სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალებისთვის" მსახიობების შერჩევა კასტინგ-მენეჯერის, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ეკა მჟავანაძის პრეროგატივაა... თუმცა მას, როგორც მსახიობს, კარგად იცნობენ. მაყურებელმა იგი პირველად სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან" შეიყვარა, მოგვიანებით კი "ჩემი ცოლის დაქალებშიც" ვიხილეთ.
ეკა მჟავანაძემ 1989 წელს მიიღო ჯილდო „საუკეთესო ქალის როლისთვის“. ეს იყო მედეა კუჭუხიძის დადგმა, „აფინა გენოვის შიში“. როგორც მსახიობი ამბობს, მის ცხოვრებაში დიდი როლი სერიალმა "ჩემი ცოლის დაქალები" ითამაშა: „ჩემი ცოლის დაქალები“ ჩემთვის არის მთელი ჩემი ცხოვრება, რომელმაც მე დიდი გამოცდილება მომცა. მოვიარე მთელი საქართველო. ამ სერიალმა ამოატრიალა მთელი ქართული ტელესივრცე".
მსახიობი ეკა მჟავანაძე ბავშვობაში, ფაქტობრივად, მარჯანიშვილის თეატრში იზრდებოდა. მისი მამა, კუკური მჟავანაძე, ამ თეატრის დირექტორის მოადგილე გახლდათ და პატარა ეკა სამსახურში ხშირად მიჰყავდა. ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები იმდენად ძლიერი იყო, რომ პროფესიის არჩევისას სხვა არაფერზე უფიქრია.
"24-25 წლის ვიყავი, როცა ყველაფერი შეიცვალა. დავიბადე, გავიზარდე ბარნოვზე. მამა იყო მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის მოადგილე. მამა ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო. მე საკუთარ თავს არ ვაძლევდი უფლებას, კულისებში შევსულიყავი. ეს ყველაფერი ზღაპრის სამყარო იყო. როცა თეატრში მივედი, ისეთი დასი დამხვდა, ისინი ქმნიდნენ ეპოქას. მაშინ სულ ორი-სამი დრამატული თეატრი იყო. ის ადამიანები ჩემთვის იყვნენ „ღმერთები“. ახლოს ვიყავი ლენა ყიფშიძესთან, ჩვენ ვმეგობრობდით. მან განაახლა „ძველი ვოდევილები“. მასწავლიდა გრიმის გაკეთებას. დიდი ოსტატი იყო. 90-იან წლებს ვიხსენებ, როცა საქართველოში გაჭირვება იყო.
მამა წინააღმდეგი იყო ჩემი სამსახიობო კარიერის, არადა, მან მომწამლა ამით. გამოცდების პერიოდში ყველას ავუკრძალე მოსვლა. რუსთაველზე არ დაგინახო-მეთქი, მამას ვუთხარი. მახსოვს, ერთ-ერთი გამოცდიდან რომ გამოვედი, ოპერასთან, მამა ხის უკან იდგა. ბავშვობაში სულ ვთამაშობდი, ხან პედაგოგი ვიყავი, ხან – დედა. ჩემთვის არავის ეცალა, უბნის ბავშვებს კონცერტებს ვუმართავდი. სულ მეუბნებიან, კომუნისტური წყობა როგორ გენატრებაო. მე ის კი არ მენატრება, მენატრება ბავშვობა, ახალგაზრდობა, სტუდენტობა, რომელიც არასდროს დაბრუნდება. მაშინ გავჩნდი, რა ჩემი ბრალია.
გიგა ლორთქიფანიძის გუნდში მოვხვდი. ბრწყინვალე კოლექტივი იყო, სულ სიცილი იყო, მხიარულება, ყველა კარგ დროს ატარებდა. მამა, პირველ კურსზე რომ ვიყავი, მაშინ გარდაიცვალა. და ბოლოს მითხრა, აი, ახლა გჭირდებოდიო შენ მეო. ასე დავრჩი მარტო, იმიტომ, რომ დედა ექიმი გახლდათ, ირგვლივ ხელოვანი არავინ იყო. ძალიან ბევრი დარტყმა მივიღე, გულის ტკენა და ამიტომ, ჩემს შვილებს ავუკრძალე ამ პროფესიის არჩევა.
სკოლაში სიარული არ მიყვარდა და არც ვიცი, რატომ. კარგ სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ ალბათ იმიტომ მეზარებოდა სკოლაში წასვლა, რომ დილით ადრე ადგომა არ მიყვარდა და ვერ ვიტანდი ტექნიკურ საგნებს. ფაქტობრივად, ბებია მზრდიდა. დედა დილით მიდიოდა და საღამოს ბრუნდებოდა, ექიმი გახლდათ - ქეთი დადიანი. სკოლა იქვე, სახლთან მქონდა. ბარნოვზე ვცხოვრობდი და 53-ე სკოლაში დავდიოდი.
ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა და სულ რაღაცას ვწერდი. არ მიყვარდა ფიზიკა, მათემატიკა... ქიმიას კიდევ რაღაცას ვუგებდი. ცუდი ნიშნები არ მყავდა. ერთხელ ფიზკულტურაში გამომყვა ორიანი", - იხსენებდა მსახიობი საკუთარი ბავშვობის შესახებ.
ეკა მჟავანაძე ამბობს, რომ მოუსვენარი ბავშვი იყო, ზოგჯერ მასწავლებლებსაც აბრაზებდა, თუმცა ყველამ იცოდა, რისი კეთება უნდოდა ცხოვრებაში, რომელ ფაკულტეტზე აბარებდა და ხელსაც უწყობდნენ.
"იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი და ჩემი მეზობელი რომ წაიკითხავდა რამეს და იტყოდა, ეს წავიკითხეო, მაშინვე მეც უნდა წამეკითხა. ვგიჟდებოდი ტომ სოიერზე, კარლსონზე, მერი პოპინსზე. სულ მინდოდა, ისე ჩამეცვა, როგორც მერი პოპინსს ეცვა".
მსახიობი ორი შვილის დედაა - როგორც ერთ-ერთ ინტერვიუშინ აღნიშნავდა ბავშვების გაზრდაში დედა ძალიან ეხმარებოდა.
"დედაჩემი, ეთერ დადიანი, ექიმი გახლავთ და საკმაოდ კარგი ექიმი. მის პროფესიონალიზმს მისი დაკავებულობიდან გამომდინარე ვსაზღვრავ. შაბათ-კვირასაც კი სულ ავადმყოფებთან იყო. რთულად ნახავდით სახლში. მე ძირითადად ბებიასთან ვიზრდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ სახლში ხშირად ლაპარაკობდნენ ამ პროფესიაზე, ექიმობა მაინც არ ავირჩიე. დედაჩემი ტრადიციული ქალი იყო და არის დღესაც. 84 წლისაა და ასე მგონია, მის გარეშე ნაბიჯსაც ვერ გადავდგამ. მიუხედავად იმისა, რომ მოხუცია, თავისი შეხედულებები აქვს ცხოვრებაზე, ყველაფერს მას ვეკითხები. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ თანამედროვედ აზროვნებს. ყველანაირად ინფორმირებულია და საკმაოდ კარგი გემოვნება აქვს. რამეს რომ ვითამაშებ და ნახავს, ზუსტად მეუბნება, სად შემეშალა და რა მოეწონა. მამაჩემი, კუკური მჟავანაძე, წლების განმავლობაში. მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის მოადგილე გახლდათ. ჰქონდა სახალხო თეატრი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. შეიძლება ითქვას, რომ მე თეატრში ვიზრდებოდი. ფაქტობრივად, მამის პროფესიას გავყევი. 18 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. მარტონი ვიყავით მე და მამა სახლში, დედა არ იყო თბილისში.
მარტი იყო, მამას თავისი თეატრი ჰყავდა წაყვანილი გასტროლებზე ლიტვაში - ვილნიუსში. მეც მათთან ერთად ვიყავი. რომ ჩამოვფრინდით, მეორე დილით სისხლის ჩაქცევა დაემართა. 1-2 საათი იცოცხლა. გონზე იყო. გვერდით ვეჯექი და ვტიროდი. ის კი მარიგებდა. მესამე შვილი ვიყავი, ნაბოლარა და მასთან ვცხოვრობდი. ჩემი დები გათხოვილები იყვნენ უკვე. ყველას, ვინც მომაკვდავ მამასთან შედიოდა, ეუბნებოდა, ეკას მიმიხედეთო. მაშინ უკვე პირველ კურსზე ვიყავი. ჩემი მეგობარი იყო მამა, ერთ საქმეს ვემსახურებოდით და ძალიან ადრე გამომეცალა ხელიდან, ძალიან დამაკლდა."- იხსენებდა მსახიობი.