უცნობი ამბავი ჯვრისწერის სცენაზე, რომელიც ცენზურის გამო ფილმიდან ამოიღეს - ისტორია მედეა ჯაფარიძისა და ბათუ კრავეიშვილის ლეგენდარული კადრის შესახებ - Marao

უცნობი ამბავი ჯვრისწერის სცენაზე, რომელიც ცენზურის გამო ფილმიდან ამოიღეს - ისტორია მედეა ჯაფარიძისა და ბათუ კრავეიშვილის ლეგენდარული კადრის შესახებ

2024-08-16 10:53:18+04:00

"ქეთო და კოტე" ქართული კინემატოგრაფიის გამორჩეული და საკულტო სურათია, რომელიც ისეთ გენიალურ მსახიობებს აერთიანებს, როგორებიც არიან, მედეა ჯაფარიძე (ქეთო), ბათუ კრავეიშვილი (კოტე), პეტრე ამირანაშვილი (ლევანი), გიორგი შავგულიძე (ნიკო), თამარ ციციშვილი (თეკლე), აკაკი კვანტალიანი (ბონდო), ვერიკო ანჯაფარიძე (კნეინა), სესილია თაყაიშვილი (თავადის ქალი) და სხვ.

"ქეთო და კოტე" არის 1948 წლის ქართული საბჭოთა ფილმი, გადაღებული რეჟისორების ვახტანგ ტაბლიაშვილისა და შალვა გედევანიშვილის მიერ ავქსენტი ცაგარელის კომედია „ხანუმას“ და ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს“ მიხედვით. პირველი ჩვენება შედგა 1953 წლის 8 ივნისს და, ალბათ, დღემდე ბევრისთვის საყვარელი კინოფილმია. 

  • „ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ მე და კოტეს საერთო შვილი არ გვყავს, ამაში მე ვარ დამნაშავე"  - სოფიკო ჭიაურელის ამბავი 

მდიდარი თბილისელი ვაჭარი, მაკარი, ოცნებობს მაღალ საზოგადოებას დაუახლოვდეს და ამისთვის თავისი ქალიშვილის, მშვენიერი ქეთოს თავადზე გათხოვების იმედი აქვს. მაჭანკალი ქაბატო უპოვის კიდეც ასეთს - ხანდაზმულ თავად ლევანს, მაგრამ ქეთოს ლევანის ძმისწული, ახალაზრდა პოეტი, კოტე უყვარს. ახალგაზრდებს მაჭანკალი ხანუმა გამოუჩნდებათ მშველელად. მისი დადგმული სცენარი წარმატებით ხორციელდება - მაკარს სახლიდან იტყუებენ, ხანუმა ქეთოს მაგივრად წარუდგება ლევანს, გაბრაზებული თავადი გარბის, ნიშნობა იშლება, ამასობაში კი ახალგაზრდები ჯვარს იწერენ. 

ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ სწორედ ეს ჯვრისწერის სცენა ცენზურის გამო ფილმიდან ამოიღეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ წერილსაც შეხვდებით. 

"ქეთო და კოტე'' - უცნობი ამბები და კადრები 

ბათუ კრავეიშვილი და მედეა ჯაფარიძე - უკან ედიშერ მაღალაშვილი. 1948 წელი. კოტე ჯვარს იწერსო!.. 60 წლის წინანდელ ფოტოზე ულამაზესი პატარძალი სანთლით ხელში, ნეფის გვერდით დგას საკურთხეველთან. ჯვრისწერის ცერემონიალს ერთი-ორად ალამაზებს მისი ღვთაებრივი მშვენიერება. სახეგაბადრული სიძე თითქოს ბოროტ მაჭანკალზე გამარჯვებას ზეიმობს და სურს, ჯვრისწერის დასრულებისთანავე, ღვთაებრივი ხმით უმღეროს უკვე მეუღლეს, ულამაზეს სატრფოს.

  • გარდაცვალების საოცარი წინათგრძნობა და უკანასკნელი დღეების ქრონიკა - გიორგი შავგულიძის უცნობი ამბები 

მსახიობთა ჟესტები იმდენად დინამიკურია, რომ გონებაში მთელ ფილმს აცოცხლებს, მაგრამ ეს კადრი ფილმში არც კი შესულა, რითაც საზეიმო განწყობის პირველი და უმთავრესი რგოლი დააკლდა უკვდავ კინოჰიტად ქცეულ "ქეთო და კოტეს". ფოტოზე სწორედ ამ ფილმის მთავარი პერსონაჟების ჯვრისწერის სცენაა ასახული, რომელიც საბჭოთა კინოცენზურას შეეწირა. არადა, ფილმში მთავარი გმირების სიყვარულის გადარჩენაში სწორედ ჯვრისწერა თამაშობს გადამწყვეტ როლს, მაგრამ ამ კადრებს მაყურებლის თვალის შევლება არ ეღირსა.

კომუნისტებმა სხვა, ფრაგმენტებთან ერთად, მთლიანად ამოჭრეს ეკლესიაში გადაღებული ცერემონიალი. ეტყობა, საბჭოთა ცენზორებს არ სურდათ საზოგადოებისთვის ჯვრისწერის "საზიანო" მაგალითი მიეცათ. მიაჩნდათ, რომ მაყურებელი მიბაძავდა კინოგმირებს და, როგორც სატრფოს სარკმელთან სიმღერასა და აივანზე გადაძრომას, ეკლესიაში დაქორწინების "მავნე" ჩვევასაც გადაიღებდა. იმ დროისთვის ხომ ქალთა უმრავლესობა ისედაც ცდილობდა ულამაზეს მედეა ჯაფარიძეს დამსგავსებოდა, მამაკაცები კი ბათუ კრავეიშვილივით რომანსებად იღვრებოდნენ სატრფოების აივნებთან.

კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის საცავში ქეთოსა და კოტეს ჯვრისწერის ცერემონიალის ამსახველი ორი უნიკალური ფოტო ინახება. ფოტოები სასწაულებრივად გადარჩენიათ ცენზორებს. სავარაუდოდ, ვიღაცამ საგანგებოდ შეინახა, რომ მავანს თვალში არ გასჩხეროდა.

კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის ფოტო და ნეგატივების ფონდის მცველი მარინა გოძიაშვილი: "ფილმი 1948 წელს არის გადაღებული. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ჯვრისწერის კადრები ამოჭრეს. ახლახან ექსპონატების აღრიცხვა თავიდან დავიწყეთ და მოულოდნელად აღმოვაჩინეთ ეს უნიკალური კადრები. არც ერთი მათგანი არასდროს არ გამოქვეყნებულა, ცხადია, არც ფოტოგამოფენებზე ყოფილა წარდგენილი. ფოტოები კარგად არის შენახული.

წინა პლანზე ჩანან ბათუ კრავეიშვილი, მედეა ჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი და გიორგი შავგულიძე. იმის გამო, რომ ფილმში მონაწილეთაგან თითქმის აღარავინ არის ცოცხალი, ვერ დავადგინეთ, რომელ ტაძარში გადაიღეს ჯვრისწერა. ვერც მღვდლის როლის შემსრულებლის ვინაობა გავიგეთ. როგორც ლაშა და მედიკო თაბუკაშვილები ამბობენ, ქალბატონ მედეასაც არაფერი აქვს ნათქვამი მოგონებებში ამ ეპიზოდების გადაღების თაობაზე. მეტიც, სავარაუდოდ, მან არც იცოდა, თუ ეს ფოტოები არსებობდა. თუმც, რომც სცოდნოდა, დიდად არ დაინტერესდებოდაო, ამბობს მსახიობის ვაჟი.

მედეა ჯაფარიძის ფოტოები 

მსახიობს, რომლის სილამაზესაც უამრავი ქალი შენატროდა, ფოტოების გადაღება არ ჰყვარებია. ამდენად, მედეა ჯაფარიძის ოჯახისთვის ეს ფოტოები სიურპრიზი აღმოჩნდა."

  • "არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა, ალბათ, მედეა ძალიან ლამაზი იყო..."  - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება მედეა ჯაფარიძის შესახებ 

ლაშა თაბუკაშვილი იგონებს: "დედა ძალიან კრიტიკული იყო თავის ფოტოების მიმართ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, გადაღებაც არ უყვარდა. ამიტომაც ძალიან ცოტა ფოტო გვაქვს შემორჩენილი როგორც მისი შემოქმედების, ისე პორტრეტების სახით და ესეც უფრო ჩემი მეუღლის, მედიკოს დამსახურებაა. მან მოიპოვა ბევრი მათგანი, დედას მეგობრების ოჯახებში დაეძებდა ფოტოებს".

ლაშა თაბუკაშვილის თქმით, ვახტანგ ტაბლიაშვილმაც კი არ იცოდა, რომ ფილმი ჯვრისწერის სცენის გარეშე გავიდოდა. ამიტომაც როგორც დამდგმელი, ისე შემოქმედებითი ჯგუფისთვის უსიამოვნო სიურპრიზი ყოფილა ულამაზესი კინოფილმის «ქეთო და კოტეს» პრემიერა.