- ერთი წუთით! უცებ შეამჩნიეთ ეს ადამიანი?
- ჰო რა… არა, იმწუთას არა, - ცოტათი დაიბნა, - ჯერ აქ შემოვედი, სადაც ვართ, მისაღებში, მერე დავინახე საძინებლის ღია კარი და ეს ტიპი, ჩაკუზული იყო და…
- ანუ სხვაგან არ გასულხართ? მაგალითად, სამზარეულოში.
- არა, არ დამჭირვებია სამზარეულოში გასვლა, უცებ ეგ დავინახე და იქ რა მინდოდა?
- დათიკო, შეგიძლია კარის სახელურის ანაბეჭდებიც აიღო?
- ეგენი აღებულია, იმ დღესვე.
- სამზარეულოშიც?
- კი, რა თქმა უნდა. მაგიდიდან, სკამიდან, კარადიდან, თეფშებიდანაც კი ავიღე.
- მადლობა. მე მეტი შეკითხვა არ მაქვს, - თქვა ზურიკომ, მარცხენა ხელი მკერდზე მიიდო, მარჯვენა ზედ ჩამოაყრდნო და თითებით ნიკაპი მოისრისა.
- კარგი, დათიკო, შენ შეგიძლია წახვიდე, ჩვენ კი გავაგრძელოთ. გუმბერიძე, შემდეგ რა მოხდა, როცა ფაღავა დაინახეთ?
სანამ დათიკო არ გავიდა, ლაშას მოყოლა არ გაუგრძელებია, დაელოდა, სანამ ექსპერტი კარს გაიხურავდა.
როგორც კი ექსპერტი წავიდა, ლაშამ ისევ გააგრძელა:
- მოკლედ, ეს ტიპი დავინახე, სადმირასთან იყო დახრილი და რაღაცებს ჩალიჩობდა. უცებ სისხლი შევამჩნიე და მივხვდი, რომ გოგოს რაღაც სჭირდა. კინაღამ გავაფრინე. მივვარდი ამას, არ მახსოვს, რას ვყვიროდი, ხელი ვტაცე, რომ სადმირასთვის მომეშორებინა.
- და რა იფიქრეთ იმწუთას, რატომ „გააფრინეთ კინაღამ“? - გააწყვეტინა ზურიკომ.
- იმიტომ, რომ სადმირა მკვდარი იყო უკვე, ამან მოკლა! - ანერვიულებულმა მთელი ხმით იყვირა.
- რის საფუძველზე დაასკვენით, რომ მკვდარი იყო?
ლაშა დაიბნა, მხრები რამდენჯერმე „აჭარულის“ მოცეკვავესავით შეათამაშა, ჯერ ზურიკოს შეაცქერდა, მერე მამუკას და ენის ბორძიკით თქვა:
- ძირს ეგ-გგ-დო, ს-ს-ს-ულ სის-სის-ხლიანი. - სიტყვები დაეფანტა.
- მის სახეს ხედავდით? - გააგრძელა დაკითხვა ზურიკომ.
- სახეს? მმმ… სახეს, მგონი, არა, თავი იქით ჰქონდა მიბრუნებული, - საჩვენებელი თითით აჩვენა „იქით“.
- აბა, რატომ იფიქრეთ, რომ ცოცხალი აღარ იყო? იქნებ დაჭრილი იყო, ან, სულაც, გული წაუვიდა, დაეცა, თავი რამეს ჩამოარტყა და სისხლიც იმიტომ გაჩნდა იატაკზე?
ლაშას ენა ჩაუვარდა, ასეთ შემოტევას არ ელოდა. მკლავები მომჩვარულივით ჩამოეკიდა. ისე აღელდა, წამწამებიც კი აუკანკალდა.
- მე რა ვიცი… მაგდენი არ მიფიქრია.
- თქვენ არ სცადეთ გენახათ, მკვდარი იყო თუ ცოცხალი?
- ა-ა-რაა, არ დამცალდა, - უფრო და უფრო იბნეოდა დაზარალებული საქმრო.
- რატომ? - არ მოეშვა ზურიკო, თან ისეთი თვალებით უყურებდა, მზერით ხვრეტდა.
- ეს მომვარდა და…
- მე მოგვარდი თუ შენ მომახტი, შე ახვარო! ე! - წამოხტა ამ დროს ირაკლი, მაგრამ მამუკამ მაშინვე ხელის აწევით დააშოშმინა და ადგილზე დასვა.
- მაშინ სიმართლე თქვას, რას იტყუება ამსიგრძე კაცი! - გამწარდა ჩემი შვილი.
სიბრაზისგან სახე წამომენთო, მაგრამ ჩარევის უფლებას ვერ მივცემდი ჩემს თავს. ტელეფონი სიმწრით მქონდა ჩაბღუჯული და მთელ პროცესს მობილურის ვიდეოკამერით ვიღებდი.
- აუ, დეტალები მართლა არ მახსოვს, - ტონი შეარბინა გუმბერიძემ და უცებ შარვლის ჯიბეებზე მოისვა ხელები, - შეიძლება მოვწიო?
- არა, მოწევა არ შეიძლება… - მკაცრად მიუგო მამუკამ, - ჯერ არა. რატომ ამბობთ, დეტალები არ მახსოვსო, თქვენი დაკითხვის ოქმში სულ წვრილად გაქვთ აღწერილი ყველაფერი და როდის გადაგავიწყდათ? - ისეთი ცივი ხმით ალაპარაკდა მამუკა, გეგონებოდა, ცივმა ქარმა დაუბერაო, ლაშას კი არა, მეც კი ამაკანკალა.
- მე… მე… მანდ თუ წერია, რაღას მალაპარაკებთ? - წაიდუდღუნა და უცებ, თითქოს დიდი გული მოეცაო, აყვირდა, - რა გგონიათ, ჩემთვის ადვილია იმ ამბის გახსენება? მე ამ არარაობამ საცოლე მომიკლა და რა გინდათ ჩემგან? თქვენ თვითონ არ დარწმუნდით ამაში? მე რა დაკითხვას მიწყობთ? - და ისე დაჰკრა იატაკს ცალი ფეხი, თითქოს ძირს მხოხავი ჭიანჭველა გასრისაო.
- გუმბერიძე, როცა გეკითხებიან, პასუხი უნდა გასცე! აქ კითხვებს ჩვენ ვსვამთ, მე, გამომძიებელი და ეჭვმიტანილის ადვოკატი. თქვენ არავინ არაფერს გაბრალებთ. ჩვენ, უბრალოდ, გვინდა იმ დღის ნიუანსები დეტალურად აღვადგინოთ. ფაქტია, რომ ადამიანი მოკლულია. ჩვენი მოვალეობაა, მკვლელი გამოვააშკარაოთ და ამაში თქვენი ჩვენება უნდა დაგვეხმაროს. ერთადერთი მოწმე ხომ თქვენ ხართ. დამშვიდდით და აუღელვებლად გვიპასუხეთ, თუ შეიძლება, - დარბილებული ხმით მიუბრუნდა მამუკა.
მივხვდი, რატომ მოულბა ტონი გამომძიებელს ასე. იფიქრა, მთლად არ შევაშინო და უარესი ტყუილების გორა არ დააყენოსო, ამიტომ ასეთი მიდგომით გული გაუმაგრა.
ლაშამ ღრმად ამოიოხრა და შუბლზე გადაისვა ხელი, რომელიც ოფლით დაცვაროდა.
- ბოდიში. გასაგებია. მოკლედ, რა ვქნა, მკვდარი მეგონა ჩემი საცოლე და ამას მივვარდი, რატომ მოკალი, რა დაგიშავა-მეთქი. მერე ვიჩხუბეთ. მომერია, წამაქცია და მეც მკლავდა, პოლიცია რომ არ მოსულიყო ამ დროს.
- როგორ გკლავდათ, რას გიშვრებოდათ? - ისევ ზურიკო ჩაერია.
- როგორ და… მახრჩობდა. აი, ასე შემომაჭდო ხელები ყელზე და ვეღარ ვსუნთქავდი.
ირაკლიმ კვლავ რაღაცის თქმა და წამოხტომა დააპირა, მაგრამ მამუკა მაშინვე მაჯაში ეცა.
- ფაღავა, თუ თავის შეკავება არ შეგიძლიათ, ახლავე მიგაბრძანებთ უკან, იზოლატორში! - ყასიდი მუქარით გააფრთხილა.
- ბატონო მამუკა, დაზარალებულ გუმბერიძეს ექსპერტიზა ჩაუტარდა? საქმის მასალებში ხომ არ ინახება ექიმის დასკვნა? - ზურიკო მამუკას მიაჩერდა.
მამუკამ მაშინვე გადაშალა წინ დადებულ საქაღალდეში საქმის მასალები და გადაფურცვლას შეუდგა. კარგა ხანს იქექებოდა, საჩვენებელ თითს ნერწყვით ისველებდა, სანამ საჭირო ფურცელს არ მიაგნო.
- აგერაა ექიმის დასკვნა. მ.მ.მ.მ. მდააა… - თქვა, როგორც კი საბუთს თვალი ჩაავლო, - ყელზე არანაირი ძალადობის კვალი არ აღენიშნება. - გარკვევით წაიკითხა გამომძიებელმა და ალმაცერად გახედა ლაშას, - აკი მახრჩობდაო?
- ეგ თქვენი ექსპერტი იტყუება! - ისევ აყვირდა გუმბერიძე, უცებ კარისკენ გაიწია, თითქოს გავარდნა სურსო, მერე ისევ მობრუნდა და იმ ადგილას გახევდა, სადაც წეღან იდგა, არ იცოდა, რა მოემოქმედებინა.
- დაწყნარდი, ადამიანო, კი არ გკლავთ, რა მოხდა ამისთანა, - ხელები გაშალა მამუკამ, - ვხედავ, რომ რაღაცები გერევა ერთმანეთში და ეგ ჩვენ არ გვაწყობს. ახლა შენ თუ ერთმანეთის საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემ, ასე არაფერი გამოვა. საკუთარ თავსაც აბნევ და ჩვენც გვაბნევ. ეგრე თუ გააგრძელებ, შენი ტყუილი ჩვენებების გამო მომიწევს ამ კაცის გაშვება.
აი, ბოლო წინადადება კი სასტიკად არ მოეწონა გუმბერიძეს, ამიტომ ისევ ამოიხვნეშა და თავი დააქნია, მესმისო.
- გააგრძელე, გისმენთ. ყოჩაღად! - „გაამხნევა“ მამუკამ.
- არ ვიცი, რა. მოკლედ, მე მომეჩვენა, რომ მახრჩობდა, გასაგებია? ზემოდან მაჯდა, ეგ პოლიციამ დააფიქსირა.
- ასე იყო, ფაღავა? - გამომძიებელი ირაკლის მიუბრუნდა. ტელეფონი ჩემი შვილისკენ მივმართე და მსხვილი პლანით გავაგრძელე გადაღება.
- ასე იყო, ბატონო გამომძიებელო, ოღონდ იმიტომ კი არ ვეჯექი ზემოდან, რომ ვახრჩობდი, ზურგზე მყავდა დაგდებული და ხელებს ვუბორკავდი, რომ ისევ არ დამსხმოდა თავს. გინდა თუ არა, შენ მოკალიო. ამ დროს ახლოსაც არ მისულა, რომ ენახა, იქნებ ცოცხალი იყო და შარს ტყუილად მდებდა.
- და პოლიცია ვინ გამოიძახა? - დაინტერესდა ზურიკო.
- მე! - სიამაყით წამოიძახა ლაშამ, - რა, არ უნდა გამომეძახებინა? მაგიტომ მეცა მერე უცებ, პოლიცია რატომ გამოიძახეო, დაჭერის შეეშინდა. თქვენები დროზე რომ არ მოსულიყვნენ, მეც მომკლავდა და გაიქცეოდა.
- კარგი, ამას დავანებოთ თავი, - ზურიკომ ოთახში გაიარ-გამოიარა, - თქვენ იმწუთას მოხვედით თქვენი საცოლის სანახავად? მანამდე არ გინახავთ ან არ დაგირეკავთ მასთან?
- მანამდე როდის, იმ დღეს?
- ჰო, იმ დღეს.
- არა, იმ დღეს არ დამირეკავს და არც მინახავს. ჩემი საქმეები მქონდა.
- რა საქმეები? - ეგრევე „ჩააფრინდა“ ზურიკო მის ნათქვამს.
მამაკაცი კვლავ დაიბნა. ტუჩები ნერვულად გაილოკა, მერე თითებით მოიწმინდა და რაღაცნაირად ჩაიღიმა:
- მე… ისა… წინაღამით ბევრი დავლიე და მთელი დღე ვიწექი, „პახმელია“ მქონდა.
- ოოო, საპატიო „საქმეები“ გქონიათ, - სიცილი ვერ შეიკავა ადვოკატმა, - მარტო იყავით სახლში?
- არა, დედაჩემიც იყო, შეგიძლიათ ჰკითხოთ. წარამარა შემოდიოდა, რამე ხომ არ გინდაო, ცოტა შეჭამეო, მინერალური დალიე და აზრზე მოხვალო…
- და?
- და რა, ჭამით არაფერი მიჭამია, ცოტა ლუდი დავლიე და ეგ იყო. საღამოსკენ გამოვიხედე თვალებში და წამოვედი. სადმირა რამდენიმე დღის უნახავი მყავდა და ვიფიქრე, შევუვლი-მეთქი.
- იცოდით, რომ თქვენი საცოლე თავის ყოფილ შეყვარებულს უნდა შეხვედროდა?
- არა, ამაზე არაფერი უთქვამს, წარმოდგენაც არ მქონდა, - იუარა.
- და არც დაგირეკავთ იმ დღეს მისთვის, არა?
- არა, არა.
გაგრძელება იქნება