იონას წასვლამ ქალს გუნება მოუშხამა. შიშმა აიტანა, ვაითუ გავანაწყენე და საერთოდ აღარ მობრუნდესო. ერთხანს იწრიალა, ოთახიდან ოთახში დადიოდა და ელოდებოდა, მარიკუნა ჭამას როდის მორჩებოდა, მერე კი დაისვა და ახსნა დაუწყო, რას ნიშნავდა "ძია რიოს" ნათქვამი.
გაუჭირდა. არ ეგონა, ასე თუ გაუჭირდებოდა ცხრა წლის ბავშვისთვის იმის ახსნა, რომ ლექსო კი არ იყო მისი ნამდვილი მამა, არამედ იონა. მიკიბ-მოკიბა, საკუთარი წარსული სულ სხვანაირად დაუხატა, შეეცადა პატარა გოგოსთვის ადვილად გასაგები ამბავი გამოეგონებინა და თან მის, როგორც დედის პიროვნებას, ჩრდილი არ მისდგომოდა. უყვებოდა, როგორ უყვარდათ მას და იონას ერთმანეთი, სასაცილო სიტუაციებს იგონებდა, რათა მარიკუნას ხანდახან გასცინებოდა…
როგორც იქნა, დაასრულა და აფორიაქებული მიაჩერდა შვილს.
- დე, ლექსოც ხომ იქნება ჩემი მამა? - იკითხა ბავშვმა.
- რა თქმა უნდა, ისიც იქნება და იოც. ორივე.
- მერე? ხომ არ იჩხუბებენ იო ძია და მამიკო?
"იო ძია და მამიკო" ეკალივით მოხვდა გულზე. ბავშვი ვერ აცნობიერებდა, რეალურად რაც ხდებოდა, ამიტომ მაინც ლექსო მიაჩნდა ღვიძლ მამად.
- დე… - ჩურჩულზე გადავიდა მარიკუნა, - ძია იოსაც მამიკო უნდა დავუძახო? - და თვალები დახარა.
ლიზიმ კვლავ ჩხვლეტა იგრძნო. იცოდა, ასე რომ მოხდებოდა. იცოდა, ცხრა წლის ბავშვისთვის ძნელი აღსაქმელი იქნებოდა, რომ მას სრულიად სხვა მამა ჰყავდა, ამიტომ შვილი გულში ჩაიკრა და დაყვავებით უთხრა:
- შენ როგორც გინდა, დედი. კი არავინ გაძალებს, მამა დაუძახეო. არ არის აუცილებელი. მთავარია იცოდე, რომ ისიც შენი მამიკოა. ანუ ის უფრო ადრე გახდა შენი მამიკო, ვიდრე ლექსო. გესმის?
თავი კი დაუქნია მარიკუნამ, მაგრამ მაინც ვერ გაიგო, რატომ უნდა ჰყოლოდა ორი მამა.
- არა უშავს, შვილო, ცოტას კიდევ წამოიზრდები და ყველაფერს მიხვდები. უბრალოდ, მინდა იო ძიაც ისე გიყვარდეს, როგორც ლექსო მამიკო გიყვარს. ხო?
- ხო. მე მიყვარს იო ძია, მაგარი ძიაა, - გაიკრიჭა მარიკუნა და დედას ჩაეხუტა…
იმ ღამეს იონა არ მობრუნებულა. ლიზის დაურეკა, სასწრაფოდ მომიწია თბილისში ჩასვლამ სამსახურის საქმეებზე და ხვალ საღამოს ამოვალო. ქალს ნირი წაუხდა. იფიქრა, ყველაფერი მორჩა, იონა აწი აღარ გამეკარებაო. ის ღამე ტირილში გაათენა. იონას გარდა სხვა სადარდებელიც ჰქონდა - სამსახური დაკარგა. დარწმუნებული იყო, რომ ნანკა აღარ მიიღებდა. შეიძლება უკვე დაწერილიც ჰქონდა მისი გათავისუფლების ბრძანება. ეს პროექტი მაინც მოესწრო… მაგრამ არა, ნანკა ალბათ მის პროექტსაც აღარ მიიღებდა. არადა, თითქმის მორჩა. მორჩა კი არა, მხოლოდ დეტალების შესწორება იყო საჭირო, რასაც ნანკას გარეშე ვერ გადაწყვეტდა, ამიტომაც არ ჰკიდებდა ხელს.
ახლა რაღა უნდა ექნა? იონა დაკარგა, სამსახური დაკარგა, რითი ეარსება? აქ გაჩერებას რა აზრი ჰქონდა? მაგრამ სად უნდა წასულიყო? თბილისში არავინ მიელოდა. არც სახლი გააჩნდა იქ და არც კარი. ვინც მეგობარი ეგონა, მტერი აღმოჩნდა, ვინც ქმარი ეგონა, - მოღალატე. ვის უნდა მისდგომოდა კარზე? ერთი ნათესავი მაინც ჰყოლოდა, რომელიც დროებით შეიფარებდა. მორჩა, მისი საქმე დამთავრებულია, თუ რამე გზა არ გამოჩნდა, ალბათ თავის მოკვლის მეტი აღარაფერი დარჩება. მაგრამ მარიკუნა? ბავშვს უპატრონოდ ხომ არ დააგდებს? ვინ მოუვლის და გაზრდის - იონა თუ ლექსო? ლიზისნაირად ვერც ერთი ვერ იზრუნებს მასზე. იონა იმიტომ ვერ იზრუნებს, რომ ჯერ ბოლომდე ვერც გაუცნობიერებია, შვილი რომ ჰყავს. ლექსო კი მეორე ცოლისგან ბავშვს ელოდება, თავის პირმშოს. მარიკუნა ვინაა მისთვის? არა, ასე არაფერი გამოვა. თუ იო აღარ მოვა, დატოვებს აქაურობას და თბილისში წავა. მიადგება ლექსოს და სთხოვს, რამე მოუხერხოს. ბოლოს და ბოლოს, ამდენი წელი მისი ცოლი იყო და ავად თუ კარგად, ცოლობა გაუწია. ერთგულება მაინც ხომ შეუნარჩუნა, თუ სხვა ვერაფერი შემატა?
ამ ფიქრებში თავზე დაათენდა. ტირილისგან თვალები შეუშუპდა. სარკეში რომ ჩაიხედა, საკუთარი თავი ვერ იცნო - ერთ ღამეში ლამის ათი წელი მომატებოდა.
მარიკუნა სკოლაში გააცილა და დივანზე მიწვა. აღარაფრის ხალისი აღარ შერჩენოდა. არც სახლის მილაგების ნერვები შერჩა და არც სადილის მომზადების. ახლა მხოლოდ ერთი რამ სურდა - როგორმე დასძინებოდა. ძილი ყველაფერს თვითონ უმკურნალებდა.
ღამისთევამ და ნერვიულობამ თავისი გაიტანა. ჩაეძინა. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი მშვიდი ძილი, ეს ძილ-ღვიძილი იყო. თან ეძინა, თან ფხიზლობდა. არა და არ გაეთიშა გონება. სიზმარიც ნახა, მაგრამ მაინც არ ეძინა. ასეთი რამ ადრეც გამოუცდია და არა ერთხელ და ორჯერ. სანერვიულო კი სიცოცხლეში ბევრჯერ ჰქონია, გათხოვებამდეც და გათხოვების შემდეგაც. რაც თავი ახსოვს, სულ ბეწვის ხიდზე დადიოდა, სულ რაღაცის ეშინოდა. გემრიელად ერთხელ არ შეუგრძნია ბედნიერება, მისი დაკარგვის შიში გამუდმებით თან სდევდა. თითქოს შიშით იყო დაპროგრამებული - რაც უნდა კარგად ყოფილიყო, სულ ცუდს მოელოდა. სულ იმის მოლოდინში იყო, მისი ბედნიერი დღეები როდის დამთავრდებოდა.
თუმცა ყოველთვის ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა - ბედი სწყალობდა თუ განგება იფარავდა. ისიც კი, ლექსოს რომ დაშორდა, უკეთესი აღმოჩნდა მისთვის - ახალი ცხოვრების გზა გაეხსნა, დამოუკიდებლად არსებობის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიეცა. თუ წარსულში ამას კრიმინალური გზით ახერხებდა, ახლა საკუთარი შრომით ისწავლა ლუკმის მოპოვება. ეს უხაროდა. იცოდა, რომ რაც უნდა ცუდად შემოტრიალებულიყო საქმე, ახლა აღარ დაიკარგებოდა და ფეხზე დადგომას აუცილებლად მოახერხებდა. გონება ყოველთვის უმუშავებდა, უბრალოდ, არ დამდგარა იმის საჭიროება, თავისი ჭკუა და მარიფათი რამეში გამოეყენებინა. ლექსო მუშაობდა, კარგი შემოსავალი ჰქონდა და ოჯახს არაფერს უჭირვებდა…
ახლა კვლავ ახალი ეტაპი დადგა მის ცხოვრებაში და ამას უნდა გამკლავებოდა…
მარიკუნა რომ დაბრუნდა სკოლიდან, უკვე ფეხზე იყო. თავი საშინლად სტკიოდა, მთელი მარცხენა ნახევარსფერო უფეთქავდა. ორი აბი ტკივილგამაყუჩებელი დალია, თავზე მჭიდროდ წაიკრა თავშალი და ბავშვს საჭმელი გაუცხელა. გუშინდელი გუფთა ბლომად ესხა ქვაბში, ბლინებიც დარჩენილიყო და ქადებიც. კარგი ქნა, დღეს სადილი რომ არ მოამზადა. ვინ იყო მაგის შემჭმელი? უკვე აღარავის მოელოდა. იონასთან დარეკვის სურვილი კი ჰქონდა, მაგრამ არ დაურეკა. თუ მომსვლელი იყო, ისედაც მოვიდოდა.
არა, ეს არ იყო სიამაყე. განა ამის გამო არ ურეკავდა. უბრალოდ, არ სურდა მამაკაცისთვის თავი გაებეზრებინა ან გაეღიზიანებინა. მაგრამ ვაითუ ის სწორედ ამას ელოდება? იქნებ ის უნდა, რომ ლიზიმ დაურეკოს და ჰკითხოს, როდის მოხვალო? იქნებ სწორედ ეს აზრია ჩადებული მის გაუჩინარებაში?
არა, მაინც არ დარეკავს. რა თქმა უნდა, შეუძლია დაურეკოს და ჰკითხოს, დღეს სადილად რა დაგახვედროო, მაგრამ ამას არ იზამს. რაც მოსახდენია, მოხდეს. თუ იონამ მისი მიტოვება გადაწყვიტა, ლიზის ერთი ზარი ვერაფერს შეცვლის. თუ საყვედურს მიიღებს იმის გამო, რატომ არ დამირეკეო, სიმართლეს ეტყვის. იონა გაუგებს… იონა მიუხვდება… იონა ლექსო კი არაა, იონა იოა, მისი იო…
უკვე ექვსი საათი ხდებოდა. წესით, სადაცაა იონა უნდა მოსულიყო. გული საგულეში აღარ ეტეოდა. როგორ ღელავდა. ამ საღამოზე იყო დამოკიდებული მისი მომავალი, მისი ხვალინდელი დღე.
კუჭი აუწრიალდა. ახლაღა გააცნობიერა, რომ მთელი დღე ლუკმა არ ჩაედო პირში. მაცივარი გამოაღო და შეიხედა. ბადრიჯანს ჭკნობა შეჰპარვოდა. ჯანდაბას ჩემი თავი, ეს როგორ მომივიდაო, გაიფიქრა და სასწრაფოდ გამოიღო. გარეცხა, ბრტყლად დაჭრა და მარილი მოაყარა, რომ წვენი გასვლოდა. შეწვავს და დაჭყლეტილ ნიორს მოაყრის. სულ გაფუჭებას ჯობია ერთი თავი კერძი გამოუვიდეს. ბოლოს და ბოლოს, შვილთან ერთად თვითონაც მშვენივრად მიირთმევს.
ამ დროს მობილური აწრიპინდა. ზარის გაგონებაზე გული შეუხტა. დარწმუნებული იყო, იო იქნებოდა…
შეცდა. ერთხანს გაოცებული დასცქეროდა ეკრანზე მოციმციმე სახელს - ნანკა ურეკავდა. ჰქონდა ახლა მასთან ლაპარაკის თავი? კარგს ნანკა რას ეტყოდა? არც არაფერს. ქალს ქმარი, თუნდაც ყოფილი, ხელიდან ააცალა და კარგი რა უნდა ეთქვა?
არ უნდოდა ეპასუხა, მაგრამ გულმა არ მოუთმინა. რაც იქნება, იქნება, ამ ლანძღვასაც გადავიტან როგორმეო, გაიფიქრა, საძინებელში შეიკეტა და უპასუხა:
- გისმენთ!
- ნანკა ვარ…
- ვიცი, ნანკა…
- რატომ არ მოხვედი დღეს სამსახურში?
ლიზი დაიბნა. ყველაფერს ელოდა და ამას არა.
- მე… რა ვიცი… ვიფიქრე, უკვე აღარ ვჭირდები-მეთქი…
- რატომ, იონას გამო?
- ჰო, - არ დამალა ლიზიმ.
- ხვალ დილიდან გელოდები. აუცილებლად გამოდი. გასაგებია?
- გასაგებია.
- პროექტის საქმე როგორაა?
- დავამთავრე. უბრალოდ, არის რამდენიმე პუნქტი, უშენოდ ვერ ვქენი… იქნებ რამის შესწორება მოგინდეს.
- შეგიძლია ფოსტაზე გადმომიგზავნო?
- რა თქმა უნდა, ახლავე გამოვუშვებ.
- მიდი! და ხვალ გელოდები! - ასე მომთხოვნი ტონით დაასრულა "შეფინიამ" მასთან საუბარი და გათიშა.
მისმა ზარმა დამშვიდების ნაცვლად უფრო ააფორიაქა ლიზი. ალბათ პირისპირ უნდა ჩემთან შეხვედრა, რომ უფრო გემრიელად გამომლანძღოსო. თანაც, პროექტიც სჭირდება. რაში აწყობდა ტელეფონში მასთან იონაზე ლაპარაკი? ახლა პროექტს გადაუგზავნის, ხვალ კი… ხვალ უფროსი წესს აუგებს.
ეშინია? არა, არ ეშინია. უბრალოდ, არ უყვარს უსიამოვნო სიტუაციები. თავის დასაცავი მას არაფერი სჭირს. არავინ მოუკლავს და არავინ გაუქურდავს… არც არაფერი წაურთმევია ნანკასთვის. ისიც კი არ იცოდა, იონა მისი ქმარი თუ იყო. რა ლიზის ბრალია? ნანკა სად იყო, ის რომ იონას იცნობდა? შვილიც კი ჰყავს მისგან! ხმა არა აქვს ნანკას ამოსაღები და ერთი გაბედოს, რამე აგდებით უთხრას, მაშინვე მოსვამს თავის ადგილზე!
- დე, ამოცანა ამოვხსენი და შემიმოწმებ? - ჩაფიქრებულს მარიკუნა დაადგა გაშლილი რვეულით ხელში.
- რა?.. აბა, მაჩვენე! - ფიქრებიდან გამოერკვა და რვეულს დახედა.
"ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე მანძილი 180 კმ-ია. ავტობუსი მოძრაობს 60 კმ\სთ სიჩქარით. რამდენ საათში დაფარავს ავტობუსი მანძილს ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე?" - ჩვეულებრივი მარტივი მათემატიკური ამოცანა იყო.
მარიკუნას პასუხი ეგრევე მიეწერა - 3 საათშიო, ყოველგვარი ამოხსნის გარეშე.
- ეს რა არის? როგორ მიიღე ეს პასუხი? - კოპები შეკრა ლიზიმ და რვეული ხელში შეათამაშა.
- 180 3-ზე გავყავი, - შეშინებული ხმით მიუგო გოგონამ.
- მერე? სად ჩანს, რომ გაყავი? პირდაპირ პასუხი გიწერია! ამოცანის პირობის მერე რას ვაკეთებთ ხოლმე?
ბავშვი დაბნეული მიაჩერდა დედას.
- რას ვწერთ ამოცანის პირობის შემდეგ?
- ამოხსნას.
- და სად გიწერია ეს ამოხსნა? - ისტერიკულად იყვირა ლიზიმ, - პირველად აკეთებ დავალებას თუ როგორაა შენი საქმე? მიდი ახლავე და როგორც საჭიროა, ისე გააკეთე. ხელახლა გადაწერე და წესიერად ამოხსენი, არ გამაგიჟო იცოდე!
მარიკუნამ დედას რვეული გამოართვა და თავისი ოთახისკენ გაიქცა. გაოცებული იყო - მას დედა ასე მწარედ არასდროს გაჰბრაზებია…
ლიზიმ კედლის საათს ახედა, იონას ნაყიდ საათს. ცხრა შესრულებულიყო. ის კი არ ჩანდა. არც დარეკა. ახლა უკვე გადაეწურა მისი დაბრუნების იმედი… საბოლოოდ გადაეწურა. ალბათ ეწყინა, ლიზიმ რომ დაუშალა ბავშვისთვის შექმნილი სიტუაციის ახსნა, ან რომ დაფიქრდა, არ დაიჯერა, მარიკუნა თუ მისი შვილია, ან კიდევ… აღარ იცის, მესამე ვარიანტი რა შეიძლება იყოს. სასოწარკვეთილმა თავი ხელებში ჩარგო.
მოულოდნელად ტელეფონის ზარი გაისმა. მაშინვე სტაცა კამოდზე შემოდებულ მობილურს ხელი… ამჯერად ლექსო ურეკავდა.
როგორ არ უნდოდა ახლა მისი ხმის გაგონება… ნეტავ იო ყოფილიყო და არა ლექსო…
- ხვალ სად იქნები? - პირდაპირ საქმეზე გადავიდა ქმარი.
- არ ვიცი… ალბათ სამსახურში, გააჩნია, რომელ საათზე. - ნაღვლიანად გასცა პასუხი.
- დაახლოებით თორმეტისთვის.
- სამსახურში… რა იყო?
- განქორწინების თაობაზე მინდოდა დაგლაპარაკებოდი.
- სამსახურში მოდი. იქ დაგელოდები. - ცივად მიუგო და გათიშა.
ამან ხომ შეუჭამა ტვინი თავისი განქორწინებით. როგორ ეჩქარება მასთან გაყრა! დამპალი!
ლექსომ ისევ დარეკა.
- კიდევ გინდოდა რამე? - უკმეხად შეეკითხა.
- რატომ მიბრაზდები, ლიზი?
- არ გიბრაზდები, უბრალოდ, არ ვარ შენთან საუბრის ხასიათზე. გითხარი, სამსახურში ვიქნები-მეთქი, მეტი რა მექნა?
- მომისმინე. თამუნა საცაა ბავშვს გააჩენს, ამიტომ მეჩქარება, გესმის? ხელის მოწერა უნდა მოვასწროთ, ბავშვს გვარი უნდა მივცე.
- განქორწინების გარეშე გვარის მიცემას ვინმე დაგიშლის თუ როგორაა საქმე? - ირონიულად გაიცინა ლიზიმ.
- თამუნას მშობლები ჰყავს, რა არის აქ გაუგებარი - დედა და მამა. ამიტომ უნდა, რომ ყველაფერი წესის მიხედვით მოხდეს.
- აჰა… მშობლები… ეს მე გადამიკარი ახლა? ესე იგი, მე უპატრონო ვარ და თამუნას მშობლები ჰყავს? - მოულოდნელად ისე იყვირა, თვითონვე შეცბა.
- რა გემართება? - ლექსო მისმა რეაქციამ შეაშფოთა, - აკი სცენებს არ მოვაწყობო?
- ის მემართება, რომ არ მენდობი! - ხმას დაუწია ლიზიმ, - გეშინია, უარი არ ვთქვა შენთან გაყრაზე, ხომ? ნუ გეშინია, მე შენი მტერი არ ვარ და შენ თუ მიგაჩნივარ მტრად, ეგ შენი პრობლემაა.
- რა სისულელეს იძახი, რა მტერი, რის მტერი. მტრობა რა შუაშია? ეგ არც მიფიქრია. სულაც არ მიმაჩნიხარ მტრად. პირიქით, მინდა რომ მერეც კარგი ურთიერთობა გვქონდეს. ბავშვს ერთად მივხედოთ…
- არ გაბედო ბავშვის ხსენება! - კვლავ იფეთქა ლიზიმ და აკანკალდა.
- დამშვიდდი, ადამიანო, დამშვიდდი და მომისმინე. კი არ გართმევ მაგ ბავშვს, მხოლოდ დახმარებას გთავაზობ. თამუნასაც უნდა შენი გაცნობა…
- არ მჭირდება შენი ქალების გაცნობა, შენთვის გყავდეს!
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ლექსო ხმას არ იღებდა. არც ლიზი.
- კარგი, - ცივად გაისმა ქმრის ხმა და ლიზის შეაჟრჟოლა, - ხვალ ვილაპარაკოთ. ნახვამდის.
ლიზის კარგა ხანს ეჭირა ყურთან მიდებული მობილური ხელში და კედელს მიშტერებოდა. თავის თავს ვეღარ ცნობდა. რატომ ესხმოდა თავს ან ქმარს, ან შვილს, ვერაფრით აეხსნა. ხვალ ნანკასთანაც რომ ვერ შეიკავოს თავი და ასეთი წივილ-კივილი ატეხოს, სირცხვილს ჭამს. ყველანი დასცინებენ და კუდამოძუებულს მოუწევს იქიდან წამოსვლა. როგორმე უნდა შეძლოს ნერვების მოთოკვა, როგორმე უნდა დამშვიდდეს და თავი ხელში აიყვანოს. ისტერიკით საქმე არ გაკეთდება.
გულიანად ამოიოხრა, მობილური კვლავ კამოდზე შემოდო და კომპიუტერს მიაშურა, რათა დასრულებული პროექტი შესასწორებლად "შეფინიასთვის" გადაეგზავნა…
ათ საათზე გავიდა სახლიდან - მოუწესრიგებელი, უმაკიაჟოდ, მაგრამ გამეხებული სახით. ნანკას მაგრად უნდა დასდგომოდა და დამცირების უფლება არ მიეცა. ეს მტკიცედ გადაწყვიტა. გულში ვინ იცის, მერამდენედ იმეორებდა წინადადებებს, როგორ შეეტია დირექტორისთვის საჭიროების შემთხვევაში.
ავტობუსიდან ჩამოსულმა პანსიონის ჭიშკარს მიაშურა და მოულოდნელად გაქვავდა - ეზოში იონას ჯიპი იდგა…
სანამ ნანკას კაბინეტის კარზე დააკაკუნებდა, თმაზე ხელი გადაისვა, პერანგის საყელო გაისწორა და ხმის ჩასაწმენდად რამდენჯერმე ჩაახველა…
რაოდენ გაოცებული დარჩა, როცა დირექტორი მარტო დახვდა. რატომღაც, იონასაც ელოდებოდა. მაშინ რატომ იდგა მისი მანქანა ეზოში? აღელვებისგან მთელი სხეული დაეჭიმა. იქნებ იმ მეორე ოთახში იმალება, სადაც ლიზი არასდროს შესულა და არ იცის, იქ რა ხდება?
- ხომ არ დავაგვიანე? - იკითხა და ნანკას თვალი თვალში გაუყარა, თითქოს მის მზერაში სურდა ამოეკითხა, იონა მართლა მეორე ოთახში იმალებოდა თუ არა.
- არა… დაჯექი! - ქალის ხმა ავისმომასწავებლად გაისმა. ასეთი ტონით "შეფინიას" მისთვის არასდროს მიუმართავს.
ლიზიმ სკამი უხმაუროდ გამოსწია და დაჯდა… ლეპტოპი ჯერ მუხლებზე დაიდო, მაგრამ მერე გადაიფიქრა და მაგიდაზე დადო.
- რით დავიწყოთ? - ნანკამ სათვალის ზემოდან გამოხედა.
გამგმირავად? არა, უფრო გამომცდელად. "ნეტავ რას მიპირებს, რა ჩაიფიქრა?" - გაუელვა გონებაში ლიზის, ხმამაღლა კი თქვა:
- პროექტით.
- იყოს პროექტით. აბა, მაჩვენე! - და ხელი მენეჯერისკენ გაიშვირა.
ლიზიმ ლეპტოპი გახსნა, საჭირო ფაილი მოძებნა, გახსნა, შეატრიალა და ნანკასკენ მიაჩოჩა.
დირექტორი მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და პროექტის ჩაკითხვას შეუდგა.
სიჩუმე გაიწელა. ლიზი საშინლად გრძნობდა თავს, ვერც მოხერხებულად დაჯდომას ახერხებდა, ვერც ხმის ამოღებას.
- მეექვსე და მეცამეტე პუნქტში შესწორებას შევიტან. დანარჩენს არა უშავს, - იმავე ტონით გაიმეორა ნანკამ და ლეპტოპი დახურა.
- მადლობა, - ჩაილაპარაკა ლიზიმ და დაიძაბა.
- კიდევ რაზე უნდა გვესაუბრა? - ირონიულად იკითხა "შეფინიამ".
ლიზის შეაკანკალა. "დაიწყო!" - გაიფიქრა და ორივე ტუჩი კბილებშუა მოიქცია, თან ნანკას თვალს არ აშორებდა.
- არ ვიცი… მე მხოლოდ ეს მქონდა სათქმელი… - ხმაჩახრინწულმა ჩაილაპარაკა და საჩვენებელი თითით ლეპტოპზე მიანიშნა.
- ამაზე მნიშვნელოვანი საკითხებიც გვაქვს… ასე არ არის განა? - თავი გვერდზე გადახარა დირექტორმა და თვალები მოჭუტა.
ლიზიმ არ უპასუხა.
- მინდოდა იონას შესახებ მეკითხა…
- რა? - მთლად წაერთვა ხმა და იძულებული გახდა, ჩაეხველებინა.
- თქვენ შორის რამე სერიოზული ხდება?
ოოო, რა უნდა ეპასუხა ამაზე? იო სამი დღეა, არ გამოჩენილა. არც იყო დარწმუნებული, რომ ხვალ ან ზეგ გამოჩნდებოდა. ფაქტობრივად, მიტოვებული ქალის პოზიციაში იმყოფებოდა. ყველა ფრაზა, რომელიც თავდასხმისთვის ჰქონდა გამზადებული, მოულოდნელად გაუფრინდა გონებიდან. ისევ ისეთი უმწეო გახდა, აქ ჩამოსვლისას რომ იყო.
- არ გინდა მიპასუხო?
ქალმა მხრები აიჩეჩა.
- უნდა გიპასუხო?
- წესით, კი. ის ხომ ჩემი ქმარია… ნუ, იყო… ახლო წარსულში.
- სამაგიეროდ, შორეულ წარსულში ჩემი იყო.
- შენი ქმარი?
- არა… ცოლქმრობა არ დაგვცალდა… რაღაც გარემოებების გამო.
ნანკამ გულიანად გადაიხარხარა.
- შენ, მგონი, აქ იმისთვის ჩამოხვედი, რომ იონას შეხვედროდი და არა სამუშაოდ, ხომ მართალი ვარ? ბლეფი იყო ის ყველაფერი, არა? მოიტყუე, ქმარს ვშორდებიო, მიჭირსო და ასე შემდეგ…
ნირწმახდარმა ლიზიმ პროტესტის ნიშნად მხოლოდ თავი გააქნია, დარეტიანებულმა ხმა ვერ ამოიღო.
- კი მაგრამ, რა საჭირო იყო ეს სპექტაკლები? განა რა, თბილისში ვერ მოახერხებდი მის ნახვას?
- ამის გამო არ ჩამოვსულვარ… - ჩურჩულზე გადავიდა ლიზი, რომ ხმა არ აჰკანკალებოდა, - მას შემთხვევით გადავეყარე აქ.
- ეს უნდა დავიჯერო?
- ჰო… იმიტომ, რომ მართალია. - თქვა და სანამ ნანკა კიდევ რამეს იტყოდა, სწრაფად გააგრძელა, - თითქმის ათი წელია, არ მინახავს… ერთმანეთი არ გვინახავს… ის არასდროს მიძებნია… ამასთან, წარმოდგენაც არ მქონდა, შენი ქმარი თუ იყო. ცოლს გაშორებული ვარო, მითხრა, შვილი არ გვყავსო. მე რა, დამესიზმრებოდა?
- ახლა ხომ იცი?
- რა? - ლიზიმ წარბები აზიდა.
- რა და, იონა რომ ჩემი ქმარია…
- არა… ახლა ის ვიცი, რომ შენი ქმარი აღარაა. - მიუგო და გაუბედავად შეხედა თვალებში, მაგრამ მისი დამცინავი ღიმილი რომ შეამჩნია, უეცრად გარდაიქმნა, მასში კვლავ გაიღვიძა მებრძოლმა სულმა, სახეზე სისხლი მოაწვა, მომუშტული ხელები მაგიდაზე დააწყო და ხმის აწევით გააგრძელა, - აქ ამ ამბის გასარჩევად დამიბარე? პატარა გოგოსავით გინდა დამტუქსო?.. მაგრამ მე ხომ შენთვის ქმარი არ წამირთმევია. მე მას წლებია ვიცნობ და ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა. თუ შენ ვერ გაუგე იოს, ეგ ჩემი ბრალი არ არის. თუ მის გვერდით ყოფნა გინდოდა, გვერდით გყავდა. ახლა რაღა გინდა?
გაგრძელება იქნება