ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი ტელეკომპანიის დაფუძნებიდან მუშაობდა "რუსთავი 2"-ში. ის 1995-2006 წლებში უძღვებოდა არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. 2006 წელს მან ტელეკომპანია დატოვა სხვა წამყვან ჟურნალისტებთან ერთად.
ამის შემდეგ ტელეეკრანზე 2012 წელს დაბრუნდა "მეცხრე არხის" ეთერში, თუმცა მალევე დატოვა ტელევიზია და პიარ-სამსახურში გადაინაცვლა.
პირადი ცხოვრება
ნათია ლაზაშვილი აცხადებს, რომ მისი 27-წლიანი ოჯახური სიმტკიცის საიდუმლო მისი მეუღლეა, რომელიც მისთვის საუკეთესო ქმარია დედამიწის ზურგზე:
„რა თქმა უნდა, ყველა ოჯახში არის რთული პერიოდები. ჩვენც ვჩხუბობთ ხოლმე, მით უმეტეს, რომ მე ჯიუტი ვარ და გაბუტვა ვიცი. ვფიქრობ, რომ იოლი ხასიათი არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვარ პრეტენზიული. ამიტომ ჩვენი ურთიერთობის საიდუმლო უფრო გოგიტაა. მე არ შემხვედრია ადამიანი, რომელშიც გოგიტა დადებით ემოციებს არ იწვევს და არ უყვარს, რასაც ალბათ ვერ ვიტყვი ჩემზე. მე ადამიანებს ბევრად ცივი ვგონივარ, ვიდრე რეალურად ვარ“, – ამბობდა ტელეწამყვანი.
გიორგი ფრუიძე
გიორგი ფრუიძე 2019 წლის 29 ოქტომბრამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე ნათია ლაზაშვილი „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანად დაინიშნა, ფრუიძემ თანამდებობა დატოვა. მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიის ოჯახის წევრის მეუღლე კომისიის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტისთვის ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს, ჩნდება ინტერესთა კონფლიქტი.
ნათიას და გიორგის ერთი შვილი ჰყავთ – 26 წლის ლეკო ფრუიძე.
ჰობი
ჟურნალისტიკა არ არის ერთადერთი საქმე, რომელიც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ინტერიერის დიზაინერის ამპლუა ჯერ კიდევ ბავშვობაში შეითავსა და მას შემდეგ არაერთი სახლი მოაწყო საკუთარი გემოვნებით.
"მე არ მიყვარს ერთი სტილი. ყველაზე მეტად არ მიყვარს კლასიკური სახლები ან ძველი ტრადიციული ავეჯით ან, ეგრეთ წოდებული ევრორემონტები – ასეთი ბინები ყველა ერთმანეთს ჰგავს. ძველ სახლებს ყველაფერს ვუნარჩუნებ, რისი შენარჩუნებაც შეიძლება და რაც ავთენტურია, თუმცა მიყვარს ერთმანეთთან სხვადასხვა სტილის შერწყმა. მაგალითად, თანამედროვე ლოფტში ძველი კლასიკური დივანი ან უძველესი ჭაღი, ძალიან მიყვარს არტ ნუვოს – მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის – არქიტექტურაც და დიზაინიც. ან, თუნდაც, ძველ ქართულ აგურთან შერწყმული, ცივი ბეტონის კედელი. ასევე მომწონს ინტერიერში რკინის ელემენტების გამოყენება. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. სახლი კომფორტული უნდა იყოს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და არა ანტიკვარიატის მაღაზია..."