ვინ არის შენი მტერი და შენი ენაო, სწორედ ჩემზეა ნათქვამი. ზურიკოს და ირაკლის შევპირდი, მცხეთობაზე წაგიყვანთ-მეთქი. რა მალაპარაკებდა. ახია ჩემზე. შაბათს ისეთი უამინდო დღე გათენდა, თქვენი მოწონებული. ჯერ იყო და, პარასკევს ღამით ქვეყანა დაიქცა, ისე იწვიმა. შაბათს კი, აბა, რაღას გამოიდარებდა. დილიდანვე ეტყობოდა, რა უჟმური ამინდიც იქნებოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო _ სიტყვა ნათქვამი მქონდა. სპორტულად გამოვიპრანჭეთ და წავედით. თავიდანვე გავაფრთხილე ორივე: არ დამიწყოთ ახლა იქ _ ეს მიყიდე, ის მიყიდე. ფული ძალიან ცოტა მაქვს-მეთქი. მორჩილად დამთანმხდნენ.
_ ზურიკო, დედაშენი გამოჩნდა? _ შევეკითხე გზაში.
უარის ნიშნად თავი გადააქნია.
_ შენი აზრით, სად შეიძლება იყოს?
_ აბა, რა ვიცი. ამდენი ხნით არასდროს დაკარგულა, _ აიჩეჩა მხრები.
_ ხშირად იკარგება ხოლმე?
_ ეხერხება ეგეთი რაღაცები. ხან ორი დღით, ხან _ სამი. ახლა კი ორ კვირაზე მეტი გავიდა.
_ იქნებ გაგვეკითხა სადმე?
_ აბა, მე რა ვიცი, სად გავიკითხო. მაგის ამხანაგებს ისე თუ ვიცნობ, სახეზე, თორემ არც ვიცი, სად ცხოვრობენ. გუშინ მეზობელმა კაცმა გამაშაყირა, დედაშენი ალბათ, თურქეთში დატასაობსო. უხ! დიდი რომ ვყოფილიყავი, ვცემდი.
_ ვერ მოადე ერთი გემრიელად? _ ჩაერთო ლაპარაკში ირაკლი.
_ როგორ დამერტყა. ის ჩემზე დიდია, მომერეოდა.
_ აბა, ბიჭო, შენზე პატარას ხომ არ უნდა დაარტყა! მე რომ ვყოფილიყავი, კოკიუნაკს ჩავუტარებდი.
_ ეგ რაღაა? _ დაინტერესდა ზურიკო.
(გამეცინა. ირაკლი აიკიდოზე დადის და ერთ-ერთი ილეთის სახელი მოიშველია).
_ რა არის და ესაა, _ ჩაავლო უცებ მკლავში ხელი, თითები გადაუგრიხა და მიწაზე გაშხლართა.
_ ირაკლი! არა გრცხვენია, დედა? _ შევშფოთდი.
ის კი გახარებულია, ასე ადვილად რომ გამოუვიდა «კოკიუნაკი».
ზურიკოს, როგორც ვატყობ, სულაც არ სწყენია.
_ ვა! როგორ გააკეთე? მოდი, რა კიდევ ერთხელ ჩამიტარე და მეც ვისწავლი, _ შეეხვეწა.
არ დავანებე. ვის გაუგია შუა ქუჩაში ჭიდაობა!
* * *
მცხეთაში ზღვა ხალხი ირევა. მცხეთობაა დღეს. როგორც ჩანს, ესენიც ჩემსავით არიან გადარეულები. საკმაოდ ცივა. სვეტიცხოვლამდე კარგა მანძილის გავლამ მოგვიწია ფეხით. მე თითქმის დავიღალე. მგონი, ირაკლის შესცივდა კიდეც.
_ ეხ! არ უნდა წამოვსულიყავით. ცივა, _ ჩაილაპარაკა ირაკლიმ. გადავხედე. ტუჩები გალურჯებია. მიკვირს, ასეთი ჭკვიანური აზრი როგორ გაჭაჭანდა მის თავში.
_ ცოტა ჩქარა ვიაროთ და გავხურდებით, _ შემოგვთავაზა ზურიკომ. ფეხს კი ავუჩქარეთ, მაგრამ ისეთი ტალახია, ყველაფრის ხალისი გეკარგება ადამიანს.
ტაძარში შესვლა ზღაპარია. ცხვირს ვერ შეყოფ შიგნით. გადავწყვიტეთ, სანთლები როგორმე ეზოში მაინც აგვენთო, ეკლესიის კედლებთან და ახლომახლო გარემოს დათვალიერებით დავკმაყოფილებულიყავით.
ორივეს მჭიდროდ ჩავკიდე ხელი. ვიფიქრე, ამ ჯგლეთაში ბავშვები არსად დამეკარგოს-მეთქი. ზურიკოსი არ მეშინია, ისეთი კვაჭია, გაიგნებს გზას, მაგრამ ირაკლი? ნამდვილი სისიბაბოა, ტირილით გასკდება, რომ ვერ მიპოვოს. ირგვლივ უამრავი ნუგბარი გამოუტანიათ. რამდენსაც გინდა, იმდენ ბუტერბროდს, ხაჭაპურს, ფუნთუშას და ათას მამაძაღლობას იყიდი. რა თქმა უნდა, თუ ფული გაქვს.
_ დედა, მშიერი კუჭით ხომ არ შეიძლება ეკლესიაში შესვლა? _ ეშმაკურად მეკითხება ირაკლი.
შეკითხვა უპასუხოდ დავტოვე.
_ შეხედე, დე, იმ მსუქანას, როგორ ჭამს?! _ არ ცხრება და ხელით მანიშნებს ერთ ფაშფაშა ქალზე, რომელიც გულიანად ილუკმება.
_ ეს ქალი, ეტყობა, ბულკების ყლაპვაში მსოფლიო ჩემპიონია, _ ხითხითებს ზურიკო. _ ორი მოკბეჩით შეჭამა იმხელა ბულკი.
_ რაღაცა ვერ ვერთობით, _ გამოვხატე უკმაყოფილება.
_ აბა, მშიერი ადამიანი როგორღა უნდა გაერთოს, _ აიჩეჩა ირაკლიმ მხრები და ალმაცერად გადმომხედა.
გამეღიმა. ავდექი და თითო ხაჭაპური და ფორთოხლის წვენი ვუყიდე ორივეს.
გადავწყვიტე, სანთლების რიგში ჩავმდგარიყავი. ბიჭები ერთ განმარტოებულ ადგილას დავაყენე და გავაფრთხილე, ჩემს მოსვლამდე ფეხი არ მოიცვალოთ-მეთქი. ცოტა შემაგვიანდა. ერთი ოცი წუთი მაინც. უკან რომ მოვბრუნდი, პირკატა მეცა. არც ერთი ადგილზე არ დამხვდა. სად გინდა ახლა ეძებო ამდენ ხალხში შენი ზურიკო და ირაკლი. ვერ გადამირჩებიან ეს მატრაბაზები! ვბრაზობ.
აქეთ ვეცი, იქეთ ვეცი, მაგრამ, შენც არ მომიკვდე _ არც ერთი ჩანს და არც მეორე. დაძახებას აზრი არა აქვს. ამდენ ხალხში რას გააგებინებ. კარგა ხანს ვიბორიალე. უკვე შიშმა შემიპყრო. ავფორიაქდი. იქნებ პოლიციას მივმართო? ამ ფიქრებში ვარ, რომ უცებ, როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე, სიმღერის ხმა შემომესმა. რაღაც მეცნაურა. უკან მოვიხედე _ ერთ ადგილას ხალხი წრედ შეკრულა. გულმა რეჩხი მიყო. ახლოს მივედი.
_ რა კარგი ბიჭები არიან, რავა გვანან ერთმანეთს. თქვენ შემოგევლეთ, _ მესმის ვიღაც ხანში შესული ქალის ხმა.
_ ცოდო არ არიან ახლა აი ბაღნები? შევარდნაძე მოუკვდა მის დედას! უნდა გამეიყვანო ახლა იმ ეკლესიიდან და აყურებიო ამათ საცოდაობას! _ არ ცხრება გულჩვილი ქალი.
_ მარტო შევარდნაძე რა შუაშია, ქალბატონო. მთავრობაა დამნაშავე, _ აუბა მხარი ერთმა ულვაშიანმა კაცმა.
წინ წავიწიე. «ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი-ი-ი!» _ ვუახლოვდები ნაცნობ ხმებს. გული გამალებით მიცემს. ნელ-ნელა გავწი-გამოვწიე სანახაობის მოყვარენი და, როგორც იქნა, წინ მოვექეცი. მოვექეცი და… რას ვხედავ!.. კუზიანს სამარის მეტი ვერაფერი გაასწორებსო, ზურიკოზეა ნათქვამი. დგანან ორივენი გზის პირას, ზურიკოს მოუხდია ქუდი, დაუდიათ შუაში, ფეხებთან და ყელმოღერებულები მღერიან ერთ ხმაში. ირაკლის ბედნიერებისაგან სახე გაბრწყინებია. «დაუკარი-ი-ით, რომ ძველ ხანჯალს…» დაიწყო ისევ პირველი კუპლეტი «დუეტმა». სირცხვილით ადგილიდან ვერ ვიძვრი. როგორ მინდა, ორივე შუაზე გავხიო, მაგრამ… ახლა რომ ვთქვა ამ ხალხთან, ჩემი შვილები არიან-მეთქი, კიდევაც გაგიჟდებიან. ჩამქოლავენ ალბათ. ეს სულ ზურიკოს ოინებია. იმისგან არ მიკვირს, მაგრამ ეს ჩემი დოყლაპია რამ გადარია? არადა, უყრიან და უყრიან კეპში ხურდებს, არავინ იშურებს… ზოგმა ქაღალდის ფულიც კი გაიმეტა. ეს ყველაფერი კი ჩემ თვალწინ ხდება, ისიც ამისთანა ზეიმის დროს.
ბოლოს ვეღარ მოვითმინე. როგორც კი დაამთავრეს სიმღერა, გაცოფებული ვეცი ორივეს:
_ მოკლედ, დროს უქმად არ კარგავთ, არა? _ დავუცაცხანე.
გარშემომყოფებმა იფიქრეს, ეს ალბათ, «კომკავშირული» დავალებით არის მოსული, სიტუაციებს აკონტროლებსო და აქეთ-იქიდან შემომიტიეს:
_ დაანებე, ქალო, თავი მაგ ბავშვებს. მიუშვი, იმღერონ, ცოდონი არიან, _ ზოგმა დამისტვინა კიდეც.
უკან გამოვიძურწე, თან ვანიშნე ორივეს, ახლავე გამომყევით-მეთქი. მათაც დასტაცეს ქუდს ხელი და სირბილით ამედევნენ. რაც შეიძლება ჩქარა მივდივარ, როგორმე გავერიდო აქაურობას. მეშინია, ნაცნობმა არავინ შემამჩნიოს. კარგა მანძილი უხმოდ გავიარეთ. ირაკლი შეშინებული ჩანს. იცის, რომ მოხვდება. ზურიკო კი უდარდელად იღიმება. ხალხი მაინც ბლომად ირევა. მისდა უნებურად გვეჯახებიან. ისე ვერ გაივლი. აბა, ახლა კი მოგეცა ლხენა! განრისხებული მოვუტრიალდი ორივეს:
_ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? იქნებ ამიხსნათ რომელიმემ, რაში დაგჭირდათ ეს მასკარადი? ირაკლი, არ გრცხვენია, შვილო? იმისთვის ვიკლავ თავს, რომ მათხოვრად იქცე? გამეცი პასუხი, ნუ დამუნჯდი! _ ცოფებს ვყრი.
_ კარგი რა, ნატა. ჩემი ბრალია. აპატიე, _ შემეხვეწა ზურიკო.
_ შენ რა გგონია, შე… (თავი დროზე შევიკავე). შენ კი გეპატიება, რაც გააკეთე? თუ მართლა უპატრონო გგონია შენი თავი და ყველაფრის უფლება გაქვს? _ ახლა ზურიკოს დავესხი თავს.
_ აქ ისეთი კარგი და კეთილი ხალხი ყოფილა, უფრო ბევრი ფულის მოგროვებაც შეიძლებოდა, შენ რომ არ მოსულიყავი, _ არ დაიხია უკან ზურიკომ, _ შეხედე, რამდენი გვაქვს. ახლა ყველაფრის ყიდვა შეგვიძლია. მერე რა მოხდა. ნუ ბრაზობ, რა, გემუდარები. გვაპატიე, გთხოვ, ჩემი ხათრით, _ ზურიკომ ფული ჯიბეში გააქანა, ყელი გამომიწია და ცალ მუხლზე ჩაიჩოქა ღიმილით. ის იყო, პირი დავაღე რაღაცის სათქმელად, რომ უცებ ზურიკო ადგილიდან მოწყდა და შურდულივით გავარდა. ვიფიქრე, ჩემგან გარბის-მეთქი, მაგრამ უკან რომ მივიხედე, შევაჩნიე, ვიღაც მოზრდილ ბიჭს მისდევდა. ირაკლიც გაეკიდა. იმ ბიჭს ჯერ ზურიკო შეახტა ზურგზე, მერე ირაკლი და მიწაზე გააგორეს უცნობი. ატყდა ერთი ბღლარძუნი. კივილი მოვრთე. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ბიჭმა, როგორც იქნა, გაითავისუფლა თავი და სირბილით შეერია ხალხის ტალღას. თავით ფეხებამდე ტალახში ამოსვრილი ჩემი რაინდები კი ნელ-ნელა წამოდგნენ, ძლივს ითქვამდნენ სულს… ხურდები ამოეყარათ ჯიბიდან, მიწაზე იყო მოპნეული. შემეცოდა ბავშვები. დავიწყე ხურდების აკრეფა და თან შეკითხვები დავაყარე. უცებ ზურიკოს ხელებში ჩემი საფულე დავლანდე. ახლა კი მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ჩანთა მოვიძიე უმალ. ადგილზე იყო, მაგრამ «ხელმარჯვე ოსტატს» მართლაც რომ ოსტატურად გაუხსნია ელვა-შესაკრავი და დიდი მზრუნველობით მიუთვისებია ჩემი საფულე.
გაგრძელება იქნება ორშაბათს