ეკონომიკის ექსმინისტრის, კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე საზოგადოებამ მამის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო. ანასტასია სანამ მამის გვარზე ოფიციალურად გადავიდოდა, და ეს კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, გონჩაროვას გვარს ატარებდა.
"18 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ კახა მამაჩემი იყო. ეს თვითონ მითხრა. ლონდონში ვიყავით სასტუმროში, შევედი მასთან ოთახში, "ადაპტორი" მჭირდებოდა. რომ მივედი და მომცა, მითხრა, აიღე, შვილოო. მე ვუთხარი, ჰო, შენ ჩემთვის ყოველთვის მამასავით იყავი-მეთქი. მე შენი მამა ვარ, ბიოლოგიურიო. შოკში ჩავვარდი. მეგონა, შენ იცოდიო, მითხრა. არა, არ ვიცოდი-მეთქი. ძალიან ვგავარ მამას. მანამდე არ მიფიქრია, რომ მას ვგავდი, ამ პუტკუნა, ულვაშიან, მელოტ კაცს. ახლა რომ ვუყურებ, ძალიან ვგავარ.
მგონი, ვერ ვხვდებოდი, რამდენი საინტერესო რამე შემეძლო მეკითხა. ვერ ვაფასებდი სათანადოდ ამას. იყო მამაჩემი უბრალოდ და არ ვიცოდი, რაზე შეიძლება დავლაპარაკებოდი, საქართველოს პოლიტიკაზე თუ მსოფლიო განვითარებაზე. რაღაც დებილობებზე ვლაპარაკობდით. საერთოდ არ ვიყავი მზად იმ ცხოვრებისთვის, რომელიც დამიტოვა. 25 წლის ვიყავი, როცა "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი გავხდი და "ცოდნის ფონდის" დირექტორი. 5 რამ დამიბარა სიკვდილამდე:
გამხდარი უნდა ვიყო, ქართული უნდა ვისწავლო, უნდა მივიღო უფრო კარგი განათლება, უნდა მქონდეს ბიზნესი, რომელიც იქნება ჩემთან ახლოს და რომელიც უნდა განვითარდეს თანდათან; უნდა ვიცხოვრო ბედნიერად და ტანჯვის გარეშე გარდავიცვალო", - ამბობდა ანასტასია ერთ-ერთ გადაცემაში.
ანასტასიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტი მამამისის დაფუძნებული უნივერსიტეტებია. სწორედ ამის გამო მიმართა მან სასამართლოს კახა ბენდუქიძის შვილად აღიარების მოთხოვნით. სასამართლო პროცესის შედეგად, რომელიც გრძელდებოდა 1 წლის განმავლობაში პარალელურად 3 ქვეყანაში, იანვარში ანასტასია კახა ბენდუქიძის მემკვიდრედ დასახელდა. მემკვიდრედ ოფიციალურად აღიარების შემდეგ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ანასტასია იყო ცოდნის ფონდის მხოლოდ 50%-ის სამართალმემკვიდრე. დღეს ანასტასია უკვე ცოდნის ფონდის ერთადერთი დამფუძნებელი-მემკვიდრეა.
“მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო უნივერსიტეტების დასაცავად. ვფიქრობ, მამა იამაყებდა ჩემით. უნივერსიტეტები იმ სტრატეგიით გააგრძელებენ განვითარებას, რომელიც მამაჩემს, კახა ბენდუქიძეს ჰქონდა შემუშავებული. ერთი წლის წინ მე ვთქვი, რომ მე ვიბრძოლებდი უნივერსიტეტებისათვის მამაჩემის მთავარი საქმის გასაგრძელებლად და მე ეს შევასრულე. ახლა უკვე სიამაყით შემიძლია ვთქვა: მე ვარ ცოდნის ფონდის ერთადერთი დამფუძნებელი-მემკვიდრე. გასული რამდენიმე თვე იყო ძალიან რთული, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემ წინაშე არ იდგა არჩევანი: უნივერსიტეტები ან რაიმე სხვა. ამიტომ მე გავაკეთე ყველაფერი მამაჩემის საქმის დასაცავად და გასაგრძელებლად“, - ამბობდა ის.
დედამ მომცა თავისუფლება − ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა. ვერ ვიტყვი, რომ მკაცრი არ იყო, თუმცა ხელს არ მიშლიდა, ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ. ძალიან პატარა ასაკიდან ვიყავი დამოუკიდებელი. ყოველთვის მქონდა არჩევანის უფლება. შესაძლოა შემდეგ მომხვედროდა არასწორი არჩევანის გამო, მაგრამ ეს იყო თავისუფლება.
კახა რომ გავიცანი, 10 წლის ვიყავი. არასოდეს გამჩენია შეკითხვა, რატომ ატარებდა ეს ადამიანი ჩემთან ერთად ამდენ დროს. ყველას ეშინოდა და ერიდებოდა კახასი, მე − არა. ხშირად ვკამათობდით და მას ეს მოსწონდა. როგორც მოგვიანებით მივხვდი, უბრალოდ, ხედავდა, როგორ ვგავდით ერთმანეთს. როცა გავიგე, რომ კახა ჩემი ბიოლოგიური მამა იყო, ძალიან შეიცვალა ჩვენი ურთიერთობა. მანამდე მუდამ დედასთან ერთად დავდიოდი, შემდეგ − ყოველთვის კახასთან ერთად. ცნობიერება რით იწყება? − ვინ ვართ ჩვენ? როცა კახამ მითხრა, მე ვარ შენი ბიოლოგიური მამაო, ეს იყო პირველი გამოცდა ჩემს ცხოვრებაში. მაშინ ამოყირავდა ყველაფერი. მანამდე მეგონა, რომ ვარ რუსი და უცებ გაირკვა, რომ ქართველი ვარ. ეს ქვეყანა შორსაა, სხვა ენაზე საუბრობენ, სხვანაირი კულტურა აქვთ. დავიწყე ფიქრი, რა მაქვს გენში ქართული. შემდეგ ჩვენი მეგობრობა მამაშვილობაში გადაიზარდა, მაგრამ მაინც მეგობრებად დავრჩით. ხშირად კახამ უფრო მეტი იცოდა ჩემი პირადი ამბების, ვიდრე დედამ.