საერთაშორისო არტ-შოუ "არტ ბაზელი" ქართველი ხელოვანების შესახებ სტატიას აქვეყნებს: "Atlanta is not in Georgia. Tbilisi is!" (ატლანტა არ არის საქართველოში, თბილისი -კი!) - ამ შესავლით იწყებს უმსხვილესი საერთაშორისო არტ-შოუ Art Basel საქართველოს გაცნობას მკითხველისთვის. ეს განმარტება, ალბათ, უფრო მათთვისაა, ვინც ჯერ კიდევ არ იცის პატარა ზომის, თუმცა დიდი კულტურის ევროპული ქვეყნის, საქართველოს შესახებ.
"როგორ მოაქციეს ქართველმა ხელოვანებმა თბილისი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში?" - პასუხს Art Basel საქართველოსა და ქართველი არტისტების შესახებ გამოქეყნებულ სტატიაში გვთავაზობს.
დღეს ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც Georgia-ს (საქართველოს) Georgia-სთან (შტატთან) აიგივებს. საქართველოს პოპულარობა, დიდწილად, მისი დედაქალაქის მზარდი შემოქმედებითი პოტენციალის დამსახურებაცაა. ეს ზრდა განპირობებულია მხატვრების, კინორეჟისორების, დიზაინერების, მწერლების, მუსიკოსებისა და ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენლების აქტიური მუშაობით. თავის მხრივ კი, ამ ხელოვანებს ფართო ასპარეზს არაერთი საგანმანათლებლო პროგრამა, კომერციული და არაკომერციული გალერეები და კულტურული ღონისძიებები აძლევენ.
„თბილისში სულ უფრო იზრდება გალერეებისა და არაკომერციული სახელოვნებო სივრცეების რაოდენობა, რამაც ამ სფეროს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია გამოიწვია. მიუხედავად ისეთი გამოწვევებისა, როგორებიც არის ძალიან მცირე სამთავრობო და ინსტიტუციური მხარდაჭერა, ჩვენმა საზოგადოებამ მიიპყრო მნიშვნელოვანი გლობალური ყურადღება, რაც ჩვენი გამძლეობისა და კრეატიულობის დასტურია“, - ამბობს Art Basel-თან საუბრისას ლიზა ოფერმანი, რომელიც თბილისში არსებული გალერიის, LC Queisser-ის თანადამფუძნებელია. LC Queisser არის სივრცე, რომელიც მხარს უჭერს ექსპერიმენტულ ხელოვნებას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ხშირად მოიხსენიება, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინი, თქვენ ნამდვილად დაინახავთ და იგრძნობთ უფრო მეტ "ევროპას", ვიდრე "აზიას" თბილისელ ხალხში, ბიზნესსა და არქიტექტურაში. ქალაქის აბანოების უბანში არის მე-19 საუკუნის დიდებული გერმანული ნიმუშები, საბჭოთა ბრუტალიზმი, რეგიონისთვის უნიკალური მონუმენტური, მარმარილოთი შემოსილი ნაგებობები და სპარსეთისა და ოსმალეთის ნაშთები. ამ ყველაფრის გვერდით კი არის მინის კოშკები.
მას შემდეგ, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 წელს, ქართველი ხალხი ათწლეულების განმავლობაში ებრძოდა იზოლაციას საკუთარი იდენტობის დასაბრუნებლად, მუშაობდა ქვეყნის მდიდარი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ამაყად წარმოჩენისთვის, ამით კი მათ გლობალურ კულტურულ დიალოგში საკუთარი ადგილის დაბრუნება სურდათ. თბილისი დგას, როგორც აქტიური ეპიცენტრი ამ ძირძველ მოძრაობაში, იზიდავს ადგილობრივებსა და მნახველებს თავისი კულინარიული სიამოვნებით, 8000 წლით დათარიღებული მევენახეობის ისტორიით, მთებითა და ტბებით, მუზეუმებით, რომლებიც ასახავს ქვეყნის მე-11–მე-13 საუკუნეების ოქროს ხანის ლეგენდებსა და არტეფაქტებს. თანამედროვე ბოჰემური სითბო, ცნობილი სტუმართმოყვარეობა და ხელოვნების გამორჩეული ეკოსისტემა - ესაა ის ყველაფერი, რაც თბილისს ასეთ განსაკუთრებულს ხდის.
„მიუხედავად 1990-იანი წლების საშინელი პირობებისა, ქართული ხელოვნების განვითარება გაგრძელდა. „მხატვრებმა შეინარჩუნეს შემოქმედებითი ლტოლვა და არ თქვეს უარი საკუთარ მიზნებსა და სურვილებზე“, - განუცხადა "არტ ბაზელს" Vanda Art Gallery-ს დამფუძნებელმა ვანდა მუჯირმა.
საერთაშორისო სცენაზე ყველაზე ცნობილ ქართველ არტისტებს შორის არიან ანდრო ვეკუა, თეა ჯორჯაძე, ანა კ.ე. და ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, თუმცა ყველა მათგანი საზღვარგარეთ გადავიდა საცხოვრებლად, რათა გაეფართოებინათ როგორც ცოდნა, ისე სამუშაო არეალი.
თოლია ასტახიშვილის ნახატები და ვრცელი არქიტექტურული ინსტალაციები, შექმნილი ყოველდღიური გამოყენების საგნებისგან, მაყურებელს უბიძგებს, იმოგზაუროს სამყაროში, სადაც ქაოსი და ირაციონალურობა მშვიდობას ერწყმის. მხატვარი ამბობს, რომ უყვარს მკაფიო საზღვრების დადგენა რეალურსა და გამოგონილს შორის, რაც ასახავს ადამიანების აკრძალულისა და უცხოსადმი ლტოლვას.
ანალოგიურად, ნიკა ქუთათელაძე არქიტექტურული და ფერწერული ჟესტებით რეალობასა და აბსურდს ერთმანეთს უპირისპირებს. ის განსაკუთრებით სიღრმისეულად ასახავს სიღარიბის თემას. ინსტალაციებსა და სკულპტურებში კი სიძველე იგრძნობა. გამორჩეულია ეკლებით სავსე სახლი, რომელიც მან პირველად წარმოადგინა თბილისის არქიტექტურულ ბიენალეზე 2018 წელს, „დაიცავი ჩემი სახლი, სანამ მე არ ვარ“, შთაგონებული გურიის ერთ-ერთი მიტოვებული სოფლით.
ამ და სხვა წარმატებული ქართველი არტისტების შესახებ წერს უმსხვილესი საერთაშორისო არტ-შოუ Art Basel და მსოფლიოს უყვება იმის შესახებ, თუ "როგორ მოაქციეს ქართველმა ხელოვანებმა თბილისი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში."