ქართველი მშვილდოსანი ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი) 18 წლის იყო, საბჭოეთის გაერთიანებული გუნდის სახელით, 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი რომ მოიპოვა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საცხოვრებლად შშ-ში გადავიდა. მას შემდეგ, კალიფორნიაში ცხოვრობს. შეიძლება ითქვას, რომ მას აშშ-ში უფრო კარგად იცნობენ, ვიდრე საქართველოში. მას მერე კალიფორნიაში ცხოვრობს, ამერიკის ოლიმპიურ ნაკრებში ირიცხება, წარმატებული მწვრთნელია. ერთი შვილი ჰყავს, რომელიც ასევე მისდევს მშვილდოსნობას.
ვინ არის ხათუნა ქვრივიშვილი
ხათუნა 1974 წელს დაიბადა თბილისში. როგორც თავად ჰყვება სხვადასხვა ინტერვიუში, მშვილდოსნობით, სრულიად შემთხვევით, მეექვსე კლასში დაინტერესდა. კლასში შევიდნენ და იკითხეს, ვინმე თუ დაიწყებდა მშვილდოსნობაში ვარჯიშს.
"ჩემი კარიერის ზენიტი იყო 1989-1991 წლებში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მოხვედრა. 90-იანებში მე უკვე ამერიკაში ვიყავი. საბჭოთა კავშირის ნაკრები გვიშვებდა ტურნირებზე, გვაფინანსებდა – ხელფასსაც გვიხდიდა და ყველაფერს გვიკეთებდა. ქართველებს სულ ფეხებზე ეკიდათ ეს სპორტი, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა.
საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მოპოვებულ წარმატებას რაც შეეხება, სულ პირველად ავიღე მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი ნატო ნასარიძესთან ერთად, მერე ლონდონში – პირველი ადგილი. დახურულ მსოფლიო ჩემპიონატზე 1991 წელს პირველ ადგილზე გავედი, აგრეთვე, 1992 წელს ოქრო ჩამოვიტანე ევროპის ჩემპიონატიდან, რის შემდეგაც მყარად დავიმკვიდრე ადგილი ნაკრებში. ამის შემდეგ ოლიმპიადაზე გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი მოვიპოვეთ. ძალიან კარგი გუნდი ვიყავით. ძირითადად მწვრთნელებს შორის იყო დაპირისპირება, გოგოებს შორის – არა.
მშვილდოსნობა არ არის ძალიან რთული სპორტი, თუმცა, დიდ ფსიქიკურ სიძლიერესა და მოქნილობას მოითხოვს. სხვათა შორის, ქართველი ქალები უფრო მოქნილები არიან, ვიდრე კაცები და მშვილდოსნობაშიც ბევრად სჯობიან, მაგალითად, თუნდაც ქეთევან ლოსაბერიძე. არ გამიგია წარმატებული ქართველი მშვილდოსანი კაცი (იცინის). დარწმუნებული ვარ, ისტორიულადაც ეგრე იყო", - ამბობდა ხათუნა.
ფართო საზოგადოებამ კი საქართველოში მის შესახებ მხოლოდ მას მერე შეიტყო, რაც გაირკვა, რომ ''შიმშილის თამაშებში'' მონაწილე ვარსკვლავი ჯენიფერ ლოურენსი სწორედ ხათუნამ მოამზადა გადაღებებისთვის და მშვილდ-ისრის მოხმარება ასწავლა.
"ჯენიფერ ლოურენსს სროლას ორი კვირის განმავლობაში ვასწავლიდით და კარგადაც გაერთო. მეც ძალიან ვისიამოვნე მასთან მუშაობით - მხიარული, უშუალო გოგონაა. ძალიან ლამაზად, თითქმის პროფესიონალივით იდგა და, სხვათა შორის, კარგადაც ისროდა! მოგვიანებით, როცა ფილმს ვუყურებდი, რაღაცნაირი, არარეალური შეგრძნება დამეუფლა - ჰოლივუდის ბლოკბასტერში ვუყურებდი გოგონას, რომელსაც სროლა ვასწავლე"...