დროს ალბათ მაინც თავისი მიაქვს. ამიტომ, თანდათან დარდი გამინელდა. ისე ხშირად აღარ ვფიქრობდი ამ ამბავზე, მაგრამ როცა მახსენდებოდა, გული უსიამოვნოდ მეკუმშებოდა ხოლმე. ბავშვები ძველებურად მოდიოდნენ ჩემთან და ვნახულობდი. ვიცოდი, რომ როდესაც ისინი ჩემთან იყვნენ, დედამისი გარეთ ელოდა. ეს უფრო მიმძიმებდა გულს და მათი წასვლის შემდეგ, კარგა ხანი მჭირდებოდა, რომ ხასიათი გამომკეთებოდა.
ერთ დღეს იუსტიციის სამინისტროდან ჩვენთან შემოწმებაზე კომისია მოვიდა. ყველა სკანი დაიარეს, პატიმრებს ციხეში არსებულ პირობებზე ესაუბრებოდნენ და თუ ვინმეს რაიმე საჩივარი ჰქონდა, შეეძლო მათთვის მიემართა. ასეთი ღონისძიებეი ხშირად ტარდებოდა ხოლმე და ძირითადად, ფორმალური ხასიათი ჰქონდა. ამჯერად, კომისიაში ერთი ახალგაზრდა ქალი იყო, რომელიც აქამდე არასოდეს მენახა. მისი დაჟინებული მზერა ვიგრძენი, რამაც უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო. ვცდილობდი, რომ თვალი ამერიდებინა, მაგრამ ასეთ დროს პირიქით, თვალი უფრო გაგირბის მისკენ, ვის შეხედვასაც ერიდები, ის კი იდგა და დაჟინეით მომჩერებოდა. თვალს თვალში მიყრიდა და თვალებით მჭამდა. მთელი სხეული ამეწვა. მის მზერაში ვნება და ჟინი იგრძნობოდა. პატიმარს კი არა, თავისუფლებაზე მყოფ კაცს გააგიჟებდა, ისეთი იმპულსი მოდიოდა მისგან. ცოტა ხანს ასე შორიდან მიყურა, მერე მომიახლოვდა და მკითხა:
- კი, მაგრამ შენ არაფერი გაქვს სათქმელი?
- არა, არაფერი.
- როგორ, ყველაფრით კმაყოფილი ხარ? - წარბები აზიდა ქალმა.
- მე, პირველ რიგში, უკმაყოფილო იმით ვარ, რომ უდანაშაულო ადამიანი აქ ვიმყოფები. ამის მეტი არაფერი მაინტერესებს, მხოლოდ სამართლიანობის აღდგენისთვის ვიბრძვი, - ვუთხარი და მეც თვალი თვალში გავუყარე. ამ დროს კომისიის წევრებს ერთი მამაკაცი გამოეყო და ჩვენთან მოვიდა.
- რისთვის იხდი სასჯელს? - მკითხა ისევ ქალმა.
- 2 ადამიანის მკვლელობისთვის, რომელიც არ ჩამიდენია, - ვუპასუხე და მის საკმაოდ დეკოლტირებულ მკერდს დავაკვდი თვალებით. ჩემი მზერა მის კოლეგა მამაკაცს არ გამოჰპარვია. და რაღაცნაირად ჩაიცინა. თუმცა ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა მისი ჩაცინება.
- ეს ჩემი სავიზიტო ბარათია, დამირეკე, იქნებ, რაიმეთი დაგეხმარო, თუ ეს შესაძლებელია, - მითხრა და მოყვითალო ფერის ქაღალდი გამომიწოდა.
- გამოართვი, გამოართვი და დაურეკე, არ ინანებ! - ორაზროვნად მითხრა მამაკაცმა. მეც ქაღალდი მაშინვე შარვლის ჯიბეში გავიქანე.
მთელი ღამე ამ ქალზე ვფიქრობდი. ვიდრე დამიჭერდნენ, ალბათ ძალზე ახალგაზრდა ვიყავი და არ ვიცოდი, რომ ქალს მზერით ასეთი ვნებისა და სურვილის გამოხატვა შეეძლო. საკანში მყოფ ბიჭებსაც არ გამოჰპარვიათ იმ ქალის საქციელი და საღამოს საყოველთაო განსჯის საგნად აქციეს.
- ბიჭო, ზაზა, ისე, ის შავკაბიანი ქალი რა თვალებით გიყურებდა! - დაიწყო საუბარი ერთმა.
- აბა, აბა, - აჰყვა მეორე.
- როგორი თვალებით მიყურებდა? – ვიკითხე ვითომ გაოცებულმა.
- აუჰ, შენ თუ ეგ ვერ დააფიქსირე, მაშინ ცუდად ყოფილა შენი საქმე. - ჩამოართვა სიტყვა მესამემ.
- რა იყო, რა გეტაკათ? ქალი არ გინახავთ? - ვიკითხე გაღიზიანებულმა.
- ქალი კი გვინახავს, მაგრამ კაცს რომ თვალებით ჟიმავდეს, ასეთი არაფერი გვინახავს. აუ, რა ბედი გაქვს ბიჭო! – შეშურდა პირველს.
- ნუ აზვიადებთ, ჩვეულებრივი ქალი იყო და ჩვეულებრივად მიყურებდა.
- ქაღალდი რომ მოგცა, ის რა იყო? ტელეფონის ნომერი დაგიტოვა? - თვალები მოჭუტა ერთმა.
- ჰო, - აღარ ვიუარე, რადგან აზრი არ ჰქონდა ტყუილის თქმას.
- რისთვის დაგიტოვა?
- მე ვუთხარი, რომ უდანაშაულოდ ვზივარ ციხეში-მეთქი და შემპირდა, რომ დამეხმარება.
- ნწუ... ნწუ... ნწუ... რა გულის ამაჩუყებელიაააა... - გააგრძელა ბოლო სიტყვა საუბრის წამომწყებმა.
- ზაზა, მეც ხომ უდანაშაულოდ ვიხდი სასჯელს? მეც მომეცი მაგ კეთილი დეიდის ნომერი, იქნებ მეც მიშველოს?
- მოგცემ, თუ ძალიან შემეხვეწები, - ვთქვი და საუბრის თემის შეცვლა ვცადე, მაგრამ მთელი ღამე არ მოისვენეს ბიჭებმა. სულ მასზე ლაპარაკობდნენ და თან მაგულიანებდნენ, ხვალვე დაურეკეო.
რამდენიმე ხანი გავიდა. ყოველ დილით ვფიქრობდი, რომ მისთვის დამერეკა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. მაშინ მობილური ტელეფონი ციხეში ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მეც მქონდა ჩემი პირადი ტელეფონი, მაგრამ რაღაც ძალა მბოჭავდა და დარეკვის საშუალებას არ მაძლევდა. 2 კვირის შემდეგ, როგორც იქნა, გამბედაობა მოვიკრიბე და როდესაც რამდენიმე წუთით მარტო დავრჩი, დავურეკე.
- ქალბატონი ჯული ხართ? - ვკითხე, როდესაც ტელეფონში სასიამოვნო ხმით ნათქვამი - ”ალო” გავიგონე.
- დიახ.
- მე ზაზა ვარ, VII იზოლატორიდან.
- ზაზა, რატომ აქამდე არ დამირეკე? - ახლობელი ადამიანივით შემხვდა ჯული.
- არ მინდოდა, თქვენი შეწუხება, - ბოდიშის მაგვარი ფრაზა ჩავიბურტყუნე უხერხულობისგან.
ვესაუბრებოდი და თვალწინ მისი მზერა მედგა. ეს მაბნევდა და ხმაც კი მიკანკალებდა.
- როგორ ხარ, ზაზა, ეს შენი ნომერია? - როგორც ჩანს, უფრო ჩემი დაბნეულობის გასაფანტავად დამაყარა კითხვები.
- კი, ჩემი ნომერია.
- კარგი, შენ ნუ დახარჯავ დეპოზიტს. მე დაგირეკავ, როგორც კი მოვიცლი.
- კარგი, ნახვამდის, - ხმაში სინანული შემეპარა, რადგან ტელეფონის გათიშვა არ მინდოდა.
- არ ინერვიულო, მალე დაგირეკავ. - როგორც ჩანს, არც მას გამოჰპარვია ჩემი განწყობილება.
მისმა ნათქვამმა მხნეობა შემმატა. ნინოს გათხოვების შემდეგ, პირველად გამიჩნდა შეგრძნება, რომ ქალისთვის ისევ სასურველი და საჭირო მამაკაცი ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში, ციხის პირობებს თუ გავითვალისწინებთ, საინტერესო ეტაპი დაიწყო. ეს სიტუაცია ძალიან მომწონდა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ისევ თავისუფალი ვიყავი და ქალის შებმაც ჩემს ნებაზე შემეძლო. ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია, ჯულიმ რამდენიმე საათის შემდეგ მართლაც დამირეკა. კარგა ხანს ვილაპარაკეთ და მეორე დღისთვის შეხვედრაზე შევთანხმდით.
მთელი ღამე ვცქმუტავდი. გათენება მეჩქარებოდა. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა ის დრო, როდესაც მორიგე დაიძახებდა - ჩუთლაშვილი, პაემანზე გეძახიანო.
დილით წვერი გავიპარსე, ახალ ტანისამოსში გამოვეწყვე და ვლეოდი, როდის დამადგებოდა საშველი. ბიჭებს, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვიათ ჩემი კარგი განწყობილება. კითხვები დამაყარეს, მაგრამ ვუთხარი, რომ ჩემი მეგობარი მოდიოდა სანახავად და მეტი რომ ვერაფერი დამაცდენინეს, თავი დამანებეს. როგორც იქნა, დამიძახეს, მაგრამ ჩვეულებრივად, პაემნის ოთახისკენ კი არა, სხვა მხარეს მიმითითეს. ადმინისტრაციულ შენობაში, ერთ ცარიელ ოთახში შემიყვანეს და მარტო დამტოვეს. სულ რამდენიმე წუთის შემდეგ, დერეფანში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნის ხმა გავიგონე. ჯული საკმაოდ მტკიცე ნაბიჯით უახლოვდებოდა ოთახს. კართან ფეხის ხმა შეწყდა და მალე ღია კარში გაღიმებული, ლაღი და მშვენიერი ჯულიც გამოჩნდა. ძალიან ჰაეროვანი იყო. ლამაზი მოძრაობები ჰქონდა. ამჯერად მისი მზერა ისე მეტყველი აღარ მომეჩვენა. მას უკან ციხის თანამშრომელი შემოჰყვა და იქვე, მაგიდის ბოლოში მიდგმულ სკამზე ისე მაგრად მოირთხა ფეხი, რომ მივხვდი, ის ჩვენს საუბარს აუცილებლად დაესწრებოდა. მე და ჯული ერთმანეთის პირისპირ ვისხედით. ის მეკითხებოდა ჩემი საქმის შესახებ ყველა წვრილმანს, მეც ვპასუხობდი, მაგრამ უკვე გაზეპირებულ ფრაზებს ვამბობდი. იმაზე არ ვფიქრობდი, რაზეც ვსაუბრობდი. ჯულიმ მაგიდის ქვეშ ფეხი მოატარა და როდესაც ჩემს ფეხს შეეხო, ვიგრძენი, მთელ სხეულში დენმა როგორ დამიარა. ამას ისე აკეთებდა, რომ დამსწრე მამაკაცისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მე ავილეწე. გულმა ბაგაბუგი დაიწყო. რას არ გავიღებდი, ოღონდაც ახლა ეს კაცი ოთახიდან გასულიყო, მაგრამ იმაზეც ვფიქრობდი, იქნებ, უკეთესიც იყო, მარტო რომ არ გვტოვებდა? ღმერთმა იცის გავბედავდი თუ არა ჯულის შეხებას ან თუნდაც ადგილიდან ადგომას. ღმერთს კი მაინც ვევედრებოდი - ღმერთო, ოღონდ ეს კაცი წავიდეს-მეთქი. თითქოს ღმერთმა ჩემი ვედრება ისმინა. მამაკაცი წამოდგა და თქვა:
- უკაცრავად, ქალბატონო ჯული, თქვენი ნებართვით, ცოტა ხნით დაგტოვებთ.
გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი: მარი ჯაფარიძე