- არა, მართლა, რომ არ მოვიდე, რა მოხდება? - ნანათე საწოლში წამოჯდა და ხელები მუხლებზე შემოიხვია, - მეძინება.
- არა არსებობს! - ლურჯმა თვალებმა ნაპერწკლები გაყარა, - ძალიან ნუ «გამიგულავდი», თორემ შენი დასჯაც არ გამიჭირდება, ხომ იცი? დღეს აუცილებლად მჭირდები. კალმახელიძესთან უნდა გავაფორმოთ ხელშეკრულება. უშენოდ ეგ საქმე არ გამოვა. ასე რომ, ტყუილად მექარაგმები, მაინც არაფერი გამოგივა.
- არ გექარაგმები, ილია, მართლა ვერ მოვალ შუადღემდე. მეკოს უნდა გავყვე ექიმთან.
- ეგ შენი მეკო რა სულ ავად არის? რით ვერ მოირჩინა თავი? აბა, მე რა ვქნა, თამრიკო წავიყვანო თუ ჟენია? რას მირჩევ, თუ იცი? - ილიას თავისსავე ნათქვამზე გაეცინა.
- ჟენიას გირჩევ, - აკისკისდა ნანათე, - სხვა თუ არაფერი, მიულაგებს მაინც კალმახელიძეს კაბინეტს.
- ნუ ცუღლუტობ, ადე, ადე! - საბნის გარედან უკანალზე მსუბუქად წამოარტყა ქალს და ოთახიდან გავიდა.
ნანათე გადაბრუნდა და თავი ბალიშში ჩარგო. ყრუდ ამოიკვნესა. ილია ისევ შემობრუნდა.
- საათი მრჩებოდა, - თავისთვის ჩაილაპარაკა და ირგვლივ მიმოიხედა.
- აგერ დევს, - ნანათემ კამოდისკენ გაიხედა.
მამაკაცმა საათი მაჯაზე ჩამოიცვა და კარისკენ გაემართა.
- ილია! - შეცვლილი ხმით გასძახა ქალმა.
- რა იყო?
- არა… არაფერი, - სევდიანად გაისმა ნანათეს ხმა, - უბრალოდ, მინდოდა შემეხსენებინა, რომ წასვლის წინ საყვარელს, ჩვეულებრივ, კოცნიან ხოლმე.
- დოზა მიღებული გაქვს, ზედმეტი გაწყენს, - გაუღიმა გოკიელმა კარი გაიხურა.
ღმერთო! სულ არ უყვარს ამ კაცს! იოტისოდენადაც კი! უბრალოდ, კარგად გრძნობს მასთან თავს და ეგ არის! აი, ნანათეს კი უყვარს. ის კი მხოლოდ სარგებლობს ამ სიყვარულით. რამხელა განსხვავებაა მათ შორის!
ილია მარტოხელა მგელივითაა, თავისუფალი სული! მას არავინ სჭირდება თავის ჩაკეტილ სამყაროში, მარტოც არაჩვეულებრივად გრძნობს თავს. მას მხოლოდ თავისი ბიზნესი აღელვებს, მხოლოდ მისი ერთგულია. ვინ იცის, რამდენ ქალს უოცნებია ამ «ენერგიის საბადოზე», მით უმეტეს, რომ უცოლოა და შეძლებული. ამიტომაც აწყობს ასეთი ცხოვრება. ქალი მისთვის მეორეხარისხოვანი «საქმეა», რომელიც შეიძლება თვეების განმავლობაში არც გაახსენდეს. მას ქალის შეყვარება არაფერში სჭირდება. მისთვის კარგი სექსი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მოზღვავებული ენერგია გაიორმაგოს.
ასეთი საოცარი ადამიანი ჯერ არ შეხვედრია. გამორიცხულია, პირადი ცხოვრება სამსახურზე წინ დააყენოს. ასეთ მსხვერპლს არასდროს გაიღებს. ნანათეს უკვირს კიდეც, როგორ «გარისკა» და თანამშრომელთან როგორ გადაწყვიტა რომანის გაბმა. მისგან ასეთი ნაბიჯის გადადგმა თითქმის დაუჯერებელი ამბავია. ამიტომაც მალავს სამსახურში ნანათესთან ურთიერთობას. აი, რამდენჯერ გაუთენებიათ ღამე აქ, ილიას ჭერქვეშ და მეორე დილით ერთად არასდროს წასულან სამსახურში. ჯერ ილია მიდის ხოლმე მანქანით, მერე კი ნანათე ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით. ასე მოისურვა ბოსმა. ეს მისი აუცილებელი მოთხოვნაა.
დღისით აუტანელია მის გვერდით ყოფნა. უფროსის ამპლუა საშინლად არ უხდება. მკაცრია, მომთხოვნი. ღამით კი… ღამით მისი სრული გარდაქმნა ხდება. როგორც ზღაპრებშია, დაახლოებით ისე - ბაყაყი რომ მზეთუნახავად გადაიქცევა. რა სულელური შედარება მოიყვანა! თუმცა, სიმართლესთან ძალიან ახლოსაა. ისეთი თბილია საწოლში, ისეთი მზრუნველი… ხანდახან იჯერებს კიდეც, რომ ილიას უყვარს იგი, უბრალოდ, არ უმხელს.
დილით კი, ადგება თუ არა, ისევ იმ საქმიან ბოსად გარდაიქმნება, მთელი დღე რომ უწევს ყურება. თუმცა, მიეჩვია. არც ის სწყინს, მისი საყვარელი მანქანით რომ მიდის სამსახურში, თვითონ კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით უწევს ჩაქჩაქი მთელი 20 წუთი. იცის, რომ ასეთი ურთიერთობა უფრო უსაფრთხოა. რა საჭიროა, თანამშრომლების ჭორების სამიზნე გახდეს? ეს გულისტკენის მეტს არაფერს მოუტანს.
როგორც იქნა, ადგა. ფეხები საწოლიდან გადმოყო და ხელებით მის კიდეს დაეყრდნო. გული ისე უცემდა, თითქოს ძაფზე ჰკიდია და საცაა, გაწყდებაო.
მალე ყველაფერი დამთავრდება. ამდენი ლამაზი და ბედნიერი დღის შემდეგ, წინ საშინელი მარტოობა და მოწყენილობა ელოდება. და ამ ყველაფერში არავინაა დამნაშავე, მის გარდა. თუმცა, არც ამის აღიარებს მოაქვს მისთვის შვება.
თვალები ცრემლით დაენამა. მორჩა, აღარ გააგრძელებს ფიქრს, თორემ აღრიალდება. თან.. ისევ მოებჯინა გული ყელში, როგორ აზიდებს!… სწრაფად ადგა და პერანგისამარა შევარდა სააბაზანოში…
8 8 8
თორმეტის ნახევარი იყო, პოლიკლინიკიდან რომ გამოვიდა და ქუჩას ნელი ნაბიჯებით გაუყვა. თავდახრილი ტუჩებს იკვნეტდა. ესეც ასე! გამართლდა მისი ვარაუდი. ორსულადაა. მორჩა, მორჩა! აქ დამთავრდა ყველაფერი. ჯერ კიდევ როდის გააფრთხილა ილიამ, არ დაორსულდეო. როგორ გამოეპარა? ხომ იყენებდა თავდაცვის საშუალებებს? ექიმმა უთხრა, ასპროცენტიან გარანტიას ვერც აბები იძლევა და ვერც პრეზერვატივიო. აბა, რა ჯანდაბისთვის გამოიგონეს ან ერთი, ან მეორე? სპირალი რომ სპირალია, ისიც კი არ არის ბოლომდე სანდოო.
როგორი იმედი ჰქონდა, რომ შეიყვარებდა გოკიელი. ყოველ მორიგ შეხვედრაზე უჩნდებოდა ეს იმედი და მერე კვლავ ქრებოდა. ვერა და ვერ ჩაწვდა ბოლომდე მამაკაცის ბუნებას, ვერ შეეხო მისი სულის სიმებს. არ მიუშვა ასე ახლოს. დაქორწინებაზე ხომ სიტყვის გაგონებაც არ უნდა. შეყვარებით ხომ არ შეიყვარა და არც არასდროს შეიყვარებს.
რატომ უკვირს? თავიდანვე ყველაფერი ნათელი იყო - ილიამ გარკვევით აგრძნობინა - ილუზიებით თავს ტყუილად ნუ შეიწუხებო. გოკიელის ცხოვრებაში არ არის არც დრო, არც ადგილი ოჯახური ურთიერთობისათვის. გაურბის მოვალეობებს და ყოფილი ცოლის ჩრდილში იმალება დღესაც. მაგრამ ნანათემ ხომ თავიდანვე იცოდა ეს? ახლა რაღას წუწუნებს?
რა გულუბრყვილო ხარ, ნანათე!
სასწრაფოდ უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს. ილიამ რომ გაიგოს, ვერ გადაურჩება. და მართალიც იქნება. ჩვილი ბავშვის დროა ახლა? გასათხოვარი ქალიშვილი ჰყავს!
სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მას ვერაფერს ეტყვის. ყველაფერი ისე უნდა მოაგვაროს, რომ, როცა ილია გაიგებს, ნაკლებად მტკივნეული იყოს მისთვის. და ისეთ დროს ეტყვის ყველაფერს, როცა უკვე აღარაფრის შეცვლა იქნება შესაძლებელი.
სულერთია, ცოლად მაინც არ შეირთავს. არც არის საჭირო. ახლა მადლიერი მაინცაა. მოვალეობის მოხდის გამო რომ დაქორწინდეს მასზე, სამუდამოდ შეიძულებს. ეს კი არ უნდა. ურჩევნია, ახლავე დამთავრდეს ყველაფერი.
ყველაფერს აჯობებს, რაც შეიძლება მალე გაწყვიტოს მასთან ურთიერთობა. დღეს იქამდე ვერ ადგა ლოგინიდან, სანამ ილია არ წავიდა. ბოლო დროს სულ გულისრევები აწუხებს. როგორც კი წამოდგება, ეგრევე სააბაზანოში გარბის… ძლივძლივობით ახერხებს უსიამოვნო შეგრძნებების დამალვას მისი თანდასწრებით.
სახე მთლად გაუფითრდა. ფიზიკურადაც გრძნობს, რომ ვერ არის ჯანზე, სულ მიგდებულია, სულ დაღლილია. არადა, დღეს სამსახურში რომ არ მივიდეს, ილიას ძალიან გააბრაზებს. როდემდე აპატიებს? ყველაფერს აქვს საზღვარი.
ახლა ფიქრის დრო არ არის, არც აქვს აზრი. როგორმე უნდა მიატანოს საღამომდე და შემდეგ კარგად აწონ-დაწონოს სიტუაცია. დღეს შინ წავა, მეკოსაც გაენდობა. იქნებ იმან ურჩიოს რამე ჭკვიანური.
8 8 8
ხელშეკრულების ფორმები ამობეჭდა თუ არა, ილია ქარივით შემოიჭრა მის კაბინეტში.
- კალმახელიძესთან დამირეკე! - უბრძანა მენეჯერს და გაქრა.
ნანათეს სუნთქვა შეეკრა. ძლივს შეისუნთქა ჰაერი. რა იყო ეს? ასე რამ მოუჭირა ყელში? თითქოს სპაზმი დაემართა, სული შეეხუთა. ნუთუ ეშინია? თვალებში ვერ შეუხედავს საყვარელი ადამიანისთვის, ჩემს გასაჭირს არ მიხვდესო. ესაა ცხოვრება?!
კლიენტის ნომერი აკრიფა და უფროსთან გადართო. მერე სავარძელში გადაწვა, საჩვენებელი თითები ნიკაპქვეშ ამოიდო და თვალები დახუჭა. ასეთი მაინც არ იყოს ეს კაცი, უფრო გაუადვილდებოდა თქმა. მაგრამ ისეთი უხეშია… გამორიცხული არ არის, ერთი გემრიელად გაულაწუნოს ან ყველას თვალწინ აბუჩად აიგდოს. ელისო უწყინარი სიყვარულის ახსნისთვის დაითხოვა და ნანათეს რას უზამს, როცა ეტყვის, შენგან ბავშვს ველოდებიო?
ამასობაში ილიამ დაურეკა, კაბინეტში შემოდიო. ძლივს აითრია წელი. ეს წელის ტკივილი რაღას დასჩემდა? ნუთუ ასე იცის ორსულობამ? რა საშინელებაა! ვერც ვერავის ვერაფერს ეკითხება. რატომ ექიმს არ უთხრა, რა ჩივილებიც ჰქონდა? წამლებს გამოუწერდა. ღებინება სამ თვემდე გექნებაო. მერე გაგივლისო… მერეო…
არავინ იცის, რა იქნება სამ თვემდე… მით უმეტეს, მერე…
შეეცადა, დამშვიდებული სახე მიეღო, სანამ ილიასთან შევიდოდა. თამრიკომ მდუმარე მზერა ესროლა. რატომღაც, ისიც არ იყო დღეს ხასიათზე.
«ჩემს გულს ქვემოთ შენი შვილია მოკალათებული!» - გაიფიქრა ნანათემ, როცა მამაკაცის პირდაპირ დაჯდა და ბლოკნოტი წინ დაიდო, - «მე ჩვენს პირმშოს ვატარებ მუცლით».
თვალზე მომდგარი ცრემლი რის ვაივაგლახით ჩააბრუნა უკან და თავი დახარა, რომ თავი არ გაეცა. ვეღარ აჰყავს თავი ხელში, რა გულჩვილი გახდა!
- რა ჰქენი, შეხვდი შენს დაქალს?
- რომელ დაქალს? - ილიას ხმამ ისე დააბნია, გადაავიწყდა, დილით რომ უთხრა, მეკოს უნდა გავყვე ექიმთანო.
მშვიდად, ნანათე, ტყუილში არ გამოგიჭირონ! ტუჩი მოიკვნიტა შეშინებულმა და მალულად გახედა ქაღალდებში თავჩარგულ გოკიელს, - ჰო, როგორ არა. ვიყავით, გაესინჯა და ყველაფერი რიგზეა.
თუმცა, ილია არც უსმენდა. შუბლშეჭმუხნილი გამალებით ეძებდა რაღაცას.
- ვახ! ძლივს არ ვიპოვე?! - ილიამ შვებით ამოისუნთქა და შუბლი გახსნა, - აჰა, ესენი გაამზადე ექვს ეგზემპლარად და გადაუგზავნე კალმახელიძეს.
- კარგი, - ნანათე წამოდგა.
ილიამ მხოლოდ ახლა შეხედა. როგორც ჩანს, ქალის ხმა არ მოეწონა.
- ნან, ცუდად ხარ? რა ფერი გადევს?
შეამჩნია… მაინც შეამჩნია! სხვა დროს ალბათ როგორ გაუხარდებოდა. ახლა კი… ჭიანჭველებმა დაურბინეს სხეულში.
- ცოტა თავი მტკივა… ალბათ მაგნიტური დღეა, - გაიღიმა.
- შენ ვერ გამოიძინე და იმის ბრალია, - ეშმაკურად გამოხედა ილიამ, - გაამზადე ეგენი და წადი მერე, დაიძინე.
- ამაღამ შინ წავალ.
- ეგრე ჯობია, ცოტას დაისვენებ, - დაეთანხმა მამაკაცი, - ხვალ საღამოს კი ენერგიით სავსე ჩემთან გამოხვალ.
- ჰო, - ნაძალადევად გაუღიმა.
- რაღაც არ გაგიხარდა თითქოს. მართლა კარგად ხარ? - დაეჭვდა ილია.
- რა უნდა დამმართნოდა? კარგად ვარ. გამივლის თავის ტკივილი.
არადა, მართლა სტკიოდა. ამჯერად არ იტყუებოდა. ბარბაცით გამოვიდა უფროსის კაბინეტიდან. რა უბედურებაა? რაღა ახლა ატკივდა ყველა ორგანო? შიშის ბრალია ალბათ. პანიკაშია უკვე, როგორც ხაფანგში მომწყვდეული თაგვი. უმწეოდ აწყდება კედლებს.
სამსახურში საღამომდე მაინც დარჩა. გამზადებული საბუთები ილიას შეუტანა და ისიც გაეშურა საქმის მოსაგვარებლად. შეხვედრა 4-ზე ჰქონდა დანიშნული. უკვე 6 ხდებოდა და არ მობრუნებულა. დღეს თამრიკოც ადრე წავიდა სახლში, ვცივდები და სიცხე მიწევსო.
მარტო დარჩა სართულზე… და გააკეთა ის, რაც ადრე არასდროს გაუკეთებია. ილიას კაბინეტში შევიდა, ბარის კარი გამოაღო, არაყი «ფინლანდია» გადმოიღო, დაისხა და დალია. ალკოჰოლმა გულ-მუცელი ჩაუწვა. დაიჭყანა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ სასმელმა სისხლძარღვები გაუფართოვა და გააბრუა.
ესეც ასე! თავის ტკივილი მოეხსნა. არც გული ერევა. რა კარგი ყოფილა დალევა! სხვა დროსაც გააკეთებს ამას. აი, ხვალ სამსახურში წამოიღებს არაყს და შიგადაშიგ გადაჰკრავს ხოლმე. რა სასაცილო ვინმეა! ასე, მთვრალმა უნდა იაროს? მერე სუნი? ილიას რას გამოაპარებს? იფიქრებს, საყვარელი გამილოთდაო.
არა, ასე არ ივარგებს. თანაც, ბავშვს შეიძლება ავნოს. ხელი ფრთხილად მოისვა მუცელზე. უკვე მეორე თვეშია. თუ დროზე არ მიხედა თავს, მალე შეეტყობა ორსულობა. მერე ამის დაფარვას ვეღარ შეძლებს.
რა საოცარი რამაა ცხოვრება. აი, ის ახლა მუცლით ილიას ცხოვრების ნაწილს ატარებს და ეს ნაწილი თანდათან გაიზრდება, გაიზრდება, დამრგვალდება, ამოძრავდება… მერე კი ღნავილით მოევლინება ამ ქვეყანას. პატარა, გაბუსუნებული, თმახუჭუჭა ბიჭი ან გოგონა. რატომ თმახუჭუჭა? არ იცის. ეს ისე გაიფიქრა, უბრალოდ…
არა, აბორტს არ გაიკეთებს! აი, ამწუთას მიიღო ეს გადაწყვეტილება. სულ რომ ქვეყანა დაიქცეს, შეინარჩუნებს ბავშვს და გააჩენს. მისი ცოლი მაინც ვერასდროს გახდება. ერთ მშვენიერ დღეს მაინც დაშორდებიან ერთმანეთს და რაღა შერჩება მერე? არაფერი. ამას მაინც დაიტოვებს. შვილი მაინც დარჩება მოსაგონებლად. ჰოდა, მარტოც აღარ იქნება.
მაგრამ გააჩენინებს ილია? არავითარ შემთხვევაში! ამიტომ არ ეტყვის. ცოცხალი თავით არ გამოუტყდება, რომ ორსულადაა. მაგრამ როგორ დამალოს? მთელი რვა თვეა წინ ჯერ… როგორ და… წავა სამსახურიდან. ილიასათანაც გაწყვეტს ურთიერთობას.
საერთოდ გაქრება მისი ცხოვრებიდან.
ამის გაფიქრებაზე გააჟრჟოლა. სხვა გზას ვერ ხედავს. მერე? უსამსახუროდ როგორ იარსებოს? ცისიას იმედზე ხომ არ იქნება? ღმერთო, რა გამოუვალ მდგომარეობაშია.
არა, ასე არაფერი გამოვა. ახლავე წავა, დაურეკავს მეკოს, ორივენი გავლენ ცისიასთან და მოილაპარაკებენ, როგორ მოიქცეს. ასე აჯობებს. მარტო ვერაფერი მოიფიქრა. იქნებ, მეგობრების ჭკუამ აჯობოს.
ნანათე ფანჯარას მოსცილდა, არყის ბოთლი თავის ადგილზე დააბრუნა, ჭიქა გარეცხა და კაბინეტიდან გამოვიდა…
8 8 8
- დარწმუნებული ხარ, რომ ბავშვი არ უნდა? - ცისიას ნანათეს ხელი ხელში ეჭირა და თითებზე ეფერებოდა.
მეკო კუშტი მზერით შესცქეროდა მეგობარს.
- იხტუნავე, იხტუნავე და აჰა! ეგღა გაკლდა სრული ბედნიერებისთვის! - ვეღარ მოითმინა ბოლოს.
- მეკო, გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს! - ცისიამ უკმაყოფილო სახით გახედა, - ყველას შეიძლება ეს დაემართოს. არც შენ იქცევი ყოველთვის მამა აბრამის ბატკანივით.
- ყოველ შემთხვევაში, ბავშვი არ ამიკიდებია, - წამოჭარხლდა მეკო.
- მაგას არა აქვს მნიშვნელობა. ახლა იმაზე ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ. რა ჯობია ასეთ დროს?
- რა ჯობია და აბორტი! - მეკომ «განაჩენი» გამოიტანა.
- ამაზე უკეთესს ვერაფერს ურჩევ? - ცისიამ სიცილი ვერ შეიკავა.
- აბა, რა უნდა ქნას? ვინ გაუზრდის მერე იმ ღლაპს? იქნებ ჩემი იმედი აქვს ან შენი? - არ ცხრებოდა მეკო.
- შენი იმედი დედაშენს არა აქვს, მე კი არა, - ხმა აუკანკალდა ნანათეს და ღაწვზე ჩამოგორებული ცრემლი ხელის ზურგით მოიწმინდა, - ნუ იცი ხოლმე ადამიანის მიწასთან გასწორება.
- აბა, ერთი უყურე, რას ამბობს! - ხელები გაშალა მეკომ და წამოხტა.
- კარგი, კარგი, დაწყნარდით ორივენი. ახლა ჩხუბის დრო არ არის. აბორტი სულაც არ არის გამოსავალი. ბავშვმა რა დააშავა? უნდა გაჩენა? გააჩინოს. ჩვენ რისთვის ვართ? დავეხმარებით.
- მე ჩემს თავს ვერ დავხმარებივარ, ამას როგორ დავეხმარო!
- მეკო, გაჩუმდი ერთი წამით, არ შეგიძლია? შენ ვერ დაეხმარები, მე და კახა დავეხმარებით. რაღაცას მოვიფიქრებთ. ღვთის მადლით, გაჭირვებული არ ვარ და ერთ ორსულ ქალს როგორმე შევინახავ. მერე რა იცი, რა ხდება. იქნებ ილიას ისე…
- არავითარ შემთხვევაში! - გააწყვეტინა ნანათემ, - მაგან რომ გაიგოს, თავს მოვიკლავ!
- რატომ, რატომ? იქნებ სულაც არ არის ის კაცი წინააღმდეგი?
- არის, ვიცი, რომ არის! თანაც… ლიკატოც გაგიჟდება. სამუდამოდ შემიძულებს.
- და რატომ გგონია? შენ არ ამბობდი, მამამისს სულ ეჩხუბება, რატომ არ მოგყავს ნანათე ცოლადო? ამას თუ უშვებს, იმასაც ხომ დაუშვებს, რომ იმ ცოლად მოყვანას დაორსულებაც შეიძლება მოჰყვეს?
- მე მაგან თავიდანვე სასტიკად გამაფრთხილა. არავითარ შემთხვევაშიო. ზედმეტი ბარგი არ მჭირდებაო, რით ვერ გაიგეთ?
- რა არის ზედმეტი ბარგი, ადამიანო, შვილი? სისულელეს ნუ როშავ! შეიძლება ფიქრობს კიდეც ასე, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დადგება, შეიცვლის აზრს. შენს გაბერილ მუცელს რომ ნახავს, ქვის გული ხომ არა აქვს, არ მოლბეს?
- ყველაფერს აჯობებს, თბილისიდან საერთოდ წავიდე, - ყრუდ ჩაილაპარაკა ნანათემ.
- და სად? ვინ მიგელის? ვინ გყავს ჩვენ მეტი ახლობელი?
- ეგ არ ვიცი… სადმე.
- მაგას ჯობია, მართლა მოიცილო. ხომ გეუბნებით, ეს არის საუკეთესო გამოსავალი-მეთქი. თუ გაჩენა მოგინდება, მერეც შეგიძლია ეგ გააკეთო. ცოტა ფული დააგროვე, ფეხზე დადექი და მერე აჩინე, რამდენიც გინდა. კაცების მეტი რა არის, სექსზე რომელი გეტყვის უარს ამ მარწყვივით ქალს! - მეკო თავისაზე იდგა.
დიდხანს ილაპარაკეს, რამდენიმე ვარიანტი განიხილეს, მაგრამ მაინც ვერაფერი მოიფიქრეს. ამასობაში კახაც მოვიდა…
8 8 8
გოგონები გვიან დაიშალნენ. ნანათე მარტო წამოვიდა სახლში, რადგან მეკომ ცისიასთან ისურვა დარჩენა. ოჰო-ჰო-ჰო! როგორ გაჭორავს ახლა! გულს მოიოხებს მისი გაკრიტიკებით. თუმცა ამწუთას ეს სულაც არ ანაღვლებდა. ნანათე ამწუთას კახაზე ფიქრობდა. მამაკაცი ისეთი მდუმარებით შეხვდა მისი ორსულობის ამბავს, სახტად დარჩა. ალბათ როგორ შეუკურთხებდა გულში. ვინ იცის, იქნებ იმასაც ფიქრობს, ჩემს ცოლს მსუბუქი ყოფაქცევის დაქალები ჰყავსო. იქნებ არც მოსწონს, გოგონები რომ მეგობრობენ ცისიასთან.
არადა, როგორი იმედი ჰქონდა. კაცია და იქნებ რამე ჭკვიანური მირჩიოსო, ფიქრობდა ნანათე.
რა საშინელი რამეა ეს ფეხმძიმობა! ახლა უნდა გასივდეს, დამძიმდეს, დაუშნოვდეს… დააყრის ჭორფლებივით ყავისფერ ხალებს… იქნებ მართალია მეკო და მართლა არ ღირს ამ ბავშვის გაჩენა? აუტკივარ თავს რატომ იტკივებს უაზროდ? დედობა ხომ ადვილი საქმე არ არის? გარდა იმისა, რომ ბავშვს მოვლა უნდა, უამრავი რამ სჭირდება. იმ უამრავ რამეს კიდევ - ფული. რა უნდა ქნას? თან იმუშაოს, თან ბავშვი ზარდოს, არ გამოვა. რომ არ იმუშაოს, უფულოდ რა უნდა აკეთოს? სანამ გაქაჩავს?
თავს ძალა დაატანა, რომ რამდენიმე ლუკმა გადაეყლაპა მთელი დღის ნაშიმშილებს. რა ეშველება! საერთოდ გაუქრა ჭამის მადა. თანაც, შეჭამს თუ არა, ეგრევე გულის რევის შეგრძნება ეუფლება. ნეტავ სხვები როგორ იტანენ ორსულობას? 9 თვე როგორ ძლებენ ასეთ პირობებში?
ამ ფიქრებში იყო, ტელეფონმა რომ დარეკა. როგორ არ უნდოდა ახლა ვინმესთან ლაპარაკი. ვინც უნდა ყოფილიყო, სულერთი იყო მისთვის. არადა, ტელეფონი არა და არ ჩერდებოდა.
- ღმერთო ჩემო, არ უნდა მიხვდეს, რომ არ ვპასუხობ ამ საზიზღარ ზარს?! - იყვირა მოთმინებიდან გამოსულმა და ჟურნალების მაგიდისკენ დაიძრა.
გაგულისებულმა მიიდო ყურმილი ყურთან და ბუზღუნით ჩასძახა.
- ალო!
- ნან, სად იყავი? მთელი საღამოა, გავსკდი რეკვით, - ილია იყო.
- ცისიასთან. ახლახან მოვედი.
- ააა! - რამდენიმე წამით პაუზა გააკეთა გოკიელმა, - მარტო ხარ?
ნანათეს გაუკვირდა, რატომ დაინტერესდა მამაკაცი ამით. რადგან დღეს შეთანხმდნენ, არ შევხვდებითო, წესით, არც უნდა დაერეკა და, მით უმეტეს, მარტო ხარ თუ არაო, არ უნდა ეკითხა.
- არა, - ირონიულად უპასუხა, - კაცი მყავს სტუმრად და ელოდება, როდის მოვრჩები შენთან ლაპარაკს, - ჩაიცინა, - მარტო ვარ, კი. მეკო ცისიასთან დარჩა.
- არ მიყვარს, როცა ასე ხუმრობენ, ხომ იცი?! - უკმაყოფილოდ გაისმა მამაკაცის ხმა, - გნახავდი, თუ რამეა…
- რატომ? შენ ხომ შეხვედრა გქონდა?
- შეხვედრა გადაიდო, თან გაურკვეველი ვადით. შენ რა გჭირს? ისევ ცუდად ხარ?
- არა, ცუდად არ ვარ. უბრალოდ… მთლად კარგადაც ვერ ვარ. დღეს არ შემიძლია არც შენი მიღება და არც შენთან მოსვლა.
- რა ოფიციალური განაცხადია? მე კი ისე მომინდა შენი ნახვა…
რაო? ნახვა მომინდაო? ნეტავ რა ეტაკა? ხომ არ დალია? იქნებ ნასვამია და იმიტომაც ჭიკჭიკებს ასე?
- ჰა, მოვიდე თუ მოხვალ? მეც მარტო ვარ. ლიკატო ამაღამ მეგობართან რჩება.
ნანათეს თან სიამოვნებდა ეს სიტუაცია, თან გული უკვდებოდა. აქამდე ილიას არასდროს გამოუთქვამს მისი სულმოთქმელად ნახვის სურვილი. თვითონ კი ისე ცუდადაა, იძულებული ხდება, უარით გაისტუმროს.
- რატომ ჩაიშალა შეხვედრა? - შეეცადა, სხვა თემაზე გადაეტანა საუბარი.
- რა ვიცი, აბა! თვითონ არ იციან, რა უნდათ. დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ ყველაფერი და მერე დამიკავშირდით-მეთქი, დავუბარე და წამოვედი. აზრზე არ არიან არაფრის. მე კი მაგათი ნერვი არ მაქვს. ისედაც თავზე მაყრია ყველაფერი, მილიონი საქმე მაქვს მოსაგვარებელი.
- ჰო… - გულგრილად შენიშნა ნანათემ.
- ამიტომ ახლა შენთან მოვდივარ. ვერ ვარ ხასიათზე. ერთადერთი, შენ თუ გამანეიტრალებ ამაღამ.
- არა! - ლამის იყვირა ქალმა, - დაღლილი ვარ, თან ცუდად ვგრძნობ თავს. უნდა დავწვე და გამოვიძინო. ხვალ გნახავ. ღამე მშვიდობისა, - სხაპასხუპით მიაყარა საყვარელს და ყურმილი დაუკიდა.
არა, ახლა მართლა არაფრის თავი არა აქვს… არა-ფრის!
ალბათ ეწყინა ილიას, ასე რომ მოექცა. მერე რა? ცივი წყალი დალიოს. მაინც აპირებს მასთან ურთიერთობის გაფუჭებას. მეტიც - საერთოდ გაწყვეტას. იქნებ არ ღირს? იქნებ აბორტი გაიკეთოს და ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელოს? მასთან ისე კარგად გრძნობს თავს… ბოლო დროს მით უმეტეს, ძალიან შეეწყვნენ ერთმანეთს. უფრო დაუახლოვდნენ. ილია თავის სამსახურის საქმეებზე ისე უყვება, თითქოს ცოლი იყოს ნანათე მისი. ყველა საიდუმლოს უმხელს, რჩევებსაც კი ეკითხება. ამას კი ახლა მოუნდა დაორსულება, ბავშვის გაჩენა და ყველაფრის გაფუჭება, რაც სიხარულს ანიჭებს!
მოულოდნელად უწყვეტი ზარი შემოსასვლელში გაისმა. ვიღაც მოადგა. ვინ უნდა იყოს ამ შუაღამეს? მეკომ და ცისიამ ხომ არ დასცხეს ერთმანეთს?
წელი ძლივს აითრია. ცალი ხელი თეძოზე შემოიდო და მძიმედ გაემართა კარის გასაღებად.
რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როცა სადარბაზოში ილია დაინახა, რომელიც კედელს მიყრდნობოდა და ცალი ხელით ოდნავ მოშვებულ წვერს ივარცხნიდა.
- მე მეძინა! - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ნანათემ და განზე გადგა, რათა მამაკაცი ოთახში შემოსულიყო.
ილიას არაფერი უთქვამს. უხმოდ გაიარ-გამოიარა ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა და მაგიდასთან გაჩერდა. ერთხანს უსიტყვოდ მისჩერებოდნენ ერთმანეთს. ილია, როგორც ყოველთვის, სიმპათიურად გამოიყურებოდა. ნანათეს კი სახე მთლიანად წაშლოდა.
- არ მეტყვი, რა გჭირს? - ოდნავ გასაგონი ხმით იკითხა მამაკაცმა.
სევდიანი მზერით გახედა. ბრაზობს? არა, არ ბრაზობს… შეფიქრიანებული უფროა, ვიდრე გაბრაზებული. რა უნდა უპასუხოს? სიმართლეს ვერ ეტყვის, ტყუილი კი… როგორ უჭირს ტყუილის თქმა.
- რაღაც გაფითრებული მეჩვენები, თან დაბნეული… შეშინებული იყურები აქეთ-იქით, თითქოს ვიღაცას ემალებიო… რამე ხდება? - მისდა გასაკვირად, აქამდე უჩვეულო, ალერსიანი ტონით შეეკითხა მამაკაცი და პასუხს არ დაელოდა, ერთი ღრმა ამოიხვნეშა და გააგრძელა.
- ვიცი, უნამუსო კაცი ვარ, ვერ გექცევი სათანადოდ. შენისთანა ქალი კაცს კინოში უნდა დაჰყავდეს, თეატრში, რესტორანში… მე კი, ჩემი სამსახურის გადამკიდე, ბოლო დროს ვეღარ ვიცლი ასეთი რამეებისთვის.
ნანათემ პასუხის გასაცემად პირი გააღო, მაგრამ ილიამ არ დააცადა.
- ვიცი, რაც უნდა მითხრა. სანამ ჩვენ შორის რამე მოხდებოდა, ხომ იცლიდიო? და მართალიც იქნები. თუმცა, არ ვეკუთვნი მამაკაცების იმ კატეგორიას, თავისას რომ მიაღწევენ და მერე ყველაფერს გულგრილად უყურებენ. უბრალოდ, ასე მოხდა. ცოტა კიდევ და გამოვასწორებ სიტუაციას.
- მე ამის თქმა არ მინდოდა. ხომ იცი, რომ არაფერს ვითხოვ შენგან? ძალიან გთხოვ, თავს ნუ იმართლებ. ამის გამო კი არ ვარ ეგრე.
- აბა, რატომ ხარ? რატომ არ მეუბნები, რა გჭირს?
- ისეთი არაფერი, ჩვეულებრივი ქალური კაპრიზია. ჰორმონებია ყველაფერში დამნაშავე.
- აჰააა. მე კი მეგონა, აღარ გიყვარდი.
ამის გაგონებაზე ნანათე შეკრთა. ტალღასავით გადაუარა სახეზე სიწითლემ, მაგრამ არ დაბნეულა.
- მიყვარდი? განა ოდესმე მითქვამს, რომ მიყვარდი?
- არა? - კითხვას კითხვა დაახვედრა ილიამ და დაჟინებით მიაჩერდა, თითქოს მის სულში ჩაძრომას ლამობდა.
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ეს სახუმარო თემა არ არის, - დაღლილი ხმით მიუგო და მზერა აარიდა.
- მერედა, ვინ თქვა, რომ ვხუმრობ? ასეთი სერიოზული მოლაპარაკებების დროსაც კი არა ვარ ხოლმე. შენ კი ისე მიყურებ, თითქოს უცხოპლანეტელი ვიყო, თითქოს პირველად მხედავდე. რამე გაწყენინე? მითხარი, რა გაწუხებს, იქნებ შველა შემიძლია. - ახლა უკვე მოუთმენლობა დაეტყო ხმაში.
ნანათეს ცეცხლი წაეკიდა. შიშმა შეიპყრო, ვაითუ, ვერ მოვითმინო და სიმართლე ვაღიაროო. ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია და თვალებდახუჭულმა თავი გადააქნია. მამაკაცი მისგან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით იდგა და წამითაც არ უცდია, მიახლოებოდა, მოფერებოდა… როგორც ჩანს, ცოტათი მაინც არის გაბრაზებული… არ შემცდარა…
- ხომ გითხარი, დავიღალე-მეთქი. სხვა რა უნდა მჭირდეს? ჩვეულებრივი ქალური ამბავია, შენ არაფერ შუაში ხარ, - მხრები აიჩეჩა და შეეცადა, მშვიდი სახე მიეღო.
თქვა და საკუთარი ხმა თავად ეუცხოვა. თითქოს მის მაგივრად სხვა ქალი ლაპარაკობდა. საწყლად, უცნაურად. ხომ არ მოკვდა? არა, რა თქმა უნდა. მიცვალებულები ასეთ ტკივილს არ განიცდიან. მიცვალებულები ასეთ დროს, პირიქით, სიმსუბუქეს გრძნობენ…
- აი, თურმე რაშია საქმე. არავითარი განსაკუთრებული საიდუმლო არ არსებულა. ამას არა უშავს, მაგრამ მე მაინც ვიგინდარა ვარ, - ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა ილიამ და ფეხის წვერებზე რამდენჯერმე აიწია და დაიწია.
გაგრძელება იქნება