მოდელი ქუთაისიდან - ასე გაიცნო ულამაზესი ანა ახვლედიანი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ. ანას წარმატებულ სამოდელო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ და გოგონას ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავს უწოდებდნენ.
თბილისის წამყვან სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობის შემდეგ, მოდელი უკვე ჩვენებებზე გამოდიოდა და მისით პარიზისა და ლონდონის სამოდელო სააგენტოები დაინტერესდნენ.
ანას მეუღლე მოდელი გიგი ბერაიაა. ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. მალე კარიერის გამო ანას საზღვარგარეთ მოუწია წასვლა და წყვილმა კონტაქტი გაწყვიტა, თუმცა, საბოლოოდ, ერთმანეთს დაუბრუნდნენ.
მათი წყვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში გამორჩეული გარეგნობის გამო მოექცა. მათზე ხშირად იწერებოდა. მალე იქორწინეს და ცხოვრება საქართველოში დაიწყეს.
"ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემთვის ოჯახი სულ პირველ ადგილას იქნება!..“ - ამბობდა უცხოეთში კარიერის დატოვების შემდეგ ანა. 2018 წელს ანას და გიგის ქალიშვილი ევა გაუჩნდათ.
2014 წელს ანა Dolce&Gabanna-ს კასტინგზე 500 გოგონადან ამოარჩიეს. გოგონა თანამშრომლობდა მოდის ისეთ გამოცემებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management.
სწორედ ამ პერიოდში მიიღო მონაწილეობა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში"... შოუში ანამ მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილის სახით სიყვარული იპოვა, თუმცა მათი რომანი რამდენიმე თვეში დამთავრდა. მაშინ მოდელმა მოცეკვავეს უსურვა, რომ ისეთი ქალი ეპოვა ცხოვრებაში, როგორიც დედამისს მოეწონებოდა. მოდელის მინიშნებით, ის მომავალი დედამთილისთვის სასურველი სარძლო არ აღმოჩნდა.
"ცივილიზებულად ვისაუბრეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი შემდგომი ურთიერთობისთვის ასე უკეთესი იქნებოდა. არ მინდოდა, ოთო, როგორც ადამიანი, დამეკარგა, მას ძალიან ვაფასებ.
ოთოს ძალიან ვაფასებ, მისი წარმატება გამიხარდება და დარწმუნებული ვარ, მასაც გაუხარდება ჩემი წარმატება. როგორც ადამიანი, ის ძალიან მიყვარს. როგორც ყველა წყვილი ცდილობს რაღაცის გამოსწორებას, ჩვენც ვეცადეთ, ერთმანეთს ბევრჯერ მივეცით შანსი, მაგრამ არ გამოვიდა. საბოლოოდ ასე მოხდა. დიდი იმედი მაქვს, ოთოც და მეც ჩვენს მეორე ნახევარს ვნახავთ...
...წავიკითხე, რომ ოთოს დედამ "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, ის ჯერ კიდევ ძიებაშიაო. კი, ის ისევ ძიებაშია. ოთოს ოჯახს შორიდან ვიცნობ, ძალიან ვაფასებ, პატივს ვცემ. იმედია, ოთო ისეთ მეორე ნახევარს ნახავს, როგორიც მის დედას გაუხარდება" - ამბობდა ანა ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას.
ანა ახვლედიანი "ბრეივ მოდელ მენეჯმენტის" მოდელი იყო. 19 წლის ანა საგანგებო კასტინგზე შეარჩიეს. როგორც თვითონ ამბობს, არასოდეს უოცნებია მოდელობაზე - ჯინსსა და კედებში გამოწყობილი მთელ დროს სწავლასა და სკეიტბორდზე სრიალს უთმობდა. ბებიის თხოვნით მივიდა იტალიური სააგენტოს მიერ მოწყობილ კასტინგზე და შეარჩიეს კიდეც.
მერე იყო გამგზავრება იტალიაში, მუშაობა ცნობილ სააგენტოებსა და ფოტოგრაფებთან. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია პოპულარული მოდის ჟურნალი "ელი" და ცნობილი ფოტოგრაფის, ნიკოლა ბორისოვის აღიარება.
მან ანა ხუთასამდე პროფესიონალ მოდელს შორის აარჩია "დოლჩე და გაბანას" სარედაქციო სტატიისთვის. სწორედ ბორისოვმა უწოდა ანას ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავი.