"ტყუილია, როცა ამბობენ, ორი სამშობლო მაქვსო. ეს იცოდა ჩემმა მეუღლემ და იმიტომაც ეხვეწებოდა ყველას სიკვდილის წინ, აქ არ დატოვოთ, სამშობლოში წაიყვანეთო"
მისმა გაცნობამ იმ პატარა გოგონას ზღაპარი გამახსენა, სახლიდან გასული ქარმა რომ აიტაცა და სულ სხვა ქვეყანაში წაიყვანა, თუმცა ის არ დაბნეულა - ძლიერი აღმოჩნდა და ახალ ქვეყანაშიც ყველამ შეიყვარა, მას კი სამშობლო არასოდეს დავიწყებია. თითქმის ასეთია ზაირა სამხარაძის ისტორიაც - 22 წლის ასაკში ბედისწერით რუმინეთში აღმოჩენილი ქართველი გოგონა 60 წელი მთელი რუმინეთის საყვარელ მწერლად იქცა, საქართველოსთვის კი - იმ ქართველ ქალად, უცხოობაში სამშობლოს ფასდაუდებელ სამსახურს რომ უწევენ. საბჭოთა სახელმწიფოდან ტურისტული მოგზაურობა მხოლოდ სოციალისტურ ქვეყნებში იყო ნებადართული. ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს 20 წლის საბჭოთა ტურისტი ზაირა სამხარაძე ბულგარეთში გაემგზავრა, სადაც რუმინელი გიდი, ალექსანდრუ კალჩუ გაიცნო. რაღა თქმა უნდა, მოგზაურობის დამთავრებისთანავე დასცილდნენ ერთმანეთს, თუმცა ბედისწერა ასე არ ჭრიდა - ორწლიანი მიწერ-მოწერის შემდეგ ამ ორის სიყვარულმა ყველანაირი საზღვარი გადალახა. თუმცა, აბა, საზღვრებს რომელი სიყვარული ემორჩილება! წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 22 წლის საბჭოთა გოგონა რუმინეთის ეროვნულ გმირს წაჰყოლია - ამ ქვეყნისთვის დაახლოებით იმ მნიშვნელობისას, როგორიც ჩვენთვის ილია ჭავჭავაძეა. მის გვერდით თავადაც ნიჭიერმა დიდ წარმატებას მიაღწია: ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის პირველი მკვლევარი, ქართულ და რუმინულ ენაზე კვლევებისა და ნაწარმოებების ავტორი, რუმინეთის მწერალთა კავშირის წევრი ზაირა სამხარაძე, მეუღლის, ალექსანდრუ კალჩუს (ანდი) გარდაცვალების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა:
- საბჭოთა კავშირში ყველაფერი მეტად რთულად იყო, მათ შორის, ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში დაქორწინებაც. ამ საქმეს სპეციალური მიმართვები სჭირდებოდა. ასე მარტივად ვის დავარწმუნებდი, რომ უცხოელი გიდი, რომელიც მოგზაურობისას გავიცანი, ისე თავდავიწყებით მიყვარდა, რომ უცხოეთში ვთხოვდებოდი.
უპირველესად, ამ ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი ჩემი ოჯახი იყო, აბა, ვის სიამოვნებს შვილის ამ მანძილით მოშორება! არც მთავრობა იძლეოდა მარტივად თანხმობას, თუმცა მაინც ვცადე და ნებართვისათვის მაშინ მაღალი რანგის პირს, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს, გიორგი ძოწენიძეს მივადექი. საოცარი ადამიანი აღმოჩნდა, თვალი შემავლო და გამეხუმრა, ახლა შენ გადასარევი კი არა ხარ, მაგრამ შესაფერისს აქაც იპოვიდი, უცხოეთში რატომ მიდიხარო! აღარ მახსოვს, რა ვუთხარი, მაგრამ, როგორც ჩანს, ისე ველაპარაკე და იმდენად თანამიგრძნო, ბოლოს ფულიც მაჩუქა, გამგზავრების წინ რაიმე იყიდეო და შემდგომშიც მუდამ მეხმარებოდა. ასე რომ, არსებობენ კარგი ადამიანები, რომლებიც, საბედნიეროდ, ბევრი შემხვდა ცხოვრების გზაზე. მათ შორის იყო ჩემი მეუღლეც - კაცი, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მიყვარდა და ვუყვარდი. ამ სიყვარულით ბედმა დამასაჩუქრა. არა მხოლოდ მისით, მისი ოჯახითა და ხალხით - რუმინელები საოცრად ღვთისმოსავები არიან, ჩემი დედამთილი, რომელთანაც ვცხოვრობდი და დედას ვეძახდი, სულ მეუბნებოდა, ვიცოდი, რომ კარგი ადამიანი იქნებოდი, იმიტომ, რომ ყოველ დილით ოთახში დაკიდებულ შენს ფოტოს ფანჯრიდან შემოფრენილი მერცხალი შემოუფრენდა ხოლმე გარშემოო.
და კიდევ, ამ ქვეყანაში მე ანთიმოზ ივერიელის დატოვებული მადლი მიძღოდა წინ, სადაც კი ვიტყოდი, რომ ქართველი ვიყავი, მის გამო მეც პატივს მომაგებდნენ. ხალხი სოფლებიდან საგანგებოდ ჩამოდის ბუქარესტში მის ტაძარში სალოცავად. მესხეთიდან გატაცებული ქართველი ბიჭი, რომელიც იერუსალიმის პატრიარქმა იყიდა, განსწავლულობის წყალობით რუმინეთის მიტროპოლიტად იქცა და ამ ქვეყნის თურქთაგან გათავისუფლებას შეეწირა. ანთიმოზ ივერიელი პირველი ქართველი სასულიერო პირია, რომელიც უცხოეთში შეირაცხა წმინდანად. მე კი, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი, მთელი ცხოვრება ყველას ვუმეორებ სიტყვებს განათლებაზე: "იმ უბედურებათა შორის, რაც ადამიანის სულსა და გულს სასტიკად ანადგურებს და ამახინჯებს, ყველაზე უფრო საშინელია გაუნათლებლობა, უცოდინრობა და აზრის შეზღუდულობა".
ანდიმ, ჩემმა მეუღლემ, პირველად ანთიმოზ ივერიელის ტაძარში წამიყვანა. მახსოვს, როგორ ამიმოძრავდა თავისით ხელი და როგორ შეეხო ანთიმოზის ხელით გაკეთებულ კარზე ვარდების ჩუქურთმებს. მერე დავაკვირდი, ყველა ქართველის ხელი, რომელიც ამ ტაძართან მივა, პირველად სწორედ ამ ჩუქურთმებს ეფერება. აი, ამ დროიდან გავხდი ანთიმოზ ივერიელის ისტორიის მკვლევარი და მისი ანდერძიც ვთარგმნე. ამ ისტორიას დღესაც ბევრი იკვლევს და არა მხოლოდ ქართველები. ჩემი მეუღლეც აღმერთებდა ანთიმოზ ივერიელს და საერთოდაც, მთელ საქართველოს.
- ალბათ, თქვენი სიყვარულის გამოც. ცნობილია, რომ 2 წლის წინ თქვენი მეუღლის დაკრძალვას ვატიკანის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ...