ერთი სიტყვით, ზურიკო სკოლაში მივიყვანე. უფრო სწორად, მივაბარე მესამე კლასში სულ ხუთი დღით. ვნახოთ, რას იზამს. იქნებ მოეწონოს კიდეც… კი არა მგონია, ამ საქმიდან რამე გამოვიდეს, მაგრამ მაინც ვცდი…
ისე აგიხდეთ ყველა ნატვრა!
* * *
ირაკლის სკოლა შეგნებულად გამოვრიცხე. ვიფიქრე, უცხო ბავშვებში რომ დავსვამ, უფრო მორიდებული იქნება-მეთქი.
სკოლაში გამოწკეპილი გამოცხადდა. ტანსაცმელი მე და ირაკლიმ შევურჩიეთ. ახალი ფეხსაცმელები აცვია (14 ლარი), თეთრი პერანგი (3 ლარი), ჯინსის შავი ფერის შარვალი (10 ლარი). სულ ეს არის და ეს მისი ახალი «ავლა-დიდება».
მასწავლებელი თბილად შეხვდა. თავზე გადაუსვა ხელი.
- იმედია, ჩვენ გავუგებთ ერთმანეთს… რას იტყვი, ზურიკო? - ალერსით შეეკითხა.
- არაფერს, - ჩაილაპარაკა, თან სადღაც განზე გაიხედა.
- ო-ხო-ხო! როგორი ეშმაკები უცეკვავს თვალებში. ეტყობა, კარგი ხვითოა, აი! - ღიმილით გადააქნია თავი დამრიგებელმა. _ ვნახოთ, რა იქნება.
- ვნახოთ, რა იქნება, - გავიმეორე მისივე სიტყვები.
ამასობაში ზარიც დაირეკა.
* * *
სიმართლე გითხრათ, კვირის ბოლომდე შეგნებულად არ მივედი სკოლაში. მაინტერესებდა, რას მოიმოქმედებდა დამოუკიდებლად. ივლიდა თუ არა.
პარასკევს კი, კარგი მშობელივით გამოვეცხადე დამრიგებელს. ჩემ დანახვაზე ქალს ფერი დაუბრუნდა სახეზე.
- კიდევ კარგი, მოხვედით, კიდევ კარგი, თორემ მეტის ატანა აღარ შემეძლო. წა-ი-ყვა-ნეთ! - ამ სიტყვების გაგონებისას «ცისფერი მთები» გამახსენდა, «გრენლანდია».
საკლასო ოთახს თვალი მოვავლე. ზურიკოს პერანგი ამოჩაჩვია. თმა გაბურძგნილი აქვს და ბოლო მერხთან, კუთხეში მიყუჟულა, თან უდიერად იცინის.
- ხომ გეუბნებოდი, არ არის აქ ჩემი ადგილი-მეთქი, - მომაძახა უცებ აგრესიულად და ოთახიდან გავარდა.
- მოკლედ, რა არ ჩაიდინა! ჩამოთვლაც კი მიჭირს. ეს დღეები პირდაპირ ჯოჯოხეთად მიქცია მეც და ამ ბავშვებსაც, - თითქმის მოთქვამდა მასწავლებელი, - ამ ხნის ქალი მოვიყარე, 30 წელია, სკოლაში ვასწავლი და ჯერ ასეთი შემთხვევა არ მქონია. ცელქი ბავშვების მეტი რა მყოლია, ძნელად აღსაზრდელებიც შემხვედრია, მაგრამ (აქ მხრები აიჩეჩა) ასეთი მოუხელთებელი არაფერი მინახავს! მაშინ, შვილო, ასაკიც მიწყობდა ხელს, ჯანიც მომდევდა. ახლა სადა მაქვს ამისი თავი, ნამდვილად ვერ მოვერევი… მაგი რომ ჩემს კლასში სწავლობდეს, ან ეგ იქნება და ან - მე! - გადაჭრით დაამთავრა დამრიგებელმა.
თავი უხერხულად ვიგრძენი. ნეტავი შემევლო ამ დღეებში! ვინანე, ასე უყურადღებოდ რომ დავტოვე «მოსწავლეც» და მასწავლებელიც.
- მომიყევით, ქალბატონო, რა ჩაიდინა, - ვთხოვე მორიდებით.
- რომელი ერთი მოგიყვეთ, შვილო. უკვე ამერია ერთმანეთში, რა როდის იყო. ერთხელ თვითმფრინავები გაუშვა შუა გაკვეთილზე.
- ეგ ორშაბათს იყო, მასწავლებელო! - აყვირდნენ ბავშვები.
- ა! ხომ ხედავთ! გადამირია ესენი! ვერ ვცნობ ჩემს კლასს. ისეთი ბუნჩულები იყვნენ, ისეთი წყნარები. ახლა კი… ძლივს ვახერხებ ამათ მოთოკვას!..
და დაიწყო მოყოლა…
* * *
ისტორია პირველი
ორშაბათი. პირველ გაკვეთილზე გაძლო. წყნარად იჯდა. მეორე გაკვეთილზე აცმუკდა. გვერდით მჯდომ გოგონას რვეული წაართვა, ფურცლებად დახია და თვითმფრინავების გაკეთებას შეუდგა.
- ზურიკო, რატომ არ ხარ ყურადღებით? - შეეკითხა მასწავლებელი.
- არ მაინტერესებს და იმიტომ, - იყო პასუხი.
- არ გინდა, რამე მაინც ისწავლო?
- რად მინდა შენი სწავლა, როცა აგერ, აეროპორტის დირექტორი ვარ, - მკვახედ მიუგო და ყველა თვითმფრინავი მორიგეობით გადააფრინა კლასში.
ისტორია მეორე
სამშაბათი. რუსული ენის გაკვეთილს ახალგაზრდა გოგონა ატარებს. იგი ბავშვებს ეკითხება:
- აბა, ვინ მეტყვის, როგორ იქნება რუსულად ვაშლი?
ზურიკომ ხელი აიწია.
- შენ ჩემი მოსწავლე არ ხარ, ასე რომ, არ შეგეკითხები, - ცივად უთხრა მასწავლებელმა.
- იაბლოკო, - პასუხობენ ბავშვები.
- ეპლ, - ინგლისურად თარგმნის ზურიკო.
ასე - ყველა შეკითხვაზე მოსწავლეები პასუხს რუსულად სცემენ, ზურიკო კი ინგლისურად.
- ზურიკო, შენ თუ ამდენი ინგლისური იცოდი, რატომ აქამდე არ დადიოდი სკოლაში? - გაბრაზდა ბოლოს მასწავლებელი.
- რომ ვიცი, იმიტომ, - მიუგო მშვიდად და იმ დღესვე გადაწყვიტა, შური ეძია მასზე.
ისტორია მესამე
ოთხშაბათი. შუა გაკვეთილია (კვლავ რუსულის). მასწავლებელი დაფაზე წინადადებას წერს. უცებ კლასში ჩოჩქოლი ატყდა. გოგონებმა შეჰკივლეს კიდეც. ნატალია პავლოვნა (ასე მიმართავენ მოსწავლეები) მოტრიალდა.
- რა ამბავია? - გაოგნდა ქალი.
ყველა ერთდროულად ზურიკოს მიაჩერდა.
- ზურიკო, რაშია საქმე! ადექი ზეზე! - უბრძანა.
ზოზინით წამოდგა.
- არაფერი, მასწ, ცდებს ვატარებ.
- რა ცდებს ატარებ, იქნებ ჩვენც გაგვიზიარო!
- რამდენ ხანს გაძლებს ბაყაყი უჰაერო სივრცეში, - წარმოთქვა, მერხს ქვევიდან დახუფული ქილა ამოაძვრინა და მაღლა ასწია. ქილაში გამომწყვდეული ბაყაყი გულაღმა ამოტრიალებულა და ხელ-ფეხს უმწეოდ აფართხალებს. აბა, კივილი მაშინ უნდა გენახათ… შეშინებული მასწავლებელი პირველი გავარდა კლასიდან.
ისტორია მეოთხე
ხუთშაბათი. დამრიგებელი მათემატიკას ხსნის. მოულოდნელად ზურიკო ეკითხება:
- მასწ! ეს ქართული და მათემატიკა რომ ყოველდღე ტარდება, ხატვა და სიმღერა რატომ არ გვაქვს ყოველდღე?
ყველა ხმამაღლა იცინის ახალი ოინის მოლოდინში.
- იმიტომ, რომ ასეა საჭირო, - მასწავლებელი ახსნას აგრძელებს.
ცოტა ხანში სტვენის ხმა გაისმა.
- ზურიკო, რატომ მიშლი ხელს, რატომ ხმაურობ?
- იმიტომ, რომ ასეა საჭირო, - უდარდელად პასუხობს.
- მაგას არ სჯობია, მომისმინო, იქნებ დაგრჩეს რამე მაგ თავში.
- მე არ მომწონს თქვენი გაკვეთილი. ძალიან უინტერესოდ ხსნით.
- მაშინ შენ ახსენი საინტერესოდ.
- საინტერესოდ კი არა, გასაგებად უნდა ახსნათ. ესენი ჯერ პატარები არიან. ამათთან საინტერესო ახსნა იგივეა, რაც უინტერესოდ ახსნა. ეს ბავშვები ჯერ იმ ასაკში არიან (გაფშიკა საჩვენებელი თითი), რომ მხოლოდ გასაგებად უნდა აუხსნათ.
- კი მაგრამ, შენ რა, ბავშვი არა ხარ?
- მე არა ვარ ბავშვი, მე კაცი ვარ! - ისეთი მტკიცე ტონით უთხრა, გაოგნებული დამრიგებელი სკამზე ჩამოჯდა.
ისტორია მეხუთე
პარასკევი და… კულმინაცია.
ზარი დაირეკა. მესამე გაკვეთილი იწყება. არის ერთი ღრიანცელი, გამაყრუებელი წივილ-კივილი. შემოდის დამრიგებელი. ბავშვები უცებ მიჩუმდნენ. ავის მომასწავლებლად მოეჩვენა ეს სიჩუმე.
- რაშია საქმე, ბავშვებო, რამე ცუდი ხომ არ მოხდა? - იკითხა შეშინებულმა ქალმა.
ამ დროს კარადიდან (კედელში ჩაშენებული საკიდრები) ბრახუნის ხმა მოისმა.
- ვინ არის მანდ? - შეშფოთდა მასწავლებელი.
- გიორგია ჩაკეტილი!..
- გიორგი ჩაჭედეს, მასწ!..
- ზურიკომ ლურსმნით ჩაჭედა!.. - აყვირდა ყველა ერთხმად.
ზურიკო კი მშვიდად იჯდა ბოლო მერხზე და უმისამართოდ იღიმებოდა.
ერთი პატარა ბიჭი თურმე იმ დღეებში გამუდმებით აჯავრებდა, შენ დაუსწრებელი მოსწავლე ხარ, შემოგზავნილი, არც ჩანთა გაქვს და არც წიგნებიო. ჯერ უთმინა, მერე წაარტყა ერთი-ორი, მერე ყურებიც «დაახია». იმან კიდევ მასწავლებელთან ჩაუშვა. ზურიკო კი ადგა და «ჩამშვები» სამაგალითოდ დასაჯა. შესვენებაზე მოჰკიდა ხელი აბეზარ ბიჭს, შეაგდო კარადაში, იქვე დააძრო, ვინ იცის, საიდან, ქვა და ლურსმანი (იქნებ შინიდანაც წამოიღო) და ბავშვი კარადაში ჩალურსმა…
* * *
აი, ასეთი «საგმირო» საქმეები ჩაიდინა ზურიკომ სკოლაში ხუთი დღის განმავლობაში. ამგვარი ოინებით კი, როგორც მასწავლებელმა აღნიშნა, მან მთელი კლასი კალაპოტიდან ამოაგდო. ცოტა არ იყოს, შევფიქრიანდი. ეშველება კი ამ ბავშვს რამე? ხომ არ შევეშვა საერთოდ? ზედმეტად ხომ არ გათამამდა? არადა… ან, იქნებ… ფიქრები ერთმანეთში ამერია.
გარეთ გამოვედი. ძებნა დავუწყე. ჭიშკართან დამდგარა და მელოდება. ფეხსაცმლის ჭვინტით მიწას აწვალებს, ხელები ჯიბეებში ჩაუწყვია.
- ყოჩაღ, როგორ მასახელე! დიდი მადლობა! - გაღიზიანებული ვარ, თან სწრაფად მივდივარ.
- არ მინდა სკოლაში და რა ვქნა!
- აბა, სად გინდა, ქუჩაში?
- შენთან მინდა. შენთან და ირაკლისთან, - ამომხედა მუდარის თვალით. - არ შეიძლება შენ იყო მასწავლებელი და შენ მასწავლო? ყველაფერს დაგიჯერებ, დედას გეფიცები! - მოჭუტა თვალები. როგორც ხავსს, ისე ჩამჭიდა ხელი და იმანაც აუჩქარა ნაბიჯს.
* * *
შაბათ-კვირას სამეგრელოში მომიწია წასვლამ. სრულიად მოულოდნელად გადავწყვიტე, ირაკლი და ზურიკოც თან წამეყვანა. ნებართვის აღება არ დამჭირვებია - დედამისი ორი კვირაა, შინ არ მისულა და კაცმა არ იცის, სად დადის. ასე რომ, მოვკიდე ორივეს ხელი და ჩავსვი ზუგდიდის მატარებელში.
გაგრძელება იქნება