- აჰა… - ზურიკო ღრმად ჩაფიქრდა, მერე თავი ასწია და კიდევ ერთი შეკითხვა დასვა, - წინა დღეს თუ ელაპარაკეთ?
- წინა დღეს კი, საღამო იყო, რომ დავრეკე და ცოტა ხანს ვილაპარაკეთ.
- და სად იყავით იმ დროს, როცა ელაპარაკეთ?
- სად ვიქნებოდი, სახლში ვიყავი, - მხრები აიჩეჩა და გაკვირვებული სახე მიიღო.
- მარტო?
- არა, დედაც იყო და მამაც.
- და რას აკეთებდით?
- არაფერს, რა უნდა მეკეთებინა?
- აკი ვქეიფობდიო?
უეცრად ისევ აირია, მაგრამ მალევე მოახერხა სახის დალაგება და, როგორც ჩანს, ტყუილის მოფიქრებაც:
- ეგ მერე დავლიე. ჯერ მე და მამაჩემმა რამდენიმე ჭიქა, მერე ჩემს ოთახში გავედი და მარტო გავაგრძელე სმა. - სხაპასხუპით ამოთქვა და იმხელა ნერწყვი გადააგორა, ხორხი უშნოდ აუთამაშდა.
- ნუ ნერვიულობ, გუმბერიძე, არაფერი გაქვს სანერვიულო, - ისევ დაუყვავა მამუკამ, ამჯერად უფრო შინაურულად, „შენობით“ მიმართა, - რაც აქამდე თქვი, ყველაფერი სწორია. აი, აგერაა სატელეფონო ჩანაწერები. მართალია, იმ დღეს ერთხელაც არ დაგირეკავს შენს საცოლესთან, წინა საღამოს კი სულ რაღაც სამი წუთი ელაპარაკე. ყველაფერი დაფიქსირებულია.
- აბა, რას ვამბობდი მე! - გული მოეცა ნირწამხდარს.
- დაბრძანდით, ფეხზე რატომ დგახართ? - გონს მოვუხმე და რაც შეიძლებოდა თბილად შევთავაზე, არადა, ერთი სული მქონდა, შუაზე გამეგლიჯა. ვხედავდი, როგორი სისწრაფით ინაცვლებდა ფეხს განერვიულებული. შიშისგან, ალბათ, მუხლები უცახცახებდა.
- მადლობა, ქალბატონო, - თავი დამიკრა, სკამი გამოსწია და კი არ დაჯდა, ზედა დაეხეთქა.
- ლაშა, რა გეცვათ იმ დღეს? - სრულიად მოულოდნელი შეკითხვა დაუსვა ზურიკომ.
ლაშამ უნებურად ტანსაცმელზე დაიხედა.
- რა მეცვა? ააა! ჯინსის შარვალი, ლურჯი სვიტერი და შავი ჟილეტი, დუტის.
- ფეხზე?
- ფეხზე? ფეხზე აი, ახლა რაც მაცვია, ეს, - თქვა და ფეხსაცმლიანი მარჯვენა წინ გამოსწია, რომ დაგვენახა, - კარგად ვხმარობ ამ ბოტასს და უფრო ეს მაცვია ხოლმე.
შავი ბოტასი ეცვა, „პუმას“ ფირმის. გემოვნება, იცოცხლე, ჰქონია.
ზურიკომ თავი დააკანტურა, მერე მამუკას მიუახლოვდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. გამომძიებელმა თავი დაუქნია, კვლავ საქაღალდეში დაიწყო ქექვა და ბოლოს ერთი ფურცელი ამოაძვრინა, რომელიც ზემოდან დაადო სხვებს.
- გუმბერიძე, რომელი საათი იყო, რომ მოხვედი?
- ზუსტად არ ვიცი, საღამო იყო, საათზე არ დამიხედავს.
- საიდან შემოხვედით, სადარბაზოდან? - ახლა ზურიკო ჩაეკითხა.
- კი, აბა, საიდან შემოვიდოდი? ამ კორპუსს სხვა გასასვლელ-შემოსასვლელი არ აქვს.
- მერედა, კამერამ რატომ არ დაგაფიქსირა? - მამუკამ თავი ასწია და დაჟინებით შეაცქერდა თვალებში.
- რომელმა კამერამ? - სახეზე სიფითრემ გადაუარა ლაშას, შეკითხვას, როგორც ჩანს, არ მოელოდა.
- აგერ, წინ, აფთიაქთან რომაა დამონტაჟებული. იქ არ ჩანს, როდის მოხვედი, კორპუსში საიდან შემოხვედი. ციდან რომ არ ჩამოვარდებოდი, ნათელია, ხომ?
ჩიხში მოქცეულმა ტუჩი აიბზუა და მხრებიც აიჩეჩა. დაბნეული მიაშტერდა მამუკას და ხმას არ იღებდა.
- აბა? იტყვი, ბოლოს და ბოლოს, თუ? - არ მოეშვა გამომძიებელი.
- აზრზე არ ვარ, რატომ არ ვჩანვარ. ღმერთი, ხატი, რჯული, სადარბაზოდან შემოვედი.
- პოლიციაში შენი ზარი საღამოს შვიდის ნახევარზე შევიდა. გამოდის, რომ სადღაც ექვსიდან შვიდის ნახევრამდე მოხვედი აქ, ხომ?
- ალბათ, არ ვიცი. ხომ გითხარით, საათისთვის არ დამიხედავს-მეთქი. ისე, საღამო იყო უკვე.
- ალკოჰოლზე ტესტი აღებული აქვს? - ზურიკომ მამუკას მისამართით იკითხა.
- კი, აღებული აქვს.
- მერე? მართლა ნასვამი იყო?
მამუკამ ღიმილით გახედა ლაშას და ორაზროვანი მზერა მიაპყრო.
- მთვრალი კი იყო, მაგრამ არა ალკოჰოლით, - დააზუსტა.
- გუმბერიძე, ოპოიდებზე ხართ დამოკიდებული? ნარკომანი ხართ? - სარკასტული ტონით შეეკითხა ზურიკო.
ლაშამ საცოდავად გახედა ადვოკატს.
- ვიყავი. ახლა პროგრამაში ვზივარ და ვმკურნალობ.
- მეთადონის ჰიდროქლორიდით? თუ ბუპრენორფინის ნალოქსონთან კომბინაციით? - ღიმილი ვერ შეიკავა ზურიკომ.
- მეტ… მეთადონით, - თავი დაღუნა გუმბერიძემ და მაგიდაზე დაწყობილი ერთმანეთში ჩახლართული თითები ლაჯებს შუა მოიქცია, მერე წინ გადმოიხარა და მხრები მაგიდის ზედაპირს მიაბჯინა.
- გამოგდის მერე რამე, ბიჭო, თუ აბოლებ მედპერსონალს? - აროხროხდა მამუკა, - ჰა? ისე „პასტაიანი“ კაიფში ყოფნა ასწორებს, არა?
ლაშამ პასუხი არ გასცა, თავი უფრო დახარა და ცხვირის წვერით მაგიდას შეეხო.
- კარგი, მაგას დავანებოთ თავი. პროგრამაში რომ ხარ შეყვანილი, მაგიტომაც არ აგიყვანეს, თორემ კი ამოყოფდი თავს შენც ჩვენთან, - გააგრძელა მამუკამ, - შენ ის გვითხარი, აქეთ რომ მოდიოდი, რატომ არ დაურეკე შენს შეყვარებულს, რა იცოდი, სახლში რომ დაგხვდებოდა?
ლაშამ მაშინვე ასწია თავი და შეკითხვასაც დაუფიქრებლად უპასუხა:
- რომც არ დამხვედროდა, რა პრობლემა იყო? მე ხომ გასაღები მქონდა, შემოვიდოდი და დაველოდებოდი.
- ღამით თუ რჩებოდით საცოლესთან? - ზურამ კვლავ გაიარ-გამოიარა ოთახში. ამჯერად შეკითხვა ზურგშექცევით მდგარმა დასვა.
- კი, ვრჩებოდი. ხშირად. უბრალოდ, ბოლო სამი თუ ოთხი დღე არ დავრჩენილვარ და არც მინახავს. ვერ მოვახერხე რაღაც მიზეზების გამო.
- გუმბერიძე, გაიგე და შეუშვი ერთხელ და სამუდამოდ მაგ თავში, რომ ახლა შენთვის „რაღაც მიზეზები“ და ეგეთი რამეები არ არსებობს! ყველაფერი ღიად უნდა თქვა. გასაგებია?
- რატომ არ არსებობს? მე ხომ არ მადანაშაულებთ შემთხვევით სადმირას მკვლელობაში? - ყბა აუცახცაცხდა.
- ჩვენ არავის ვადანაშაულებთ, მხოლოდ ვიძიებთ მკვლელობის საქმეს. განსხვავებას ხვდები?
თავი უსიტყვოდ დააქნია და ისევ ჩაღუნა.
- მიდი, ჰე, თქვი, რა მიზეზების გამო არ გინახავს საცოლე მთელი ოთხი დღე.
- ცოტა ვიჩხუბეთ წინა შეხვედრაზე და გაბრაზებული ვიყავი მასზე.
- თუ ის შენზე? - შეუსწორა ჩემმა შვილობილმა.
- ალბათ, ორივე ერთმანეთზე.
- მერე აქამდე რატომ არ თქვი? რატომ დამალე?
- შემეშინდა. ვიფიქრე, მე არ დამაბრალონ მისი მოკვლა-მეთქი, - ძალიან ხმადაბლა ახსნა თავისი დუმილის მიზეზი.
- რაზე იჩხუბეთ? - მამუკამ ისევ დაისველა საჩვენებელი თითი და კვლავ საბუთების გადაფურცვლას შეუდგა.
- აი… ამ იმაზე… - თავი გაიქნია, - წამალზე.
- ა, ჰო… მაგაზე კი იჩხუბებდით, - ირონიულად შენიშნა მამუკამ, - რაო, არ მინდა ნარკომანი ქმარი მყავდესო?
- ჰო რა.
- მერე შენ რა უთხარი?
- ვუთხარი, ვმკურნალობ და ამას დრო უნდა, ასე უცებ გამოჯანმრთელება არ ხდება, ცოტა უნდა მოითმინო და აღარ ვიქნები წამალდამოკიდებული-მეთქი.
- მერე? ამას უმტკიცებდი და არ დაიჯერა, კაცო? სიტყვაზე არ გენდო?
ლაშამ ისევ გაიქნია თავი.
- ბევრი ვეცადე, მაგრამ არ დამიჯერა.
გამომძიებელმა თავი ვერ შეიკავა და ახარხარდა.
- შენ თვითონ თუ გჯერა მაგის, ლაშა, ა? გაიძახი, ვმკურნალობო, პროგრამაში ვზივარო და რა გეტყობა მაგისი? ზიხარ აგერ გამოქლიავებული და გამობენტერებული, თვალებს ძლივს ახელ. ასე მგონია, აგერ-აგერ ჩაგეძინება.
- მაგ წამალმა ასე იცის, რა ჩემი ბრალია, - იმართლა თავი.
- კი, მასე იცის, ენის ქვეშ თუ ამოიდებ და ისე გამოიტან კლინიკიდან.
ლაშამ უცებ ასწია თავი და შეშინებული მიაჩერდა მამუკას.
- რას მიყურებ მოხარშული თევზივით. რა, არ ვიცი ეგეთი რამეები როგორ ხდება თუ რა? მერე მაგ ენის ქვეშიდან გამოღებულს ვიღაცას რომ მიასაღებ, ფულს აიღებ, ისევ წამალს იყიდი და ვენაში შეიშხაპუნებ, შენთვის ახალი ამბავია? რა თქმა უნდა, არა. ჰოდა, შენ წარმოიდგინე, არც ჩემთვისაა ეგ ახალი ამბავი. შენნაირი ბევრი მინახავს და ვიცი, როგორც მკურნალობენ! ჩემი ნება რომ იყოს, კი ვიცი, რასაც გიზამდით შენ და შენნაირებს! - აქ უკვე ხმას აუწია და მუქარაც გაურია თავის ნათქვამს.
- მე მართლა ვმკურნალობ, გეფიცებით.
- ყველაფერი გასაგებია, - ზურიკო უცებ მუახლოვდა მაგიდას, სკამი გამოსწია და დაჯდა, - ეგ ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ ჩვენსას მივხედოთ. დავუბრუნდეთ თქვენი აქ მოსვლის ამბავს. როგორც თავად აღნიშნეთ და ჩვენც დავაფიქსირეთ, ამ კორპუსს უკანა გასასვლელი არა აქვს. უფრო სწორად, აქვს, მაგრამ ჩაკეტილია. სადარბაზოში კოდის აკრეფის გარეშე ვერ შემოხვალ, ხომ მართალია? მართალია. ახალი კორპუსია და ახალი შინაგანაწესებით მუშაობს. ეჭვი არ მეპარება, რომ კოდი გეცოდინებოდათ, რადგან ხშირად ამოდიოდით საცოლესთან და ღამითაც რჩებოდით მასთან. მაგრამ კამერაზე რატომ არ გამოჩნდით? უჩინმაჩინის ქუდი გეხურათ?
- მე რა ვიცი, რატომ არ გამოვჩნდი, მე რა ვიცი! - იყვირა უცებ და ხელები გაფარჩხა, - ჰკითხეთ მაგ კამერის პატრონს და ის გეტყვით. იქნებ არ მუშაობდა ნორმალურად ის კამერა, ჩემი ბრალია? იქნებ გაფუჭდა რაღაც მომენტში ან ფირი გათავდა?
- რა გათავდა? - ამჯერად ზურიკომაც ვერ შეიკავა თავი და გაეცინა, - ციფრულ კამერაზეა საუბარი, გუმბერიძე. რა გინდა მაგით თქვა, რომ კამერა ალაგ-ალაგ იღებდა და მაინცდამაინც შენ დაგიწუნა, ეს რა ჰგავს, ამას არ გადავიღებო?
როგორ აიწურა… ისე დაპატარავდა, გეგონებოდა, ცოტაც და საერთოდ გაქრებაო.
- არ ვიცი, არაფერი არ ვიცი.
- მოიცა ერთი წუთით! - ზურიკელა ისევ წამოხტა და მობილური მოიმარჯვა.
დარეკა. რამდენიმე წამის შემდეგ ოთახში ტიდას ხმა გაისმა.
- რა ხდება მანდ? ახალი არის რამე? - შეეკითხა ზურიკო.
- ისეთი არაფერი, ზურა.
- ჩანაწერები ხომ კარგად დაათვალიერე?
- თვალი არ მომიშორებია, უკვე მესამე წრეზე წავედი. ლაშა არსად არ ჩანს.
- აჰა… სხვა საეჭვო არაფერი შეგინიშნავს?
- საერთოდ არაფერი. სადმირა ორჯერ გამოჩნდა მთელი დღის განმავლობაში. ერთხელ დილით, როცა სამსახურში მიდიოდა და მეორედ საღამოს, როცა უკან დაბრუნდა. ხელში ორი დიდი პარკი უჭირავს, ალბათ, მარკეტში თუ გაიარა პროდუქტების საყიდლად. კამერაზე ის ადგილი არ ფიქსირდება, სადაც მანქანას აყენებს, მაგრამ მერე ჩანს, როცა სადარბაზოს კართან კოდს კრეფს. პარკებს ძირს აწყობს, მიწაზე, მერე ხდება კოდის აკრეფა, მერე კარის გაღება, პარკების ხელში დაჭერა და შესვლა. მორჩა, მას მერე გარეთ არ გამოსულა.
- ოკ. საკმარისია, ტიდა, აღარ გააგრძელო. მივხვდი, რაც ხდება. კარგი, მორჩი მანდ, სახლში წადი და იქ დაგველოდე.
- მე აქედან სამსახურში უნდა შევირბინო.
- შეირბინე, ბატონო, და მერე გამოდი, რა პრობლემაა. ჩვენ ჯერ საქმე გვაქვს აქ, ბოლომდე არ დაგვიმთავრებია.
სანამ ზურიკო ტიდას ელაპარაკებოდა, ისეთი დაძაბული ვიყავი, სუნთქვაც კი შევწყვიტე ლამის. რაღაცას ვხვდებოდი და იმასაც ვგრძნობდი, რომ იმ „რაღაცას“ ზურიკოც ხვდებოდა.
როცა ჩემი შვილობილი ლაპარაკს მორჩა, თვალით ვანიშნე, ფანჯარასთან მისულიყო და მეც იქით გავყევი. მანამდე მობილურის კამერა დავაპაუზე. დიდი ამბავი, ორი წუთი თუ არაფერს გადავიღებდი.
- ზურიკო, შვილო, არაა გამორიცხული, ეს ვაჟბატონი სულაც აქ იყო ბინაში მთელი დღე და იმიტომ არ გამოჩნდა კამერაზე.
- უკვე ვიცი, ნატა. ასიანი ასეა ეგ. როგორც ჩანს, წინა საღამოს მოვიდა, დარჩა და მეორე დღეს არც უფიქრია შინ წასვლა. ის გოგოც დატვირთული დაბრუნდა სამსახურიდან. აშკარად იცოდა, ეგ რომ ბინაში დახვდებოდა და პროდუქტი გამოიყოლა. წინა დღის ჩანაწერები გვჭირდება სასწრაფოდ.
- რა ვქნა, ჩავიდე აფთიაქში?
- არა, არა, შენ ვინ რას მოგცემს. მაგას მამუკა მიხედავს. მაგრამ ერთი რამ მაფიქრებს. ამას არ დაურეკავს იმ დღეს სადმირასთვის და საიდან იცოდა, რომ ის აქ დახვდებოდა? სხვა ტელეფონიც ხომ არ აქვს ამ ლაშას შემთხვევით? ესეც უნდა გავიგოთ როგორმე, - მითხრა ზურიკომ და გამომძიებელს მიუახლოვდა. ისევ რაღაც ჩასჩურჩულა ყურში.
მამუკა იმწუთას ადგა და ზურიკოსთან ერთად სამზარეულოში გავიდა. სასტუმრო ოთახში საშინელმა სიჩუმემ დაისადგურა. მობილურის კამერა საბოლოოდ გამოვრთე და ლაშას მივაჩერდი. ძალაგამოცლილი ჩანდა, ფერი წასვლოდა, გვამს დამსგავსებოდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მკვლელობა მისი ჩადენილი იყო და ამის დადგენა არც ისე რთული იქნებოდა. უბრალოდ, დროის საკითხი იყო, რამდენად მალე მოგროვდებოდა სამხილები და თვითონ როგორ გაუძლებდა ამხელა ზეწოლას.
ამასობაში ზურიკო და მამუკა შემობრუნდნენ.
- კარგი, დღეისთვის დავამთავროთ. გუმბერიძე, ხვალ მოხვალ განყოფილებაში და იმ ტანსაცმელს წამოიღებ, იმ დღეს რაც გეცვა და ამ ფეხსაცმელსაც. გასაგებია?
ამის გაგონებაზე სახე შეეცვალა.
- რატომ, რა საჭიროა? - თვალებს უკვე უაზროდ აცეცებდა.
- ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.
- რისი ექსპერტიზა?
- ეს, უბრალოდ, ფორმალობაა და მეტი არაფერი. რა იყო, ამხელა კაცი რამ შეგაშინა? ხომ არ გაპატიმრებ, შე კაცო!
- მე რატომ უნდა დამაპატიმროთ, არაფერი დამიშავებია და… - ხელები გაასავსავა.
- ჰოდა, მით უმეტეს. კარგი, შეგიძლია წახვიდე, უკვე აღარ ხარ საჭირო. დანარჩენზე ხვალ ვილაპარაკოთ.
ლაშა ადგა, თავი დაგვიკრა ყველას და ოთახიდან ფეხარეული გავიდა.
ლანდს დამსგავსებოდა უკვე…
***
კვანძი უფრო და უფრო იხსნებოდა. ზურიკო ამბობდა, ახლა მთავარი ექსპერტიზის დასკვნააო. ამას მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი. რა პასუხი შეიძლებოდა თითების ანაბეჭდებს მოეცა?
ირაკლის პრობლემასთან დაკავშირებული ემოციები ტალღებივით მასკდებოდა, რომელიც ხან ფსკერამდე ჩამიტანდა და სუნთქვას მიკავებდა, ხანაც მხოლოდ მსუბუქად მწუწავდა.
ზურიკოს იმედი მქონდა. ისე ჩაატარა იმ საზიზღარი ლაშას დაკითხვა, ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი და „სიძე კაცი“ რამდენჯერმე ჩიხში მოაქცია.
როცა სადმირას ბინაში საქმეები მომთავრდა, ჩემი გადაღებული ვიდეო მაშინვე გრძელიძეს გადავუგზავნე ინტერნეტფოსტით. მერე მე, ირაკლი და ზურიკო შინ წამოვედით, მამუკამ კი აფთიაქში შეიარა, რათა ხელმძღვანელობისთვის წინა დღის ვიდეოჩანაწერები გამოეთხოვა. ჩვენ არ დაველოდეთ, რადგან შეგვპირდა, როგორც კი ჩანაწერებს დავათვალიერებ, ეგრევე დაგირეკავთო. ზურიკომ ისიც სთხოვა, სადმირას სატელეფონო ზარები კიდევ ერთხელ გადაემოწმებინა. შემოსული ზარებიდან რომელიმე ისეთ ვინმეს ხომ არ ეკუთვნოდა, ვინც ინკოგნიტოდ რჩებოდა. მისი აზრით, არ იყო გამორიცხული, ლაშა გუმბერიძეს მეორე ტელეფონიც ჰქონოდა, რომლიდანაც საცოლესთან დარეკვას ისე შეძლებდა, მასზე ეჭვი არავის მიეტანა.
გაგრძელება იქნება