ნანათე თვალს არ აშორებდა საყვარელ ადამიანს. ილიას დაძაბულობა ნელ-ნელა მოეხსნა, სახე გაუნათდა, შუბლი გაეხსნა, დაუსტვინა კიდეც.
შემდეგ ხელები ამოიღო ჯიბიდან, ნანათეს მიუახლოვდა და ხელისგული ნაზად მოუსვა ღაწვზე. ქალს თავბრუ დაეხვა. შემდეგ წელზე იგრძნო მისი ძლიერი მკლავის მოხვევა და უნებლიეთ თვალები მილულა.
- იცი, როგორ შემეშინდა? - უჩურჩულა ილიამ, - მეგონა, მოგბეზრდა ჩემთან და გადაწყვიტე, თავიდან მოგეშორებინე. ამიტომაც გამოვიქეცი, რაღაც არ მომეწონა შენი ხმა. თურმე რა მარტივი მიზეზის გამო გითქვამს შეხვედრაზე უარი.
ნანათე გაოცებული ისმენდა მამაკაცის «აღიარებით ჩვენებას». რას ნიშნავს ეს? სიყვარულს უხსნის თუ რა მოელანდა? ასეთი გულახდილი არ ახსოვს, ოდესმე ყოფილიყო. ნუთუ ცოლზე აღარ ფიქრობს? ნუთუ ნანათემ მისი გულის გალღობა შეძლო?
ნეტავ ახლა ეტყოდეს, შენგან შვილი მინდა მყავდესო… ნანათეზე ბედნიერი ქალი არ იქნება სამყაროში. ოცნებებში წასულმა ტუჩები ილიას ცხელ კისერში ჩარგო და მისი სურნელი ხარბად შეისრუტა. როგორ აგიჟებს ეს ოდეკოლონი… «დიორის» ეს არომატი მხოლოდ ილიასთან ასოცირდება, სხვასთან არავისთან…
მამაკაცმა ხელში აიყვანა და საძინებელში გავიდა, ფრთხილად წამოაწვინა საწოლზე, ფეხზე გახადა, პლედი გადააფარა და მზრუნველად შემოუკეცა გვერდებზე.
- ესეც ასე. ახლა მე ვიზრუნებ შენზე. სექსი კი არ არის მხოლოდ მთავარი ურთიერთობაში. ჩაის მოგიდუღებ ან ყავას. რომელი გაგიხარდება?
- არც ერთი, - ნაღვლიანად ამოთქვა ქალმა, - უკვე დავლიე.
- აბა, რა გინდა, რა გესიამოვნება?
- ძილი მინდა, სხვა არაფერი, - თვალები მილულა, რათა მისთვის არ შეეხედა.
- კარგი, როგორც იტყვი… გამოდის, ხვალინდელმა დღემაც დაყვინთა? რამდენ დღეს გრძელდება შენი ქალური ჰორმონების ჭირვეულობა? - შუბლზე ხმაურით აკოცა.
- სამი დღე…
- ცუდია… რაღაც არ მახსენდება, აქამდე შეეწუხებინე მაგ პრობლემას.
- რა ვიცი… აქამდე ისეთი დღეები არ დაემთხვა… - დაიმორცხვა ნანათემ და ხელის ზურგი თვალებზე დაიფარა.
- მე წავალ მაშინ… შენ ეცადე, დაიძინო, ჰო?
- ჰო, - ქალმა ნაძალადევად გაუღიმა და ასადგომად წამოიწია.
- იწექი, არ ადგე. კარს მე ჩავკეტავ. აბა, შენ იცი, ხვალამდე. თუ ცუდად იქნები, არ მოხვიდე სამსახურში. თამრიკოს დავიხმარებ, გასაგებია?
გასვლის წინ ილიამ გაუღიმა - როგორც ყოველთვის, მრავლის მთქმელი, დამაბრმავებელი ღიმილით და გავიდა თუ არა საძინებლიდან, ფრთხილად მოიხურა კარი.
ნანათემ ერთი ყრუდ დაიკვნესა და თვალები ცრემლით აევსო. ძლივს ამ კაცმა თბილად მოპყრობა ისწავლა, ძლივს მასში ქალი დაინახა და მაინცდამაინც ახლა უნდა გაფუჭდეს ყველაფერი.
უბედობაც ამას ჰქვია!
8 8 8
მეორე დღეს ერთიანად დანგრეული იყო, სამსახურში რომ მივიდა. უგუნებობა არ შორდებოდა. დილიდან უკვე სამჯერ აერია გული. ვერაფერს ჭამდა. თამრიკომაც დააგვიანა, დედა მყავს ავად და ექიმთან უნდა წავიყვანოო, დარეკა.
ილიას თათბირი ჰქონდა. ნანათემ სთხოვა, არ დავესწრები, თუ ამით რამე არ გაფუჭდებაო. არაფრის თავი არ ჰქონდა. გოკიელი დაეთანხმა, თუმცა გამომცდელი მზერით მაინც შეათვალიერა, რამეს ხომ არ მიმალავსო.
- ვერ ვარ კარგად. მაპატიე… - თავი იმართლა ნანათემ.
- არა უშავს, მესმის შენი, - უპასუხა უფროსმა და თვალებით ანიშნა, ყველაფერი რიგზე იქნებაო, - ოღონდ აქ დაჯექი, თამრიკოს ადგილას და თუ ვინმემ დარეკოს, არ გადმორთო. უბრალოდ, ჩაიწერე, კარგი?
- თუ რამე სასწრაფო იქნა?
- მაშინ გამაგებინე და მე თვითონ გადავწყვეტ, დაველაპარაკო თუ არა.
ნანათემ თავი დაუქნია და მდივნის სავარძელს მიაშურა. უღიმღამოდ ესალმებოდა თანამშრომლებს, რიგრიგობით რომ შედიოდნენ ილიას კაბინეტში.
დაახლოებით 15 წუთის დაწყებული იყო თათბირი, ქალაქის ტელეფონმა რომ დარეკა.
- გისმენთ, - ნანათე ყურმილს დაწვდა.
- ილიას სთხოვეთ, თუ არ შეწუხდებით, - გაისმა ქალის სასიამოვნო ხმა.
- სამწუხაროდ, დაკავებულია. მოგვიანებით დარეკეთ ან დაიბარეთ და თვითონ დაგიკავშირდებათ.
- არ შეგიძლიათ, ახლავე უთხრათ, ლალი გირეკავთ-თქო? რა საქმეც უნდა ჰქონდეს, დარწმუნებული ვარ, მაშინვე გადადებს!
ნანათემ წარბები შეკრა. ეს ლალი რაღაც არ ახსენდება… აქამდე არასდროს დაურეკავს და არც ილიასგან სმენია მასზე რამე.
- შემიძლია, მაგრამ ვერ ვეტყვი, ქალბატონო, - ცოტა უკმეხად მიუგო.
- რატომ? ამისთანას რას აკეთებს, მინისტრი ჰყავს კაბინეტში თუ პრეზიდენტი? - გაკაპასდა უცნობი.
- თათბირი აქვს, ქალბატონო და მე რომ ახლა ვუთხრა, ტელეფონზე გირეკავენ-მეთქი, არ მოეწონება. სასტიკად გამაფრთხილა, არავინ დამალაპარაკოო. უკაცრავად, ის ჩემი უფროსია, მე მის მითითებებს ვასრულებ, ამისთვის მიხდიან ხელფასს, - ცივად, მაგრამ თავდაჭერილად პასუხობდა.
- კარგი, გენაცვალე, თუ ასეა, რა გაეწყობა… შეიძლება, არც უნდა დამერეკა. კი მითხრა, სამსახურში არ დამირეკოო, მაგრამ… რაღაც მინდოდა მეთქვა… დღეს საღამოს უნდა შევხვედროდი, მაგრამ ვერ ვახერხებ და იქნებ შაბათისთვის გადაგვეტანა დღევანდელი შეხვედრა? უთხარით, გადმომირეკოს, როგორც კი გათავისუფლდება, კარგი, გოგონი?
- აუცილებლად გადავცემ, - დახშული ხმით ამოთქვა ნანათემ და როცა უცნობმა ტელეფონი გათიშა, იგრძნო, როგორ უკანკალებდა თითები, რომელშიც ყურმილი ეჭირა.
ერთხანს გაქვავებულივით იჯდა, თითქოს ქვისგან იყო გამოქანდაკებული და უაზროდ მიშტერებოდა ერთ წერტილს.
რამ აანერვიულა ასე? მერე რა, თუ ვიღაცას უნდა შეხვედროდა? იქნებ საქმიანი შეხვედრა იყო და არა ისეთი, როგორიც თვითონ გაიფიქრა? აქამდე მის ცხოვრებაში არც ერთი ქალი არ გაელვებულა და რაღა ახლა გაეხსნებოდა მადა? ნუთუ ესეც მისი ბედისწერის ბრალია?
უეცრად კვლავ აწკრიალდა ტელეფონი.
«რა საშინელი ზარი აქვს!» - უსიამოვნოდ გაიფიქრა ნანათემ.
- გისმენთ.
- ისევ მე ვარ, გოგონი. როგორ ფიქრობთ, ხომ არ გაბრაზდება, სამსახურში რომ დავურეკე? ისე მკაცრად გამაფრთხილა ამას წინათ…
- არ ვიცი, ქალბატონო. ეს მას უნდა ჰკითხოთ, - გაღიზიანებულმა უპასუხა.
უკვე ნერვებს უშლიდა ეს ვიღაც ქალი, რომელსაც, რატომღაც, თავის მეტოქედ მოიაზრებდა.
- უკაცრავად, მაპატიეთ, თუ შეგაწუხეთ, - ზრდილობად დაიღვარა უცნობი.
მოულოდნელად კვლავ გულისრევა მოაწვა. სასწრაფოდ გავარდა ოთახიდან და საპირფარეშოს მიაშურა. ძლივს შეასწრო.
რა ცუდად ხდება… რაც დრო გადის, უფრო და უფრო უმატებს ტოქსიკოზი. ამას ვერ გადაიტანს. ვერც დამალავს, ძალიანაც რომ უნდოდეს, ამიტომ დროზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ან წავიდეს სამსახურიდან, ან ნაყოფი მოიშოროს. ორიდან ერთი ვარიანტია. უნდა გააკეთოს არჩევანი, თანაც ძალიან სწრაფად. დრო არ იცდის!
უკან მობრუნებული თამრიკოს შეეჩეხა ზღურბლთან.
- ღმერთო ჩემო, რა სახე გაქვს? ცუდად ხარ? - თანაგრძნობით ახედა მდივანმა, - რატომ მოხვედი? გაცივდი? სიცხე ხომ არ გაქვს? ახლავე წადი სახლში, ფერი არ გადევს სახეზე! - შეიცხადა თამრიკომ და აკანკალებული ქალი სკამამდე მიაცილა.
- ისეთი არაფერი. ალბათ მომწამლა რაღაცამ. გული ამერია, - ხელი აიქნია ნანათემ.
აი, სადამდე დავიდა. უკვე ყველას ატყუებს. თან რა ადვილად გამოსდის ეს ტყუილებიც? ყოჩაღ!
- ნეტავ როგორ ურთიერთობ მასთან? - სრულიად მოულოდნელად შეეკითხა თამრიკო და მის წინ ჩაცუცქდა, - რაში გჭირდება?
ნანათეს სახე მოექცა.
- ვერ ვხვდები, რაზე მელაპარაკები, - წაილუღლუღა ნირწამხდარმა.
- ძალიან კარგადაც ხვდები. გგონია, ჭურში ვზივარ? ყველაფერს ვხედავ. რა საერთოს პოულობ მასთან? ის საშენო კაცი არ არის. უხასიათო და მუდოა. ვერ ხვდები? მასთან ბედნიერი ვერასდროს იქნები. თან ყურს გამოგიჭედავს თავისი ყოფილი ცოლის გახსენებით. მთელი ცხოვრება მას შეგადარებს, - დამოძღვრა მდივანმა.
- ვინ… ვინ გითხრა? - ისეთი ჩუმი ხმით იკითხა, თითქოს ეშინოდა, მისი ხმა კაბინეტს მიღმა არ გაეგონა ვინმეს.
- ვის უნდა ეთქვა, ჩემით მივხვდი. თქვენ კი ახერხებდით დამალვას, მაგრამ მაინც მივხვდი.
- შენ გარდა კიდევ იცის ვინმემ?
- არა, გაგიჟდი? მაგას ვინმეს ვეტყვი? რა სისულელეა! ჯერ ერთი, არც დაიჯერებენ და მეორეც, მეც ქალი ვარ, რატომ უნდა ვიჭორაო ადამიანზე, რომელსაც ყველაზე მეტად ვაფასებ ამ შენობაში?
- დაფასებისთვის დიდი მადლობა…
- მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, დაშორდე მას. მასთან ბედნიერი ერ იქნები. შენც კარგად იცი ეს. თან ისეთი მეტიჩარა შვილი ჰყავს…
- მის შვილს ძალიან ვუყვარვარ.
- ეს მანამ, სანამ სერიოზულ ურთიერთობამდე მისულა საქმე. მერე კი ისეთ კლანჭებს გამოყოფს, ვერც წარმოიდგენ. იყო ადრე ერთი ქალი, რომელთანაც რაღაც ურთიერთობა ჰქონდა ამას, მაგრამ ლიკატომ ისეთი ამბავი დააწია, იმ ქალს სულ კუდით ქვა ასროლინა. მას მერე არც უფიქრია გოკიელს, ვინმეს დაახლოებოდა.
- ვინ ქალი? - ნანათემ უმწეოდ დახედა მის წინ ჩაცუცქულ მდივანს და კბილი კბილს დააჭირა, რომ ცახცახი შეეკავებინა.
- არ მახსოვს, რა ერქვა. ეს ადრე იყო ძალიან, ერთი სამი წლის წინ.
- აქ მუშაობდა?
- არა, არ მუშაობდა, მაგრამ აკითხავდა ხოლმე. ჩაიკეტებოდნენ კაბინეტში და…
- და რა?
- მე რა ვიცი, რა. მთელი საათი და მეტიც იყვნენ იქ ჩაკეტილები.
- იქნებ საუბრობდნენ და მეტი არაფერი?
- შეიძლება. მე ხომ არ ვამბობ, რამეს აკეთებდნენ-მეთქი.
- ჰო, - ნანათე საზურგეს მიუყრდნო და თვალები დახუჭა.
იქნებ ეს ის ქალია, წეღან რომ დაურეკა? ნეტავ ასე იყოს. ახლა სხვა ქალის გამოჩენა უფრო გაუადვილებს მასთან დაშორებას.
- წასვლა მინდა სამსახურიდან, - უეცრად თვალები გაახილა და თამრიკოს შეხედა.
- რატომ? ილიას გამო? ხომ არ გაგიჟდი! მერე რა უნდა ქნა? ძლივს დაგაბრუნა!
- არა, ილიას გამო არა. ჩემ გამო. ვერ ვარ ჯანმრთელად. თავს უნდა მივხედო… ეს ერთი… მეორეც… აქედან თუ არ წავედი, ისე გამიჭირდება მასთან ურთიერთობის დამთავრება.
- ჰოო… ეგ მართალია… არც ვიცი, რა გირჩიო. სამსახურის შოვნა დღეს ძალიან ძნელია… როდიდან აპირებ? ილიას ხომ უნდა უთხრა?
- აუცილებლად, აბა, ისე როგორ წავალ? ჯერ არ ვიცი. ვნახოთ… უნდა მოვიფიქრო რაღაცები.
თამრიკო წამოდგა, ოთახის ბოლოში გავიდა, ორი ფინჯანი ყავა მოადუღა და მობრუნდა. ერთი ფინჯანი ნანათეს დააკავებინა ხელში, მეორე კი იქვე, ნანათეს გვერდით სკამზე დადო და კვლავ ჩაცუცქდა. მერე მუხლებზე შემოხვია ქალს ხელები და გამომცდელად შეხედა.
- ნანათე, ორსულად ხარ? - იდუმალი ხმით შეეკითხა.
რა დაკვირვებული ყოფილა! როგორ მიხვდა? ნანათემ არ უპასუხა, ყავა მოსვა და თვალები დახარა.
თამრიკოს შეკითხვა არ გაუმეორებია. პასუხის გაუცემლადაც მიხვდა, რომ ასე იყო. არ იცოდა, რა ეთქვა, თანაგრძნობით შეჰყურებდა მენეჯერს მხოლოდ. სახეზე ეტყობოდა, როგორ ეცოდებოდა.
- არადა, ძალიან მოსწონხარ, ეს ზუსტად ვიცი, - თქვა ბოლოს, ალბათ უფრო მის გასამხნევებლად.
- არა მგონია, - თავი გააქნია ნანათემ, - თუმცა, ახლა ჩემთვის სულერთია, მოვწონვარ თუ არა.
ამ დროს კაბინეტის კარი გაიღო და თანამშრომლებმა ყაყანით იწყეს იქიდან გამოსვლა. თამრიკო მაშინვე ადგა, თავის ყავის ფინჯანს ხელი დაავლო და განზე გადგა, რომ ვინმეს არ დაჯახებოდა.
ყველაზე ბოლოს კაბინეტიდან ილია გამოვიდა.
- როგორ ხარ? - მზრუნველი მზერა შეავლო მისავათებულ ნანათეს.
- ცუდად, - ნანათე წამოდგა.
- წადი სახლში, თამრიკო აქ არის. თუ დამჭირდა, დამეხმარება.
- კარგი, წავალ…
- ხომ არ გაგიყვანო? ათ წუთში გავთავისუფლდები. ბუღალტერიაში შევირბენ და…
- არა, არ მინდა. არც ისე ცუდად ვარ, მარტო ვერ შევძლო.
- მაშინ საღამოს დაგირეკავ, - იდუმალი ხმით უჩურჩულა.
- მე თვითონ დაგირეკავ, - თვითონაც ჩურჩულით უპასუხა და მზერა თამრიკოსკენ გააპარა, რომელიც კომპიუტერის ეკრანს მისჩერებოდა, თუმცა, დარწმუნებული იყო, რომ მდივანს გულისყური აქეთ ჰქონდა.
ილიას მეტი არაფერი უთქვამს. ოთახიდან გავიდა. ნანათე თავისი კაბინეტისკენ დაიძრა.
- მგონი, უყვარხარ მაგ კაცს, - ზედ კართან დაეწია თამრიკოს სიტყვები.
ნანათე ადგილზე გახევდა…
8 8 8
ის ღამე ისე მიილია, არც ილიას დაურეკავს ნანათესთვის და არც ნანათეს ილიასთვის. სადღაც, გულის სიღრმეში კი ეწყინა, მაგრამ თავი იმით იმართლა, რომ არც თავად მოუნდომებია მაინცდამაინც. რა ექნა? ისე ცუდად იყო, არავის ხმის გაგონება არ სურდა, მით უმეტეს - ლაპარაკი. ის კი არა, მეკოც კი წავიდა სახლიდან, შენი დამჟავებული სიფათის ყურებას მირჩევნია, სადმე გავერთოო.
როგორ გაცივდა მათი ურთიერთობა ბოლო დროს. იმ თავისმა ნაქებმა შეყვარებულმა, როგორც ჩანს, საბოლოოდ დაივიწყა. მას მერე არ გამოჩენილა, ერთად რომ გაატარეს ბოლო ღამე მის აგარაკზე. მეკო კრინტს არ ძრავდა მასზე, ისე იქცეოდა, თითქოს არავითარი თაყვანისმცემელი არ არსებობდა. არც ნანათე ეკითხებოდა არაფერს. მეკოს კი არ ჰგავდა, შეკითხვებით რომ შეაღონებდა ხოლმე მეგობარს. თუ საჭიროდ მიიჩნევს, თავად გადამიშლის გულსო, ფიქრობდა.
მეორე დილით ადრე გამოცხადდა სამსახურში. არ უნდოდა, ილიას ეჭვი აეღო. მისვლისთანავე თამრიკოს გამომცდელ მზერას წააწყდა.
- როგორ ხარ? - რატომღაც, ჩურჩულით მოიკითხა მდივანმა.
- უკეთ, - თვითონაც ჩურჩულით უპასუხა და გაეღიმა, - ისე ვჩურჩულებთ, თითქოს დიდ საიდუმლოს ვმალავდეთ, - დააყოლა.
- რა, არ მალავ? - თვალები გაუფართოვდა თანამშრომელს.
- კი, მაგრამ ოთახში ხომ არავინაა, აქ ვისღა ვუმალავთ?
- ჰო, ეგ ჰო. რა სულელები ვართ, - აკისკისდა თამრიკო და ენის წვერით ტუჩები გაილოკა, - ნახე, რა დღეში ვარ! გაციების მერე ისე დამეშუშხა ტუჩები, პირს ვერ ვაღებ. საჭმელი ვერ მიჭამია წესიერად.
- ვაზელინი არ გაქვს? წაისვი… ან უფერო პომადა.
- უფერო პომადამ უფრო გამიღიზიანა, ვაზელინი კი არ მაქვს.
- არც მე მაქვს… აქ არის? - ილიას კაბინეტისკენ გადაიქნია ნანათემ თავი.
- კი და რომ მოვა, ეგრევე ჩემთან შემოვიდესო.
- კარგი, ბატონო, შევალ, - ნანათემ ქურთუკი გაიხადა და საკიდარზე, ფიცარს ზემოდან უდიერად დააგდო.
- ყავას დალევ?
- არა, არ მინდა… აღარ ვსვამ.
- მშვენიერი გადაწყვეტილებაა! - მოწონების ნიშნად ცერი გაფშიკა თამრიკომ და თავისთვის შეუდგა ყავის მოდუღებას.
ნანათემ კაბინეტის კარი მორიდებით შეაღო.
- შეიძლება?
- მოდი, მოდი! - ილიამ ხელი დაუქნია, - როგორ ხარ? გამოკეთდი?
- უკეთ ვარ, დიდი მადლობა, - გაუღიმა ქალმა და მის სიახლოვეს დაჯდა.
- ეგ კარგია. წუხელ ვერ დაგირეკე. ისე გამაბრაზა ლიკატომ, ლამის ყველაფერი დავლეწე სახლში.
- რატომ? - შეშფოთდა ნანათე.
- რატომ და ამაღამ სახლში არ მოვალო. დაბადების დღეზე მივდივარო…
- მერე რა მოხდა? პატარა გოგო ხომ არაა? გაგეშვა…
- ა! გამომივიდა ესეც სახალხო დამცველი! - ილია ფეხზე წამოხტა, - იმ ბესოსთან ერთად ღამით არსად არ გავუშვებ. არ მომწონს ის კაცი და რა ვქნა! რაღაც არ მომწონს! კონკრეტულად რა, არ ვიცი, მაგრამ რა-ღაც და მორჩა! მე რა ვიცი, სად მიჰყავს, რა მოხდება…
- «ის კაცი» უკვე შენი ოჯახის ახლობელია, ილია, ამიტომ კარგად იცის, როგორ მოიქცეს. არა მგონია, რამე შეეშალოს. ამდენი ხანია, ერთად არიან, დღე-დღეზე დაქორწინდებიან, აღარ უნდა ენდო?
- არავის არ ვენდობი მე! საკუთარ თავსაც კი არ ვენდობი ხანდახან! - გაღიზიანდა მამაკაცი.
- ასე არ შეიძლება…
- ნუ მასწავლი, თუ ღმერთი გწამს! ვიცი, რასაც ვამბობ. და საერთოდ, არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ჩემი ოჯახის პრობლემებს როგორმე მე თვითონ მივხედავ.
ნანათემ არ უპასუხა. ისე უსიამოვნოდ მოხვდა ყურში მისი ბოლო სიტყვები, ტირილი მოუნდა. განა რა უთხრა ასეთი? ისე, ახი კი არის მასზე. რას აჭარტალებს ენას? ვის, ვის და… მის ადგილას ბესოს როგორ დაიცავდა ადამიანი? ეგ ნაძირალა ეგა! განა მტყუანია ილია. რომ იცოდეს, სინამდვილეში როგორც იქცევა ის ვაჟბატონი, შუაზე გახლეჩს «ვაისასიძოს» და არც ნანათეს დაადგება კარგი დღე. მასაც სამუდამოდ ამოშლის თავისი ცხოვრებიდან!
- დღეს უამრავი საქმე გვაქვს. აი, ეს დოკუმენტაცია უნდა დავახარისხოთ, რაღაცები განვაახლოთ და თავიდან გავაკეთოთ. და ეს ყველაფერი დღის ბოლომდე უნდა დავამთავროთ, - გოკიელმა საბუთების მთელი დასტა ამოიღო უჯრიდან და ნანათეს წინ მაგიდაზე დადო.
- ეს რა არის?
- ეს არის, რაც არის. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ხვალინდელი დღე. ფირმის კაპიტალია ეგ. ახლა წაიღე, თარიღების მიხედვით დაალაგე და მერე ჩემთან შემოდი, ერთად გავაკეთოთ, რაც გასაკეთებელია.
- კარგი, - ნანათემ თაბახებს ხელი დაავლო, მკერდზე პატარა ბავშვივით მიიხუტა და გავიდა.
8 8 8
უკვე ძალიან გვიან იყო, მაგრამ ნანათე და ილია ჯერ კიდევ ქაღალდებში იქექებოდნენ. ნანათეს უკვე თითები სტკიოდა ამდენი წერით და ბეჭდვით. მთელი დღე იმუშავეს. მშვიდად, თავაუღებლად, თუმცა თითქმის არ ულაპარაკიათ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე საქმიან შეკითხვას, რომლებიც სამუშაო პროცესში გაჩნდა.
ილიას პიჯაკი გაეხადა, პერანგის მკლავები დაეკაპიწებინა და ბოლო ღილიც შეეხსნა. როგორც ჩანს, შეაწუხა ჰალსტუხმა, რომელიც ობლად ეკიდა სავარძლის «ყურზე».
გარეთ კარგა ხნის წინ დაბნელებულიყო, ამიტომაც ილიას კაბინეტი გაეჩახჩახებინა. ხუთსანთლიანი ჭაღი თვალისმომჭრელად კაშკაშებდა. ჯერ კიდევ დღისით ჩამოუშვა მამაკაცმა ჟალუზები, რათა გაზაფხულის მზეს ხელი არ შეეშალა მუშაობაში. ახლა კი, როცა დღის სინათლე აღარსად იყო, ნანათეს ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს ის და გოკიელი მოწყვეტილები იყვნენ დანარჩენ სამყაროს. მით უმეტეს, რომ ოფისი კარგა ხნის წინ დაიცალა თანამშრომლებისგან. «დარაბებს მიღმა გაზაფხულია» - მოაგონდა ნანათეს ნაცნობი ფრაზა.
- პრეისკურანტს ვერ ვპოულობ, შენ ხომ არ გაქვს? - უკმაყოფილოდ იკითხა ილიამ.
- რომელი პრეისკურანტი?
- მთელ ოფისში უნდა გამოვცვალო კომპიუტერები. ისე მოძველდა ეგ მოდელები, ვეღარ მუშაობს ხალხი.
- ჰო. განსაკუთრებით, ჩემი კლავიატურა. თითები დამატყდეს, ლამისაა.
- მაგას რაღა სჭირს?
- რა ვიცი. იჭედება კლავიშები.
- მაგას მოევლება. აქ მედო ის ფურცელი და…
- აგერ არის, აი! - ნანათემ თეთრ თაბახებს ქვემოდან ყვითელი თაბახი გამოაძვრინა და უფროსს გადააწოდა.
- აი, ამას ვეძებდი სწორედ. ხვალ მივხედავ ამ საკითხს.
როგორც იქნა, საქმეს მორჩნენ და წასასვლელად გაემზადნენ. ნანათეს სული ეხუთებოდა. იცოდა, აუცილებლად დაუსვამდნენ კითხვას, ამაღამ ჩემთან მოდიხარ თუ არაო და არ იცოდა, უარი რა მიზეზით ეთქვა, ერიდებოდა ილიას განაწყენებას. არადა, უკვე ცუდად იყო. დღეს, ვინ იცის, რამდენჯერ გავიდა კაბინეტიდან, რათა საპირფარეშოში შეესწრო გულის ასარევად. ახლა კი მოშივდა და უარესად მოაწვა პირღებინების შეგრძნება.
ილიამ მისი ქურთუკი საყელოთი დაიჭირა და ნანათემაც გაუყარა მკლავები. მოულოდნელად მამაკაცმა ხელები მოხვია, ცხვირი მის ყელში ჩარგო და ზუსტად იმ ადგილზე აკოცა, სადაც პულსი უცემდა.
- როგორი სურნელოვანი ხარ… - ვნებიანად უჩურჩულა.
ნანათეს შეაჟრჟოლა. ამწუთას პირველად იგრძნო, რომ მამაკაცის სუნს ვერ იტანდა. როგორ გამძაფრებია ყნოსვა! არადა, მისი ოდეკოლონის სურნელი აქამდე სიამოვნებისაგან თავბრუს ახვევდა. ამასაც ახლა მოუნდა ფერება და ქათიანაურებად დაღვრა!
მისდა უნებურად, უხეშად მოიცილა მამაკაცი და განზე გადგა.
- ნან, რა გემართება? ვეღარ გცნობ ეს ორი დღეა! - უცნაურად გახედა გოკიელმა.
- ვინმე არ შემოვიდეს, - თავი იმართლა ქალმა.
- ამ დროს ვინ უნდა შემოვიდეს? დაცვის მეტი არავინაა შენობაში.
- რა იცი? როცა არ ელოდები, მაშინ უფრო შესაძლებელია ვინმეს გამოჩენა.
- და მერე შენ ეს ძალიან გაღელვებს?
- რატომაც არა? - უკან არ დაიხია, - ჭორების თავი არ მაქვს. მით უმეტეს, რომ რამდენიმე საფეხური ამისკენ უკვე ავიარეთ, - გაღიმება სცადა.
- მე კი ისე შემცვალა შენთან ურთიერთობამ, ჭორები სულ ფეხებზე მკიდია. თუ გინდა, მთელმა სამსახურმა გაიგოს ჩვენი ამბავი. ამაში მიუღებელს ვერაფერს ვხედავ.
ნანათემ ჩაიცინა.
- მართლა ძალიან შეიცვალე. თავიდან მახსოვს, როგორი ცივი და ოფიციალური იყავი. ერთი მეტრის მანძილზე ვერ გიახლოვდებოდი.
- მას მერე, მგონი, საუკუნე გავიდა. დრო შეიცვალა და ჩვენც შეგვცვალა. ასე არ არის?
- კი, შეგვცვალა, - ორაზროვნად უპასუხა ქალმა და მისი მზერა აირიდა.
- გარდა ამისა, მეორე საუკუნე გავიდა, ერთად არ ვყოფილვართ… წამოხვალ ამაღამ ჩემთან?
აი, სწორედ ამ შეკითხვას ელოდა მთელი საღამო. სწორედ ეს აშინებდა. რა უპასუხოს? მოულოდნელად გონება გაუნათდა.
- ვაიმე, რა შტერი ვარ! - შესძახა უეცრად და შეშინებული სახე მიიღო, - გუშინ ვიღაც ქალმა დაგირეკა და დამავიწყდა, მეთქვა!
- ვინ ქალმა? - გაიკვირვა ილიამ, - როდის გუშინ?
- დილით, თათბირი რომ გქონდა.
- და ვინ ვარო, არ დაიბარა?
- კი, როგორ არა. ვინმე ლალიმ.
წამით, სულ წამით, ილიას ჩრდილმა გადაურბინა. უცხო თვალი ალბათ ამას ვერც შეამჩნევდა, მაგრამ ნანათეს არ გამოჰპარვია. მრავალმნიშვნელოვნად მოპრუწა ტუჩები და თვალებმოჭუტულმა გახედა მამაკაცს.
- ა! ვიცი ეგ… წუხელ ველაპარაკე. და რაო, შენ რა გითხრა?
- რა ვიცი… ისეთი პრეტენზიული იყო… თათბირი აქვს და ვერ შევაწუხებ-მეთქი. ლალი უხსენე და მაშინვე გამოიქცევაო… - ისეთი ტონით ლაპარაკობდა ნანათე, ადვილი მისახვედრი იყო, ეჭვიანობდა.
- მერე ვერ მიხსენე? გამოვიქცეოდი, - მისი ნათქვამის ხუმრობაში გატარება სცადა მამაკაცმა.
- არა, არ გიხსენე…
- რატომ?
- არ მინდოდა გამოქცეულიყავი, - სევდიანად მიუგო და უფრო სევდიანად გაიღიმა.
ილიას სიცილი აუტყდა.
- რა ხართ ეს ქალები! ხომ არ ეჭვიანობ, შემთხვევით, ქალბატონო ნანათე? - მხარზე ხელი მოხვია ილიამ და მკერდზე მიიკრა, - ეგ ამბავი წლებია, წარსულს ჩაბარდა… თუმცა, არც არაფერი ყოფილა… ძალიან უმნიშვნელო, ძალიან მსუბუქი ჩანასახი იყო ურთიერთობის, რომელიც ეგრევე დავამთავრე.
- ყველა ქალს ასე ექცევი? - დაუგეგმავი კითხვა დასვა ნანათემ და უეცრად ისე მოებჯინა გული ყელში, ილიას პასუხს არ დაელოდა, კაბინეტიდან კისრისტეხით გავარდა…
როცა უკან მობრუნდა, ილია მისაღებში დახვდა გასაღებით ხელში.
- სად გავარდი?
- ტუალეტში ვიყავი…
- მე კი მეგონა, გამიბრაზდა-მეთქი. რაც შეეხება ლალის, ძალიან გთხოვ, ეგ ქალი მეტჯერ აღარ ახსენო, - ამ სიტყვებით ოთახი ჩაკეტა, ნანაათეს ხელკავი გამოსდო და და დერეფანს დაუყვნენ.
- აკი უნდა შევხვედროდითო? - ვერ მოითმინა.
- ვინ გითხრა?
- თვითონ მითხრა… და იქნებ გადაგვედო შეხვედრაო.
ილიამ გადაიხარხარა.
- მგონი, მე გამიკეთა რეკლამა? თუ თავის თავს?
- არ ვიცი… აბა, რა, მომატყუა?
- მაგას არა, მაგის მამას უნდა შევხვედროდი. რაღაც შემოთავაზება მაქვსო და…
- და რა?
- ნან, დაკითხვას მიწყობ? - ილია დაცვის ბიჭებს დაემშვიდობა და ნანათეს წინ გაუსწრო, რომ შემოსასვლელის კარი გაეღო და ქალი გაეტარებინა.
- არა, რა სისულელეა. რა ჩემი საქმეა ეგ… უბრალოდ, სიტყვამ მოიტანა, თორემ… - ნანათემ ინანა, საერთოდ რომ ჩამოაგდო ამ თემაზე საუბარი.
- რასაც გეუბნები, უნდა დამიჯერო. მე ლალისთან რომ მდომებოდა ურთიერთობა, ახლა გვერდით მეყოლებოდა. მაპატიე, თავის თავზე შეყვარებული ქალები არ მხიბლავს.
ნანათეს სასიამოვნოდ აუძგერდა გული. ესე იგი, მას არ მოიაზრებს ამ კატეგორიაში. რა კარგად მიდის ყველაფერი და რა ცუდ დროს… იქნებ დროზე მოიცილოს ეს ბავშვი? რაღაც კარგი პირი უჩანს მათ ურთიერთობას!..
- რაზე ფიქრობ? - ილიამ მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდომაში დაეხმარა.
- არაფერზე. ისე დავიღალე, ერთი სული მაქვს, როდის დავიძინებ.
- ანუ?
გაგრძელება იქნება