_ კი მაგრამ, საიდან მიხვდი, საფულეს რომ მაცლიდა? _ დავინტერესდი.
_ ვიცანი შენი კაშელოკი. თან ის ბიჭიც ვიცი, მარშრუტკებს თირავს ხოლმე. 26 ნომერზე მუშაობს. ლტოლვილია, «ყორანას» ეძახიან, _ დიდი კაცივით მპასუხობს.
_ შენ სადღა გარბოდი? _ ახლა ირაკლის მივუბრუნდი.
_ მეც დავინახე, როგორ გაგიხსნა სუმკა.
_ მერე, მაშინვე ვერ თქვი?
_ რა ვიცი, ჯერ შემეშინდა. მერე ზურიკო რომ გაიქცა, მეც გავთამამდი, _ დარცხვენილმა გაოფლილ თმაზე გადაისვა ხელი.
_ აჰა! ახლა ხომ გამოვასწორეთ დანაშაული. ახლა ხომ გვაპატიებ? _ გამარჯვებული ღიმილით ამომხედა თვალმოჭუტულმა ზურიკომ.
_ ჩემი ხელით გაგაგზავნი ბავშვთა სახლში! _ ყასიდად დავემუქრე, _ აბა, აწი მიყურე მე შენ!
_ კარგი, რა? რას ერჩი იმ ბავშვთა სახლის ქალებს, დაგიშავეს რამე? ჩემი იქ გაგზავნა ნამდვილი უსამართლობა და უგულობა იქნება. ერთ კვირაში საგიჟეთში გააგზავნიან სუყველას, ისეთ რამეებს გავაკეთებ! _ იცინის ზურიკო. _ არ სჯობია, ჩვენი ფულები დავთვალოთ? _ ამ სიტყვებით ჩაიყო ჯიბეში ხელი და ხურდები ააჩხრიალა. ირაკლი ბედნიერი სახით სიცილით იცინის. გამოცოცხლდა.
_ არ გადამრიოთ ახლა და აქ ფულის დათვლა არ დაიწყოთ! _ შემოვწყერი ორივეს, _ ახლავე წავედით შინ.
_ ასე მშივრები? სახლამდე ვერ მივაღწევთ, _ აწუწუნდა ირაკლი.
როგორც იქნა, დავსხედით ავტობუსში. ბავშვები გამალებით შეუდგნენ ფულის დათვლას. «ნამღერმა ქონებამ» თითქმის 16 ლარი შეადგინა. ვაი, სირცხვილო!
* * *
_ ახალი ამბავი მაქვს შენთვის. ორი. რომლით დავიწყო, კარგით თუ ცუდით? _ ღიმილით შემეკითხა ზურიკო.
_ ცუდით, _ მოკლედ მოვუჭერი. ცუდ გუნებაზე ვარ. ამინდიც ჩემსავით უხასიათოდაა.
_ კაროჩე, დედაჩემი გამოჩნდა, _ აქ ცოტა შეყოყმანდა და ხელები მოისრისა.
_ მერე, ეგ ცუდი ამბავია, შე შტერო?! _ გამიკვირდა.
_ ჯერ მოიცა, არ დამიმთავრებია. ჰოდა, მოათრია ვინცხა რიჟა რუსი. სუფთა ვანია. ეს ვიღაა-მეთქი, ვკითხე. ესაო, ჩემი სპონსორიაო. ახლა ვიზას მიკეთებს და მერე გერმანიაში წავალ სამუშაოდო. ცოტა ფულს დავაგროვებ და ერთ წელიწადში შენც თან წაგიყვანო, ასე მითხრა, _ დაამთავრა ზურიკომ.
_ ახლა სად არის დედაშენი?
_ რა ვიცი, დიდხანს არ დარჩენილა. ეგრევე წავიდა. ჭკუით იყავიო. კიდევ შემოგივლიო. შენთან მოკითხვა დამაბარა. გაგიხარდა, არა? _ სიცილი დაიწყო.
_ ნუ მაიმუნობ. მართლა რომ წავიდეს, მარტო რა უნდა ქნა? _ მე უკვე ფიქრებში წავედი.
_ არ დავრჩები მარტო!
შევხედე. ალბათ ჩემი იმედი აქვს. არ ჩავეძიე. დე, ასე იყოს. ბოლოს და ბოლოს, წამოვიდეს ჩვენთან. სადაც ერთი, იქ _ მეორე. მამამისის გამოსვლამდე რაღაცა იქნება.
_ იცი, რატომ არ დავრჩები მარტო? _ გამომცდელად შემეკითხა.
_ რატომ? _ კითხვას კითხვა დავუხვედრე.
_ აი, სწორედ ამას ეხება მეორე ამბავი. ანუ, კარგი ამბავი.
_ ხო-ო! ეგ სულ გადამავიწყდა. აბა, ერთი ჩამოკაკლე, რა ამბავია! _ ყურები ვცქვიტე.
_ ჩვენ ერთი ნათესავი გვყავს აქ, თბილისში. მამაჩემს ბებიად ეკუთვნის.
_ როგორ, ეკუთვნის?
_ აი, როგორ გითხრა, _ მოჭუტა ცალი თვალი, _ მამაჩემის ბაბუის დაა, აქეთაა გამოთხოვილი. ქმარი მოუკვდა. შვილი კიდე არ ჰყავს. დედაჩემი სულ შაყირით ახსენებდა მამაჩემს, შენი ბერწი ბებობილიო. მაშინ არ ვიცნობდი, ახლა კი…
_ მერე, მერე? _ საუბარმა რაღაც საინტერესო მიმართულება მიიღო.
_ მერე და, ამ ქალმა ჯერ კიდევ შარშან უთხრა დედას, ჩემთან გადმოდით, მაინც მარტო ვცხოვრობ, მეც მომიარეთ და თუ ჭკვიანად იქნებით, ბინას ამ ბიჭს დავუტოვებო. ჩემზე უთხრა. მეტი მაინც არავინ მყავს ქვეყანაზე, რაღა სახელმწიფოს ვაჩუქოო. დედაჩემმა კი ფეხები გააჭიჭინა, ახლავე ჩამწერე და მოგივლი, თუ არადა, არ მინდაო. შენ რომ ხვალე მოკვდე, მერე ამ ბინას ვინ მომაშავებსო. ისიც გაბრაზდა, უმადური ყოფილხარო და სახლიდან გამოაგდო შენი ნანა!
_ აბა, რას იზამდა! _ ვერ დავმალე აღშფოთება.
_ მაიცა. ჯერ სადა ხარ! _ გაშლილი ხელი ისე აიფარა წინ, თითქოს მართლა მაჩერებდა, _ მერე დედაჩემმა ერთი-ორჯერ გამგზავნა, დაენახვე, იქნებ შეუყვარდე და ბინა დავითრიოთო. მე კიდე, ხო იცი ჩემი ამბავი, ეგ შენი ბინა სულ ფეხებზე მეკიდა, მაგრამ ისეთი საწყალი ქალი იყო, მეცოდებოდა. ნამცხვარი და შოკოლადი მიმქონდა ხოლმე. ერთი ბეწოა, გაწრიპული, ძლივს დაფახფახებს.
_ რა ჰქვია იმ ბებოს?
_ რა ჰქვია და… მოიცა… ხო, გამახსენდა. ლუბა ჰქვია. ადრე თურმე პურს ყიდდა მეტროსთან. ახლა რევმატიზმმა შეაწუხა და ასე თქვა, ფეხზე დიდხანს ვერ ვდგებიო.
_ სად ცხოვრობს?
_ აქვე, ახლოს. რა ჰქვია იმ უბანს, არ ვიცი. ნინოშვილის ქუჩაზე.
_ ჰო, რა მნიშვნელობა აქვს. მერე, მერე, გააგრძელე.
_ ხოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, გუშინწინ ლუბა ბებია ისევ მოვიდა. ჰმ, უნდა გაცინო ახლა. ეს შენ გიყიდე საჩუქრად, 10 ლარი მივეციო. რაღაც გაზეთში გახვეული გამომიწოდა. გავხსენი. რაცხა ძველი მოქსოვილი პულავერი იყო, ეტყობოდა, ნახმარი რომ იყო. დიდის ამბით დაუუთოვებია, დაუკეცია და მომიტანა. მეც ვითომ ვერ მივხვდი. მადლობა-მეთქი (წელში მოიხარა და ხელი მკერდზე დაიდო დიდი მოწიწებით), ვუთხარი.
_ რა ქნას ბიჭო, ცოდოა! _ შევიწყალე ლუბა ბებია.
_ არაფერი, კაცო. ვინ რას ამბობს. მეც ახლა სულ ნაირნაირები მაცვია, თუ რა. გამომადგება. თბილია და ზამთარში ჩავიცვამ.
_ გუშინ რაო, რა მინდაო, ჩემთან წამოდიო?
_ ჰო, ჩემთან იცხოვრეო. მე შენი არაფერი მინდა, ოღონდ მარტო არ დამტოვოო. ეშინია თურმე, ღამე ძილში არ გაიპაროს. თანაც, «გამაცადინებო» (კვდება სიცილით). შენ ასე ნუ მიყურებ, მე ძველი პე-და-გო-გი (ხაზი გაუსვა სიტყვას) ვარო. დაწყებით კლასებში ვასწავლიდიო.
ზურიკომ ხითხითი დაიწყო, თან გააგრძელა:
_ შენ დედაშენს არ უსმინო, არ არის კარგი ადამიანი, მაგარი ხვითოაო. ანდერძს დავწერ შენს სახელზე ისე, რომ ნანას ა-არა-ფერი (ხმა დაიწვრილა) ერგოსო, _ გამოაჯავრა დიდ ბებიას.
_ მაგას რა სჯობია. რამდენი ხანია, კარგი ამბავი არ გამიგია, _ ძლივს გავიღიმე.
_ შენ რაღა გჭირს?
_ რა ვიცი, რა არ მჭირს. ყველაფერი მჭირს, რაც უ-ზე იწყება: უხასიათობა, უფულობა, უშუქობა, უწყლობა და ყველა უ-ბედურება.
_ მაგი მეც მჭირს ხანდახან, მაგრამ ცხვირი კი არ ჩამომიშვია. უ-ს დედაც ვატირე. ბევრს თუ იფიქრებ, მალე დაბერდები. გაიგე? ა! შემომხედე, რა ჭკუამხიარული ვარ! ნუ გეშინია. მე, ვერ ხედავ, ამ «სიბერეში» ბებობილი რომ გამომიჩნდა? _ ისევ ახითხითდა.
_ გინდა, წავიდეთ, გაგაცნობ, _ უცებ მოუვიდა იდეა.
_ სად? ვინ? _ იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, უცებ ვერ მივხვდი, ვისზე მეუბნებოდა.
_ პედაგოგი ლუბა, ანუ მამაჩემის ბებია, _ განმიმარტა.
_ ა-ახლა არა, დრო არ მაქვს.
_ ახლა არა. აი, თუნდაც, ხვალ, _ კვლავ მოჭუტა თვალები და გამომცდელად გამომხედა.
_ კარგი, ხვალ შეიძლება. მოიცა, მე რა შუაში ვარ? _ როგორც იქნა, დავიდა ჩემამდე.
_ ისე, პროსტა, არ გაინტერესებს?
_ კი მაინტერესებს, მაგრამ… რა ვიცი, უხერხულად არ გამოვიდეს.
_ რა უხერხულად! გაუხარდება კიდეც, ხმის გამცემს რომ ნახავს. ზუსტად ჩემნაირი ჭკუისაა. შენ მოგეწონება. ნამცხვარი ვუყიდოთ და კამფეტები. ტკბილეულობა უყვარს.
_ კარგი, წავიდეთ. მაშინ ხვალ ისევ აქ შევხვდეთ ერთმანეთს, არა? _ ავხედე «ბავშვთა სამყაროს» შენობას.
შევთანხმდით.
გაგრძელება იქნება