- რა ანუ?
- ეს იმას ნიშნავს, რომ სახლში უნდა გაგიყვანო?
მისმა უკმაყოფილო ტონმა ისე იმოქმედა ნანათეზე, უნებურად თვალები დახუჭა.
- ჰო! - ძლივს ამოთქვა და ნიკაპი ქურთუკის საყელოში ჩამალა.
- როგორც გინდა… - ცივად გაისმა ილიას ხმა და შემდეგ ნათქვამი მისი სიტყვები ნანათემ ვერ გაიგო, რადგან მანქანის ძრავის ხმაურში ჩაიკარგა…
8 8 8
ის იყო, სახლში შევიდა და ჩანთა დივანზე მიაგდო, რომ მობილური აწკრიალდა. ილია ურეკავდა.
ნეტავ რა უნდა? - გაიფიქრა ნანათემ, - ახლა არ დაემშვიდობა?
- ერთი რამ მინდა იცოდე, ნან! - ნერვიულად გაისმა მამაკაცის ხმა, - მე შენ მჭირდები. ეს არ დაივიწყო, - უთხრა და გათიშა.
როგორ მოეწურა გული. ამ ორსულობის გამო არ გაირთულა ცხოვრება? უღირს კი? მორჩა! ამ კვირაში მიხედავს მაგ საქმეს. შვილის გაჩენას ყოველთვის მოასწრებს. ილიასნაირ მამაკაცს კი ვეღარ იშოვის!
ამ დროს გასაღები გაჩხაკუნდა და ოთახში მეკო შემოვიდა… მძიმედ, სახეარეული…
- რა დაგემართა? - ნანათე მეგობარს მიუახლოვდა.
- არაფერი, - წაიდუდღუნა გოგონამ და მისთვის არც შეუხედავს, ისე შელასლასდა საძინებელში. ნანათემ თვალი გააყოლა.
ნეტავ იმ ტიპს ხომ არ შეხვდა? რაღაც მოხდა, ეს აშკარად ჩანდა. მართალია, ბოლო დროს თითქმის აღარ ლაპარაკობდა თავის პირად ცხოვრებაზე, მაგრამ ცხვირჩამოშვებული მაინც არ დადიოდა. ახლა კი… ადამიანის სახე არ ჰქონდა…
უეცრად საძინებლის კარი ისეთი სისწრაფით გაიღო, თითქოს ქარმა გახეთქაო, მეკო ფეხშიშველა გამოვარდა ოთახიდან და აქვითინებული ნანათეს ჩაეხვია.
- რა გჭირს, გოგო, აღარ იტყვი? მოხდა რამე? - დაბნეულმა ნანათემ ხელები მოხვია და მიიხუტა.
- იცი, რომ მეც ორსულად ვარ? - სლუკუნით ამოთქვა გოგონამ, - ჯანდაბააას! ორსულად ვარ, ორ-სუ-ლად!
ნანათეს პირკატა ეცა. ყველანაირ საშინელებას ელოდა და მეკოსგან ასეთ რამეს - არაფრის დიდებით. გაოგნებულს ენა ჩაუვარდა. კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო. თმაზე ეფერებოდა მის მკერდზე მისვენებულ მეგობარს და ფიქრობდა… ფიქრობდა… რაზე? არ იცოდა, რაზე… არც არაფერზე…
- რას აპირებ? - როგორც იქნა, გონს მოეგო და საჭირბოროტო კითხვა დასვა.
- რას უნდა ვაპირებდე? შენნაირი დებილი კი არ ვარ! დღეს მოველაპარაკე გინეკოლოგს და ხვალ აბორტს ვიკეთებ. უნდა გამომყვე!
ამის გაგონებაზე ნანათეს ისე დაეჭიმა სხეული, კისრის ძარღვები ეტკინა.
- ასე გადაწყვიტე? - ჩუმად, ძალიან ჩუმად შეეკითხა.
- აბა, რა გგონია? რა გინდა, რომ ვქნა? ორი ბავშვიანი ქალი არჩინოს ცისიამ? ვალდებულია თუ რა?
ნანათეს არ მოეწონა მისი ტონი. დაქალი თითქოს საყვედურობდა, შენ რომ არ გამომჩხეროდი, ბავშვს გავაჩენდიო. თითქოს ნანათეს ბრალი იყო, აბორტის გაკეთება რომ გადაწყვიტა.
მეგობარს ხელი შეუშვა, განზე გადგა და ამრეზით შეხედა.
- რას მეჩხუბები? ჩემგან რა გინდა? ან ვინ გითხრა, რომ ცისიამ უნდა მარჩინოს?
მეკო შეცბა. ნანათესგან ასეთ რეაქციას არ ელოდა და მაშინვე მოლბა.
- არ გეჩხუბები, საიდან მოიტანე?
- რა ვიცი. ისე შემომიტიე, თითქოს მე ვიყო რამეში დამნაშავე. თუ გაჩენა გინდა, გააჩინე, მე რა შუაში ვარ? იმ დღეს თავს იკლავდი, ეს როგორ დაგემართაო, ან შენარჩუნებას როგორ აპირებო, ლამის მცემე და ახლა შენ თვითონ აღმოჩნდი ჩემ დღეში… კარგი ყოფილა? - მისდა უნებურად, ნიშნის მოგებით გამოუვიდა.
- გაგიხარდა, არა? - სიმწრით გაეღიმა მეკოს.
- არა, არ გამხარებია! მაგრამ არც შენი საქციელი მომწონს, არც შენი ტონი და, საერთოდ… არ მომწონს შენი ჩემდამი დამოკიდებულება. აგდებულად მეპყრობი ბოლო დროს, თითქოს იაფფასიანი ბოზი ვიყო!
- რას ამბობ… არ გრცხვენია? - მეკოს სახე გაუფითრდა.
ნანათე მიხვდა, რომ გადააჭარბა, მაგრამ ახლა უკან ვეღარ დაიხევდა.
- ჩემ გამო სახლში აღარ მოდიხარ. ასე მგონია, გრცხვენია, ერთად რომ ვცხოვრობთ.
- ნანათე! გაჩუმდი, რა გემართება? - იყვირა მეკომაც, - იშოვე დრო, რომ სამაგიერო გადამიხადო, არა?
ნანათე უეცრად მოეშვა. მრისხანებაც დაუცხრა. ასე ჩვეოდა. როგორც კი დაქალთან კამათი გაუმწვავდებოდა და მეკო მოთმინებიდან გამოვიდოდა, პირველი თვითონ ჩუმდებოდა, რომ სიტუაცია არ გაემწვავებინა.
- კარგი, ჰო… შენ რა გგონია, მეც ცუდად ვარ, ხომ იცი, - წყნარად ამოთქვა, - აღარ შემიძლია ასე. ლამისაა, თავი მოვიკლა. არც ეს ბავშვი მინდა, არც ის კაცი და, საერთოდ, სიცოცხლე აღარ მინდა.
- შენც გადაიფიქრე გაჩენა? - მეკო დივანზე ისე მძიმედ დაეშვა, თითქოს ასკილოგრამიანი გირები ეკიდა მხრებზე, - ეს რა დღეში ჩავცვივდით ორივენი.
- ალბათ მოვიცილებ. ამ ეტაპზე ასე ჯობია.
მეკო ერთხანს გარინდული იჯდა. ხელები მუხლებზე დაეწყო და თავის თითებს დასჩერებოდა. მერე თავი ასწია და მეგობარს ცრემლიანი თვალებით ახედა.
- შენ მაინც გააჩინე. შენ უფრო გაქვს შანსი. ჩვენ დაგეხმარებით, ხომ იცი… - მზრუნველი ტონით წარმოთქვა.
- შენც გააჩინე მაშინ და ერთმანეთს დავეხმაროთ. ორივეს როგორ გაგვწირავს ღმერთი.
- არა, ჩემი საქმე გადაწყვეტილია. არავითარ შემთხვევაში. სად შემიძლია! სახლი მე არ მაქვს და კარი. იმ დეგენერატის კმაყოფაზე კი არ დავჯდები არასდროს.
- ნახე? ელაპარაკე? - ნანათე გვერდით მიუჯდა.
- ჰო. დღეს მივადექი სახლში… მაგრამ ვერაფერიც ვერ ველაპარაკე.
- რატომ?
მეკომ უმწეოდ აიჩეჩა მხრები.
- იმიტომ, რომ კარი მისმა ცოლმა გამიღო.
- ცოლმა? რას ამბობ! ცოლიანია? აკი…
- ერთი კვირის მოყვანილი ჰყავს. რეკორდი დაამყარა ბიჭმა!
- და ვინ გითხრა, რომ…
- იმ გოგომ. ახალგაზრდა გოგოა, ჩემზე 3-4 წლით იქნება უმცროსი. მეუღლე ვარო, შინ არ არისო, რა გადავცეო. ისე დავიბენი… არც ვიცოდი, ცოლი თუ ჰყავდა-მეთქი, არ შევიმჩნიე… სამსახურს შემპირდა და გამოვუარე-მეთქი. რა მეთქვა სხვა? არ გეცოდინებოდათ, ორი კვირაა, დავქორწინდითო. აი, ეგრეეე! - მეკომ ხელები სახეზე აიფარა და კვლავ ასლუკუნდა.
- კარგი, ნუ ტირი. ჯანდაბამდის გზა ჰქონია. ეგეთები იცი, კიდევ რამდენი გამოჩნდება ცხოვრებაში? მოდი, ასე მოვიქცეთ. ამაღამ არ ვილაპარაკოთ ამაზე. რამე მოვიფიქროთ და გავერთოთ. გინდა, სადმე წავიდეთ? ან დავლიოთ მე და შენ… თუმცა, აბა, როგორ დავლევ, სულ გული მერევა და… - დაიწუწუნა ნანათემ და ახსენა თუ არა, მაშინვე წამოაზიდა.
გიჟივით წამოვარდა და სააბაზანოში შევარდა პირზე ხელაფარებული…
8 8 8
მეორე დილით მეკოს პოლიკლინიკაში გაჰყვა. მიდიოდა და ფეხები უკან რჩებოდა. საშინელ გუნებაზე იყო, თითქოს სამძიმარზე მიდიოდა. არც მეკოს უხსნიდა დანა პირს.
- დერეფანში არ დამელოდო… - ხმადაბლა უთხრა მეგობარს, სანამ სამეანო კაბინეტში შეიყვანდნენ.
- რატომ?
- არ ვიცი… იქნებ ვიყვირო… არ მინდა, შეგეშინდეს.
- არ შემეშინდება. საერთოდ ვერ გაიგებ ვერაფერს, ნუ გეშინია, - ლოყაზე აკოცა მეგობარს და თვალებით გაამხნევა.
- კიდევ კარგი, იმან არ იცის, ამ დღეში რომ ვარ.
- ჰო. ეგ მართლა კარგად გამოვიდა. იღბალი გქონია, შინ რომ არ დაგხვდა.
- და კარი რომ მისმა ცოლმა გამიღო და არა თვითონ, - ჩაიცინა მეკომ და ექთანს, რომელსაც მისი ანკეტა მიჰქონდა, უკან გაჰყვა.
ნანათე მოსაცდელში გრძელ მერხზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა… დრო გაიწელა… მოუსვენრობა დაეტყო. რამდენჯერმე ადგა და კარს მიუახლოვდა, მიაყურადა… სამეანოდან ჩქამი არ ისმოდა.
კარგა ხნის შემდეგ ექთანი გამოვიდა და შესვლის უფლება მისცა. ფერმიხდილი მეკო ნარზე დაფენილ თეთრ ზეწარზე იწვა და კანკალებდა. ნანათეს სუნთქვა შეეკრა. ისეთი უსიამოვნო წუთები იყო, ისეთი გულისმომკვლელი სიტუაცია, შეძრწუნებულს მკლავებზე ხორკლებმა დააყარა. თან ეს სუნი… რაღაც სპეციფიკური, პოლიკლინიკისთვის დამახასიათებელი… ძლივს შეიკავა თავი, გული არ არეოდა.
- როგორ ხარ?
- არასდროს გავიკეთებ აწი აბორტს.
ნანათეს გაეღიმა.
- გგონია, ბავშვის გაჩენა უფრო ადვილია?
- არა, უფრო ადვილი არ არის… უფრო სასიამოვნოა, - თქვა და თვალები მილულა.
- არა უშავს, მეკო… ჩათვალე, რომ ეს წუთები ჩვენი მოწამლული ცხოვრების დასასრული იყო. ჩვენ ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. ასე არ არის?
- ალბათ… - დაიკვნესა მეკომ, მეგობრის ხელს შეეხო და თითები სუსტად მოუჭირა…
8 8 8
პარასკევ საღამოს ნანათეს ცისიამ დაურეკა, ხვალ მე და კახა აგარაკზე მივდივართ წილკანში და შენ და მეკოსაც გეპატიჟებით, შაბათ-კვირა იქ გავატაროთო. მეკო უხასიათოდ იყო, ამიტომ მიპატიჟებაზე უარი თქვა, ნანათე კი სიამოვნებით დათანხმდა. ამ ორ დღესაც გაწელავს, კარგად აწონ-დაწონის სიტუაციას და ცისიასთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას. დანარჩენს დრო აჩვენებს. თუ ბავშვის გაჩენას დააპირებს, ორშაბათსვე დატოვებს სამსახურს და სხვა სამუშაოს მოძებნას შეეცდება. თუ არადა - აბორტი.
ღმერთო! ასეთი არეული არასდროს ყოფილა. ასეთი დაულაგებელი ცხოვრება აქამდე არ ჰქონია. დილემის წინაშე იდგა. სულერთი იყო, რას გადაწყვეტდა - საუკეთესო გამოსავალი არც ერთი იყო და არც მეორე.
მზიანი დილა გათენდა, თბილი, თბილი… ისეთი ლამაზი, პატარა სახლი ჰქონდა კახას წილკანში, იქიდან წამოსვლა არ მოუნდებოდა ადამიანს, ეკლესიასთან ახლოს. ჩიტების გუნდური ჟღურტული რამდენი ხანია, არ მოუსმენია. თითქოს ნამდვილ სამოთხეში მოხვდა.- შენ ზაფხულში უნდა ნახო, აგვისტოში. ხეხილი რომ ყვავის და ბოსტანში შენი ხელით რომ დაკრეფ კიტრს და პომიდორს. ჩემი დედამთილი სულ აქ არის ხოლმე, მაგ დროს თბილისისკენ აღარ იხედება! - იცინოდა ცისია და მეგობარს ეზო-კარს კმაყოფილებით ათვალიერებინებდა.
კახა მისთვლისთანავე დატრიალდა. სანამ ქალებმა ეკლესიაში შეიარეს და სანთლები დაანთეს, ცეცხლი გააჩაღა და მწვადი ააშიშხინა შამფურზე.
როგორ მოეშვა! იმ წუთებში აღარაფერზე ფიქრობდა, ყველა პრობლემა დაივიწყა, ყველა დარდი მოეხსნა გულიდან. ორიოდე ჭიქა წითელი ღვინის დალევის შემდეგ კი ისეთ ხასიათზე დადგა, თითქოს ყველაზე ბედნიერი ქალი ყოფილიყო მსოფლიოში.
- გინდა, ცოტა გავიაროთ? - კახამ ირიბად გახედა სახემოღიმარ ნანათეს.
ქალს ჩრდილმა გადაურბინა და დაფეთებული მზერა მიაპყრო მეგობრის ქმარს.
- სანამ ცისია აქაურობას მიალაგებს, ჩვენც მოვბრუნდებით. ქუჩის ბოლომდე ჩავისეირნოთ და მერე ისევ მოვბრუნდეთ, თან საქმე მაქვს შენთან.
შეშინებულმა ნანათემ უსიტყვოდ დაუქნია თავი და ცისიას გახედა, რომელიც ეშმაკურად იღიმოდა. ამან მთლად დააბნია. ვერ მიხვდა, რას უმზადებდნენ მეგობრები.
ერთხანს უხმოდ მიაბიჯებდნენ. ნანათე ვერ ბედავდა, კახასთვის ხელკავი გაეკეთებინა, ჯერ კიდევ ერიდებოდა. ასე თუ ისე, მამაკაცი კვლავაც «ახალ სიძედ» მიიჩნეოდა.
- ცისიამ ყველაფერი მიამბო, - როგორც იქნა, კახამ ლაპარაკი დაიწყო.
ნანათეს გააჟრჟოლა.
- კახა, მე არ მინდა, შენ იფიქრო, რომ…
- მე არაფერს ვფიქრობ, ნანათე. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ამაში გასაკვირი და მიუღებელი არაფერია. ციდან კი არ ჩამოვვარდნილვარ. არ დაგიმალავ და, სანამ ცისიას ცოლად შევირთავდი, მთელი 6 თვე არაოფიციალურად ვცხოვრობდით ერთმანეთთან.
გაოგნებული ნანათე შეჩერდა, მამაკაცისკენ იბრუნა პირი და პირდაღებული მიაჩერდა.
- რა იყო, გაგიკვირდა?
- როგორ? თქვენ… ის… სექსი…
- კი, გვქონდა, - გაიცინა კახამ, - აი, ხომ ხედავ, ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე. იფიქრებდი ცისიაზე ამას? მაგრამ მოხდა და რას ვიზამთ. მას ამით არაფერი წაუგია. ეს ჩვენი ორმხრივი სურვილი იყო. ახლა ის მითხარი, ილია რას ამბობს? დაქორწინებაზე არაფერს იძახის?
- არა, რა დაქორწინება! რა სისულელეა! - ლოყები შეეფაკლა ნანათეს.
- ბავშვის გაჩენასაც ეწინააღმდეგება?
- მან ეს ამბავი არ იცის.
კახა შედგა.
- არ იცის? მერედა, რატომ არ ეუბნები?
- იმიტომ, რომ არ ვუყვარვარ, ეს ზუსტად ვიცი. და ჩემ ცოლად შერთვას რომ არ აპირებს, ეს ისედაც ყოველთვის ნათელი იყო. მაპატიე, ასე რომ გადაგიშალე გული, მაგრამ შენ თვითონ წამოიწყე ეს ლაპარაკი და…
- იმიტომ წამოვიწყე, რომ მინდა დაგეხმარო… - კახამ გზა გააგრძელა, - ერთი ეს მითხარი, რატომ არ ჩააყენე საქმის კურსში? იქნებ ძალიანაც უნდა, რომ ბავშვი გაუჩინო? იქნებ ცოლადაც მოჰყავხარ?
- არა, რას ამბობ, - დაიკვნესა ნანათემ, - რომ გაიგოს, ორსულად ვარ, გაგიჟდება. გამაფრთხილა, არავითარი ორსულობაო.
- ეგ როდის?
- როგორც კი ურთიერთობა დავიწყეთ.
- გინდა, მე დაველაპარაკო?
- არა, არა! - შეჰყვირა სასოწარკვეთილმა, - ოღონდ ეგ არა! უარესად გაცოფდება, რა შუამავლებს მიგზავნიო! მაინც არაფერი გამოვა. ეგ არ არის საუკეთესო გამოსავალი, დამიჯერე.
- მაგრამ გამოსავალი ხომ არის? ის ჩემი ძმაკაცია, გამიგებს. მე ისე ავუხსნი, რომ…
- არავითარ შემთხვევაში! - ნანათემ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, - ძალიან გთხოვ, არც გაიფიქრო ეგ!
- კარგი, რახან შენ ასე გინდა, მე ვერ დაგაძალებ… ახლა კი, მე რაც მინდოდა, მეთქვა შენთვის და შემომეთავაზებინა… მამაჩემს კერძო სანოტარო ბიურო აქვს. დიდად შემოსავლიანი არ არის, მაგრამ არა უშავს, თავის თავს ინახავს. ახლა თანამშრომელი სჭირდება, მდივნის ადგილია, საბუთების ბეჭდვა მოგიწევს და ასლების გადაღება. ბევრი სამუშაო არ გექნება. წყნარად და მშვიდად იქნები. სანამ მშობიარობა მოგიწევს, იმუშავე, ხელფასი მაინც გექნება. იმდენი არა, რამდენსაც ილია გიხდიდა, მაგრამ სულ არარაობას ჯობია.
- მაინც რამდენია? - ნანათეს გული აუჩქროლდა.
- 350 ლარი. მეტის საშუალება თვითონ ფირმას არა აქვს, ხომ გესმის…
- ჰო, რა თქმა უნდა. არა უშავს, როგორმე ვიმყოფინებ. ბინის ქირა მე არ მაქვს გადასახდელი და სხვა რამეებში ეკონომიურად დავხარჯავ.
- ეგ კიდევ სხვა საკითხია. რაც შეეხება ეკონომიურ პრობლემას, მე და ცისიამ ამაზეც ვილაპარაკეთ და რაღაც გამოსავალი მოვძებნეთ.
- რას ამბობ, კახა, ისედაც ძალიან ვარ თქვენგან დავალებული, - თავი დახარა ნანათემ.
- მოიცა, ჯერ მათქმევინე. ამ ჩემს ცოლს, თურმე, ანგარიში ჰქონია ბანკში გახსნილი. ვინც კი ოდესმე ფულს აჩუქებდა, ეგრევე ბანკში მიარბენინებდა და ინახავდა. პირველად რომ გავიგე, ბევრი ვიცინე, მაგრამ ამ სიცილსა და ხუმრობაში კარგა ბლომად კი დაუგროვებია. 13560 ლარი. გესმის? გგონია, ეს ცოტაა? არც ისე…
- რა ჭკვიანი გოგოა ცისია. ყოჩაღ! - გაიღიმა ნანათემ.
- ჰო, ჭკვიანია და ახლა იმაზე იფიქრა ამ ჭკვიანმა გოგომ, ეს ფული ჭკვიანურად როგორ დაეხარჯა და იცი, რა მოიფიქრა?
- რა? - ორივენი შეჩერდნენ და ერთმანეთს მიაჩერდნენ.
- რა და… გამოიტანს ბანკიდან და შენს ანგარიშზე შეიტანს. მერე კი, შენ როგორც გაგიხარდება, ისე დახარჯავ.
- რა-ა?! - გაოგნებულ ნანათეს შუბლი ოფლით დაეცვარა, - რა სისულელეა! მე რა შუაში ვარ?
- შენ იმ შუაში ხარ, რომ ბავშვს ელოდები. ცისიას ძალიან უნდა, რომ გააჩინო. მეც ამის მომხრე ვარ. ჩვენ შენ გეხმარებით.
- არა არსებობს! ამხელა ფულს მე მისგან ვერ ავიღებ! - გაასავსავა ხელები განერვიულებულმა, უკან გამობრუნდა და ჩქარი ნაბიჯით დაიძრა სახლისკენ.
კახა წამოეწია და იდაყვზე წაავლო ხელი, ძლივს შეაჩერა.
- მომისმინე ერთი წუთით! შენ ხომ იცი ჩემი ამბავი. მე საკმაოდ მდიდარი ადამიანი ვარ. გარდა იმისა, რომ ყოველთვიური შემოსავალი მაქვს, უძრავი ქონებაც ბევრი მაქვს. ასე რომ, უახლოესი 30 წელიწადი სიღარიბე არ მემუქრება. გასაგებია? ცისიას, მით უმეტეს, არაფერი გაუჭირდება. მართლა გეუბნები. მოიხმარე ეს ფული და შენ რაც გინდა, ის დაარქვი. თუ გინდა, ასეთი პირობა დავდოთ. გაურკვეველი ვადით გასესხეთ და მაშინ ჩაგვასესხე, როცა ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება, კარგი?
ნანათე ხმას ვერ იღებდა. ჭარხალივით გაწითლებული იდგა ქუჩაში, მარჯვენა ხელით შიშველ ყელს იფარავდა, მარცხენათი კი წელზე შემორტყმულ ქამარს აწვალებდა უაზროდ.
მიხვდა, კახასთან შეკამათებას აზრი არ ჰქონდა. თანაც, ახლა ძალიან სჭირდებოდა ფული. რადგან ამ მეგობრულ ჟესტს სესხება დაერქვა სახელად, უკვე შეიძლებოდა დათანხმება, თორემ სხვა შემთხვევაში სასტიკ უარს იტყოდა დახმარებაზე.
- მაგრამ ერთი პირობით, - თქვა უეცრად კახამ და გაჩუმდა.
- რა პირობით? - ნანათეს ხმა ჩაუწყდა.
- იმ პირობით, რომ ბავშვი ჩვენ უნდა მოვნათლოთ…
ქალს თვალები გაუცისკროვნდა.
- ეგ რა პირობაა, მაგას ხომ ისედაც შემოგთავაზებდით, თქვენ მეტი ვინ მყავს, - გაიღიმა ნანათემ და შვებით ამოისუნთქა…
შინ მობრუნებულებს ცისია ჭიშკართან შეეგება.
- როგორ არის საქმე? - ქმარს მიაჩერდა.
- კარგად, - თავი დააქნია კახამ, - ნანათეს თავზე მოგროვებული ბოროტი ღრუბლები გავფანტეთ, - მხიარულად შესძახა და ცოლს თვალი ჩაუკრა.
8 8 8
კვირა საღამოს, დაბრუნდნენ თუ არა თბილისში, ნანათემ წამით შეირბინა სახლში, ტანსაცმელი გამოიცვალა და ეგრევე ილიასთან გავარდა. მორჩა! ახლა იცის, როგორც უნდა მოიქცეს. ის უკვე ფულიანია, ბინა, ასე თუ ისე, აქვს. მართალია, არც ბინაა მისი, მაგრამ ცისიას იგი მაინც არ სჭირდება და მეკოსთან ცხოვრებას ისედაც შეჩვეულია. ორ ადამიანს და კიდევ ერთ პატარა არსებას საარსებო მინიმუმისთვის კარგა ხანს ეყოფა ის თანხა, რომელიც მეგობარმა აჩუქა, თუ ასესხა. რა მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევ. ამას მეკოს არ გაუმხელს. შეიძლება ეწყინოს. ისედაც ეჭვიანობს, ცისიას შენ უფრო უყვარხარ, ვიდრე მეო. ამიტომ არაფერს ეტყვის. ფულს ნელ-ნელა გამოიტანს, საჭიროების მიხედვით. თან იმუშავებს და მეკო ვერც ვერასდროს გაიგებს, სინამდვილეში რა ხდება. ცისიამაც გააფრთხილა, ოღონდ მაგის ყბაში არ ჩამაგდო, არაფერი უთხრაო.
არადა, ჯერ კიდევ გუშინწინ თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა ბავშვის მოშორება. რა მოულოდნელად შეიცვალა ყველაფერი. რა კარგია! უხარია ნანათეს. მას შვილი ეყოლება. პაწაწუნელა ბიჭი ან გოგო, რომელიც იტირებს, როცა მოშივდება და შოშიასავით დააღებს პირს დედიკოს ძუძუს მოლოდინში. ამის გაფიქრებაზე სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.
აბა რა! ასე ჯობია. რადგან შვილის გამოკვების და ჩაცმა-დახურვის პრობლემა არ უდგას წინ, მისი გაჩენა და გაზრდა არ ჯობია? კაცს ყოველთვის იშოვის, თუ მაინცდამაინც ამის სურვილი გაუჩნდება. ვინ იცის, იქნებ ილიამაც სხვა თვალით შეხედოს მერე, როცა უკვე დედა გახდება!
გოკიელთან მისულს შინ არავინ დაუხვდა. რადგან ერთი გასაღები მასაც ჰქონდა, კარის გაღება არ გასჭირვებია. სანამ მისი შეფი სამსახურიდან დაბრუნდებოდა, იქაურობა დააწკრიალა.
უკვე კარგა გვარიანად შეღამდა. არც ლიკატო ჩანდა და არც ილია. ნეტავ კარგად არიან? ამდენ ხანს რატომ დააგვიანდათ? თან ორივეს ერთად? რამე ხომ არ მოხდა? ცოტა არ იყოს, შეშფოთდა.
როგორც იქნა, ილია მოვიდა. მანქანა ეზოში შემოაყენა და ახლა ნანათე მის ნაბიჯებს ითვლიდა გულში, სანამ იგი კიბეზე ამოდიოდა.
მამაკაცმა კარი შემოაღო და მის დანახვაზე გაოცება აღებეჭდა სახეზე.
- როდის მოხვედი? - ესღა თქვა.
- არც ისე დიდი ხანია, - დამნაშავესავით გაიღიმა ქალმა.
ილიამ გამომცდელი მზერა მიაყრო. როგორი მძიმე ეჩვენა ეს მზერა ნანათეს - სავსე საყვედურით, სევდით და ტკივილით… ნუთუ მოეჩვენა?
ილიამ გასაღებების აცმა მაგიდაზე მიაგდო და პიჯაკი გაიხადა. მერე დივანზე დაჯდა, შარვლის ტოტები ოდნავ მაღლა აქაჩა და ფეხები განზე გაშალა, ხელები კი დივანის საზურგეზე ჩამოდო.
გოკიელი ხმას არ იღებდა. მდუმარედ მისჩერებოდა მის წინ მდგარ საყვარელს და ელოდა, როდის დაიწყებდა საუბარს.
დაბნეული ნანათე სკამზე ჩამოჯდა და ხელები მუხლებზე დაიწყო, მერე კი ნელი მოძრაობით ისე აუსვ-დაუსვა ქვედაბოლოს, თითქოს აუთოებსო. ამწუთას იგი დანაშაულჩადენილ მოზარდს ჰგავდა, რომელიც მშობლისგან გაკიცხვას ელოდა. ხელები უცახცახებდა. თავიდან ვერც შეამჩნია, მაგრამ როგორც კი დაინახა, რომ თითებს ვერ იმორჩილებდა, ქვედაბოლოს კიდეებს ძლიერად ჩაებღაუჭა, რომ ნერვული კანკალი ამით შეეკავებინა.
- მე… ორი დღით სოფელში ვიყავი… - ნანათემ ბოლოდან დაიწყო, რადგან თავიდან დაწყება შეუძლებელი იყო, ამისთვის გამბედაობა არ ეყო, - ცისიას და კახას გავყევი აგარაკზე.
მამაკაცი დუმილით შეხვდა ამ ამბავს. არ განძრეულა, სერიოზული სახით მისჩერებოდა ნანათეს და კიდევ რაღაცას ელოდა. როგორც ჩანს, ქალის ნათქვამმა არ დააკმაყოფილა. ნანათემ ნერწყვი სიმწრით გადააგორა ყელში. არ იცოდა, ახლა რა ეთქვა, საიდან დაეწყო, ან საიდან გაეგრძელებინა. ყოველთვის ასე ემართებოდა. სანამ მთავარ სათქმელამდე მივიდოდა, უამრავი დრო და უაზრო სიტყვები სჭირდებოდა.
მაგრამ ამჯერად ვეღარ მოაბა თავი სათქმელს, ამიტომ თავი ჩაქინდრა და გაჩუმდა. ილიამ ერთხანს დაიცადა და რადგან ნანათე საუბრის გაგრძელებას არ აპირებდა, თვითონ ალაპარაკდა.
- მერე? როგორი დრო გაატარე? როგორ არიან ჩვენები?
ამწუთას ილია ისევ ისეთი ილია გამხდარიყო, როგორიც გაიცნო. ცივი, უკარება, უხეში, გულგრილი გამომეტყველებით, უმოძრაო… თითქოს სიხლი გაყინვოდა ძარღვებში… ხმაც კი სხვანაირი ჰქონდა, მბრძანებლური, ქედმაღლური…
ნანათემ ღრმად ამოიოხრა, თავი ასწია და თვალი თვალში გაუყარა საყვარელს.
- ილია, მოდი, არ გვინდა ამ კატათაგვობანას თამაში! - უეცრად მტკიცე ხმით დაიწყო, - მაპატიე, რომ შენ დაუკითხავად წავედი…
- საპატიებელი რა არის, - მკვახედ შეაწყვეტინა მამაკაცმა, - მე რა უფლება მაქვს, რამე აგიკრძალო ან ნება დაგრთო? შენ ხომ ჩემი საკუთრება არა ხარ, - ზედმეტად ირონიულად გამოუვიდა.
ნანათეს თვალთ დაუბნელდა. ისედაც უგუნებოდ იყო და მისმა სიტყვებმა ისე იმოქმედა, რომ ეგრევე ღებინების შეგრძნება დაეუფლა. ნერწყვი ღრმად გადაყლაპა და პირი ფართოდ დააღო, რომ როგორმე გადაევლო ამ შეგრძნებას.
- კახამ… - ისევ დაიწყო ნანათემ და ილიამ ისევ შეაწყვეტინა.
- ვიცი, უკვე მითხრა კახამ!
- რა გითხრა? - მწვანე ფერი დაედო სახეზე.
- რომ ახალი სამსახური გიშოვა.
- ჰო… - შვებით ამოისუნთქა ქალმა, - მე მგონი, ასე ჯობია. იმედია, არ გეწყინება… მეც ყოველგვარი დაძაბულობა მომეხსნება, როცა მეცოდინება, რომ შენ ნაწყენი არ დამრჩი. ხომ მართალი ვარ?
- მაგრამ მე არ ვიცი, შენ რას გულისხმობ. რა ჯობია და რატომ ჯობია. ჯერ ამიხსენი და იქნებ მეც გავიგო. შენ ჯერ არაფერი აგიხსნია ჩემთვის.
- მართალია… რაღაც უცნაური კვირა გამოვიდა… ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში.
- ჰოდა, გისმენ. მეც მაინტერესებს, რა მოხდა, თუკი გაქვს სურვილი, გამენდო. სადაც კახას გადაუშალე გული, არც ჩემთან უნდა გაგიჭირდეს.
ნანათემ გაღიმება სცადა და უცებ შეამჩნია, რომ ლამის დაიმტვრია თითები, რომლებიც ქვედაბოლოს აღარ აწვალებდნენ. ისინი ერთმანეთში ჩახლართულიყვნენ და საწყალი ქალი ისეთი გამეტებით უჭერდა ათივეს, რომ ძვლებს ტკაცატკუცი გაჰქონდა.
ფრთხილად გახედა გოკიელს. რაღაცით უკმაყოფილოა… რატომ? რამ დააყენა ასეთ ხასიათზე? რას წარმოადგენს ნანათე მის ცხოვრებაში? იცის კი, როგორ უყვარს მას იგი? აქვს ამაზე ოდნავი წარმოდგენა მაინც? ალბათ აქვს. რა მიხვედრა მაგას უნდა, თვალებიდან ისეთ სითბოს აფრქვევს, ისეთ სიყვარულს, ბრმაც კი მიხვდება!
და მერე? ნაწყენი რაზეა? იმაზე, რომ გაუფრთხილებლად წავიდა? მერე რა? რატომ უნდა აეღო მისგან ნებართვა? იქნებ მიხვდა, რომ რაღაც გამოუცნობი იმალება ნანათეს ბოლოდროინდელ უცნაურ ქცევებში? მას ხომ არ უყვარს გამოცანები!
კარგა ხანს ისევ ისე, ჩუმად იჯდა, მანამ, სანამ სიჩუმე აუტანელი არ გახდა. როგორც ჩანს, ილიამაც იგრძნო ეს და მოულოდნელად გააგრძელა.
- როგორც ვატყობ, ის სიუპრიზი, რომელიც დღეს შენ მე მომიმზადე, ჩვენი ურთიერთობის დამთავრებას ნიშნავს… სწორად გავიგე?
- ჰო, - ჩახრინწული ხმით მიუგო, - ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. არ შეიძლება იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ…
- მერე, მერე? რაღაც საინტერესოს ჰყვები! - წინ გადმოიხარა მამაკაცი, ფეხები შეატყუპა და ხელებით ზედ დაეყრდნო.
- იმიტომ, რომ მივხვდი… რომ… რომ… - ხმა ჩაუწყდა ნანათეს. - მიხვდი რას? - რბილად შეეკითხა მამაკაცი, რასაც ნანათე არ მოელოდა. ამან კიდევ უფრო შეაშინა და იგრძნო, როგორ სწრაფად გაუცხოვდა საყვარელი მამაკაცისთვის.
- მე ბევრი ვიფიქრე ჩვენზე. და მივხვდი, რომ ჯობია წავიდე. კახამ უკვე მიშოვა ახალი სამსახური. მართალია, ყველაფერი უცებ გადავწყვიტე და არც ხელფასია მაინცდამაინც დამაკმაყოფილებელი, მა…
- ნან, შენ ისე ჩქარა ჰყვები ამ ყველაფერს, რომ ვეღარ გეწევი, - კვლავ შეაწყვეტინა ილიამ, - იქნებ დამშვიდდე და ნელა გააგრძელო? უფრო სწორად, თავიდან დაიწყო? აბა, - შემომხედე… - ილიამ უეცრად მისკენ გამოიშვირა ხელები და თითებზე შეეხო, - რაღაც მხოლოდ შენთვის ცნობილი მიზეზის გამო შენ გადაწყვიტე, დაივიწყო ჩვენი სიყვარული, - თქვა მოულოდნელად მამაკაცმა და ნანათეს ლამის გული გაუჩერდა.
სიტყვა «სიყვარული» მოეწონა, რადგან ილიასგან მსგავსი რამ პირველად ესმოდა, მაგრამ სანამ რამეს გაიაზრებდა, ილიამ გააგრძელა:
- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გაკვირვებული დავრჩი. სიმართლე გითხრა, შენგან ასეთი ნაბიჯის გადადგმა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ბოლო დროს სულ მეჩვენებოდა, რომ რაღაც ამის მსგავსი უნდა მომხდარიყო. თუმცა, არ ვიცი, რატომ და აი, ახლა აქ ვარ, შენ წინ ვზივარ და ველოდები შენგან პასუხს, იქნებ ამიხსნა? ძალიან მაინტერესებს.
ნანათემ შეშინებული მზერა მიაპყრო.
- ნუ გეშინია, ღმერთო ჩემო! რა თვალებით მიყურებ? სკანდალის მოწყობას არ ვაპირებ. არც გიყვირებ, - გააგრძელა ილიამ, თუმცა იმ მომენტში თითქმის ყვიროდა, - უბრალოდ, მინდა ვიცოდე, იქნებ მეც გაგიგო… იქნებ შენი მიზეზი სრულიად მისაღებია ჩემთვისაც. შემდეგ კი ჩვენ დავიშლებით. შენ შენი გზით წახვალ, მე ჩემს სახლში დავრჩები…
მისმა სიტყვებმა ნანათეს შვება კი არ მოჰგვარა, უარესად გახადა. უარესად, რადგან საბოლოოდ დარწმუნდა, რამდენად გულგრილი იყო მის მიმართ მამაკაცი.
«მე შენგან შვილს ველოდები!» - აჯანყდა გული… მაგრამ ნანათემ შეძლო ამ აჯანყების დროებით ჩახშობა.
- იცი? - დახშული ხმით ამოთქვა, - შაბათს მე და კახამ ვილაპარაკეთ და ისინი გვერდით დამიდგებიან. ცისიამ კი მითხრა, ის ბინა სანამდეც გაგიხარდება, შენს განკარგულებაში იქნებაო…
- რა გემართება, ნან? ისევ შორიდან უვლი სათქმელს. არ შეგიძლია, პირდაპირ მითხრა?
- არ მაცლი ლაპარაკს და რა გავაკეთო? - უხეშად მიახალა ქალმა და ვერც მიხვდა, მისდა უნებურად როგორ აუწია ხმას, - აგიხსნი, როგორც შევძლებ, თუკი დამაცდი!
- მაპატიე… ამაზე არ მიფიქრია… ათასი ბოდიში. ყურადღებით გისმენ. უახლოესი 10 წუთის განმავლობაში ხმას არ ამოვიღებ. საკმარისია?
ნანათემ თავი ასწია, თითები ნელა გამოაცურა ილიას მუჭიდან, ტუჩები გაილოკა და თქვა.
- მე ბავშვს ველოდები…
ესეც ასე. მორჩა. სათქმელი ითქვა. ეყო გამბედაობა. სევდიანი შვება დაეუფლა… სამაგიეროდ, ილიას არ უგრძნია არანაირი შვება. ქალმა შეამჩნია, როგორი სისწრაფით შეეცვალა მამაკაცს სახე, როგორი ავი ნაპერწკლები გაუკრთა თვალებში და დაეჭიმა სახის ნაკვთები.
ილია წამით უკან გადაქანდა, ხელები მთელი ძალით მომუშტა და ჰაერში ზემოდან ქვემოთ რამდენჯერმე დააქნია.
ნანათეს ახლა კი ძალიან შეეშინდა. აკანკალებულმა ხელები მისკენ მუდარით გაიშვირა და ტირილნარევი ხმით ამოთქვა:
- ყველაფერს აგიხსნი…
- გაიძვერა! - დაიხრიალა გოკიელმა, მოულოდნელად ზეზე წამოიჭრა, ქალს ეცა და მხრებში ჩააფრინდა.
- ეს შემთხვევით მოხდა, გეფიცები. მეც არ ვიცოდი! - თავს იმართლებდა ნანათე, მაგრამ მამაკაცი არ უსმენდა, უფრო და უფრო უჭერდა ძლიერ თითებს მის სუსტ მხრებს.
- მე კი როგორ გენდობოდი, შენი… - კიდევ ერთხელ დაიხრიალა გოკიელმა და კიდევ ერთხელ ძლიერად შეაჯანჯღარა, მერე კი ხელი შეუშვა, უკან დაიხია და ზიზღით შეათვალიერა მისი მუცელი.
ნანათეს მოეჩვენა, რომ მის წინ ახლა სულ სხვა ადამიანი იდგა, მისთვის სრულიად უცხო. გოკიელს სახე შეშლოდა, თმა შუბლზე ჩამოშლოდა, თვალები არეოდა, სახე გაფითრებოდა, ყბები მოეკუმა და ისეთი თვალებით უყურებდა, თითქოს ქალს კი არა, მოსისხლე მტერს მისჩერებიაო.
- შენ სპეციალურად მომიწყვე ეს! - კბილებში გამოსცრა.
- არა! - იყვირა ნანათემ, - გეფიცები, არა!
- საზიზღარი არსება ხარ! როგორ მძულხარ, რომ იცოდე! არადა, გენდე… თავიდანვე გენდე! - ამ სიტყვებით მამაკაცმა კვლავ გამოიწია მისკენ.
- არ მომეკარო! - მუდარით სავსე ხმით მიმართა ქალმა, მაგრამ უკვე გვიან იყო.
ილიას გაშლილმა ხელისგულმა მთელი ძალით გაილაწუნა მის ლოყაზე და ხუთივე თითის ანაბეჭდი ვარდისფრად დატოვა…
ასეთი გაოცებული სახე ალბათ არასდროს ჰქონია აქამდე… არც ასეთი შეგრძნება დაუფლებია დღემდე… მოულოდნელად ილია მისთვის სულერთი გახდა - სულ ერთ წამში, წამის ერთ მეათასედში… სულერთი გახდა ილიაც და ის ტკივილიც, რომელიც მისმა ხელმა მიაყენა… საერთოდ აღარ ეწვოდა ლოყა, არც უხურდა, არც უფეთქავდა…
სისხლი, რომელიც ნელ-ნელა მიიწევდა თავისკენ, უფრო და უფრო ხმაურობდა, უხშობდა გონებას, თვალებს უბნელებდა, თითქოს ყველაფერს ათეთრებდა ირგვლივ… ანაცრისფერებდა… აი, რაღაც უზარმაზარი ლაქა ბინდივით გადაეფარა თვალებზე, მერე კი მილიონ ნაწილაკად დაიმსხვრა და ირგვლივ მიმოიფანტა…
ყრუდ ამოიკვნესა. შემდეგ აღარაფერი ახსოვს… სულ არაფერი… მისი გონება სრულმა სიბნელემ მოიცვა, ხმაურიანმა სიბნელემ… თითქოს უწონო მდგომარეობაში გადავიდა…
კიდევ ცოტაც და მისი უსიცოცხლო სხეული მოწყვეტით დავარდა იატაკზე…
ნანათეს გული წაუვიდა…
არ იცის, რამდენ ხანს იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში. ძახილმა მოიყვანა გონს… თითქოს ვიღაც შორიდან, სასოწარკვეთილი, მუდარით სავსე ხმით ეძახდა, წარამარა იმეორებდა მის სახელს.
- ნანათე! ნანათე…
როგორც იქნა, ტუჩები შეარხია…
8 8 8
- ნანათე! - ახლა უკვე ახლოდან ჩაესმა ვიღაცის ჩახლეჩილი ხმა…
თვალი გაახილა. ილია მის სხეულთან ჩამუხლულიყო და შეშინებული დასჩერებოდა. თანდათან მოეგო გონს… გაახსენდა, რაც მოხდა რამდენიმე წუთის, წამის თუ საათის წინ… თვალები აუცრემლიანდა.
- ცხოვრებაში ასე არ მოვქცეულვარ, ქალისთვის ხელი არასდროს გამირტყამს, მაგრამ გამომიყვანე წყობილებიდან და… სხვა დროს როგორ გაგიმეტებდი ასე!
როგორ გაიმეტებდა? როგორ და მარტივად. როგორც ახლა - რამდენიმე წუთის, წამის თუ საათის წინ… ერთი ხელის მოქნევა და…
მისგან ეს გასაკვირი არც არის. ის ყოველთვის უხეში იყო, მუდამ გულისამრევად იქცეოდა, გაცნობის პირველი დღიდანვე, მაგრამ მერე ისე შეიცვალა, ნანათემ იფიქრა, ალბათ მძიმე წარსულმა დაამჩნია დაღი მის ბუნებასო. თურმე არა. თურმე ყოველთვის ასეთი ყოფილა - წლების წინაც და წლების შემდეგაც.
მამაკაცმა ხელი დაავლო მის ლამის უსულო სხეულს და ტახტზე ფრთხილად გადააწვინა. ნანათე არ შეწინააღმდეგებია. თავი საშინლად ტკიოდა. ალბათ წაქცევისას დაარტყა იატაკს. რა სულელია! რა ალაპარაკებდა? ხომ იცოდა, რაც მოჰყვებოდა მის «აღიარებით ჩვენებას?»
ილია სამზარეულოში გავიდა, წყალი შემოიტანა, თავი აუწია და აკანკალებული ხელით ჭიქა ტუჩებთან მიუტანა.
- მოსვი ცოტა, გიშველის! - ნანათე მამაკაცის ხმას ვეღარ ცნობდა…
- არ მინდა, თავი დამანებე! - გაბრაზებულმა ხელის ზურგით გაწია ჭიქა, ტახტზე წამოჯდა და თითები თმაში შეიცურა.
ნერვიულობს ბიჭი! ხელები უცახცახებს! ნანობს ვითომ! როგორ ეზიზღება ნანათეს ახლა იგი! თავისი თავიც ეზიზღება! ყველა და ყველაფერი ეზიზღება. ის ბავშვიც კი, რომელსაც მუცლით ატარებს! ნეტავ მოკვდებოდეს! სიცოცხლე აღარ უნდა!
საშინელი სისუსტე იგრძნო. ჯერ კიდევ თვალთ უბნელდებოდა. კვლავ წამოწვა, რადგან მიხვდა, რომ თავს ვეღარ შეიმაგრებდა. უცნაურად უცემდა გული… ხან უცემდა, ხან არა. მისი რიტმისთვის რომ დაეგდო ვინმეს ყური, «ჭრელო პეპელას» წაიმღერებდა… ჰო, ზუსტად ასეთ დარტყმებს აკეთებდა!
- ყველაფერი მართლა შემთხვევით მოხდა, - დაბალი ხმით დაიწყო ნანათემ, - ალბათ ნაწილობრივ შენი ბრალიცაა. ჩემნაირ მიამიტ და სულელ ქალთან არ უნდა დაგეწყო ურთიერთობა. აბებს ყოველდღე ვსვამდი, უფრო სწორად, თითქმის ყოველდღე. რა ვიცოდი, თუ არც ერთი დღის გამოტოვება არ შეიძლებოდა? ცხოვრებაში არ მიხმარია! ხანდახან მავიწყდებოდა. ხანდახან არც მავიწყდებოდა, მაგრამ როცა ერთად არ ვრჩებოდით, იმ ღამეს არ ვსვამდი ხოლმე. ამიტომაც მოხდა ასე… მე შენგან არაფერს ვითხოვ. არც ამ ბავშვს დავიტოვებ… როგორმე მოვნახავ ჩემს გზას. აღარ ინერვიულო…
- ჩვენ დავქორწინდებით, - თქვა მოულოდნელად ილიამ და თვალი თვალში გაუყარა.
ნანათემ დაღლილი მზერით ახედა.
- ნუთუ ვერ მიხვდი, რის თქმას ვცდილობდი წეღან? და, საერთოდ, მთელი საღამო? არ ხარ ვალდებული, ცოლად შემირთო. გასაგებია? ამის უთქმელადაც ვაპირებდი შენთან დაშორებას. გადაწყვეტილება ამწუთას კი არ მიმიღია. კარგა ხანია, ამაზე ვფიქრობდი. შენგან განსხვავებით, მე გამიმართლა. შემიძლია ეს ბავშვი გავაჩინო ან არ გავაჩინო, თან ისე, რომ შენს თავისუფალ ცხოვრებას საფრთხე არ შევუქმნა. არ მინდა შენი ცოლობა, ილია! - თქვა და ცოტაოდენი პაუზის შემდეგ შეფიქრიანებული ხმით დაამატა, - როგორც ქმარი, შენ ვერ გამომადგები!
ილიას ამ სიტყვებზე თითქოს სახე მოექცა… ერთიანად გაფითრდა… ძალიანაც კარგი. იქნებ ამით მაინც მიხვდეს, რომ ნანათეს მისი შესახვეწი არაფერი სჭირს.
მაგრამ წამიც და გოკიელს ტუჩებზე ირიბი ღიმილი გამოეხატა, ირონიული, როგორც ჩვეოდა ხოლმე და კვლავ ძველ ილიად გადაიქცა.
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! - მბრძანებლური ტონით წარმოთქვა, - ეს სიტუაცია ახლა მხოლოდ მე და შენ არ გვეხება. ბავშვზეც უნდა ვიფიქროთ. უახლოეს ხანში დავქორწინდებით. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ ჩემს შვილს მარტოხელა დედა ზრდიდეს. ეგეთი ნაგავი არ ვარ. მას ექნება ჩემი გვარი, ჩემი მხარდაჭერა და მზრუნველობაც ჩემი მხრიდან.
- მართლა? - ცალი წარბი მრავალმნიშვნელოვნად აზიდა ნანათემ, კვლავ წამოჯდა და ზურგით ტახტის სახელურს მიეყრდნო, - მერე რა ვუშველოთ ისეთ ცნებებს, როგორიცაა ნდობა, სიყვარული, ერთგულება?
- ეს შენ ხარ, ნდობაზე რომ მელაპარაკები? - მედიდური ტონით დაინტერესდა მამაკაცი, - ეგრე თუ მივუდგებით საკითხს, შენ იცი, მე როგორც გენდობოდი და შედეგად რა მივიღე? ამიტომ არ ღირს ახლა არაფრის ახსნა-განმარტება, ყველაფერი ისედაც დღესავით ნათელია. მე მომწონხარ, შენ ეს კარგად იცი. ამიტომაც ვერ ვხედავ აუცილებლობას, წარამარა გიმეორო ერთი და იგივე!
- მე არაფერი ვიცი, - გულგრილად ჩაილაპარაკა ქალმა.
გოკიელმა ხელი ისე აიქნია, აგრძნობინა, არ ღირს ამ თემაზე საუბრის გაგრძელებაო.
- რაც შეეხება ნდობას და ერთგულებას, მე მგონი, ჩემი მხრიდან არც ერთი დაგკლებია და არც მეორე.
- მაგრამ შენ დაორსულდი და დამიმალე ეს.
- არა, არ დამიმალავს. რომ დამემალა, ვერასდროს გაიგებდი.
- და აქამდე რატომ არ მითხარი?
- იმიტომ, რომ ვიცოდი, როგორც შეხვდებოდი ამ ამბავს. მე კი შენ გარეშე მინდოდა ეს საქმე მომეგვარებინა. საუკეთესო გამოსავალი კი შენი მიტოვება იქნებოდა ამ დროს. ასეც ვაპირებდი, თუმცა… არ დამცალდა, - თქვა და უეცრად სლუკუნი აუტყდა…
ცრემლები ღაპაღუპით დაედინა ღაწვებზე. ისე ამოუჯდა გული, ვეღარ ჩერდებოდა. ცოტა ხანში სლუკუნი ღრიალში გადაეზარდა. ეს ისტერიკა უფრო იყო, ვიდრე გულის აჩუყებით გამოწვეული ცრემლები…
- ნან, ძალიან გთხოვ, ნუ ტირი! - მამაკაცი დივანზე ჩამოჯდა და მისი ჩახუტება სცადა, მაგრამ ნანათემ ცივად მოიშორა მისი ხელები.
- არაფერში არ მჭირდება შენი თანაგრძნობა! გადი აქედან! მარტო მინდა ყოფნა! - გაღიზიანებულმა წამოიყვირა.
მაგრამ ილია არსად აპირებდა წასვლას. ალბათ უხერხულად გრძნობდა თავს - ასე უბრალოდ, მისი ერთი ისტერიკის გულისთვის ამდგარიყო და გასულიყო, ადვილი არ იყო. კვლავ შეეცადა მის ჩახუტებას… რა ნაცნობი იყო ნანათესთვის ეს შეხება, ტკივილამდე ნაცნობი…
როგორც იქნა, ილიამ ორივე ხელი მოხვია და მისი ცრემლიანი სახე მკერდზე მიიხუტა.
- შენი განაწყენება არ მინდოდა, ნან, - ჩურჩულებდა იგი, - მაპატიე. თავი ვერ შევიკავე, მაგრამ შენც უნდა გამიგო. ეს ყველაზე მოულოდნელი ახალი ამბავი იყო ჩემს ცხოვრებაში…
- და ყველაზე უსიამოვნოც, სხვათა შორის! თითქოს ბავშვზე კი არა, კატის კნუტზე ყოფილიყო საუბარი, რომელიც ქუჩაში ვიპოვე და შინ მოვათრიე! - აღშფოთებული ნანათე კი არ ლაპარაკობდა, ყვიროდა.
- კარგი, დამშვიდდი, ძალიან გთხოვ… ახლა შენი ნერვიულობა არ შეიძლება. რაც არის, არის. ყველაფერს მოევლება. დავიწეროთ ჯვარი და ამით პრობლემა მოგვარდება. მე მამობის პასუხისმგებლობას ვერ გავექცევი.
- მოგვარდება? - ნანათემ თავი გაითავისუფლა მისი მკლავებიდან და ზეზე წამოხტა, - შენ ასე გგონია? შენთვის შეიძლება მოგვარდეს, მაგრამ ჩემთვის არა, გესმის? არ მინდა ცოლად გავყვე ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ ხაფანგში შემოვიტყუე. არ მინდა ისეთი კაცის ცოლობა, რომელიც მოვალეობის მოხდის მიზნით შემირთავს ცოლად, მხოლოდ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას არ გაექცევა!
- არ გეთანხმები მაგაში… შენ იცი, მე როგორ მომწონხარ. ნუთუ ეს საკმარისი არ არის?
- მე შენ მხოლოდ მოგწონვარ… და ეს არ არის საკმარისი. სულაც არ მინდა, ამ საზიზღარ «პასუხისმგებლობაში» ჩაგეზიარო! ნუთუ ვერ ხვდები, რომ ასეთი პირობით არ შემიძლია შენ გვერდით ცხოვრება? - ქვითინებდა ნანათე.
არა, ილია ვერასდროს გაუგებს მას. მისთვის ნანათე ყოველთვის ასეთად დარჩება - ქალი, რომელიც გამორჩენას მოელის მამაკაცისგან.
- ვგრძნობ, როგორ ვერ მიტან. შენთვის ძნელია, შეელიო თავისუფლებას. მიჩვეული ხარ ეულად ცხოვრებას. ჯერ კიდევ წარსულის მოგონებით ტკბები. შენთვის ახალი ცხოვრების დაწყება ტანჯვაა და მეტი არაფერი. ამიტომაც არ მინდა, ჩემ გამო მსხვერპლი გაიღო.
- შენ გამო არა, ამას მე ჩვენი შვილის გამო ვაკეთებ.
- შვილის, რომელიც სულაც არ გჭირდება.
- რატომ ამბობ ასე? გგონია, არ მინდა, შვილი მყავდეს?
- რაღაც ვერ გატყობ, რომ გინდა, - ზიზღით მობრიცა ტუჩები ქალმა.
- პრობლემა ჩემში სულაც არ არის… ლიკატოსთვის იქნება ძნელი ასახსნელი ეს სიტუაცია, გესმის? ამიტომაც გაგაფრთხილე თავიდანვე, ამიტომაც გეუბნებოდი, მოერიდე დაორსულებას-მეთქი. ის ჯერ კიდევ პატარა გოგოა, ამდენს ვერ გაიგებს.
- ჰოდა, არც ერთს არ შეგიქმნით პრობლემას. ჩემს თავს მე თვითონ მივხედავ, ნუ ღელავთ!
- მომისმინე, ძალიან გთხოვ! ნუ გაქვს გული ყელში მობჯენილი და ასე ნუ მელაპარაკები! მე შენგან სიყვარული არასდროს მითხოვია. ასე არ არის?
- ჰო, რა თქმა უნდა. შენ მხოლოდ ის გინდოდა, ჩემს სხეულთან რეგულარული შეხების უფლება გქონოდა! როცა მოგესურვებოდა, მაშინ ვყოფილიყავი შენი. მე ამ პირობაზე დაგთანხმდი, ამიტომაც რა შენი ბრალია, თუ დავორსულდი? რა თქმა უნდა, შენ არაფერ შუაში ხარ. მე შევცდი და მევე გამოვასწორებ ჩემს შეცდომას. აქამდე შენ მკარნახობდი შენს პირობებს, ახლა ჩემი დროა! - ნანათემ ამაყად ასწია თავი და გამომწვევად შეხედა მამაკაცს.
ილია გაშტერდა. მას ასეთი ნანათე არასდროს უნახავს. იმ მორჩილი, თბილი, მშვიდი ქალისგან, რომელსაც აქამდე იცნობდა, აღარაფერი დარჩენილიყო.
ერთხანს სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ორივე თავისთვის იჯდა და ფიქრობდა. ბოლოს ილიამ დაარღვია დუმილი.
- როდის გაიგე, რომ ორსულად იყავი?
- მეორე კვირაა.
- ამიტომაც იყავი ეს დღეები ასე უხასიათოდ? გულიც გერევა, ხომ?
- ჰო.
- მე კი რა არ ვიფიქრე. ვინმე სხვა ხომ არ გამოჩნდა მის ცხოვრებაში-მეთქი. იქნებ აღარ უნდა ჩემთან ურთიერთობა და ვერ მეუბნება-მეთქი… ათასმა ეჭვმა გამიელვა თავში.
- მართალი ხარ, შენთან ურთიერთობა აღარ მინდა, - ნიშნის მოგებით დაუდასტურა ქალმა, ფეხები მოიკეცა და ხელები მუხლებზე შემოიწყო.
- ორსულობის გამო? - გვერდულად გახედა ილიამ.
- აბა რა! ორი დღით იმიტომაც გავყევი ცისიას, რომ ყველაფერი ამეწონ-დამეწონა. მეფიქრა, რა ჯობდა, როგორ მოვქცეულიყავი და მოვიფიქრე კიდეც. შენ არ დაზარალდები… არც მე. შენ სხვა ქალს იშოვი, მე კი ბავშვს გავზრდი… არ გამიჭირდება, ვიცი. მეგობრებიც დამეხმარებიან.
- არადა, კახა შემხვდა წეღან. ერთი სიტყვითაც არ უგრძნობინებია, რა ხდებოდა. მხოლოდ ის მითხრა, ნანათე სამსახურიდან წამოსვლას აპირებს და მე ახალი სამუშაო ვუშოვეო. რატომ არ მითხრა, რატომ?
გაგრძელება იქნება