ცრის. საკმაოდ ცივა. იმდენი მაცვია, კომბოსტოსავით ვარ შეხვეული. კარგა ხანია, ერთ ადგილს ვტკეპნი. ზურიკო კი არ ჩანს. რატომღაც შეაგვიანდა. საათს დავხედე. სამი დაიწყო.
«რა პარაზიტი ბავშვია!» _ თავს ვაქნევ… უცებ დავინახე, როგორ შურდულივით გამოვარდა ჯიხურებს უკნიდან. ერთიანად სისხლში იყო მოთხვრილი.
_ რა იყო, რა მოხდა! რა დაგემართა? _ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.
_ წამო, ჩქარა, გეხვეწები. იქ… ერთი ბიჭია. მე მგონი, მოკვდა. არ ვიცი… _ სწრაფად მომაყარა.
ფეხები ამიკანკალდა. ვიგრძენი, გული როგორ გამიხდა ცუდად. მაჯაში ჩამავლო ხელი და წამათრია. მეც გავიქეცი. ბორჯომის ვაგზლისკენ აუხვია. დარბაზში აქა-იქ ირევა ხალხი. მოშორებით მიწაზე დაგდებული ბიჭი შევაჩნიე. ასე, თხუთმეტიოდე წლის იქნებოდა. პერანგი ამოჩაჩოდა. შიშველი წელი უჩანდა. ძლივს მივაღწიე იქამდე. ხელით შევეხე, გულდაღმა ეგდო. გადმოვატრიალე. სახეზე ფერი არ ედო. სიცოცხლის ნატამალი არ ეტყობოდა. ყვრიმალზე თითი დავადე. მგონი, სადღაც რაღაც ფეთქავდა. ცხვირი გასისხლიანებული ჰქონდა და გასიებული. როგორც ჩანს, რაღაც მძიმე ჩაარტყეს. შევაჯანჯღარე:
_ ბიჭი, ბიჭი! _ დავიწყე ძახილი, იქნებ გონს მოვიდეს-მეთქი. თავი გვერდზე გადაუვარდა.
_ ჩაპო, გესმის? მე ვარ, ზურიკო! _ ახლა ზურიკომ შეახო ხელი.
_ წადი, ვინმეს დაუძახე. ჩვენ ამას ვერ მოვერევით, _ დავსაქმე ზურიკო, თან ბიჭი კარგად შევათვალიერე, დაჭრილი არ იყოს-მეთქი.
_ ვის დავუძახო? _ დაიბნა.
_ ვისაც გინდა, რა ვიცი. ვისაც ნახავ. თუნდაც პოლიციას.
…რამდენიმე წუთის შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანამ გონდაკარგული ჩაპო, მე და ზურიკო საავადმყოფოში გაგვაქანა.
* * *
ჩაპო, მართალია, გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ ექიმებმა ტვინის შერყევა დაუდგინეს. თანაც, საკმაოდ ძლიერი. მოუწევს რამდენიმე დღე საავადმყოფოს კედლების ხეხვა. მე დავაფრიალებ ჩემს პირადობის მოწმობას. მეშინია, ბავშვს არაფერი დააკლონ. საწყალი დედამისი! რა დღეში ჩავარდება, ამ ამბავს რომ გაიგებს!
როგორც იქნა, ზურიკო დავიმარტოხელე.
_ მომიყევი ერთი, რა ხდება, ვაჟბატონო! ვინ არის ეს ჩაპო და რა დააშავა? _ ჯერ კიდევ ვერ დავწყნარებულვარ.
დაიწყო მოყოლა:
ჩაპო მის მეზობლად ცხოვრობს, ნახალოვკაში. 14 წლისაა. მამა მოუკვდა. ობოლია. დედა ქუჩაში დგას და ვაჭრობს. ხილ-ბოსტნეულს ყიდის. ჩაპოც ვაჭრობს, ოღონდ _ ქამრებითა და პასტებით. ახალი დაწყებული აქვს მუშაობა და ჯერ ყველაფერში ვერ გარკვეულა. ორი დღის უკან ჩამოუვლიათ ბიჭებს «წილის» ასაღებად. ჩაპოს კი არ მიუცია: «მე თქვენი დაყენებული არა ვარ აქ. არავისი არაფერი მმართებს. ვისაც აქვს მოსაცემი, იმან მოგცეთო».
_ შენც ასე გთხოვენ «წილს?» _ შევეკითხე ზურიკოს.
_ მე ახლა ვეღარ მიბედავენ. გაიგეს მამაჩემის ამბავი და საერთოდ არ მაწუხებენ. ის კი ერთი საწყალი ბიჭია… მერე ჩემთან მოვიდა. მომიყვა ყველაფერი და მთხოვა, იქნებ დამეხმაროო. მე თვითონ ძლივს რაღაცას ვაკეთებ, მაგათ რაღა მივცეო. შემეცოდა. ავედი უბანში. ვნახე ერთი-ორი კაი ბიჭი და მოვუყევი. დღეს ჩამოვედით ვაგზალზე. იცი, რამდენი შეგროვდნენ? ჩვენ ერთი რვა ვიყავით, ისინი კი თხუთმეტნი მაინც იყვნენ. დაიწყეს საქმის გარჩევა. ის ვალერა, ვინც ფულს ითხოვს, მაგარი ვირი ვინმეა. ვერაფერს შეაგნებინებ. მეკუთვნის და მორჩაო, მოუჭრა ჩვენებს. მერე, რა ვიცი, უცებ გაიწიეს ეთრმანეთზე. ზოგი ვაშველებდით. ბოლოს ისე აირია ყველაფერი, ვინ ვის ურტყამდა, ვერ გაიგებდი. ამ დროს ჩაპო დავარდა. უცებ! რაზ და გაიშხლართა. იმ ვალერამ ჩაარტყა რაღაც. ვერ დავინახე, რა ეჭირა. დანა არ იყო. არც იარაღი ჰქონდათ. დავიწყე ყვირილი, მივვარდი ვალერას. იცი, რამხელა ბიჭია? აი, ამხელა (ხელით მოზომა). ერთი მთხლიშა ცხვირში და მეც იქვე გამაგორა. როცა წამოვდექი, ყველანი გაქცეულები დამხვდნენ. ჩაპოსთან მივედი. როგორ შემეშინდა, იცი? მკვდარი მეგონა, სულ სისხლი სდიოდა.
_ რა უნდა ვქნათ ახლა, პოლიცია ამას ასე არ დატოვებს.
_ არ ვიცი.
ამ დროს პოლიციელები დაბარებულებივით გამოჩნდნენ. ორნი იყვნენ. ერთს პაპკა ჰქონდა ამოჩრილი, მეორე გასაღებს აჩხრიალებდა ხელში. ალბათ, ექიმმა თუ გამოიძახა.
_ ნეტავ, მიხვდებოდეს ისე შენი ჩაპო და არ იტყოდეს, რა მოხდა! _ ვინატრე.
_ არ იტყვის. არ იცი, როგორი მაგარი ბიჭია. მოკვდება და არ იტყვის.
_ ჰო, მაგრამ რაღაც ხომ უნდა თქვას? ჩვენ ხომ არ ვიცით, რას მოიგონებს? _ საგონებელში ჩავვარდი.
«ახლა ჩვენც დაგვკითხავენ ალბათ», _ ამის გაფიქრებაზე უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა.
* * *
ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდა. ჩაპოს უთქვამს, ვიღაც ბიჭები ჩხუბობდნენ, გინების ხმა ისმოდა, მისაშველებლად მივვარდი და რაღაც მაგარი მომხვდაო. მერე არაფერი მახსოვსო. არ ვიცი, ვინ არიან, ვაგზალზე იმდენი ხალხი ირევა, მე რა ვიცი, ვინ იყვნენო.
მერე მეც დამიძახეს. დაახლოებით იგივე გავიმეორე. თითქოს მოლაპარაკებულები ვიყავით. ჩაიწერეს ჩემი მისამართი, ტელეფონი, თუ რამე იქნება, გამოგიძახებთო…
_ შენ იცი, ის ვალერა სად ცხოვრობს? _ გადავხედე ზურიკოს, ქუჩაში რომ გამოვედით.
_ ვიცი, მერე რა?
_ წამო, მივიდეთ მის მშობლებთან.
_ გაგიჟდი? იქ რა გინდა? _ შეიცხადა.
_ რა მინდა და ბავშვი რომ ასეთ დღეში ჩააგდეს, კეთილი ინებონ და მკურნალობის ფული გადაიხადონ.
_ უჰ! მაგენი ისეთი ძუნწები არიან, რას გადაიხდიან! _ შორს დაიჭირა ზურიკომ.
_ შენ მიმიყვანე და თუ არ გადაიხდიან, მაგასაც განახვებ…
ავასკდით აღმართს (ადგილს შეგნებულად არ ვასახელებ). კარი ვალერას მამამ გაგვიღო:
_ გამარჯობათ, მე პოლიციის სამმართველოდან ვარ. მაიორი მეუნარგია. თქვენი ვაჟი შინ არის? _ რაც შეიძლებოდა, ოფიციალური სახე მივიღე.
_ ჯერ არ მოსულა, _ გაკვირვებული დარჩა ოჯახის უფროსი, _ რაშია საქმე? რა დააშავა?
წვრილად მოვუყევი, რაც მოხდა. ბოლო სიტყვა ჩემზეა:
_ ჯერ საქმე არ არის გახსნილი. ეს ჩემზეა დამოკიდებული. თუ თქვენ ბიჭის მკურნალობის ფულს გადაიხდით, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება, _ სანდომიანი ღიმილით ვეუბნები ვალერას მამას.
მან უნდობლად შემომხედა.
_ არა, მე კი არ ვითხოვ ფულს. ახლა თქვენ წამოხვალთ საავადმყოფოში, დაელაპარაკებით ექიმს, თანხაზეც შეუთანხმდებით და იქ გადაწყდება ყველაფერი, _ ჩავაგდე მანდილი.
მამამისი უსიტყვოდ დამყვა. ჩავსხედით მის მანქანაში და გავგრიალდით…
ექიმმა გულდასმით მოგვისმინა. ყველაფერი მოგვარდა. 300 ლარში გამოვლენ ვალერას მშობლები. ეს დიდი შეღავათია. ზურიკოც იოლად გამოძვრა და მეც შვებით ამოვისუნთქე.
* * *
ამ ამბის გამო ზურიკოსთან დიდი შეხლა-შემოხლა მქონდა. მაგრად ვეჩხუბე და გავაფრთხილე, თუ ასე გააგრძელებდა, თვალით არ დამნახვებოდა. შედეგი?
…კვირაზე მეტია, ზურიკოს ვერ ვპოულობ. მთელი ბაზარი გადავქექე, ვის არ მივმართე, ვის არ ვკითხე, მაგრამ მის ასავალ-დასავალს ვერ მივაგენი. ცამ ჩაყლაპა, თუ მიწამ, არავინ იცის. რა მეშველება? ვგრძნობ, როგორ მეწურება გული. თითქოს დამძიმებული ვარ. იქ, სიღრმეში, რაღაც მაწუხებს, ძალიან მაწუხებს. მისამართიც რომ არ ვიცი? რა სულელი ვარ. როგორ ერთხელ მაინც არ დავინტერესდი, სად ცხოვრობდა. ახლა მამამისს ხომ არ დავადგები ციხეში. გამწეწავს კიდეც… ცრემლები მახრჩობს. რამდენი ღამეა, არ მიძინია… პოლიციაშიც ვიყავი, ბავშვთა სახლებიც «გადავქექე», მაგრამ… თქვენც არ მომიკვდეთ. აორთქლდა ბავშვი. ვინმემ ხომ არ… ამის გაფიქრებაც არ მინდა. სიმწრისაგან ლამისაა, თითები დავიჭამო…
კიდევ ერთი კვირა გავიდა. ახალი ვერაფერი შევიტყვე. ვეძებ გამწარებული. კივილის ხასიათზე ვარ. თითქოს ქვები მკიდია მხრებზე. თითქმის ყოველდღე ბაზარში გავდივარ, იქნებ სადმე თვალი მოვკრა, ან იქნებ რამე გავიგო. არა და არა. მორჩა. დაიკარგა. ავად ხომ არ გახდა? ხომ არ დაჭრა ვინმემ? სადმე ხომ არ ჩააგდეს? უსიამოვნო კითხვები არ მშორდება. რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდე… ირაკლიც ჩემ დღეშია. გამუდმებით ზურიკოზე მეკითხება. დაიტანჯა ბავშვი… მე უკვე ყველანაირი იმედი გადამეწურა. ახია ჩემზე. ბოლოს და ბოლოს, მომეკიდა ხელი და წამეყვანა ჩემთან, შინ. სადაც ერთი, იქ _ მეორე. რა მოხდებოდა. რასაც მე ვჭამდი, იმას ვაჭმევდი მასაც. მერე მამამისიც გამოვიდოდა ციხიდან და რაღაც იქნებოდა. ჩემი ბრალია, ჩემი!.. თვალცრემლიანი გავემართე სამაშრუტო ტაქსებისკენ. ეს პირველი შემთხვევაა, ბაზრიდან რომ ხელცარიელი ვბრუნდები. არაფრის ყიდვის თავი არა მაქვს, არც ხალისი. ძლივს ჩავჯექი მანქანაში. ცრემლიანი თვალებით ვერაფერს ვხედავ. გვერდით ქალი მიზის. მეკითხება:
_ ცუდად ხომ არა ხართ, ქალბატონო? ვალიდოლი მაქვს…
_ არა, გმადლობთ, _ დალაპარაკების სურვილიც არ მაქვს. საკუთარ ხმას ვერ ვცნობ…
გზა არ დაილია. ერთი სული მაქვს, შინ როდის მივალ. შევწვები ლოგინში, იქნებ გავთბე მაინც. როგორც იქნა, ავაღწიე მეცხრე სართულამდე. გასაღები ძლივს მოვძებნე ჩანთაში, მერე ძლივს მოვარგე კარს, მერე ძლივს გადავატრიალე, ჩამოვწიე სახელური და ის იყო, ოთახში უნდა შევსულიყავი, რომ უცებ ზურგს უკან მესმის:
_ ლიმონი არ გინდა, ლამაზო, იაფად მოგცემ…
დასასრული