ბიჭები მოსვლისთანავე მაგიდას მიუსხდნენ. მოშიებოდათ. მე სუფრა გავშალე, თან დაკითხვის ყოველ ნიუანსს გონებაში ვაანალიზებდი, სადმე რამე მნიშვნელოვანი არ გაგვპარვოდა.
- აუუ, რა გემრიელობები იცი, ნატა! - მგელივით მოჰყვა ყმუილს ჩემი შვილობილი, - ლამისაა თითებიც მივატანო თან, - ლუკმით პირგამოტენილმა ერთმანეთს მიტყუპებული თითები ტუჩებთან მიიტანა, თითქოს უნდა აკოცოსო.
- თითებს არა უშავს, ხორცია მაინც, მაგრამ აი, ფრჩხილებიც თუ თან ჩაგყვა, მერე ხარ ცოდვა, მაგას რა მოინელებს, - გაეხუმრა ირაკლი, რაზეც ორივეს ფხუკუნი აუტყდა.
ისეთ ხასიათზე ვიყავი, მათ ხუმრობაზე ვეღარ მეცინებოდა.
- დე, რა შეფიქრიანებული ხარ, რა მოგდის? - ირაკლის არ გამოჰპარვია ჩემი ჭმუნვა.
- რა ვიცი, შვილო, ვდარდობ მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დღესავით ნათელია.
- ნუ დარდობ, ნატა. ჩათვალე, რომ ამ საქმის მოგება ჯიბეში გვაქვს.
- რომელში, მარცხენაში თუ მარჯვენაში? - ირაკლიმ ღიმილით გახედა მეგობარს.
- გულისჯიბეში, ირაკლუნა, აქ, აი, აქ! - გაშლილი ხელისგული მკერდზე დაიტყაპუნა ზურიკომ.
ამ დროს სწორედ იმ ადგილას, სადაც ხელი ედო, მელოდია ამღერდა. ადვოკატს მობილურით ურეკავდნენ. ისე დაემთხვა ეს მომენტი, მათთან ერთად მეც გამეცინა.
- აბა რა, აბა რააა! ყველაზე დიდი „მომგებიანი საქმე“ გულისჯიბეშია მოთავსებული! - ტელეფონის მისამართით აღნიშნა ირაკლიმ და ღორის ხორცის კარგა მოზრდილი ნაჭერი პირისკენ გააქანა.
ზურიკომ მობილური ამოიღო, მაგიდაზე დადო და ეკრანს თითი გადაუსვა, თან ხმამაღალზე დააყენა, რომ ჭამას არ მოსცდენოდა:
- გისმენ, ირინა!
- სად ხარ?
- საქმეზე. რა იყო?
- ოფისში არ მოდიხარ?
- არა მგონია დღეს დავბრუნდე. რა ხდება რო?
- ვიღაც კაცი იყო მოსული, გკითხულობდა. სასწრაფო საქმე მაქვს და სხვა ადვოკატი არ მინდაო, შენთან უნდა შეხვედრა.
- ამ ეტაპზე ვერანაირ საქმეს ვერ მოვკიდებ ხელს. ახლა ისეთ რამეზე ვმუშაობ, სანამ ამას არ დავამთავრებ, სხვა ნებისმიერი გამორიცხულია, ირინა, ასე გადაეცი.
- აუუ, შენ რა მოუხელთებელი გახდი ბოლო დროს, რა გჭირს? - უსაყვედურა თანაშემწემ.
- ჩემო ძვირფასო თანაშემწევ! გააკეთე, რასაც უფროსი გეუბნება. ბოდიში მოუხადე ჩემ მაგივრად და აუხსენი სიტუაცია. უთხარი, რომ ერთდროულად ორ საქმეზე ვერ ვიმუშავებ.
- თორემ არ გიმუშავია, რა. - უსაყვედურა თანაშემწემ.
- საქმეს გააჩნია. ეს ისეთი ჩახლართული ამბავია, სხვაზე ვერ გადავერთვები. თანაც, ჯერ არ ვიცი, ასეთი საშური რა არის, იქნებ სულაც უარს ვეუბნები? კოტესთან გადაამისამართე. კარგი ბიჭია ეგ.
- ადამიანო, კოტესი კი არა, შენი აყვანა უნდა, რით ვერ გაიგე? - მოთმინება დაკარგა ირინამ.
- მე არ მცალია. მორჩა და გათავდა! მეტჯერ აღარ დამირეკო, კარგი? - ხმა გაიმკაცრა ზურიკომ და მობილური გათიშა.
- ჩემ გამო საქმეებს კარგავ, არა? - ირაკლიმ მორიდებით შეხედა მეგობარს.
- ირაკლუნა, მე ვიცი, რასაც ვაკეთებ. არანაირ საქმეს არ ვკარგავ. არც ვიცი, ვინაა, რა საქმე აქვს. ვისაც ჩემი აყვანა უნდა, ყველას რომ დავეთანხმო, ხომ მეტირა ყოფა და ეგაა. ისედაც ალმაცერად მიყურებენ ოფისში, საქმეებს გვართმევსო. წავიდეს და სხვა ნახოს.
ისეთ ცუდ ხასიათზე დადგნენ ბიჭები, ჭამის გაგრძელების ხალისი დაკარგეს. ვერც ხუმრობები აეწყო.
სასტუმრო ოთახში გადავინაცვლეთ ყავის დასალევად. ამასობაში ტიდაც მოვიდა.
- რა ქენით? - ზურიკოს მიაჩერდა და თავისი ზურგჩანთა ტახტზე შემოდო. მერე გვერდით მიუჯდა შეყვარებულს და თავი მხარზე დაადო, - გამოდის რამე?
- გამოვა, სად წავა, - თავით თავზე გაეხახუნა ზურიკო და ირაკლის თვალი ჩაუკრა, - მეგრელების „გრუპიროვკას“ ვინ დაუდგება წინ! ნახე, რა ბანდა შევიკრიბეთ!
- ჯაზბანდა თან! - კვერი დაუკრა ირაკლიმ.
- არა, რას ვერ ვხვდები, იცი? ისე როგორ შევიდა სადარბაზოში, რომ კამერაზე არ დაფიქსირდა? - ხელები მუხლებზე დაიტყაპუნა ტიდამ.
- იმიტომ, რომ წინა დღესაა მისული. ჩვენ კი წინა დღის ჩანაწერები არ გვინახავს.
- მართლააა? - ტიდა წელში გასწორდა და გაოცებულმა თვალები დააჭყიტა, - ეგ როგორ ვერ ვიფიქრე? ჟურნალისტი მქვია ახლა მე?
- არა, ჟურნალისტი არ გქვია, დილეტანტი გქვია ჯერ, - თვალები მოწკურა ირაკლიმ და ღიმილით გახედა თავის დას.
- სამაგიეროდ, ნატამ ეგრევე მოწვა. - აღნიშნა ზურიკომ.
- მოვწვი რა, მაშინვე მივხვდი, რატომაც არ გამოჩნდა ჩანაწერებში. რა დიდი მიხვედრა მაგას უნდოდა? - მხრები ავიჩეჩე, - ტიდა, არ გშია, შვილო?
- არა, ვჭამე უკვე. შაურმა გამოვიძახეთ სამსახურში და აი, აქ მაქვს, ისეთი ცხიმიანი იყო. ყავას დავლევ მხოლოდ.
- მოგიდუღებ ახლავე, - წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ჩემმა ქალიშვილმა არ დამანება.
- იჯექი, მე თვითონ. ჯერ გამოვიცვალო! - თქვა და თავის ოთახში გავიდა.
- მთავარია ექსპერტიზის პასუხები რას მოგვცემს. ყველაზე დიდ იმედს მაგაზე ვამყარებ, - ისევ გაიმეორა ზურიკომ გზაში ნათქვამი ფრაზა.
- შვილო, რას ელოდები მაგ ექსპერტის დასკვნისგან? ახალი რა უნდა გამოჩნდეს?
- ბევრი რამე, ნატა, ძალიან ბევრი. თითის ანაბეჭდები უტყუარი საბუთია.
- მაგრამ რომელი ჭკუათმყოფელი დატოვებდა თავის ანაბეჭდებს ან მკვლელობის იარაღზე, ან მსხვერპლზე, ან ტანსაცმელზე. არ ვიცი, არ ვიცი… - უიმედოდ გადავაქნიე თავი.
- აი, სწორედ მანდ მარხია ძაღლის თავი. თითის ანაბეჭდები ყველა საჭირო ადგილას უნდა გამოჩნდეს, თუ გულწრფელია და არაფერს მალავს. სადაც არაა საჭირო, იქ არც დაფიქსირდება.
- ვერ გავიგე, რას გულისხმობ, - დაბნეული შევაჩერდი ზურიკოს.
- წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა. ვაითუ შევცდე, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ რასაც ვფიქრობ, ის იქნება ზუსტი. დაველოდოთ, რა!
ამ დროს ისევ ამღერდა მისი მობილური. გამომძიებელი ურეკავდა.
- ჰო, მამუკა, - ზურიკომ კვლავ ხმამაღალზე დააყენა ტელეფონი, რომ მისი ნათქვამი ჩვენც გაგვეგო.
- შენ მართალი აღმოჩნდი, ზურაბ. წინა საღამოსაა მისული სადმირასთან ეგ ტიპი და მას მერე კორპუსიდან არ გამოსულა. ღამე იქ გაუთევია, ამიტომაც არ გამოჩნდა იმ დღის ჩანაწერებში.
- ვახ, შენ გენაცვალე! - ჯიგრიანად წამოიძახა ზურიკომ და თავისი შეძახილის განსამტკიცებლად მუჭიც შემართა, - ვსიო, გასკვანჩულია, ხელში გვყავს უკვე.
- ფაქტია, მაგის მოკლულია. ხვალ მის ტანსაცმელს და ფეხსაცმელსაც გავგზავნი ექსპერტიზაზე.
- უიმეე, ეგ ათასჯერ ექნება უკვე გარეცხილი, რა აზრი აქვს, - უკმაყოფილოდ წარმოთქვა ოთახში შემობრუნებულმა ტიდამ, რომელიც სპორტულებში გამოკვართულიყო.
მამუკამ გაიგონა მისი ნათქვამი.
- მთლად მასეც არაა საქმე, ქალბატონებო და ბატონებო! რაც უნდა რეცხოს, სისხლის ლაქები მაინც რჩება. ასე რომ, რეცხვა და ხეხვა არ უშველის მაგ საქმეს.
- უი, მართლა? - ტიდა გაწითლდა, უვიცობა რომ გამოავლინა და სასწრაფოდ სამზარეულოს მიაშურა ყავის მოსადუღებლად.
- კარგი, მამუკა, დიდი მადლობა ასეთი კარგი ამბისთვის. ახლა ნოდარის პასუხებსაც დაველოდოთ.
- კი, კი, აუცილებლად. მე უკვე ვუთხარი, ცოტა დააჩქარე-მეთქი. ეს საქმე შენ უნდა მოიგო, ჩემო ზურაბ! - მამუკას ხმა მკვეთრად ისმოდა, - ჩემზე არ იფიქრო. ჩემი მოვალეობაა საქმე პროკურორს ჩავაბარო, დანარჩენი შენ იცი და შენმა მარიფათმა. ისე მინდა მოვაწყოთ, რომ მაგ გუმბერიძემ არაფერი იყნოსოს. პირდაპირ სასამართლო პროცესზე ავიყვანთ.
- მოიცა, მამუკა, - ზურას გაოცება გამოესახა სახეზე, - მანამდე არ აპირებ დაკავებას?
- რატომ, რა საჩქაროა? არ ჯობია ერთი კარგი წარმოდგენა გავმართოთ? მაგარი სანახაობა გამოვა. ირაკლი ფაღავას პირდაპირ პროცესის მიმდინარეობისას გაამართლებს ადვოკატი, ნამდვილ დამნაშავეს კი იქვე დააპატიმრებენ. ჰა, რას იტყვი? მთელი დღეა ამაზე ვფიქრობ.
- ეგ შენი იდეა იყო? - სახე გაებადრა ზურიკოს.
- მე და გოგიმ ვილაპარაკეთ და ასე გადავწყვიტეთ. ჩვენ გარდა არავის არაფერი ეცოდინება. შენც ქულებს ჩაიწერ. მერე ნახე, რამდენი ხალხი მოგაწყდეს, რიგი დაგიდგება.
- არ მინდა მამუკა, ჭირიმე, არანაირი რიგი, ოღონდ ყველაფერი დალაგდეს. მე ისიც მაწყობს, საკმარისი სამხილების შემთხვევაში სასამართლო პროცესამდე აიყვანონ გუმბერიძე. რა თავში ვიხლი აღიარებას, პატარა ბიჭი ხომ არ ვარ.
- ახლა არ დამიწყო მოიადები! როგორც ვთქვი, ისე იქნება და მორჩა! დამიჯერე, ეგრე უფრო მაგარი იქნება და არამარტო შენთვის, შენი დაცვის ქვეშ მყოფისთვისაც. მერე ნახე როგორ გააღმერთებენ. ჰა, ირაკლი, ასე არ არის? - ტელეფონში გრძელიძის სიცილი გაისმა.
ჩემს შვილს მთელი ამ ხნის განმავლობაში სიტყვაც არ დაუძრავს. გახევებული იჯდა და გაქვავებული სახით ერთ წერტილს მიშტერებოდა. მხოლოდ კუნთი უხტოდა მარცხენა ყბაზე.
ნერვიულობდა ჩემი ბიჭი…
ტიდამ ყავა შემოიტანა და ზურიკოს ისევ გვერდით მიუჯდა.
- რა მაგარი კაცი ყოფილა ეს მამუკა, - თქვა და ყავას სული შეუბერა, - ჭკვიანი ქალი კი შეიყვარებდა ასეთ კაცს, - ეშმაკური ღიმილით დააყოლა და ზურიკოს ქვემოდან შემპარავად ახედა.
- ჭკვიანი ქალი კი, - ირონია არ დაიშურა ირაკლიმ დის მისამართით და, როგორც იქნა, გაიღიმა. ეგრევე მოეხსნა სახიდან დაძაბულობა და მეც შვება ვიგრძენი.
- და მე რა, არ ვარ ჭკვიანი? - იწყინა ტიდამ, თან შეყვარებულს მხარი გაჰკრა, ვხუმრობ და არ გეწყინოსო.
- შენ არ ხარ ჭკვიანი, შენ დილეტანტი ხარ, - თავდაჯერებულად გაუმეორა ძმამ, - ჩემი თუ არ გჯერა, ზურიას ჰკითხე და გეტყვის.
- ამიტომაც დილეტანტები ადვოკატებს ირჩევენ, - დაადასტურა ზურიკომ და ყველა გაგვაცინა…
გაგრძელება იქნება