"ზურაბ ჟვანია დაგვამახსოვრდება, როგორც ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება თქვენი უძველესი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში’’, - დაწერა ჯორჯ ბუშმა ზურაბის გარდაცვალების შემდეგ. მისი ყველაზე ცნობილი ფრაზა - "მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი" კი კვლავ აქტუალურია.
"იგი იყო თავისი მშობლების, ბესარიონ (ბუსა) და მარიამ (რემა) ჟვანიების ღირსეული შვილი, მოყვარული მამა და მეუღლე, ერთგული მეგობარი, თავისი სამშობლოს თავდადებული მამულიშვილი, კარგი ქრისტიანი. იგი ყველასათვის პოულობდა დროს, ყოველ კეთილ წამოწყებაში იყო პირველი; კარგად იცნობდა ეკლესიისა და სახელმწიფო სტრუქტურების ურთიერთობას; მის თავდაუზოგავ მოღვაწეობას უნდა ვუმადლოდეთ ,,საკონსტიტუციო შეთანხმების’’ პროექტის შემუშავებას და შემდგომ მის დამტკიცებას. სიცოცხლით აღსავსე, ენერგიული, ხალისიანი, მოყვარული ზურაბ ჟვანია ყოველთვის იყო და დარჩება ეკლესიისა და ქვეყნის ერთგულ შვილად" - ასე ახასიათებდა ზურაბ ჟვანიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
"ზურაბ ჟვანია - დიდი სახელმწიფო მოღვაწე.
ზურა - ჩემი უმცროსი მეგობარი.
ხშირად დავფიქრებულვარ, რით იყო ზურა ასეთი განსაკუთრებული? ალბათ, ნიჭით, ჭკუით, განათლებით, სიმტკიცით, შეუვალობით, მჭევრმეტყველებით, ტემპერამენტით, ამავე დროს, შემწყნარებლობით, სხვისი თვალთახედვის გაგებისა და დათმობის უნარით, იუმორის გრძნობით, რომელსაც ყველაზე რთულ სიტუაციებში იყენებდა. და თუ ცოტა ჩავუკვირდებით, ნათელი გახდება, რომ ყველა ეს თვისება ერთად მხოლოდ ჭეშმარიტ ლიდერს შეიძლება ჰქონდეს. და მე მგონია, რომ ის, უბრალოდ, დაბადებული იყო ლიდერად" - ამ სიტყვებით კი პოლიტიკოსს ლანა ღოღობერიძე იხსენებდა.
დედა, რემა ჟვანია, ზურას ბავშვობას მის შესახებ მომზადებულ მოგონებებში იხსენებს:
"…ზურა მეხუთე კლასში იყო, როცა სკოლაში ბავშვებს მისცეს თავისუფალი თემა - ,,ვინ მინდა გამოვიდე”. მასწავლებელმა ზურას ნაწერი მაჩვენა: ,,მე მინდა დავემსგავსო სენ-სიმონს, იმიტომ, რომ ის გრაფი იყო და მთელი თავისი სიმდიდრე გაჭირვებულ ხალხს დაურიგა…
ცნობისმოყვარე ბავშვი იყო, ბევრს კითხულობდა, წერდა, ოცნებობდა... ერთხელ, მეოთხე თუ მეხუთე კლასში იქნებოდა, მის ოთახში შევედი და დავინახე, რომ ტიროდა. ,,ნახე, დედა, რა გადაიტანა ჩვენმა ერმა”, - ამბობდა გულამომჯდარი და ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. თურმე, ვეღარ შეეკავებინა. გასაოცარია, რომ ჯერ კიდევ სულ პატარა ბიჭი ოცნებობდა ქვეყნის დამოუკიდებლობაზე.
საერთოდ, ზურა ემოციური იყო, თუმცა, როცა სიტყვით გამოდიოდა, ეს არ იგრძნობოდა. იგი ყოველთვის გაწონასწორებული ჩანდა, არადა, მამასავით პრინციპული ხასიათი ჰქონდა და ფეთქებადიც გახლდათ. ერთხელ რაღაცაზე დამიყვირა და ავტირდი. ისე წავიდა, არაფერი უთქვამს, თუმცა 15 წუთში დარეკა და მითხრა - ,,გკოცნი,დედა, გკოცნი!..” მეუღლესთან, ნინოსთანაც ასეთი იყო. თუ რაღაც უსიამოვნება ჰქონდა, ურთიერთობას სწრაფად და უმტკივნეულოდ აგვარებდა. ადამიანების მიმართ ძალიან ყურადღებიანი გახლდათ და ყველაზე მეტად ამ თვისებას, რა თქმა უნდა, საკუთარი ოჯახის მიმართ ავლენდა. მიუხედავად უმძიმესი ცხოვრების რეჟიმისა, იგი ჩვენს ტრადიციას არ ღალატობდა და მაინც ახერხებდა ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გასვლას ან, უბრალოდ, ბავშვებთან ერთად სადმე გასეირნებას... ისე, ზურას სიყვარულის ამბავი რაღაცნაირად მხედველობიდან გამომეპარა. შესაძლოა, იმიტომ, რომ იმხანად ჩემი მეუღლე ავადმყოფობდა. ზურამ ოქროყანაში კოტეჯი დაიქირავა და ზაფხულს იქ ვატარებდით. ერთ დღეს მან ამოგვაკითხა და შევამჩნიე, ახალი ჯემპრი ეცვა. ,,ეგ საიდან, ზურა?” - ვკითხე. ,,არ გეტყვი”, - მიპასუხა. იმ წუთში მივხვდი, რომ ამ ყველაფერში ქალის ხელი ერია. ,,თვითონ მოქსოვა?” - ჩავეკითხე მაინც. ,,კი”, - კვერი დამიკრა. გავიდა ცოტა ხანი, ზურამ მითხრა, ცოლს ვირთავო. როცა ნინო პირველად მოიყვანა ჩვენთან, გამოგვიცხადა, დღეს თქვენ დაგიტოვებთ, ოღონდ ნუ შეჭამთო... მე სამზარეულოში გავედი და ბუსა ნინოსთან მარტო დავტოვე... ისინი ისე უშუალოდ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ. ნინო რომ წავიდა, ბუსამ მითხრა, სწორედ ასეთი ცოლი უნდა ზურასო" - წერდა რემა ჟვანია მოგონებებში.
"ყველაზე რთული მარტოობაა. არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. ცდილობ, საქმეზე იყო ორიენტირებული. მაშინ ძალიან მალე დავიწყე მუშაობა, ვარჯიში - თითქმის 2 კვირაში, რათა ყურადღება გადამეტანა. ეს თვისება მაქვს, რაც უნდა დაეცე ადამიანი, უნდა ადგე, სანამ ადგომა შეგიძლია და მერე ცხოვრება გეხმარება. ძალიან მომეხმარა ოჯახი, ადამიანების დამოკიდებულება. ახლაც, სადაც მივდივარ, ყველგან ზურას ძალიან დიდი სიყვარულით იხსენებენ" - ამბობდა ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ჟვანია.
ზურაბ ჟვანიასა და მის მეუღლეს, ფსიქოლოგ ნინო ჟვანიას, სამი შვილი: ლიზა, ბუსა და ანჩო შეეძინათ. როგორც ცნობილია, ლიზა და ანჩო სკოლის დამთავრების შემდეგ საზღვარგარეთ გაემგზავრნენ და განათლების მიღება იქ გააგრძელეს:
"მინდა ჩემს ქვეყანაში ჩემმა შვილებმა მშვიდობიანად იცხოვრონ, საქართველოში ჩამოვიდნენ სწავლის დასრულების შემდგომ; მინდა ისეთი ქვეყანა გვქონდეს, სადაც ახალგაზრდები თავიანთი პოტენციალის რეალიზებას შეძლებენ და ააშენებენ თავიანთ ქვეყანას, არ მოუწევთ სადღაც ცხოვრება. სადაც უნდა იყო, რაც უნდა კარგად იყო, მაინც სხვაგან ხარ. იმედი არ უნდა დავკარგოთ. ერთ-ერთი ინტერვიუ ზურამ ასე დაამთავრა, მე ოპტიმისტი ვარ და ჯერჯერობით მიმართლებსო. იქნებ ჩვენც გაგვიმართლოს" - ამბობდა ნინო.
ამჯერად ნინო ჟვანია რადიო "ფორტუნასთან" ინტერვიუში მეუღლეს კიდევ ერთხელ იხსენებს:
"ისე გამოვიდა, რომ ზურა 60 წლის ხდება და ევროკავშირის წევრობის სტატუსსაც ახლა გვაძლევენ, მგონია, რომ ამაში რაღაც ზებუნებრივის ხელიც ურევია. მისთვის ეს ერთი ახალი დიდი გამოწვევა იქნებოდა. სამწუხაროა, რომ მეტი არ დასცალდა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, სამჯერ მეტი ექნებოდა გაკეთებული, მარამ რაც გააკეთა, ქვაკუთხედია ამ სახელმწიფოს მშენებელობის" - იხსენებს ნინო ჟვანია.