სალომე დადუნაშვილი ჟურნალისტია, მუდმივად ეკრანთან მუშაობს და მისთვის ვიზუალური მხარე მნიშვნელოვანია. როგორც თავად აღნიშნავს, ჭარბი წონა დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევაა და ამ პრობლემას თავადაც უკვე წლებია, ებრძვის. თანამედროვე მედიცინამ მას სულ ახლახან მისცა შესაძლებლობა, წონაში ეფექტურად, შეზღუდვების გარეშე დაეკლო და ცხოვრების წესი შეეცვალა.
„წონაში კლების ამ ხანგრძლივ პროცესში ყველანარი ფიზიკური და ემოციური რესურსი ამოვწურე. ამიტომაც გადავწყვიტე, დახმარებისთვის მიმემართა. ჩავატარე მცირე გამოკვლევა და აღმოვაჩინე კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსის უნიკალური პროცედურა, რომელიც დამხმარე საშუალებაა, ზედმეტი კილოგრამები სწრაფად, ეფექტურად და, როგორც იტყვიან, შიმშილის გარეშე მოიშორო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მცირდება არა მხოლოდ ულუფის რაოდენობა ჩვენი კვების რაციონში, არამედ იცვლება ცხოვრების წესიც.
„რადიკალური მეთოდებით არ ვიყავი დაინტერესებული და გარდა ამისა, კუჭის ოპერაციას არც ვსაჭიროებდი. კუჭის ბოტოქსის ჩატარებიდან დღემდე 15 კილოგრამი დავიკელი. ეს პერიოდი საკმაოდ მშვიდი იყო. შევიმუშავე ჩემი რეჟიმი და დავიწყე ფეხით მოძრაობა. სასურველ მიზნამდე სულ რაღაც 10 კილოგრამი მაშორებს." - ამბობს სალომე.
სალომე, ჟურნალისტობის გარდა, აქსესუარების შექმნითაცაა დაკავებული და როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა.
სათამაშოებს, თოჯინებს, ბისერით მოქარგულ ნივთებს ყოველთვის ვაკეთებდი, მქონდა კიდეც ერთი-ორი გამოფენა, თითქმის ორ წელიწადია, რაც აქსესუარების კეთება დავიწყე. მე თვითონ მომინდა შემეძინა საყურე და ყელსაბამი, მაგრამ ვერსად ვნახე ისეთი, როგორიც ჩემს გემოვნებას დააკმაყოფილებდა, ამიტომაც გადავწყვიტე ჩემით შემექმნა ის, რაც მინდოდა. მერე მოხდა ისე, რომ მეგობარს საყურე გავუკეთე, რასაც გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით უფრო გავაქტიურდი და საბოლოოდ თბილისის მოდის კვირეულში მივიღე მონაწილეობა. მოგეხსენებათ, მოდის კვირეულის ფარგლებში ყოველ წელს იმართება აქსესუარების გამოფენა. ჰოდა, ჩემდა საბედნიეროდ, ის გამოფენა ჩემთვის წარმატებული აღმოჩნდა, რადგან იქვე ბევრი აქსესუარი გაიყიდა. მას შემდეგ ვერა და ვერ დავაგროვე ნამუშევრები, მაგრამ ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა, ჩემი ნამუშევრები მის სახელოსნოში გამომეფინა. თვე-ნახევრის განმავლობაში ვცდილობდი აქტიურად მემუშავა, რათა მომეგროვებინა აქსესუარები, ოცდაათი დავაგროვე, მეტი ვერ მოვახერხე, თუმცა საბოლოო ჯამში იმ სივრცეში, სადაც წარვადგინე, მწირად არ გამოიყურებოდა. ეს მეტად სასიამოვნო საღამო იყო, ყველას შეეძლო მოესინჯა, რაც მოეწონებოდა, იყო უამრავი სარკე და შეგეძლო გენახა, რამდენად გიხდებოდა ესა თუ ის აქსესუარი. აქსესუარების მასალას ზოგს საზღვარგარეთ ვყიდულობ, ზოგს - თბილისში, ხან კიდევ ძველ ნივთებს ვშლი და ახალი აქსესუარის დეტალად ვიყენებ. ეს საქმე ჩემთვის ერთგვარი რელაქსაციაა, ძირითადად მაშინ ვმუშაობ, როცა კესარიას სძინავს. არ მაქვს კარგი მხედველობა, ამიტომ სამუშაოდ აუცილებლად დღის განათება მჭირდება. როდესაც საყურეს ვამზადებ, დასრულების შემდეგ ერთხელ მაინც ვიკეთებ, რათა დავრწმუნდე, რომ ტექნიკურად ყველაფერი კარგადაა შესრულებული. ძირითადად ისეთ აქსესუარებს ვაკეთებ, რომელთა ტარებაც მე თვითონ მინდა. აქსესუარებთან მიმართებით არსებობს ერთი ასეთი წესი - როცა იკეთებ თვალში საცემ სამკაულს, არ უნდა გადააჭარბო, თუ იკეთებ ყელსაბამს, საყურე აღარ უნდა გამოიყენო. დღევანდელი მოდა ისეთ მრავალფეროვნებას გვთავაზობს, რომ ძნელია მოახერხო და იყო არამოდური, ფაქტობრივად, ეს შეუძლებელია, შეიძლება იყო არასაინტერესო, მაგრამ არამოდური - ნაკლებად. აქსესუარი ქალისთვის გადარჩენის საშუალებაა, შესაძლოა არ გქონდეს იმის სახსრები, რომ შეიძინო კარგი ბრენდის სამოსი, მაგრამ თუ გაცვია სადად და გიკეთია საინტერესო აქსესუარი, გამოიყურები კარგად და შეიძლება ტანსაცმელი იმდენად მნიშვნელოვანი არც იყოს. თუმცა, თუ გაქვს საშუალება, გეცვას კარგად და ასევე გეკეთოს კარგი სამკაული - ეს იდეალური ვარიანტია.
"საკუთარ შვილზე ლაპარაკი ძალიან ძნელია. მახსოვს, როგორ მაღიზიანებდნენ დედები, რომლებიც საკუთარ შვილებზე აღფრთოვანებით საუბრობდნენ. ვცდილობ, მათ არ დავემსგავსო და ნაკლები ვილაპარაკო კესარიაზე. მართალია, ცოტა ხანში 2 წლის გახდება, მაგრამ ჯერჯერობით კარგად ვერ ლაპარაკობს. ეტყობა, დაბნეულია, რადგან ოთხი ენა - ფრანგული, რუსული, ქართული და ცოტა ინგლისურიც ესმის, თუმცა ვერც ერთ ენაზე ვერ ლაპარაკობს გამართულად, ალბათ ცოტა ხანში გაგვაგებინებს, რა უნდა. თურმე მე საკმაოდ ადრე ამიდგამს ენა, ახლა დედაჩემი კესარიას გამო ღელავს. როცა სამსახურში ვარ, ძიძასთან ვტოვებ, მაგრამ ოჯახის წევრები - მე, ჩემი მეუღლე, ბებია, ისე ვანაწილებთ დროს, რომ რომელიმე მასთან აუცილებლად ვიყოთ და ჩვენი დანაკლისი არ განიცადოს. საერთოდ, მიმაჩნია, რომ თუ რაიმე პრობლემა აქვს ბავშვს, ეს მშობლების ბრალია, როდესაც კესარია არ ჭამს, არ სძინავს, ჩვენს თავში ვეძებთ დანაშაულს და ვპოულობთ კიდეც. რომ დავფიქრდები, ვხვდები, კესოს დაბადების შემდეგ ცხოვრების რიტმი ძალიან შეიცვალა, ხანდახან კი ვამბობ, ამდენი ხანია, არსად წავსულვარ-მეთქი, მაგრამ საბოლოო ჯამში ვხვდები, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიცოდე, როგორაა და რას აკეთებს ჩემი შვილი. არ ვარ 20 წლის, რომ გართობის ნაკლებობის გამო დავითრგუნო, არანაირი სურვილი არ მაქვს, მთელი ღამე დისკოთეკაზე გავატარო და ამის გამო ბავშვს მოვაკლო ყურადღება, მაგრამ შევდივარ იმ მცირეწლოვანი დედების მდგომარეობაში, რომლებიც მტკივნეულად განიცდიან იმას, რომ ვეღარ ახერხებენ იქ წასვლას, სადაც უნდათ".