ტომ ჰენკსი 9 ივლისს 68 წლის გახდა. მსახიობის დებიუტი კინოში 1980 წელს შედგა და ექვსი წლის შემდეგ მიიღო პირველი "ოსკარის" ნომინაცია. მაშინ მას ჯილდო არ მიუღია - ის დასტინ ჰოფმანს გადაეცა, მაგრამ ჰენკსს მოთმინება ეყო და დაელოდა აღიარებას. ახლა მისი პროფესიული მიღწევები უკვე მოიცავს ორ "ოსკარს".
თუმცა მისი ბოლო როლი ფილმში "ჩემი საშინელი მეზობელი" წარუმატებელი აღმოჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჰენქსი ამ საქმეს ფულის ან ცნობისმოყვარეობის გამო არ დათანხმდა. ფაქტია, რომ "ჩემი საშინელი მეზობლის" გადაღების იდეა მის 66 წლის მეუღლეს, რიტა უილსონს გაუჩნდა - რომელმაც მთავარ როლზე ქმრის დამტკიცება გადაწყვიტა, და ტომიც დათანხმდა.
რიტამ და ტომმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. ამ დროისთვის ტომი დაქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავდა, რიტას კი - საქმრო. 3 წლის შემდეგ ტომი ცოლს გაშორდა და რიტას სთხოვა ცოლობა. "პირველი ქორწინებისას ახალგაზრდა ვიყავი. ოჯახი იმპულსებს აყოლილმა არ უნდა შექმნა, ჯობია, 30 წლამდე არ დაქორწინდეთ".
ტომი კათოლიკეა, რიტა - მართლმადიდებელი. რიტას ბერძნული ფესვები აქვს და მის გამო ტომმა რელიგია შეიცვალა. "რიტას ოჯახისადმი პატივისცემის ნიშნად, დაქორწინებამდე მის რწმენაზე გადმოვედი".
31 წლის მანძილზე უამრავი დაბრკოლება და სიხარული შეხვდათ, მაგრამ ისინი მუდამ ამხნევებდნენ ერთმანეთს. 1994 წელს "ფილადელფიაში" შესრულებული როლისთვის ტომმა "ოსკარი" მიიღო. სცენაზე მყოფმა მან თქვა: "მე აქ ვდგავარ მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი, რომელთანაც ცხოვრება მაკავშირებს, ყოველდღე მაბედნიერებს თავისი სიყვარულით". 2015 წელს რიტას ძუძუს კიბო დაუდგინეს. ჰენქსი ცოლზე მზრუნველი და მომვლელი გახდა. ერთხელ კი თქვა: "ქედს ვიხრი ჩემი ცოლის მამაცობის წინაშე". წყვილმა ერთად დაამარცხა ავადმყოფობა.
"ჩვენი გრძნობები იმდენად ძლიერია, რომ რიტა ჩემთვის მხოლოდ ცოლი, მეგობარი, დედა და საყვარელი არაა. ცხოვრება ვერ წარმომიდგენია მის გარეშე. რიტა ხშირად დამყვება გადასაღებ მოედნებზე, მაგრამ თუ წამოსვლა ვერ შეძლო, ვუტოვებ პატარა ბარათებს სასიამოვნო წარწერებით. თუ ერთად არ ვართ, დღის ფოტოაღწერას ვუგზავნი: ვის შევხვდი, რა გავაკეთე, რა მივირთვი და ა.შ."
ჟურნალისტები ხშირად ეკითხებიან ორჯერ "ოსკაროსან" მსახიობს, რაშია ბედნიერი ქორწინების საიდუმლო, რაზეც ჰენქსი ღიმილით პასუხობს: "გამიმართლა, რომ სწორ ადამიანზე დავქორწინდი. მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ".