ყველასთვის საყვარელი მსახიობი ნინო ბურდული 1958 წლის 11 მარტს დაიბადა. შესრულებული აქვს არაერთი დასამახსოვრებელი როლი როგორც თეატრში, ასევე კინოში. 1976 წელს დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს განხრით, ხოლო 1982 წელს - შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
"მე ვარ ორკესტრის ტიპის ადამიანი. მიყვარს ორკესტრული ხელოვნება, როდესაც ყველა ინსტრუმენტს თავისი განსაკუთრებული და განუმეორებელი ფუნქცია აკისრია. მიყვარს ისეთი სპექტაკლებიც, სადაც ორკესტრია და არა “მასოვკა”; სადაც ყველა ერთადერთი, განუმეორებელი და შეუცვლელია და ქმნის დასს. კინოც ასეთი მიყვარს – როდესაც ყველა თავის ადგილზეა (რეჟისორი, ოპერატორი, მსახიობი, მხატვარი); როცა თავის საქმეს ყველა იდეალურად აკეთებს, სიყვარულით. ჩემთვის არ არსებობს მთავარი ან მეორეხარისხოვანი, ჩემს ცხოვრებაში რაც გამიკეთებია, ყველაფერს თავისი განუმეორებელი ადგილი აქვს. მსახიობობა არის ის, რის გარეშეც მე ცხოვრება არ შემიძლია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ რასაც ვაკეთებ ხოლმე, ის ყველაფერი მე იმ წუთას მჭირდება და უიმისოდ არ შემიძლია, ამიტომაც ვაკეთებ! ასეთი გახდა ჩემთვის რეჟისორობა, ასე დავკავდი სპექტაკლის დადგმით. როცა ადამიანს რაიმე იდეა გაწუხებს, მისი თვითრეალიზება უნდა შეძლო, პატარა თუ დიდი მასშტაბით, შეიძლება პოპულარული გახდეს ან არა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თავისი სათქმელი თქვას. მე, მაგალითად, ჩემი სათქმელი კაბის მოდელირებაშიც მითქვამს. ვფიქრობ, თვითრეალიზება არ ნიშნავს იმას, რომ ყველამ გაღიაროს. ეს არის ჩემი ცხოვრების წესი. არ ვიცი, ჩემი ხასიათი განსაზღვრა ამან თუ ჩემმა ხასიათმა განსაზღვრა ცხოვრების წესი, მაგრამ ეს თანხვედრაა. მე ვარ არტისტი!"
თეატრში ბევრი კარგი როლი მაქვს ნათამაშები. პირველი ჩემი ლეგენდად ქცეული სპექტაკლი იყო ,,ჩვენი პატარა ქალაქი“, რომელშიც ვითამაშე ნესტანის როლი (ქართულ ვერსიაში). ეს იყო ამერიკული პიესა, რომელშიც იმ პერსონაჟს ემილი ერქვა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან ვიყავი პატარა იმისთვის, რაც უნდა მეთამაშა მესამე მოქმედებაში. ეს იყო შეხება მარადიულ თემებთან. ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ მიშა თუმანიშვილის, რადგან ასეთი როლი მათამაშა. ასევე შექსპირის როლებიდან ჯულიეტა მაქვს ნათამაშები, მაგრამ კარგ ასაკში “მოვითავე”. ეს ინსტიტუტის დიპლომი იყო და ამით დამთავრდა. ნათამაშები მაქვს არაჩვეულებრივი როლი ,,ზაფხულის ღამის სიზმარში“, ლიტანია და იპოლიტა და ამითიც ძალიან ბედნიერი ვარ. ნათამაშები მაქვს პირანდელოს პიესაში ,,ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“ ფანტასტიკური როლი, პინტერის ,,ღალატში“, სტრიმბერის ,,მამაში“, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ყველაზე კარგ სპექტაკლებს ყველაზე ხანმოკლე ცხოვრება ჰქონდათ. სწორედ იმიტომ, რომ მე ის ხელოვნება მიყვარს, რაც მაინცდამაინც მოთხოვნადი არ არის ჩვენს საზოგადოებაში. თანამედროვე ქართული კინო არ არსებობს, იმიტომ, რომ კინოს აფინანსებენ მხოლოდ იმ ნიშნით, რომ უნდა იყოს ფინანსურად მომგებიანი. მოგეხსენებათ, ფინანსურად მომგებიანი ჩვენთან პირდაპირი ნიშანი არის იმისა, რომ ეს არის უგემოვნება და მდარე ხარისხი და მე პირადად ამით აღშფოთებული ვარ. იმდენად ცოტა ფულია (ისევ ფინანსებთან მივდივართ), რომ აქ კონკურენცია ვერ იარსებებს. ძალიან ცოტა ფული იდება კინოში, რეალურად კი, საკმაოდ ძვირადღირებული ხელოვნებაა. ჩვენთან იმის შესაძლებლობა, რომ შენს ქვეყანაში ამოიღო ჩადებული თანხა, არ არის. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მდარე ხარისხს აჩვენებ და ეს ნიშნავს, რომ კინო მოკლულია." - ამბობდა მსახიობი.