია, ვნების საათია! - თითქოს გუგუნი გაჰქონდა ამ სიტყვებს მის გონებაში. ამწუთას მზად იყო, თვითონვე შემოეძარცვა ტანსაცმელი და თავის ხელოსანთან სექსით დაკავებულიყო. ამის სურვილი წვავდა და დაგავდა. მისი სხეულის ყველა უჯრედი მფეთქავი ტკივილით პასუხობდა ქალის გულის წადილს.

ასე არასდროს დამწვარა სურვილით. კი, გოგასთანაც ჰქონდა მსგავსი განცდა, მაგრამ მას ტკივილი არ ახლდა. ახლა კი მტკივნეულად განიცდიდა, ცოტა ხნის წინ უმიზეზოდ რომ მოიშორა მამაკაცი თავიდან. სხვათა შორის, იმ პრეზერვატივების შეკვრა, გოგასთან შეხვედრის დღეს აფთიაქში რომ იყიდა, ზემოთ იდო, მის საძინებელში, საწოლთან მდებარე ტუმბის უჯრაში.

ღრმად ჩაისუნთქე, მატი! კიდევ ერთხელ! არა უშავს, კარგია. ახლა კი რეალობას დაუბრუნდი!

მატილდამ საწერ მაგიდას უჯრები გამოაცალა და სასტუმრო ოთახიდან დერეფანში გაათრია, იქიდან სამზარეულოსკენ გააჩოჩა. ამასობაში მაცივართან მისასვლელი გზა მთლიანად ჩახერგა. დაღლილი ხელები უმწეოდ გაიქნია, ამისთვის შესაფერის ადგილს მოგვიანებით ვიპოვიო.

ადამიანები ავეჯს წარამარა უცვლიან ადგილს. ზოგიერთი - თვეში ერთხელაც კი. როცა შედეგები არ მოსწონთ, ყოველთვის შეიძლება სტატუს-კვოს აღდგენა. ყველაფერს ძველ ადგილას დააბრუნებ და მორჩა.

მაგრამ ეს მატის როგორ გამოუვა? მისი ავტოფარეხი სავსეა წიგნების ცარიელი თაროებით, თანაც რამხელებით. აი, სერგიმ რომ დაავიწროვა და გვერდები მოუმრგვალა, ეგეთები კარგი ვარიანტია, ოღონდ ამას დრო უნდა, მატილდა კი ვერ ითმენს. ასე რომ, ის თარო, რომელიც წეღან შემოიტანა, მთლიანად აფუჭებს მისაღების ინტერიერს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ტონა წიგნზე, რომლებიც ყოველდღე ძველდება.

რაც მთავარია, არ გაბედო, ვიმეორებ, არ გაბედო იმ კაცზე ფიქრი, ამწუთას მეორე სართულისკენ რომ მიიწევს სამუშაოდ! - უბრძანა მატიმ თავის თავს.

მერე დოინჯი შემოიყარა და სამზარეულოში გამეფებულ ქაოსს თვალი მოავლო. მიაღწია კი იმ წერტილს, რომლის იქით უკან დახევა შეუძლებელია? მას შემდეგ, რაც რუბიკონი გადალახა, უკან ვეღარ დაბრუნდებოდა. თვითონ მოიჭრა ყველა გზა. სანამ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, აჯობებს დაითხოვოს დურგალი და ან სხვა დაიქირაოს, ან დატოვოს ყველაფერი ისე, როგორც იყო. მაგრამ ეს რომ არ მოხერხდება? ლამის დანგრეულია მეორე სართული, ალბათ, განახლებაში ნაკლები დრო დაიხარჯება, ვიდრე ძველის აღდგენაში.

არა, არა, ასე არ ივარგებს. მაშინ ისევ დაბლა მოუწევს სირბილი, როცა მაცივარი დასჭირდება და გასარეცხი ჭურჭულიც ქვემოთ ექნება ჩამოსატანი, სამზარეულოში. გაგანია სეზონზე რომ ბევრი ტურისტი შემოვიდეს ყავის დასალევად, რა აუვა გასარეცხი ფინჯან-ლამბაქებისა და თეფშების ზემოთ-ქვემოთ ტარებას?

აი, რა ემართება ქალს, როცა ყოვლისმომცველი ვნება სძლევს! ის ლოგიკურად აზროვნების უნარს კარგავს!

ეს ყველაფერი გოგას ბრალია, სწორედ მან აუბნია თავგზა, თორემ კაცი საერთოდ აღარ ახსოვდა. აჰა, ისევ იტყუება. მატი არ იყო, პირველივე დღიდან რომ დაადგა სერგის თვალი? განა არ მოსწონდა? განა მაშინვე არ დაიწყო მასზე ფიქრი? სიზმრადაც კი გადაექცა, ეროტიკულ ზმნებებს ნახულობდა, სადაც მისი ხელოსანი მთავარი როლის შემსრულებლად ევლინებოდა.

მეორე სართულზე ელექტროხერხი ღმუოდა. მატი იმედოვნებდა, რომ მის ხმაურში სერგი ვერ გაიგებდა, როგორ გადააადგილებდა ქალი ავეჯს და ვერც ის სალანძღავი სიტყვები მისწვდებოდა მამაკაცის სმენას, რომელიც თან ახლდა მის ძალისხმევას, როგორმე მორეოდა გარდერობს თუ მაგიდას. ეს ის სფერო იყო, რომელშიც მატილდა აშკარად მოიკოჭლებდა. ფაქტია, გამოცდილება აკლდა.

კარგა ხანს წვალებით იმუშავა, ოფლი უკვე წურწურით სდიოდა. დადიოდა ცარიელ ოთახებში და უკვირდა, სერგი რომ არ ჩამოდიოდა, რათა ენახა, რა ხდებოდა ქვემოთ. წეღან თარო გაიტანა და ეგრევე მაღლა ავიდა. ნაწყენია, ალბათ.

- არც კი გაინტერესებს, არა? - ჩაიბუტბუტა და მტვრიან კიბეს გახედა, თითქოს მას ელაპარაკებოდა, - რისი გეშინია? გგონია მოგახტები, ტანსაცმელს შემოგახევ და ჩემს საქმეს გავაკეთებ, სანამ შენ დასახმარებლად ვინმეს უხმობ? - მკერდიდან მძიმე ოხვრა ამოასკდა, - ერთი შანსიც არა გაქვს, - გამოუტანა სბრალდებო დასკვნა ხელოსანს და თავი გააქნია, რათა მოეშორებინა მაცდუნებელი სურათი, რომელიც მის გონებაში ფილმის კადრივით აციმციმებულიყო.

როცა ბოლოს და ბოლოს, სერგის ყურს მისწვდა ქვემოთ რაღაც მოძრაობის ხმები, ხელი ისე შეუკანკალდა, რომ თაროს ხის ზედმეტი ფენა ჩამოაჭრა. ერთი გემრიელად შეიგინა და ხერხი გამორთო. რა ჯანდაბას აკეთებს ის გოგო ქვევით? კიდევ რაღაცებს დაათრევს? რასაც უნდა აკეთებდეს, ფაქტია, მას სერგის დახმარება არ სჭირდება, თორემ აქამდე ამოსძახებდა. რა თქმა უნდა, აუცილებლად ამოსძახებდა.

მას არ ესმის ქალების. არც არასდროს ესმოდა. ვერც ვერასდროს გაუგებს მათ. მით უფრო, განუმეორებელ მატილდას.

მამაკაცმა ჩამოხერხილი ნაჭრები ერთად გადააწყო, ნახერხი ცალკე მოაქუჩა, მერე ყველაფერი ტომარაში ჩაყარა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავიდა დაბლა. კიბის ბოლო საფეხურთან გაოგნებული შეჩერდა. ფეხის დასადგმელი ადგილი არსად იყო. მატი სასტუმრო ოთახის კარს ზურგით მიყრდნობოდა და დაღლილი მზერით მისჩერებოდა. ბოლოს მიმქრალი ხმით გამოუცხადა:

- მარტო არ გამომიტანია ეს ყველაფერი, მეზობელი დამეხმარა.

- რომელი მეზობელი? - ირონიული ტონით დასვა მამაკაცმა შეკითხვა და ფრთხილად გადააბიჯა ერთმანეთზე დაწყობილ ყუთებს, - რომელიც არასდროს მინახავს? შენ სრულ ჭკუაზე ხარ?

- არ ვიცი. დიაგნოზის დასმა შენთვის მომინდვია.

მისი ტონი საეჭვოდ მშვიდი იყო, თვალები - საეჭვოდ გაბრწყინებული. პატარა, მომრგვალებული ნიკაპი ჯიუტად წინ გამოეწია, თითქოს სურდა გაეგო, შეძლებდა თუ არა მამაკაცი მისთვის ხელის გარტყმას.

რა თქმა უნდა, ვერ შეძლებდა. ის არასდროს დაარტყამდა მატილდას, თუნდაც მას კაცის პროვოცირება მოეხდინა. არა მარტო მატილდას, არამედ ნებისმიერ ქალს. ამაში მატი ღრმად იყო დარწმუნებული.

- გინდა იცოდე? ჩემი დიაგნოზი ისაა, რომ შიშისგან ჭკუა საერთოდ დაკარგე. რატომღაც მგონია, რომ სულ ცდილობ თავი ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენო, საიდანაც უკან დასახევ ყველა გზას იჭრი. გამოვიცანი?

- მე შენ ხელოსნის რანგში დაგიქირავე და არა ფსიქოანალიტიკოსად. ეს ნაგავია? მომაწოდე, მე გავიტან, - პატარა გენერალივით უბრძანა მატიმ და ხელი ტომრისკენ გაიწოდა.

სერგიმ უკან დაიხია, თან დაჟინებით მისჩერებოდა, თითქოს მზერით ცდილობდა მის დაჭერას.

- შენი ამბავი რომ ვიცი, კისერს მოიტეხ.

- ახლავე მომეცი ეგ დაწყევლილი ნაგავი!

მამაკაცი ისე შეკრთა მის წამოყვირებაზე, მაშინვე დანებდა და დაბნეულმა მიაჩეჩა ტომარა ქალს.

- ბოტასის თასმა შეიკარი, თორემ დაეცემი, - დაადევნა კარისკენ მიმავალს სერგიმ.

ქალის ჩვეულებრივ ფერმკრთალ ლოყებს ამწუთას სიწითლე მოსდებოდა, ცხვირის წვერი გავარდისფრებოდა, ხოლო თვალები…

ოხხხ! მისი თვალები ისევ ცრემლებად იღვრებოდა!

მამაკაცმა ნაბიჯი წინ წადგა, ქალს ტომარა ხელიდან გააშვებინა და სანამ მატის სახე ცრემლით დაენამებოდა, გულში ჩაიხუტა.

- ბუზისგან სპილოს ნუ ქმნი, სულელო. ეს მხოლოდ წვრილმანებია. კარგი ახლა, ნუ ტირი, ნუ. არ გინდა, გთხოვ. წვიმიანი ამინდები იმისთვის შექმნა უფალმა, რომ ადამიანმა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ჩვეულებრივ დღეებში ეზარება ან ამისთვის ვერ იცლის. მაგალითად, ავეჯის გადაადგილება. ოდესღაც ვიცნობდი ერთ ქალს…

- შენი კრეტინი ქალების შესახებ არაფრის მოსმენა არ მსურს! - დასჭექა მატილდამ, მერე უცებ ღრიალი ამოუშვა და სახე მის მკერდში ჩარგო, - მეორედ… - გაჭირვებით ამოთქვა, - ეს… ეს რეკორდია!

სერგის იოტისოდენა წარმოდგენაც არ ჰქონდა, რაზე ლაპარაკობდა მისი პატარა ქალი, მაგრამ ეს სულაც არ აღელვებდა.

მისი აბრეშუმივით რბილი თმა ნიკაპზე ელაციცებოდა, როცა მატილდა თავისი თბილი სხეულით მკერდზე ეკვროდა. თუკი რომელიმე ქალს ჩახუტებოდა სჭირდებოდა, ეს მატი იყო. ჰო, ასეა, ზოგიერთ საქმეს განსაკუთრებული კმაყოფილება მოაქვს, რაც თავისთავად ჯილდოდ მოიაზრება. მისი ჩახუტებით ახლა სერგის უძვირფასესი ჯილდო ერგო წილად.

- ჩუუ, ყველაფერი კარგადაა, სულელო. სინამდვილეში ეს გენიალური რამაა.

- რა არის გენიალური რამ?

- განა ყველა ქალს შეუძლია რეკორდის დამყარება.

მოულოდნელად მამაკაცს სუნთქვა შეეკრა, რადგან შარვლის ქამარზე ქალის თითების შეხება იგრძნო. რას შვრება, მისი პერანგის ბოლოებს ექაჩება? რისთვის? რას უპირებს? ნუთუ?..

არა, არ გამართლდა მისი ვარაუდი. პერანგის ბოლოები ქალმა მხოლოდ იმიტომ ამოაძვრინა მისი შარვლიდან, რომ ცხვირსახოცის ნაცვლად გამოეყენებინა და ცრემლიანი სახე მოეწმინდა.

- მერე გაგირეცხავ, - დაჰპირდა მატი და იდაყვები მამაკაცის მკერდს დააყრდნო, რათა ფლანელის პერანგის ბოლოებით ცრემლები მოეშორებინა.

სერგის კვლავ ჩახუტებული ჰყავდა ქალი. მამაკაცი შეეცადა შეუმჩნევლად მოხრილიყო და ოდნავ დაშორებოდა მატის, რათა საკუთარი სხეულის აგზნებული რეაქცია დაეფარა. ახლა ზუსტად იცის, რასაც ნიშნავს „წყალში ვდგავარ, ცეცხლი მიკიდია!”

როცა მატილდა, როგორც იქნა, სერგის პერანგს შეეშვა და მის მკლავებში გაიტრუნა, მამაკაცმა თვალები დახუჭა და ღმერთს შეევედრა, მოთმინება ბოლომდე შეენარჩუნებინა. მასთან ერთად გამძლეობაც. და წესიერებაც.

- ისა… - ენა დაება, სანამ რამეს იტყოდა, - ვიფიქრე, ნაგავი ხომ არ გავიტანო, სანამ შენ დამშვიდდები და სადმე ჩამოჯდები? შეძლებ სადმე დაჯდომას? იპოვი აქ რამე ადგილს? ამ ყუთებზე ხომ არ ჯობია? მერე, როცა დავბრუნდები, ყავას მოვხარშავ და ერთად დავლიოთ, კარგი? თან ვილაპარაკოთ, რა სად გინდა დადგა. მოგწონს ჩემი შემოთავაზება? - ლუღლუღებდა მამაკაცი. მერე ისე, რომ მის პასუხს არ დალოდებია, რბილად მოიცილა ქალის ხელები თავისი კისრიდან და გაიფიქრა, დროზე გაცლაა საჭირო, შორს, ძალიან შორს, რამდენიმე კონტინენტის იქით!

მატის შემცივნებულივით შეაკანკალა, სევდიანი ოხვრა ამოუშვა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. მერე კი, ჯანდაბა! გაუღიმა კიდევაც!

მიუხედავად ჩაწითლებული თვალებისა, ვარდისფერი ცხვირისა, სველი ღაწვებისა და აშლილი გრძნობების სხვა მტკიცებულებებისა, რომლებმაც სულის ჭრილობებში გაიარეს და წლების განმავლობაში კვალი დატოვეს მასში, ეს მაინც ღიმილი იყო. ღიმილი კაცს დანატრებული ქალისა. სწორედ ამ ღიმილმა აიძულა მამაკაცი, დაფიქრებულიყო იმაზე, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. და ეს არ იყო მხოლოდ სექსი. ეს სხვა რამეც იყო - უფრო ღრმა, უფრო ფაქიზი და ისეთი, რასაც ადვილად ვერ შეელევი.

ამიტომ სერგიმ სწრაფად დაავლო ხელი ნაგვის ტომარას და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გაიქცა.

ტყუილად კი არ ამბობენ, რაღაცის აკვიატებით ადამიანი საკუთარ თავს აყენებს ზიანსო. მატი გიჟურმა აზრებმა შეიპყრო, რომ ყველაფრის გადაადგილებით, რისი გადატანაც სჭირდებოდა, იგი სამუშაოს ჩაბარების გრაფიკს დააჩქარებდა. ამით კი ბოლოს მოუღებდა იმ სურვილებს, გონებას რომ უღრღნიდა. რაც უფრო ღრმად ეფლობოდა მის მიერ შექმნილ ჭაობში, მით უფრო უჭირდა იქიდან თავის დახსნა.

დივანი გვერდზე გააჩოჩა, გარდერობი გამოაღო, ქურთუკი სწრაფად ჩამოხსნა, ჩაიცვა, ძველი ქუდიც ჩამოიფხატა, რომელიც წვიმას ნამდვილად ვერ შეაკავებდა, ჩანთაც გადაიკიდა მხარზე და აჩქარებული ნაბიჯებით გავიდა. მისდა ბედად, წვიმას უკვე გადაეღო.

მანქანა მეორე ცდაზე, როგორც იქნა, დაქოქა. სწორედ მაშინ, როცა სერგი სახლის კუთხიდან გამოჩნდა. მან რაღაც დაიყვირა და ხელების ქნევას მოჰყვა. მატი იმწუთას ყრუ-მუნჯად იქცა. ბრმადაც. მას ახლა აღარ ჰქონდა ხელოსანთან საუბრის სურვილი. მანქანა უკუსვლით წაიყვანა და სერგის ფურგონს გვერდი აუქცია. როგორც კი ქუჩაში გავიდა, მინას წვიმის პირველი წვეთებიც დაეცა.

სერგი მანამ გასცქეროდა ქალს, სანამ მანქანამ მარჯვნივ არ გაუხვია.

ნუთუ დაივიწყა ის ნაცრისფერი „მერსედესი”? ახლა რომ უკან დაედევნოს? ვინ იცის, ვინაა, რისთვის დასდევს. ამხელა ქალი პატარა გოგო ხომ არ არის, საშიშროებას ვერ ხვდებოდეს? შეიძლება არც არაფერი, მაგრამ სიფრთხილე ხომ მაინც უნდა გამოიჩინოს?

ნეტავ რატომ ბრაზობს სერგი? ვერ ხვდება, რომ მატილდას ის არაფერში სჭირდება? მაგრამ იქნებ ცდება? მან ხომ არაფერი იცის ქალის შესახებ. მადონა, მაგალითად, მისი პირველი და ერთადერთი კნეინა, განებივრებული ქალი იყო, რომელსაც არაფერი აკლდა და ამიტომაც ყოველთვის ყველაფერი გასდიოდა. მამამისის ფულებით გათამამებული ისე იქცეოდა, თავი სამყაროს ცენტრი ეგონა. ბოლოს ისე გათავხედდა, რომ ქმარი ფეხებზე დაიკიდა და საყვარელიც გაიჩინა. აბა, სერგი ამას ოდესმე იფიქრებდა? ქალის ხასიათები რომ სცოდნოდა, ასეთ შეცდომა ხომ არ მოუვიდოდა? თუმცა ახლა უკვე გვიან იყო თითზე კბენანი.

ასე იყო დედამისიც, ქალბატონი ნატალია, მუსიკის მასწავლებელი, რომელიც მთელი ცხოვრება ცნობილი პიანისტის სახელის მოხვეჭაზე ოცნებობდა. სერგი უყურებდა, როგორ ბერდებოდა დედამისი დღითი დღე, კვირობით, თვეობით და წლობით, როცა ის ამა თუ იმ ბავშვს მუსიკის გაკვეთილებს უტარებდა. რა ნატანჯი სახე ჰქონდა ხოლმე დედას, მით უფრო მაშინ, როდესაც მუსიკალურ სმენას აბსოლუტურად მოწყვეტილი რომელიმე მოსწავლე უნიჭოდ ურახუნებდა თითებს მისი კაბინეტის პიანინოზე და გარეთ, ბიჭებთან ფეხბურთის თამაშზე უფრო ფიქრობდა. დარდმა უფრო დააბერა მაშინ დედა, ვიდრე ასაკმა. სერგის კი არ ესმოდა, რატომ ეწირებოდა თავის ოცნებას მშობელი, როცა მშვენიერ ანაზღაურებას იღებდა მუსიკის გაკვეთილებითაც კი.

არადა, დედასთვის ის ფორტეპიანო რომ ეყიდათ, სერგი ცალკე მუშაობდა და ზოგავდა ფულს, მამამისი ცალკე. მამა მეტსაც გამოიმუშავებდა, ალკოჰოლდამოკიდებული რომ არ ყოფილიყო, მაგრამ ვერ ითმენდა. როგორც კი ხელფასს აიღებდა, ნახევარს რესტორნებში ტოვებდა და მთელი კვირა ლოთობაში ატარებდა. ზუსტად სამი წელი დასჭირდა იმ დროს მამა-შვილს, რათა ამ დიდებული საჩუქრით დედას გული გაეხარებინათ.

მაგრამ მატილდას რა უყოს? - ეკითხებოდა თავის თავს სერგი და გრძნობდა, თებერვლის გრილი ნისლი სახეს როგორ უტენიანებდა. გაჰყვეს უკან თავისი მანქანით თუ სახლში მიბრუნდეს და მუშაობა გააგრძელოს?

მაინც უკან შებრუნდა. არ უნდოდა ქალი გაენაწყენებინა. გადაწყვიტა, ზევით აეტანა ყველა ის ავეჯი, რომლებსაც სხვისი დახმარების გარეშე გაუმკლავდებოდა.

კარგა ხანს იმუშავა. ოფლში გაიხვითქა. მოგვიანებით, როცა საათს დახედა, აღმოაჩინა, რომ მატი თითქმის ორ საათზე მეტია, წასული იყო. გარეთ უკვე თოვლ-ჭყაპია. თუმცა აქ მანქანების ისეთი მოძრაობა არ არის, რომ გზების მდგომარეობამ შეაშფოთოს. თითო-ოროლა ვინმე თუ გაივლის ხოლმე ნახევარ საათში ერთხელ.

და მატილდა სად იყო ამ დროს? რა თქმა უნდა, ქალაქის ცენტრში. ფოსტის შენობასთან გაეჩერებინა მანქანა და მობილურზე რეკავდა.

გოგამ მხოლოდ მეექვსე ზარზე უპასუხა:

- მატილდა, როგორ ხარ?

ღმერთო, რა მხიარული ხმა ჰქონდა, თითქოს სულ რაღაც ერთი დღეა, ერთმანეთი არ უნახავთო.

- მე კარგად, - ცივად უპასუხა მატიმ.

- რამე მოხდა?

- ჩამოხვედი?

- კი, ამ დილით.

იმდენი შეგირცხვა ცხვირი! - გაიფიქრა გაგულისებულმა ქალმა, გული ყელში ჰქონდა მობჯენილი.

- უნდა გნახო. საქმე მაქვს, - მოკლე-მოკლე წინადადებებს ისროდა მატი.

- დღეეეს? - რატომღაც გაიოცა გოგამ.

- დღეს, ახლავე!

- ხვალ რომ იყოს? შეხვედრა მაქვს ცოტა ხანში და…

- მაშინ დაგელოდები და როცა გათავისუფლდები, მნახე. სადაც მეტყვი, იქ მოვალ.

ტელეფონში სიჩუმემ დაისადგურა.

- ალო! - გაღიზიანდა მატილდა.

- გისმენ, გისმენ. - მამაკაცს შეშფოთება დაეტყო ხმაში, - უბრალოდ, ვფიქრობდი, რამდენ ხანში შევძლებდი გათავისუფლებას.

- მერედა, რა მოიფიქრე?

- ერთ საათს დამელოდები?

- დაგელოდები.

- კარგი. მაშინ, როგორც კი მოვრჩები, დაგირეკავ.

- ეგრე იყოს. სად მოვიდე?

- გეტყვი, - მოწყვეტით მიუგო მამაკაცმა და გაუთიშა.

მატილდა ბრაზისგან ლამის გამწვანდა.

დიდხანს მოუწია ლოდინმა. იქნებ სპეციალურად ალოდინებს ამდენ ხანს? იქნებ ფიქრობს, რომ მატილდას მოჰბეზრდება, ხელს ჩაიქნევს და წავა? არა, ამ სიამოვნებას არ მიანიჭებს. მოკვდება და ადგილიდან ფეხს არ მოიცვლის!

არ მოიცვალა! ბოლომდე დაელოდა! გათბობა ჩართო, დაბლა ჩაცურდა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა. პერიოდულად მინას ჩამოსწევდა, რათა სუფთა ჰაერი ჩაესუნთქა. ამასობაში საათ-ნახევარი გავიდა. როგორც იქნა, გოგას მობილურის ზარიც გაისმა:

- ხომ არ წასულხარ? - მაინც მოუსინჯა ნიადაგი მამაკაცმა.

- არა, გელოდები!

- ახლავე გამოვალ.

გამოვიდა. ისეთი ლამაზი ნაცრისფერი პალტო ეცვა ინგლისური საყელოთი და ისე სიმპათიურად გამოიყურებოდა, მატის დაენანა კიდევაც მასთან დაშორება.

- როგორ ხარ? - ფართოდ გაუღიმა გოგამ, როგორც კი მანქანაში ჩაჯდა და ქალისკენ საკოცნელად გადაიხარა.

მატიმ ცივად გადახარა თავი გვერდზე, კოცნის საშუალება არ მისცა და ყინულივით ცივი მზერა შეაგება.

- რაღაც ცუდ ხასიათზე ხარ. - ნირი წაუხდა გოგას.

- სწორად მიხვდი.

- რატომ, მოხდა რამე? პრობლემები გაქვს?

- მე არა.

- აბა?

- სად დაიკარგე? - მისი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა მატილდამ, იდაყვი საჭეზე ჩამოდო და ზედ თავი დააყრდნო. ახლა უკვე ალმაცერად შესცქეროდა პირველ სიყვარულს.

- არსად. ხომ გითხარი…

- კარგი დაბადების დღე გადაგიხდია შენი ცოლისთვის, - ხისტად გააწყვეტინა.

სიჩუმე ჩამოვარდა. როგორც ჩანს, მამაკაცი ასეთ შემოტევას არ ელოდა და ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო - თვითონაც შეტევაზე გადასულიყო თუ თავი ემართლებინა.

- ჰო, ასე გამოვიდა. ის ჩემი შვილების დედაა.

- მე ვინ ვარ შენთვის?

- შენ? შენ… ჩემი გოგო ხარ.

- ჰმ… შენი გოგო… და სულ ეს არის?

- რა გინდა, მატი, რატომ მიტევ? - გაღიზიანდა მამაკაცი.

- არ იცი, რატომ?

- არა, არ ვიცი და ვერც ვხვდები.

მატილდა გაფითრდა. ჰქონდა კი ასეთ ნაძირალასთან საუბარს აზრი? შეაგნებინებდა კი რამეს?

- თავი მოიკალი, გინდა თუ არა შემხვდიო, ვგიჟდები შენზე, დღეიდან სულ ერთად ვიქნებითო და…

- და?

- ის, რომ საერთოდ დაიკარგე. გაქანდი თბილისში, ცოლს გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადე რესტორანში, მე კი ერთხელ მომიკითხე, ისიც ზრდილობის გულისთვის!

- მდაა… - გოგამ თითები ერთმანეთში გადახლართა, წინ გაიხედა და დაიწყო:

- მგონი, რაც ჩვენ შორის მოხდა, ორივეს სურვილი იყო. მე შენთვის არაფერი დამიძალებია. და რაც იყო, ვფიქრობ, ძალიან კარგი იყო. ჰო, ვაპირებ შენთან ურთიერთობის გაგრძელებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცოლს დავშორდები და ყოველდღე შენთან ვიქნები. ამას არც შეგპირებივარ და ვერც ახლა შეგპირდები. ჩემი სტატუსის ადამიანისთვის ცოტა ტეხავს ოჯახის დანგრევა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გითხარი, ცოლთან რომანტიკული ურთიერთობა აღარ მაკავშირებს. - გოგა მონოტონური ხმით ლაპარაკობდა, არც უმაღლებდა და არც უწევდა. ისე მშვიდად წარმოთქვამდა თითოეულ სიტყვას, ვერ მიხვდებოდი, აბრაზებდა თუ აღიზიანებდა მატილდას პრეტენზიები.

გაგრძელება იქნება

ასევე იხილეთ:

მარტოხელა - თავი 13

მარტოხელა - თავი 12

მარტოხელა - თავი 11