"ყოველდღე მომდის უამრავი შეურაცხმყოფელი შეტყობინება იმის გამო, რომ რუსულად ვსაუბრობ. მე ვარ თეონა კონტრიძე, დავიბადე თბილისში 1977 წელს, 1994 წელს წავედი მოსკოვში სასწავლებლად და იქ დავრჩი. 30 წელია, რაც რუსეთში ვცხოვრობ. მყავს რუსი ქმარი, ნახევრად რუსი შვილები, რუსი მეგობრები და, რაც მთავარია, რუსი აუდიტორია - რუსი გამომწერები.
რუსულ ენაზე საუბრობს დედამიწის, დაახლოებით, მესამედი. მეც საკომუნიკაციოდ ავირჩიე რუსული და ეს ჩემი პოზიციაა. მიყვარს ეს ენა, შემიძლია გამართულად საუბარი და ამის შეცვლას არ ვაპირებ. ვისაც არ მოგწონთ, თქვენს გზაზე იარეთ, მადლობა", - ამბობს თეონა კონტრიძე ვიდეომიმართვაში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა და უპასუხა ყველას, ვინც მის მიმართ ნეგატიური შინაარსის კომენტარებს წერდა.
თეონა კონტრიძეს გაუმართლა, რომ დაიბადა არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ შემოქმედებით ოჯახში. მისი დედა მომღერლად მუშაობდა, მამა ინჟინერი იყო, თუმცა თავისუფალ დროს მასაც უყვარდა დაკვრა. რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი შესრულების განსხვავებული მანერით გამოირჩევა. თეონა კონტრიძემ რუსეთის საესტრადო სცენაზე სახელი წლების წინ გაითქვა. არტისტს მოსკოვში ქართველ ჯაზ-პანკ დივად მოიხსენიებენ და მას უამრავი მსმენელი ჰყავს.
2000-იან წლებში თეონა კონტრიძეს რომანი ჰქონდა მუსიკალურ პროექტ „ვარსკვლავების ფაბრიკა 4“-ის წევრთან, იური ტიტოვთან. ამ ურთიერთობიდან რედი-მარიამი დაიბადა, მაგრამ თეონა და იური არ დაქორწინებულან, უფრო მეტიც, იური ტიტოვს არ სურდა ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის მიღება. რედი-მარიამი ამ დრომდე არ ურთიერთობს მამასთან, ხოლო თეონა კონტრიძე, თავის მხრივ, იმედოვნებს, რომ ტიტოვი ოდესმე დაუკავშირდება შვილს.
„რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მარტო ვიყავი. ქალიშვილი შემეძინა და უპატრონო იდიოტი გავხდი! 20 წლის ბიჭი (საუბარია იური ტიტოვზე) ნებისმიერ საბაბს იშველიებდა და მიზეზებს ეძებდა, მე კი ვიჯექი და ველოდებოდი მის ზარს", - იხსენებდა თეონა. მომღერალი ამბობდა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ დაბრუნდა სახლში, „კარგად იტირა“ და შეეცადა, გამოსავალი ეპოვა. ძველი მეგობარი, ნიკოლაი კლოპოვი ეხმარებოდა კონტრიძეს დეპრესიიდან გამოსვლაში. მალე წყვილი დაქორწინდა და ნიკოლაიმ თეონას შვილს მამობა გაუწია.
თეონა კონტრიძე სოციალურ ქსელში მხიარული, გასართობი კონტენტის განთავსებითაა ცნობილი, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, თეონამ საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა: „ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო სტუმრებო, რომლებიც ჩამოხვედით სხვადასხვა ქალაქიდან, რომ ჩემს კონცერტს დაესწროთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ კონცერტი, რადგან მე არ ვარ მაგნიტოფონი, მე ადამიანი ვარ. დღემდე იმიტომ არ გადავდე, რომ დარწმუნებული ვიყავი, თითოეულ დღეს შეეძლო რაღაცის შეცვლა, რომ მომდევნო დღეს უკრაინაში ომი დასრულდებოდა. კონცერტი - ეს დიდი ენერგეტიკული ველია, ბედნიერი, სიყვარულით სავსე ველი. ჩემი მუსიკა, ჩემი შემოქმედება ცხოვრების ნათელი მხარეა და ახლა მე ვერაფერს ნათელს ვერ ვხედავ ამ ცხოვრებაში, მხოლოდ ტკივილს ვგრძნობ, ტკივილი კი სიმშვიდეში უნდა გადაიტანო. ამიტომ, მეგობრებო, გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩემს გადაწყვეტილებას. ჩემი შვილების ძიძა უკრაინიდანაა, ის ოთხი დღეა, უბრალოდ მექანიკურად სვამს ჩაის, მექანიკურად აკეთებს საჭმელს. არ შემიძლია ამის ყურება, არ შემიძლია დღეს სიმღერა. იმედი მაქვს, რომ გამიგებთ, ძალიან მიყვარხართ და მჯერა, რომ აუცილებლად შევხვდებით“ - ამბობდა ის ვიდეოში, რომელიც ამ ეტაპზე მის "ინსტაგრამზე" აღარ იძებნება.