უკვე წლებია, რაც ნატო სულხანიშვილს ყველა "ბაბილინას" სახელით იცნობს. მაგრამ ის საკუთარი შვილებისთვის მანამდეც ძალიან მოსიყვარულე, ყურადღებიანი, მზრუნველი იყო და ახლაც ასეა... ნატო ცხოვრებაშიც ისეთივე ენერგიული, ხალისიანი და საინტერესო ადამიანია, როგორიც ეკრანიდან ჩანს. ნატო სულხანიშვილს კონსერვატორია აქვს დამთავრებული, მუშაობდა მუსიკალურ სასწავლებელშიც და ბაღშიც, ორკესტრშიც უკრავდა, მაგრამ გათხოვების შემდეგ პროფესია შეიცვალა.
"ადრეული ასაკიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწეოდი, შესაბამისად მყავდა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეე. სტუდენტობის პერიოდში კერძო საბავშვო ბაღებში ვმუშაობდი მუსიკის მასწავლებლად, ყოველთვის მიყვარდა ბავშვები და მათთან ურთიერთობა. მგონია, რომ ყველა გოგონა ოცნებობს, გახდეს დედა, მეც არ ვიყავი გამონაკლისი და პირველად დედა 31 წლის ასაკში გავხდი. ეს უკვე ის პერიოდია, როცა მოთავებული გაქვს მეგობრებთან ერთად სიარული, გართობა და სხვა ფასეულობები – ოჯახი, სიმყუდროვე, შვილები – წამოწეულია წინა პლანზე.
უბედნიერესი ვიყავი, დედა რომ გავხდი, მთელ დღეებს ვატარებდი ბავშვთან. ძირითადად დაკავებული ვიყავი მისი მოვლით, კვებით, გასეირნებით. დამხმარეები კი მყავდა, ბებიები, მაგრამ მე თვითონ მინდოდა ყველაფრის კეთება, მეხვეწებოდნენ, ან დაგვაბანინე, ან საჭმელი გაგვაკეთებინეო, მაგრამ არა, არ ვაძლევდი საშუალებას, მინდოდა ყველაფერი მე მეკეთებინა, ასეთი ახირებები დედებს სჩვევიათ და მეც ასეთი აღმოვჩნდი. თუმცა არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი. ფაქტობრივად, მთელი წელი გავატარე "მზიურში" - დილით რომ მივდიოდი, საღამომდე იქ ვიყავი, ჩემთვის მიმქონდა წიგნი, ფუნთუშა, ჩაი, ბავშვის კვება თავისთავად თან მქონდა, რადგან დიდხანს იყო ბუნებრივ კვებაზე. დევებთან საქანელები რომ იყო, იქ ვჯდებოდი, ბავშვის ეტლი გვერდით მედგა და დღეებს ასე, კითხვასა და სუფთა ჰაერის მიღებაში ვატარებდით. ეს იყო პერიოდი, როცა ძალიან ბევრს ვკითხულობდი, ბავშვის გაზრდასთან ერთად ამასაც ვახერხებდი. ბავშვს რომ ვაჭმევდი იმ პერიოდში, ვასწრებდი კითხვას და მიხაროდა, რომ მქონდა ამის საშუალება. სხვათა შორის, ძალიან დადებითად და ემოციურად მახსენდება ის პერიოდი. იმდენად ჩართული ვიყავი ჩემი შვილის აღზრდისა და გაზრდის პროცესში, თითოეული ნაბიჯი, ბგერა, რეაქცია, ემოცია ჩაწერილი მაქვს, რვეული მქონდა გამოყოფილი და ვაკეთებდი ჩანაწერებს. მაშინ არ იყო სიდი დისკები და მაგნიტოფონის კასეტებზე ვწერდი რაღაცებს. მერე, როცა შესრულდა 2 წლის და 6 თვის, შევიყვანე ბაღში, მეც დავიწყე მუშაობა და თანდათან ჩავერთე საზოგადოებრივ ცხოვრებაში" - იხსენებდა ნატო სულხანიშვილი.
მისი მეუღლე, გოგა ხეჩინაშვილი მსახიობი იყო და გათხოვების შემდეგ თავად სცადა ბედი ამ პროფესიაში. თავიდან პერსონაჟებს ახმოვანებდა - ჯერ იყო თოჯინა "კოკო" შემდეგ კი "ბაბილინა". უფროსი ქალიშვილი, ელენე 3 წლის იყო, როცა როცა ნატო ბაბილინაში მოხვდა, ცოტამ თუ იცის, რომ ეს სახელი მას თამრიკო სხვიტარიძემ დაარქვა. ეძებდნენ ადამიანს, ვინც ზღაპარს წაიკითხავდა და თან ბავშვებთან ითამაშებდა - ნატო ამისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი იყო. ბაბილინა 39 წლის ასაკში გახდა.
"როდესაც ჩემმა შვილმა, ლევანმა მნახა პირველად ტელევიზორში, მაშინ პატარა იყო – 3 წლის, მკითხა: დედიკო, შენ რა, ბაბილინა გახდიო? გაუკვირდა, მაგრამ, ძალიან მოეწონა და დიდი ხნის განმავლობაში ტელეფონს ასე პასუხობდა: „გამარჯობა, მე ბაბილინას და დიჯეი გოგას შვილი ვარ“. უფროსი ქალიშვილიც მყავს, 16 წლის. ლევანს ყოველთვის ვეუბნებოდი: მე შენი იმედი მაქვს, შენ უნდა დაიცვა შენი დაიკო, დედიკო, სამშობლო, მერე ოჯახი გექნება და ისინი უნდა დაიცვა. ჩემთვის კარგი, იდეალური მამაკაცი არის ის, რომელიც მხოლოდ საკუთარ ოჯახს არ უვლის, თავის მეგობრებსაც პატრონობს და სამშობლოსაც უნდა გამოადგეს." - ამბობდა ნატო სულხანიშვილი.
ის ყველასთვის, დიდისთვის და პატარისთვის, ქერათმიანი, მოსიყვარულე, ხალისიანი ბაბილინაა, მაგრამ, მაინც ბავშვებს უყვართ განსაკუთრებულად...