"არ ვიცი ვის ვუთხრა, რომ ჩემი დაბადების დღეა – ისე მინდა ვინმე იყოს ჩემთან – სამარცხვინოდ ნაზი ვხდები ამ დროს – საწყალი დედა, ვიცი, ერთი წამიც არ ავიწყდება, რომ მე 24 წლის გავხდი, მაგრამ რა ქნას, მე ჩემი მისამართიც კი არ მივწერე. მაინც ქვეყანაზე კარგი მეტია, ლამაზი. ამაზე უშნო, რაც აქ არის, არ შეიძლება იყოს. ყველაზე ცუდი აქ ის არის, რომ ნამდვილად ცუდი არავინ არის და არც აქვთ ამის უფლება, ისე არიან წვრიმალები, რამდენი დღეა უკვე ხელი მექავება, რომ კისერში წავუსვა ჯემალს აგდებულად და თავს ვიკავებ, რამდენადაც მეტს განვიცდი შინაგანად, იმდენად ნაკლებს ვამჟღავნებ, ვექცევი რაც შეიძლება ზრდილობიანად, თითქმის როგორც დედას შვილი ან ისე, როგორც ბოროტი – საერთოდ ვერ მივაგენი ჩემ ბუნებრივ მდგომარეობას, ის (ბუნებრივი მდგომარეობა) თითქოს თავისთვის არის სადღაც და არასოდეს არა მტოვებს – სხვის თვალში და ჩემს გულში, ამიტომ არის, ალბათ, რომ რაც გინდა ცუდი გავაკეთო, არავინ არა მთვლის ბოროტად და თავის მომაბეზრებლად" - გურამ რჩეულიშვილი 4 ივლისს 90 წლის გახდებოდა. თუმცა ის მარად 26 წლის დარჩა ყველასთვის.
გურამ რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს ქალაქ თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წელს. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: „შემოდგომა ბაბუა კოტესი“, „სათაგური“, „სიყვარული მარტის თვეში“, „ნელი ტანგო“, „თვირთვილა“, „უსახელო უფლისციხელი“ და „სიკვდილი მთაში“. მოთხრობათა პირველი კრებული „სალამურა“ მისი გარდაცვალების შემდეგ 1961 წელს გამოიცა.
როგორც შემოქმედი ადამიანები, გურამიც გამუდმებით გრძნობდა სიკვდილის სიახლოვეს. თავის ბავშვობის მეგობარს, ნუგზარ წერეთელს, ერთხელ უთხრა კიდეც, "გამიფრთხილდი, ხომ იცი, დიდხანს ვერ ვიცოცხლებო".
„ზაფხულის ერთ ღამეს, როდესაც ზემელზე ვიდექით და ჩვენი მეგობრების გამოჩენას ველოდით, მითხრა: ოცდაათ წლამდე თუ ვიცოცხლე, რამდენი რამის გაკეთებას შევძლებო. ეს აზრი მის არტისტულ ბუნებას მივაწერე და ვუპასუხე, – შენ ყველა ჩვენგანზე მეტხანს იცოცხლებ-მეთქი. ჩემი დღიურებიდან შემდეგ აღვადგინე, რომ ეს საღამო 1959 წლის ზაფხულისა იყო. ერთი წელი, მხოლოდ ერთი წელი რჩებოდა გურამის დაკარგვამდე. ერთხელ, ისევ ზემელზე, ჩვენი შელაპარაკებისა და შერიგების შემდეგ მითხრა: „ბიჭო, გამიფრთხილდი, ხომ იცი, მე დიდხანს ვერ ვიცოცხლებ“. მაშინ ასეთი რამის დაჯერება მე კი არა, მის არც ერთ უახლოეს მეგობარს არ შეეძლო“.
26 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში, მღელვარე ზღვაში უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად მცურავი. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
"...ოხ! რა მძაფრად ვგრძნობდი პირველ სიყვარულს, როგორ ვუფრთხილდებოდი და ვმალავდი ყველასგან, თვით ჩემი თავისაგანაც კი, ეხლაც მაჟრჟოლებს ის ალმური, რომელსაც მისი დანახვა მგვრიდა ხოლმე. სადაც ის გამოჩნდებოდა, სწრაფად ვცილდებოდი იმ ადგილს. არასოდეს წავიდოდი მისი სამყოფელისკენ, არ ავიდოდი ტრამვაიში, რომელშიაც ის იჯდა. ერთის სიტყვით, ეს იყო პერიოდი, როდესაც ჩემი თავისაც კი მრცხვენოდა, რომ სიყვარული გამომემჟღავნებინა, მაგრამ კაცს თავისი ასეთი დიდი გრძნობის მალვა, რომელიც მასში ასეთ განცდებს იწვევს, დიდხანს არ შეუძლია"... (დღიურიდან 21 მარტი. 1956 წ.)გურამ რჩეულიშვილის პირველი სიყვარული მზია ჩაჩავა იყო. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. ძალიან კარგი გოგო იყო და რა გასაკვირია, გურამი მისით აღფრთოვანებულიყო. თუმცა მზია ცნობილი ექიმი-აკადემიკოსის, ანთელავას შვილს მისთხოვდა.
"ჩვენ თავს ვაწონებდით მზიას და ერთ საღამოსაც გურამი რაღაც იშვიათ წიგნს დაჰპირდა, დილით მოგიტანო. მზიამ კი იუარა, მაგრამ გურამმა მაინც წამოუღო ის წიგნი და დილის 6 საათიდან მზიას მოლოდინში მისი სახლის შორიახლოს, ბაქრაძისა და არაგვის ქუჩების კუთხეში, ორსაფეხურიანი სახლის წინ ვისხედით. მზია არ გამოჩნდა და მხოლოდ 12 საათისთვის გავიგე მისი დაქალებისგან, რომ გათხოვილა. გურამს რომ ვუთხარი, ერთიანად გაფითრდა. მერე დასალევად წავიყვანეთ ძმაკაცებმა. გამწარებული გურამი ჭიქებს არ დაჯერდა და პირდაპირ ბოთლით მოიყუდა კონიაკი... გურამი მესამე კურსზე იყო, მზია რომ გათხოვდა. კარგა ხანს დადიოდა გაგიჟებული, რაღაც საშველს ეძებდა და მერე შეუყვარდა რუსიკო თიკანაძე. რუსიკოსაც შეუყვარდა."
1956 წლის დეკემბრის ბოლოს გურამი ბაკურიანში ყოფილა და იქ დამეგობრებია გოგონას, რომელიც შემდეგ მისი საეტაპო ნაწარმოების - "ირინა და მეს" მთავარი გმირის პროტოტიპი გახდა.1957 წლის ზამთარ-გაზაფხულ-ზაფხულისა და ადრეული შემოდგომა გურამს და რუსიკოს, ანუ როგორც ჩანაწერებსა და დღიურებში იხსენიებს - ირინას ერთად გაუტარებიათ, თუმცა, ზაფხულიდან მოყოლებული, სულ უფრო და უფრო იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს. გურამი დაეჭვებულა, რომ გოგონას აღარ უყვარდა და მისთვის უთქვამს, ერთმანეთს უნდა დავშორდეთო. არადა, მასთან განშორებას მაინც ძალიან განიცდიდა...
მისი დაღუპვის შემდეგ, ბევრი ძიებით დავაზუსტე, რომ გურამი ტალღას კი არ გაუტაცია ზღვის ნაპირიდან, როგორც გაგრელმა ბიჭებმა მითხრეს (იქვე რომ იმყოფებოდნენ იმ საბედისწერო შემთხვევისას), თვითონ შესულა აღელვებულ ზღვაში 3 ადამიანის გამოსაყვანად და როცა ეს გაგრელები ეხვეწებოდნენ, გამოდიო, - როგორ გამოვიდე, ხალხი იხრჩობაო, - წყლიდან უპასუხია. უზარმაზარ ტალღას შეჰყოლია ორი რუსის და ერთი ქართველის გადასარჩენად... და გადაარჩინა კიდეც. თვითონაც შეეძლო, არ დაღუპულიყო, მაგრამ... ამ ამბავს ახლაც რომ ვიხსენებ, ძალიან ვღელავ...
ერთ გაბედულ აფხაზ ბიჭს შეუცურავს იმ აღელვებულ ზღვაში და ჯერ გურამის დახმარება უცდია, მაგრამ გურამს უთქვამს, მე არაფერი მიჭირს, გამოვალ, იმ ბიჭებს მიხედეო (მერე ვნახეთ ის აფხაზი და ტირილით გვიყვებოდა ამ ამბავს)... გურამი გამოსულა კიდეც ჯებირამდე, გამოუცურავს. ძალიან დაღლილი ყოფილა და შეუსვენია. ხალხი კიოდა და წიოდა, - ჩქარა, ჩქარაო. "მინუტაო", - გურამს დაუძახია (ამ სიტყვის თქმა უყვარდა), ჩანს, სულის მოთქმა უნდოდა. არადა, ხელები რომ აეწია, ჯებირის ზემოთ მყოფნი დასწვდებოდნენ და უეჭველად აიყვანდნენ, მაგრამ ძალიან ამაყი იყო და სხვისი დახმარება არ ისურვა.
რამდენიმე წამში მობრუნებულა და ჯებირის კიბეზე ასვლა რომ დაუპირებია, მაშინ დაურტყამს უზარმაზარ ტალღას და გაუტაცია. კიდევ შეეძლო გამოსვლა, მაგრამ მერეც თითქოს სიკვდილს ეთამაშებოდა: იმედი ჰქონდა, კვლავაც გაიტანდა თავს, როგორც ერთხელ, ალავერდში... კვლავ ნაპირისკენ მიიწევდა, შვეულმფრენს რომ კიბე ჩამოუშვია. გურამს ჯერ სხვები მიუშვია კიბემდე, ეხმარებოდა კიდეც ასვლაში, ბოლოს თვითონ დაუწყია ასვლა, მაგრამ დამპალი კიბე გამწყდარა და გურამი ისევ ტალღებში ჩავარდნილა. კიდევ მიიწევდა თურმე ნაპირისკენ, მაგრამ სტიქიას ვეღარ აჯობა..." - იხსენებდა გურამის ბავშვობის მეგობარი.