პირველი გამოჩენისთანავე მზესავით გამოანათა - ჟღალი თმით, ბავშვურად გაბუტული ტუჩებით, ეშმაკური გამოხედვით და ჭორფლიანი, ლამაზი სახით. სულ სამ ფილმში გადაიღეს. პირველი სოსო ჩხაიძის "მეთხუთმეტე ზაფხული" გახლდათ. მაშინ ხათუნა კოტრიკაძე 15 წლის იყო. დიდხანს არჩევდა თურმე რეჟისორი მთავარ როლზე გოგონებს. პირველ საშუალო სკოლაში ნახა 15 წლის ხათუნა და არჩევანიც მასზე შეაჩერა... ფილმის დასრულების მერე კი უთხრა: იცოდე, როცა ცნობილი მსახიობი გახდები, არ დაივიწყო, რომ მე აღმოგაჩინეო. მართლაც, პირველ ფილმს მალევე მოჰყვა ლეილა გორდელაძის "მოიტაცეს თამარ ქალი", შემდეგ იყო ლევან ხოტივარის "მხიარული რომანი". ნორჩი და კოხტა ახალბედა მსახიობი ცნობილი ფეხბურთელის, ალექსანდრე კოტრიკაძის ქალიშვილი და ასევე ცნობილი ფეხბურთელის, სერგო კოტრიკაძის ძმისშვილი გახლდათ. თავიდან ბევრს ეგონა, რომ ის ცნობილი მამის და ბიძის გამო მიიწვიეს კინოში, მაგრამ ეს ასე არ იყო. ხათუნას ლამაზ გარეგნობასთან ერთად საოცარი შარმი ჰქონდა. ბევრი რეჟისორი იწვევდა ფილმებში, თუმცა 17 წლისა გათხოვდა და სამუდამოდ დაემშვიდობა კინოს.
მისი მეუღლე ასევე ფეხბურთელი, თბილისის "დინამოს" ცნობილი მეკარე დავით გოგია გახდა. მეუღლის თხოვნით, ხათუნამ უარი თქვა კინოკარიერაზე, ცალკეც აღარსად ჩნდებოდა - წვეულებებზე, თეატრსა თუ სხვა თავყრილობაზე მეუღლესთან ერთად ხედავდნენ. გააჩინა ვაჟი და შვილის აღზრდაში ჩაეფლო. დედა მუდამ მის გვერდით იყო... როცა რეჟისორის თანაშემწეები ან ჟურნალისტები რეკავდნენ ხათუნასთან სახლში, მათ დედა პასუხობდა: ხათუნა უკვე დედაა და სხვა საქმეზე ვერ გადაერთვებაო... ყველა გრძნობდა, რომ ქალბატონი სიძის სურვილს უფრო ამჟღავნებდა, ვიდრე თავისას... წარმატებული და ხმაურიანი ცხოვრებიდან უცებ გამქრალი ჟღალთმიანი გოგონა კარჩაკეტილ, იდუმალ ქალად გადაიქცა...
გავიდა დრო. როცა პუტჩისტებმა ეროვნული მთავრობა დაამხეს და თბილისი ნანგრევებად აქციეს, ხათუნა თბილისში ვეღარ გაჩერდა და სოფელ დიღომში გადასახლდა. ყვავილების ბაღი მოაშენა, კარგი ბიბლიოთეკაც მოიწყო და ასე ატარებდა მძიმე 90-იანებს...
ხათუნა ჩემი თაობის ფავორიტი გოგო იყო. მახსოვს, მისი ეკრანზე გამოჩენის დღიდან ვბაძავდით: თმასაც ხათუნასავით ვატარებდით, "ჩოლკა" შევიჭერით, ჭორფლსაც ვიხატავდით სახეზე... სულ მინდოდა მასთან ინტერვიუს ჩაწერა და როცა მისი ტელეფონის ნომერი მოვიპოვე და დავურეკე, გაუკვირდა, აქ როგორ მომაგენითო... მერე ცოტა ხანს შეყოვნდა და მითხრა, თუ გადავწყვიტე, თავად შეგეხმიანებითო. იმედი გადამეწურა, რადგან ვიცოდი, არავის იკარებდა, თუმცა... ორი კვირის შემდეგ დამირეკა: გადავხედე "კვირის პალიტრას", ობიექტური და ზომიერი გაზეთია, თქვენი წერილებიც წავიკითხე და თანახმა ვარ ინტერვიუზე, ოღონდ, დღემდე რაც მტკივა, იმაზე უნდა მალაპარაკოთო... სიხარულით დავთანხმდი და დღეზეც შევთანხმდით, ოღონდ საათი არ დამიკონკრეტებია... მე და პაპარაცი (ჩვენი გიორგი აბდალაძე) გავემართეთ სოფელ დიღმისკენ, თუმცა რა ვიცოდით, რომ წინ "სიურპრიზი" გველოდა: სახლთან მისულებს ჯერ უზარმაზარი კავკასიური ნაგაზი ყეფით "შეგვეგება", მერე ჩვენკენ გამოექანა და კიდევ კარგი, ჯაჭვით იყო დაბმული, თორემ შეგვჭამდა. როგორც იქნა, ეზოში ცნობილი მეკარე გამოვიდა. ავუხსენით, ვინც ვიყავით, მან კი ცივად მოგვიგო: ხათუნას სძინავს და ვერ გავაღვიძებო... რაღას ვიზამდით, წამოვედით ყურებჩამოყრილი. საღამოს მაინც შევეხმიანე ხათუნას, ვერ ვიჯერებდი, რომ მან ათქმევინა უარი ქმარს... ძალიან შეწუხდა, მოგვიბოდიშა, დამავიწყდა, ქმარი გამეფრთხილებინაო და ამჯერად თბილისში, წინამძღვრიშვილის სახლში დაგვიბარა... ინტერვიუზე ქმართან ერთად მოვიდა, რომელმაც მე და ფოტოკორესპონდენტს ხელი ჩამოგვართვა, შევრიგდეთო, გვითხრა და ნაყინის ტორტი მოგვართვა. მერე მარტო დაგვტოვა. მე და ხათუნამ კი კარგა ხანს ვისაუბრეთ მის ცხოვრებაზე...
როცა ხათუნას გარდაცვალების ამბავი გავრცელდა, ინტერნეტსივრცეში დავწერე კიდეც, რომ ერთადერთს მე მომეცა საშუალება ჩამეწერა-მეთქი. იმდენი კითხვა შემომივიდა, გადავწყვიტე ჩვენი შეხვედრა, ინტერვიუ და ბევრი დეტალი, რომლებიც მაშინ ვერ გავიდა, გამეხსენებინა. ინტერვიუ 2001 წლის აგვისტოში ჩავწერე. ხათუნა კოტრიკაძე მაშინ 45 წლის გახლდათ...
- რაღაც განსაკუთრებული სათქმელი გქონიათ... ვიცი, თქვენი გულისტკივილი 1991-92 წლების ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდება, რის შემდეგაც საერთოდ გაერიდეთ თბილისს...
- მართალია. მე არ შემეძლო ამ ქალაქში გაჩერება, სადაც ქართველი ქართველს ესროდა. კიდევ კარგი, რომ სოფელ დიღომში ერთი დაუმთავრებელი სახლი გვქონდა, თორემ მოვკვდებოდი. დანგრეულ თბილისში გაჩერებაც შეუძლებელი იყო...
- ოჯახში არ გაგიწიეს წინააღმდეგობა?
- კი, მაგრამ მე ვაჯობე. დედაჩემიც გამომყვა. მამაჩემი და ჩემი ქმარ-შვილი პირველ დღეებში არც მაკითხავდნენ, ფიქრობდნენ, რომ მე, მანამდე ყველაფრით უზრუნველყოფილი ქალი, ვერ გავუძლებდი ყოფით პრობლემებს და მალე დავბრუნდებოდი შინ, მაგრამ ერთი კვირა რომ გავიდა, იძულებულები იყვნენ, მოეხედათ ჩვენთვის. ისეთი საშინელი იყო 1993 წლის ზამთარი, გახსენება დღესაც მზარავს. დიღმელებმა მითხრეს, არასოდეს მომხდარა, რომ ლეღვის ხე მოყინულიყოო, იმ ზამთარს კი მოიყინა. იცით, როგორ მიჭირდა? იმდენად ელდანაცემი ვიყავი, რომ ადგილს ვერ ვპოულობდი, ვერ ვიძინებდი, სულ ვფორიაქობდი... არ დამავიწყდება 1993 წლის 2 თებერვალი, როცა მშვიდობიან მოსახლეობას ნიღბოსნებმა ცირკთან სროლა აუტეხეს. იქ მე და დედაც ვიყავით. მაშინ მთხოვა დედამ: თუ ჩემი ხათრი გაქვს, აქედან წამიყვანეო. შემეცოდა და გამოვაშორე იქაურობას.
- როგორ მოხდა, რომ იქ დავით გოგიას გარეშე წახვედით?
- (ეღიმება) ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა "ავიწყვიტე". მაშინ დათოს ვუთხარი, თუ მიტინგებზე სიარულს დამიშლი, გაგშორდები და არასოდეს გაპატიებ-მეთქი.
- მიტინგებზე მანამდეც დადიოდით?
- ეროვნული მოძრაობა რომ აზვირთდა, მაშინაც ხშირად დავდიოდი და მერეც, როცა იარაღიანმა მოძალადეებმა ხალხის ნებით არჩეული პრეზიდენტი გააძევეს საქართველოდან. იმ წუთებში პირადად პრეზიდენტს კი არ ვიცავდი, არამედ ხალხის ნებას, ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას... ზვიად გამსახურდია ჩემთვის ის პიროვნება გახლდათ, რომელმაც სახარება ამაღებინა ხელში. როდესაც მისი "საქართველოს მისია" წავიკითხე, მაშინვე დავეწაფე ბიბლიას. ამ გადასახედიდან შემიძლია ორ ნაწილად გავყო ჩემი ცხოვრება: ერთია ყოვლად უინტერესო, მდორედ ჩავლილი ახალგაზრდობა უფლის რწმენის გარეშე. მეორეა ღმერთთან მიახლების პერიოდი, რომელიც 35 წლის ასაკიდან დამეწყო...
- ბავშვობა ლამაზად არ გაგონდებათ?
- მართლაც ფერადი და უზრუნველი ბავშვობა მქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ ოჯახიდან გამომდინარე იყო. დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა, მერვე კლასში ვიყავი, როცა რეჟისორი სოსო ჩხაიძე გვესტუმრა სკოლაში, გოგონას ეძებდა თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის "მეთხუთმეტე ზაფხული". არჩევანი ჩემზე შეაჩერა და ასე მივიღე პირველი როლი. მერე, ლეილა გორდელაძემ გადამიღო ფილმში "მოიტაცეს თამარ ქალი". ამას მოჰყვა "მხიარული რომანი". სამივე ფილმი 15-დან 17 წლამდე მოვასწარი...
- მერე, რატომ დასრულდა თქვენი კინოკარიერა ასე მალე?
- (იღიმება) გასაგები მიზეზების გამო.
- გინდათ, მე გითხრათ ეს მიზეზები?
- აბა, თქვით!
- ამბობენ, დათო გოგია ისეთი ეჭვიანი ქმარი აღმოჩნდა, რომ კინოში გადაღება კი არა, შინიდანაც აღარ უშვებდაო...
- ეგ მართალია. 17 წლის გავთხოვდი და მაშინვე გამოვემშვიდობე კინოს, რადგან ქმარმა კატეგორიულად მომთხოვა ეს.