მსოფლიოში ცნობილი ბრენდის პირველი მაღაზია 1977 წელს სან-ფრანცისკოს გარეუბანში გაიხსნა. მისი დამფუძნებელი სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული როი რაიმონდია. მას შემდეგ ბრენდმა მთელი მსოფლიო მოიარა და არა მხოლოდ გამორჩეული თეთრეულით გახდა ცნობილი, არამედ ჩვენებებით, რომლებიც ნამდვილ დღესასწაულად იქცეოდა. ამ შოუებში ყოველთვის განსაკუთრებული მოდელები იღებდნენ მონაწილეობას და მათ ამის გამო Victoria's Secret-ის "ანგელოზებს" უწოდებენ.
ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ერთ მშვენიერ დღეს როი რაიმონდმა გადაწყვიტა, თავისი საყვარელი მეუღლისათვის ეჩუქებინა ქალის ლამაზი თეთრეული. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მაღაზიის გამყიდველები უხერხულობას გრძნობდნენ მამაკაცთან ქალის თეთრეულის შერჩევაში დახმარების პროცესში, ყიდვის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
სწორედ მაშინ როის გაუჩნდა იდეა, გაეხსნა ქალის თეთრეულის საკუთარი მაღაზია.
იმ პერიოდში Limited Brands-ის დამფუძნებელი ლესლი ვექსნერი ბიზნესის სამყაროს ამომავალი ვარსკვლავი იყო და შთამბეჭდავი იმპერია ააშენა. 1982 წლის ივნისისთვის L-Brands ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის სიაში მოხვდა. ერთი თვის შემდეგ კომპანიამ Victoria’s Secret-ის ექვსი მაღაზია და მისი კატალოგი სულ 1 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.
ვექსნერის სტრატეგია დაეხმარა ბრენდს, გამხდარიყო თეთრეულის უმსხვილესი საცალო მოვაჭრე აშშ-ში 1990-იანი წლების დასაწყისისთვის. ბრენდმა გააფართოვა ბიზნესი 350 მაღაზიით და დააფიქსირა წლიური გაყიდვები 1 მილიარდ დოლარზე მეტი.
რაც შეეხება კომპანიის პირველ დამფუძნებელს, როი რეიმონდს, მან საკუთარი ბიზნესის გაყიდვის შემდეგ გახსნა საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია, რომელიც სულ რაღაც ორი წლის შემდეგ გაკოტრდა. 1993 წლის 26 აგვისტოს 47 წლის ასაკში როიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.