მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელების, განსაკუთრებით კი, "ინსტაგრამ" და "ტიკ-ტოკ" პლატფორმების პოპულარობა გაიზარდა, ხალხმა "ჩვეულებრივი" ადამიანებიც გაიცნო და შეიყვარა. ადამიანები, რომელთა ცხოვრება, გამოცდილებები და რჩევები ხშირად დიდი მოტივაციის წყარო ხდება. ისინი ყოველდღე ამტკიცებენ, რომ შეუძლებელი არაფერია და ყველა ოცნების ახდენის უნდა ვირწმუნოთ.
სწორედ ასეთი ადამიანია ინტერნეტმომხმარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი იაკო ჭალაგანიძე, რომელიც გამომწერებს საკუთარ გამოცდილებას ყოველდღიურად უზიარებს და საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეძლო პანდემიის დროს 18-საათიანი კვების რეჟიმითა და ყოველდღიური ფიზიკური აქტივობით სასურველ ფორმაში ჩადგომა. ის დღეს სოციალური ქსელების მეშვეობით ეხმარება სხვებს ოცნებების ახდენაში და ხალხს ცილებს, მეტ სიარულს და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას აყვარებს. იაკო საერთო მიზნისკენ მიმავალ ქალებს, პირადი შეტყობინებების გარდა, Facebook-ის დახურულ ჯგუფში ესაუბრება და ცდილობს, მოტივაციის გაზრდაში დაეხმაროს.
"ყველაფერი პანდემიის დაწყებას უკავშირდება, როცა თბილისიდან შორს, ბაკურიანში წავედი და იქ წელიწად-ნახევრის მანძილზე მომიწია დარჩენა. კომპლექსები არასდროს მქონია, არც ბულინგი მახსოვს ვინმესგან, მაგრამ გადავწყვიტე, რომ სხეულის ფორმები უნდა შემეცვალა და როცა მეგობრები მეკითხებოდნენ, როდის დავბრუნდებოდი თბილისში, ვპასუხობდი, რომ მაშინ, როცა 20 კილოგრამს დავიკლებდი. ამაზე ყველას ეცინებოდა და მეც მთელი ცხოვრების მანძილზე მეგონა, რომ ვერასდროს ვიქნებოდი გამხდარი. ვცდებოდი, რადგან პირველი 20 კგ ძალიან მარტივად მოვიშორე და მივხვდი, რომ შეუძლებელი არაფერი იყო. ბაკურიანში დავიწყე და იქვე დავამთავრე მთელი ეს კლების პროცესი. როცა თბილისში დავბრუნდი, მეგობრებსა და ახლობლებს არ ვნახულობდი მანამ, სანამ ზედმეტი კანის მოშორების ოპერაციაც არ გავიკეთე - მინდოდა, ერთიანი შედეგით გამეოცებინა ყველა.
საზოგადოების დიდ ნაწილს ჭარბწონიანი ადამიანის მიუღებლობა აქვს, და ხშირ შემთხვევაში, ადამიანი თითის გაშვერის ობიექტი ხდება, ამის გამო კი ძალიან ბევრი ქალი ზის სახლში. მინდა მათ ვუთხრა, რომ არ არის საჭირო, 90-60-90 პროპორციების იყოს ყველა. პირადად მე, 140 კილო ბევრად უფრო ლაღი, მხიარული, და გიჟი ვიყავი, ვიდრე ახლა ვარ. არ ვიცი, ეს რამ განაპირობა, მაგრამ ასეა. დავდიოდი ყველგან და სხვისი თვალის გამოყოლება ჩემზე ზეგავლენას ვერ ახდენდა. დღესაც იმავეს ვფიქრობ, რომ სხვისი "არაჯანსაღი” დამოკიდებულება ჩვენზე არ უნდა მოქმედებდეს.
გავხდი ბევრი გოგოს მოტივაცია და ამ ბედნიერ ადამიანებთან კონტაქტი მავსებს ძალიან დადებითი ენერგიით. ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრების ხალისი და ბედნიერების შეგრძნება ოდესმე მაკლდა, თუმცა ახლა გაათასმაგებულად მიხარია ყოველი დღის გათენება, სარკეში ჩახედვა და ქუჩაში სიარული. ეს კი იმიტომ, რომ მე საკუთარ თავზე გავიმარჯვე. ცუდი მხარეც აქვს ამ ყველაფერს, გავხდი შოპოჰოლიკი. რის ჩაცმაზეც 30 წლის მანძილზე ვერც კი ვოცნებობდი, ახლა ვიცვამ და ვინაზღაურებ ყველა აუხდენელ ოცნებას." - ამბობდა იაკო.