როცა ზღვაზე ჩამოდის, ერთი სურვილი აქვს მხოლოდ _ შემოიტმასნოს ზღვის მზე სხეულზე, შეისხუროს მისი სხივები მარილიანი ტალღებივით და გაირუჯოს. უხდება ნამზეური, სულ სხვა ქალი დგება, როცა მისი კანი ფერს იმუქებს. თვალები უფრო ცეცხლოვანი უხდება, ავაზასავით გამჭვირვალე და მოელვარე. ასეთ ფორმაში მამაკაცების ყურადღებასაც მეტად იქცევს, უფრო «ინტერესნად» გამოიყურება, როგორც ხუტა ბიძია ეტყვის ხოლმე. ისედაც არ გამოიყურება «ცუდად». მართალია, ანგელოზი არ არის, მაგრამ არც უმაგისობაა. აი, ცოტა მეტი სიმაღლე რომ მიეცა მისთვის განგებას, მთლად დახატავდა.
«რა სულელი ვარ. რა დროს სიმაღლეზე ფიქრია. მე ხომ ვიცი, რომ არც ყველაზე ლამაზი ვარ და არც ყველაზე ჭკვიანი. მე ერთი სიბერისკენ მიმავალი ქალი ვარ, მარტოხელა და მარტოსული, რომელსაც ჯერ კიდევ შემომრჩა იმედის მცირე ნაგლეჯი, თუმცა შაგრენის ტყავივით ისიც ყოველდღე უფრო და უფრო ილევა».
ნუკიმ კიდევ ერთხელ გახედა ჰორიზონტზე ნახევრად ჩაგორებულ წითელ მზეს, თვალი ჩაუკრა და ფეხშიშველმა თითის წვერებზე გაიარა მზისფერ სილაზე. ისე ჰაეროვნად დგამდა თითოეულ ნაბიჯს, გეგონებოდათ, ფეხის გულებით მიწას კოცნისო, ვნებიანად, მაცდურად…
ნეტავ, ის კაცი სად დაიკარგა? დღეს არ გამოჩენილა. არადა, ორი დღეა, გაბურღა მზერით. მაინცდამაინც დღეს არ მოვიდა. არადა, საკმაოდ სიმპათიური ტიპი იყო. მასზე გაცილებით უფროსი, მაგრამ მაინც. რა მოხდა მერე? უფროსი ასაკის მამაკაცები ბევრად საიმედონი არიან, ვიდრე ახალგაზრდები. საიდან იცის ამდენი? ვინმემ უთხრა, სადმე ამოიკითხა თუ თავად მიხვდა? აბა, საიდან, როცა ცხოვრებაში შეყვარებულიც არ ყოფილა? მაგრამ ქმარი ხომ ჰყავდა? ქმარი? ის რა ქმარი იყო, ორი კვირაც არ უცხოვრია მის გვერდით! სრულიად უცხო ლაწირაკმა მოიტაცა ათი წლის წინ და რადგან არცთუ ცუდ ბიჭად მოეჩვენა, გადაწყვიტა, ბედს შერიგებოდა. თუმცა სულ რამდენიმე დღით. მეთორმეტე დღეს, როცა ზვიადმა მის თვალწინ ვენაში რაღაც საზიზღრობა შეუშვა და ფერდაკარგული საწოლზე მიესვენა, თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა მისი სახლიდან. გამოიქცა და უკან აღარ მოუხედავს. ნარკომანს ცხოვრებას ვერ დაუკავშირებდა. ერჩივნა, ისევ ბიძასთან ეცხოვრა მოსამსახურესავით, ვიდრე კაიფში გატრუნული მეუღლის მოხარშული მზერისთვის ეყურებინა. ეგ იყო და ეგ… არა, იყო კიდევ ერთი… ოღონდ გათხოვებამდე სამი წლით ადრე… ზურა! ოცდაექვსი წლის ზურიკო, მათ მეზობლად რომ ცხოვრობდა. როგორ მოსწონდა… შეფარვით ეტრფოდა კიდეც, მაგრამ ვის გაუმხელდა! სხვა თუ არაფერი, ოჯახის მეგობარი იყო, მერე კიდევ მეზობელი, მერე კიდევ _ მასზე ბევრად უფროსი. ნუკის პატარა ბავშვივით ექცეოდა, თვალს ჩაუკრავდა ხოლმე და კიკინაზე მსუბუქად დაქაჩავდა შეხვედრისას. ეს «პატარა ბავშვი» კი მასზე ოცნების კოშკებს აგებდა. მერე ზურიკოს დედ-მამამ თბილისში შეიძინეს ბინა და იქ გადავიდნენ საცხოვრებლად, მცხეთის კარმიდამო კი დროებით სარგებლობაში სოხუმიდან ლტოლვილ მამიდას დაუთმეს. მას შემდეგ ზურიკო თვალით არ უნახავს, თუმცა ყოველთვის იგებდა მასზე ახალ-ახალ ამბებს. კარიერა ნელ-ნელა აიწყო, საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, თან სწავლაც გააგრძელა იქ, ბიზნესიც წამოიწყო, ფული დააგროვა და ამას წინათ დაბრუნებულა თბილისშიო. ცოლი არ მოუყვანიაო, ბიცოლა ყვებოდა, სამაგიეროდ, ბინა უყიდია და ცალკე გადასულა საცხოვრებლადო.
ეჰ… ზურა, ზურა… მას ალბათ აღარც ახსოვს ნუკი, კიკინებიანი შავტუხა გოგონა, შეფარვით რომ ეპრანჭებოდა. ახლა ვეღარ გაეპრანჭება. იმიტომ, რომ უკვე მკვეთრად არის შესამჩნევი ასაკობრივი სხვაობა. ის ალბათ ორმოცის იქნება. ნუკი კი… თანაც, ნაქმარევი ჰქვია, ობოლია… რატომ უნდა მოიხიბლოს მისით? გარდა ამისა, ზურა ნუკისაც ისეთი თვალით უყურებს, როგორც ეკას, დებივით უყვარს ორივე… «ვითომ?» _ ჩამავალ მზეს თვალმოჭუტულმა მოხედა. «ალბათ», _ სავარაუდო პასუხი გასცა თავის ფიქრს და თბილი ქვიშიდან ასფალტზე ააბიჯა.
ის უცნობიც კი იყო ასაკოვანი, გუშინწინ რომ შეამჩნია პლაჟზე. ჯერ შორიდან ზვერავდა ნუკის, მერე ახლოს მიუჩოჩდა. გოგონა თავდაპირველად ვითომ ვერც ამჩნევდა, შეუმჩნევლად იღიმოდა თავისთვის, მერე თვითონაც შეხედა, რადგან ვერ გაუძლო მის დაჟინებით მოშტერებულ თვალებს. მისი მზერა მკერდს უწვავდა (როგორც მზის აბეზარი სხივი), ლამაზ, ნახევრად გარუჯულ და ნახევრად გაურუჯავ მკერდს (ეს ნაწილი საცურაო კოსტიუმის აგურისფერ ბიუსტჰალტერს «დაეჩაგრა», რადგან ისე მჭიდროდ შემოსალტვოდა ნუკის სავსე მკერდს, არასდიდებით არ უშვებდა მზეს მაცდურად გადახსნილი უბის სიღრმეში). მეორე დღეს გამოელაპარაკა კიდეც და შეჰპირდა, ხვალაც მოვალ და გნახავო. მოვიდა, რო? არა, არ მოვიდა. მოატყუა. მოატყუა და კარგად იყოს, მეტი დარდი არ ჰქონდეს ნუკის. მაინც ბებერი იყო მისთვის, თანაც გაუბედავი. სახელიც კი არ ჰკითხა, არც მისამართი გამოართვა, არც ტელეფონის ნომერი… _ ამ ფიქრებით ბინის კარი შეაღო.
_ დროზე, ნუკი, გვაგვიანდება, ღამით მოგვიწევს მგზავრობა, _ ფაციფუცობდა ბიცოლა, ტანსაცმელს ალაგებდა უზარმაზარ ჩანთებში.
_ ათ წუთში მზად ვიქნები, ბევრი არაფერი მაქვს, _ ჩაიბუზღუნა და მეორე ოთახში გავიდა.
_ რა კარგად მოკიდებია მზე?! «შაკალადკა!» _ ხუტამ თვალი გააყოლა ძმისშვილს.
_ ოჰ, ოჰ, ოჰ! _ ტუჩ-წარბის ამრეზით იწუპაკა ეკამ მამის ნათქვამზე.
_ რა «ოჰ, ოჰ, ოჰ», შენნაირად კი არ წითლდება, შებრაწულ კიბორჩხალას რომ დაემსგავსე! შეხედე, «მულატკასავითაა». შეგშურდეს, ხო! _ არ დაინდო მამამ დაბოღმილი ქალიშვილი, _ ერთი მაქსი თუ გიშველის შენ, თორემ სხვა ვერავინ.
_ მაქსს რაღას ერჩი?
_ არაფერს, ვენაცვალე სულში, შენ რომ აგირჩია, თორემ რა გაგათხოვებდა! როგორც ჩანს, ჰოლანდიელებს მოსწონთ წითური და პუტკუნა გოგოები.
_ უფ! თორემ ნუკი რომ გამხდარია და შავგვრემანი, იმიტომაც არ გიზის სახლში! _ პასუხის მოძებნა არ გასჭირვებია ეკას.
_ მორჩით ჩხუბს! _ აყვირდა თამარა, _ მაგას ჯობია, მომეხმაროთ, დაგვაგვიანდა! შენ კიდევ ნუ შეჭამე ეგ ბავშვი ცოცხლად! შეეშვი, რა, _ გაცხარებით გასძახა ქმარს.
…ოციოდე წუთში ხუტას ვერცხლისფერი «მერსედესი» (არც ისე ახალი და არც ისე ძველი მოდელის) უკვე გზატკეცილზე მიქროდა.
გვიან ჩავიდნენ მცხეთაში და ზეზეულად ივახშმეს, რომ აეროპორტში არ დაგვიანებოდათ.
_ შენ რაღას უცდი? _ წარბები კუშტად შეყარა ეკამ და ნუკის მიაჩერდა.
_ რას უნდა ვუცდიდე?
_ არ მოდიხარ?
_ მე რა საჭირო ვარ? _ მხრები აიჩეჩა გოგონამ.
_ უნდა წამოხვიდე! სირცხვილია, რას იფიქრებს მაქსი.
_ რა უნდა იფიქროს? მიცნობს თუ რა? მე სახლს დავალაგებ, რაღაცას მოვამზადებ, სუფრას გავშლი.
_ მართალია, შვილო, დარჩეს ნუკი, გამოკეტილ სახლში ხომ არ მოვიყვანთ სტუმარს, _ თამარამ მაზლისშვილის მხარე დაიჭირა.
_ რა გამზადება უნდა, ასე გვიან ის არაფერს არ შეჭამს.
_ ჭამაზე არ არის, დედი, ტკბილი სუფრა მაინც ხომ უნდა დაახვედრო ადამიანს. პირველად ჩამოდის საქართველოში. ხომ არ უნდა ვაფიქრებინოთ, ესენი ვინები ყოფილანო? _ არწმუნებდა დედა თავნება შვილს.
_ ჰო, კარგი, კარგი, როგორც გინდათ! _ ტუჩი აიბზუა ეკამ და ოთახიდან შურდულივით გავარდა.
ნუკის გაუხარდა, შინ რომ დატოვეს. დაღლილობა სულ გადაავიწყდა, ისეთი ხალისით დატრიალდა. ერთ საათში დააწკრიალა სახლი, სუფრა გააწყო, სანთლებიც შემოალაგა მაგიდაზე და ბოლოს მისავათებული სავარძელზე მიწვა. მალევე ჩაეძინა, თან ღრმად. ის კი არა, სიზმარიც კი ნახა. ზურა ესიზმრა… ისეთივე ახალგაზრდა და მომხიბვლელი, როგორიც ბოლოს ნახა, დანისლული თვალებით თითქოს სიღრმიდან რომ გამოჰყურებდა თვალებბრიალა კიკინებიან ნუკის. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს აი, ახლა, ამწუთას პირი უნდა გააღოს და სიყვარული აუხსნასო. «მეტაფიზიკური გოგონა», _ უჩვეულოდ ბოხი ხმით დაიალაპარაკა ზურამ. ნუკი ამ ხმამ და ამ სიტყვებმა სიზმარშიც კი ისე შეაკრთო, რომ იმწამსვე გამოეღვიძა და შეშინებულმა მიმოიხედა. თავდაპირველად აზრზე ვერ მოვიდა, სად იმყოფებოდა, მერე ნელ-ნელა მოეგო გონს.
«რას ნიშნავდა ეს სიზმარი? ვითომ ზურა ვნახე, ბოლოს კი ზურა იმ უცნობ კაცად გადაიქცა, პლაჟზე რომ გავიცანი. ზუსტად მისი ხმით ალაპარაკდა. რა უცნაური იყო ეს ყველაფერი», _ გაიფიქრა და სწრაფად წამოხტა სავარძლიდან, რადგან სწორედ ამ დროს ბიძამისის «მერსედესი» სიგნალით მოადგა ჭიშკარს.