მომხიბვლელი ტელეწამყვანი ნელი აგირბა წლების განმავლობაში ამშვენებდა ქართულ ტელესივრცეს. ამჟამად ის არც ერთ არხზე აღარ მუშაობს, თუმცა ქართველ მაყურებელს მაინც ახსოვს. ნელი თავის რთულ, მაგრამ საინტერესო ცხოვრებაზე გვესაუბრა:

- ჩემი გვარი ბათუმიდანაა. რაც შეეხება ჩემს შორეულ ფესვებს, გადმოცემით ვიცი, რომ როდესაც მუჰაჯირები თურქეთიდან ბრუნდებოდნენ, მათი ნაწილი ბათუმში დარჩენილა. ერთ-ერთი მათგანი იყო ჩემი დიდი ბაბუა, რომელიც ბავშვი გახლდათ, ვერსად წავიდა, ბათუმში დარჩა და ეს გვარი აირჩია. ბებია ლაზი მყავდა, ასე რომ, მუჰაჯირებისა და კოლხების შთამომავალი ვარ, თუმცა მთელი ბავშვობა ბათუმში გავატარე. აფხაზეთში ორჯერ თუ სამჯერ ვარ ნამყოფი და ერთადერთი, რაც იქიდან მახსოვს, ახალი ათონის გამოქვაბულია.
- ტელეწამყვანობაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდით?
- არა, ამ პროფესიაზე ბავშვობაში საერთოდ არ მიფიქრია, თუმცა ჩემი რადიო მქონდა, რომელსაც "პრესტო" დავარქვი. მუსიკას კასეტიან მაგნიტოფონზე ვიწერდი, ვიღაცებს ტელეფონზე ვურეკავდი და ვეუბნებოდი, რომ ახალი რადიო გავხსენი. თქვენ წარმოიდგინეთ, ამის გამო მილოცვებსაც ვიღებდი. მაშინ მხოლოდ 8-9 წლის ვიყავი, მაგრამ ამ ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებდი. ბავშვობიდან "სწავლის გოგო" ვიყავი, მით უმეტეს, რომ გათხოვებისა და ოჯახის შექმნისკენ არავინ მომიწოდებდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ჩემს ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია იყო, ჩემი მშობლები რამდენჯერმე გაშორდნენ და შერიგდნენ. მოკლედ, ნეგატიური გამოცდილება მქონდა. ამიტომ ვცდილობდი, კარგად მესწავლა. სკოლა დავამთავრე და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე, პარალელურად, მუსიკალურ სასწავლებელშიც ვსწავლობდი და მუსიკალური განათლებაც მივიღე. მიუხედავად ამისა, მაინც ტელევიზიაში აღმოვჩნდი.
- საქართველოში ბევრი კარგი ჟურნალისტია, რომლებსაც სულ სხვა სპეციალობა აქვთ. გამოდის, რომ თქვენც მათ სიაში მოხვდით?
- სხვათა შორის, ბოლო წლების ტენდენცია ასეთია: ამერიკაში, მაგალითად, ჟურნალისტიკას, როგორც უნარებს ან მეორად პროფესიას, ისე სწავლობენ - მას შემდეგ, რაც ძირითადი პროფესია უკვე აქვთ. ეს ძალიან კარგი გზაა, რომ თავიანთ სფეროში კვალიფიციური ჟურნალისტები გახდნენ. მაგალითად: თუ ტელეწამყვანს სამედიცინო განათლება აქვს, უფრო მეტი შანსია, რომ სამედიცინო გადაცემა კარგად წაიყვანოს. იგივე უნდა ითქვას პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და სხვა სფეროებზეც. როცა შენი პროფესიის ხალხთან გიწევს ურთიერთობა და ამ სფეროში ღრმა ცოდნა გაქვს, შენი გადაცემა უფრო საინტერესო და ამომწურავი გამოდის.
- თქვენ როგორ მოხვდით ტელევიზიაში?
- ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობდი "თავისუფლების ინსტიტუტთან". იმ პერიოდში თამარ კინწურაშვილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელად დაინიშნა, თანაშემწე სჭირდებოდა და მე მომმართა. ეს ის დრო იყო, როცა სახლიდან ფულს ვეღარ მიგზავნიდნენ და თუ თბილისში დარჩენა მინდოდა, უნდა მემუშავა. ბუნებრივია, დავთანხმდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თანაშემწე იგივე მდივანი იყო. ძალიან გამიჭირდა, რადგან ამაყი და პატივმოყვარე ვიყავი, ყავის მოდუღებაც არ მომწონდა, რადგან მანამდე ყავა სულ სამჯერ თუ ოთხჯერ მქონდა მოხარშული. ტელევიზიაში რამდენიმე თვე ვიმუშავე და საკმაო გამოცდილება მივიღე. უკვე წამოსული ვიყავი, როცა თამრიკომ ისევ დამირეკა, სტაჟიორების შერჩევას ვაპირებთ და ხომ არ ისურვებდიო? ისევ დავთანხმდი და "დილის გადაცემაში" სტაჟიორად ამიყვანეს. ასე დაიწყო ჩემი სატელევიზიო ცხოვრება: დავრბოდი, დავცოცავდი, ვჩხუბობდი, ვცეკვავდი და ჩემი ჩართვები ყოველთვის აქტიური, დინამიკური იყო. გავიდა ხანი და უკვე იურიდიულ თოქ-შოუში მიმიღეს, როგორც წამყვანი, მას დავით აფრასიძესთან ერთად ვუძღვებოდი. ტელევიზიის გამო უნივერსიტეტში აკადემიური მქონდა აღებული და რომ ვნახე, წამყვანებს ხელფასიც მეტი ჰქონდათ და თავისუფალი დროც, წამყვანობა ვარჩიე. ასე, ტელევიზიის პარალელურად დავასრულე იურიდიული ფაკულტეტი. მენატრება თუ არა ტელევიზია? - მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტიკიდან კარგა ხნის წამოსული ვარ, ის „დრაივი“, აზარტი და ადამიანებთან მუდმივი კონტაქტი ისევ მენატრება.