- ვინც ჩემს ვიდეოს ადეკვატური თვალით შეხედავდა, მიხვდებოდა, რომ ეს იმ წუთის პროტესტი არ იყო - უკვე წელიწადი სრულდება, რაც ჩვენს კორპუსთან ეს მშენებლობა მიმდინარეობს. სანამ კამერას ჩავრთავდი, კვირების განმავლობაში ვკამათობდი, რომ დილის 9 საათის ნაცვლად, მშენებლობასთან დაკავშირებული აგრესიული ხმაური (ჩაქუჩის, ბურღის ხმა) 10 საათზე მაინც დაეწყოთ. ის 1 საათი ჩვენთვის შეღავათი იქნებოდა. ვთხოვდი - ეს მინიმუმის მინიმუმი მაინც გაგვიკეთეთ, რომ ადამიანურად შევთანხმდეთ-მეთქი, თორემ მშენებლობის ნებართვა მერიისგან კანონდარღვევით რომ არის გაცემული, ეგ ცალკე საკითხია. მანამდე ჯერ ზედამხედველობის სამსახურში დავრეკე, მოვიდნენ, დაათვალიერეს, დამეთანხმნენ, - მართალი ხარო. ე.წ. წითელი ხაზი ღობესთან გვაქვს. იქიდან მშენებლობამდე დაშორების მანძილი მინიმუმ, 5 მეტრი უნდა იყოს. რეალურად, მშენებლობა ჩვენივე ღობეზეა დაწყებული - ისე, რომ ღობე ჩვენს მხარესაა გადმოქანებული და გაბზარული. გვითხრეს, - ბეტონს ჩავასხამთ, გავამაგრებთო. ჩვენი ავტოფარეხი წყლითაა გაჟღენთილი, რადგან მიწას ისეთ სიღრმეზე თხრიან, რომ წყალი ჟონავს. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის მოსვლიდან 1 თვეში, მეორედ კიდევ დავრეკე. ამჯერად სხვა მოვიდა, - განცხადება დაწერეთ, ის გააკეთეთ, ეს გააკეთეთო... ბევრმა მითხრა, - თუ ამ საკითხს ხელს მოჰკიდებ, აქტიურად უნდა ჩაერთო, სიუჟეტები მოამზადო, ერთი ამბავი "აწიო", სასამართლოში იყოო, მაგრამ ადამიანებს ჩვენი საქმეები გვაქვს და ჩვენი პრიორიტეტი არ არის, ირგვლივ არსებულ მშენებლობებთან ბრძოლა გავაჩაღოთ, ამისთვის არ გვცალია. შესაბამისად, თავადაც ვიფიქრე, - მოდი, იქნებ მოვრიგდეთ, რადგან ეს დისკრეტულად ჩემი პრობლემა ხომ არ არის? მთელი ქალაქი ამ პრობლემის წინაშეა. ან რაღაც გრანდიოზული მოძრაობა უნდა წამოიწყო, ან - ადაპტირდე. უკანონობას თავი რომ დავანებოთ, ჩემი კორპუსი მშენებლობებით გარშემორტყმულია. დიდი პროფესიონალიზმი არ სჭირდება, რომ მიხვდე: რა დისტანციებითაც ეს კორპუსები შენდება, უმსგავსობაა. არც არქიტექტურულ ნორმებს შეესაბამება, არც - უსაფრთხოების, არც - კანონის. მოკლედ, არაფერში "ეწერება". რომელ ერთს უნდა ეომო?! შესაბამისად, ვთქვი, - მოდი, ადამიანურ შეთანხმებამდე მივიდეთ, რომ ცხოვრება გაუსაძლისი არ იყოს და ადავპტირდეთ-მეთქი. მტვრის და სივრცის დეფიციტს მიღმა, ხმაური ყველაზე გაუსაძლისი აღმოჩნდა, რადგან ყოველ დილით ნერვულ სისტემას "ურტყამს".
ზოგმა დაწერა, - აქამდე სად იყავიო? თუ ხალხს ჩემთან პრეტენზია აქვს, რატომ ადავპტირდი და მშენებლობების საწინააღმდეგო რევოლუციურ მოძრაობას სათავეში რატომ არ ჩავუდექი, ამ ხალხს დიდ მადლობას ვუხდი, რომ ჩემზე ასეთ "ფსონებს დებენ", მაგრამ ეს ჩემი ნიშა არასოდეს ყოფილა - ქალების უფლებებზე ვმუშაობდი. ჩემ მიმართ პრეტენზიის ტონით დასმული საკითხი გაუგებარია. აქამდე თუ ხმა არ ამოვიღე, ეს იმას აბათილებს, რომ მართალი ვარ?! ცოტათი არალოგიკურია... კიდევ, დაწერეს - მუშებს რატომ ელაპარაკებიო? თითქოს მათ იციან, რომ მუშა არაფერ შუაშია, მე კი არ ვიცი. თავდაპირველად მას მშვიდი ტონით ვკითხე, - შეგიძლიათ, სამუშაო 10 საათზე დაიწყოთ-მეთქი? - მე ვერაფერს გადავწყვეტ, ჩვენი მენეჯერი ეს არისო, - ხელით მიმითითა სხვაზე... შემდეგ მენეჯერს მივმართე, მაგრამ მან ყვირილი დაიწყო. კამერა რომ ჩავრთე და ტელეფონით ხელში დამინახა, მენეჯერი თავის ჯიხურში შევიდა. კადრში მუშა ჩანს... ისეთ აფექტში ვიყავი, აღარ მახსოვს, მერე რა გადავიღე, რას ვამბობ... მეორედ ჩავედი და მენეჯერს პირისპირ ვუთხარი: პიროვნულად არავის ვერჩი. მუშის შრომასაც პატივს ვცემ და მათსაც, ვისაც "უფროსობას" ეძახით, მაგრამ ეს სისტემა უმსგავსო და უკანონოა, ადამიანის საჭიროებებს არ ითვალისწინებს, ფულის "ჭრაზე" მორგებული სისტემაა-მეთქი. მაშინ უკვე ადვოკატთან ერთად, კორპუსის მცხოვრებელთა ხელმოწერებით "აღჭურვილი" ვიყავი. ავუხსენი, სამართლებრივი დავის გზით წასვლა არ მინდა, რადგან ადამიანის რესურსებს ხომ თავისი ლიმიტები აქვს? სამსახური, გადაცემა მაქვს, ოჯახი მყავს... ბევრი რამის გადადება და მათთან ბრძოლა ჩემთვის დამატებითი სტრესია. რა თქმა უნდა, მათზეც ვფიქრობ, ვინც ამ კორპუსში ბინები იყიდა და ელოდებიან, როდის აშენდება. შესაბამისად, მირჩევნია, მოვრიგდე, მინიმუმის მინიმუმი დამიკმაყოფილონ და ხმაურიანი სამშენებლო სამუშაო, წუილ-ბზუილი დილის 10 საათზე დაიწყონ, რათა ადაპტირება შევძლო. სიტყვიერად შემითანხმდნენ და იქიდან მოყოლებული, უკვე რამდენიმე დღეა, სამუშაოს 11-ის ნახევრიდან იწყებენ. როგორც ჩანს, შესაძლებელი ყოფილა...
- თუკი უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, სამომავლოდ ხომ საფრთხეს შეგიქმნით? ამ საკითხს რა ეშველება?
- ადვოკატმა, რომელიც სხვადასხვა მშენებლობის საკითხზე მუშაობს, მითხრა, - აქ იმდენი კორპუსი შენდება, რომ ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ პატარა მიწისძვრაც რომ მოხდეს, შეიძლება მიწამ ვერ გაუძლოს და ჩაიშალოსო. ამას მტკიცებითი ფორმა რომ მივცეთ, ექსპერტი უნდა მოვიყვანოთ. პირადად მე, ექსპერტიზის გაკეთება უფრო გონივრული მგონია, მაგრამ ეს თავიდანვე უნდა გაკეთებულიყო, როცა აბსოლუტურად უკანონოდ, უმსგავსოდ, გვერდით კორპუსი ააშენეს. ახლა, თუკი ოფიციალურად დადასტურდა, რომ უსაფრთხოების ნორმების დაუცველადაა აშენებული, რას იზამენ, კორპუსს დაანგრევენ? გამოსავალი აღარ არის. ის კი არა, უკვე ამ კორპუსსაც ვეღარ დაანგრევენ, იმხელაზეა ამოშენებული. ერთადერთი, რაც შეიძლება, სასამართლოს ძალით მოვითხოვოთ, ფულადი კომპენსაციაა. ალბათ, ესეც საქმეა, მაგრამ უსაფრთხოების საკითხს ახლა ვერაფერს უზამ... ვიდეოშიც ვთქვი, - ცხვრებივით მივყვებოდით ამ მოცემულობას, რომ კორპუსებს გვიშენებენ-მეთქი... თუ რატომ ეგუება ადამიანი რაღაცებს, რატომ არ ცხოვრობს ჩვენში ყოველდღიურად აქტივისტი, ცოტა არ იყოს, ფილოსოფიური კითხვებია. მესმის, ჩემგან უკვირთ, რადგან ქალების უფლებების სადარაჯოზე მხედავენ, თუმცა იმ საკითხშიც იმას ვაკეთებ, რაც შემიძლია, თორემ ყველა დაზარალებულს ხომ ვერ ვეხმარები ან ყველა მოძალადე კაცს ხელებში ხომ არ ვუვარდები და ვაჩერებ?!. თუ აქტივისტი ხარ, ტელეეკრანზე ჩანხარ, ადამიანები ზედმეტს გთხოვენ. რეალურად, თითოეულმა ჩვენგანმა სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. მხოლოდ აქტივისტების და გმირების იმედად არ უნდა ვიყოთ. მაგალითად, პატარა უსამართლობასთან დაკავშირებით, ირგვლივ ხალხის შემოსაკრებად დიდი ძალისხმევა მჭირდება, რადგან ეზარებათ, ეშინიათ, უკან იხევენ... ჩვენი ცნობიერება ჯერ კიდევ ისეა, თითქოს ვიღაც ბელადი უნდა გამოჩნდეს და მის ირგვლივ გავერთიანდეთ. ყველამ გამბედაობა რომ გამოიჩინოს, ყველაფერი ადვილად გამოგვივა.