დიზაინერი ბელა ბურძენიძე გადაცემის „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ღალატის შესახებ საკუთარ პირად გამოცდილებას გვიზიარებს.
ბელა ბურძენიძე
„26 წლის ასაკში ქმარმა მიღალატა. ის საუკეთესო მამა და მეუღლე იყო. მყავდა საუკეთესო მეგობარი, კურსელი, რომელიც ჩემთან ახლოს იყო. მოკლედ, ქმარიც და დაქალიც, ორივე ჩემზე ზრუნავდა. ერთხელაც ეჭვი შემეპარა და ამან ძალიან შემაწუხა, თუმცა შემდეგ გადავიგდე გულიდან.
ერთხელაც სახლში ვბრუნდები და ორივე მხვდება. მერე გარეთ გაცვივდნენ და დავრჩი მარტო. რა უნდა გავაკეთო ამ დროს, ვიყვირო და გავაგებინო ხალხს?.. პირდაპირი მნიშვნელობით, მოვკვდი და ყველაფერი დაბნელდა. მართლა კარგი ქმარი მყავდა. ოჯახს ერთად ვაშენებდით. ღალატი ძალიან გამიკვირდა. დავჯექი და მუხლები მომეკვეთა. ვერსად ვერ დავრეკავდი, მეგობრებსაც ვერ ვეტყოდი.
დავჯექი და დავიწყე ფიქრი, რა მოხდება მერე. ახლა ის პერიოდია, როდესაც ცხოვრება უნდა აგვეწყო. მე რომ წავსულიყავი, ყველაფერი მას დარჩებოდა, მე კი ორი შვილი მყავს გასაზრდელი. ის რომ ქმარს გამოეგდო, მოვიდოდა და ესაც მიიღებდა. გააჩენდნენ შვილებს და იქნებოდნენ. ამ დროს მე რა ვქნა შვილებით, დამხმარეც არ მყავდა. იმდენად მიყვარდა ჩემი თავი და იმდენად მემსახურებოდა კარგი ქმარი, გადავწყვიტე, მეპატიებინა.
არ მინდოდა კომფორტის ზონიდან გასვლა და ვიფიქრე, რომ ჯერ ამეწყო კარიერა, შემდეგ კი გავშორებოდი. მითხრა, რომ ვუყვარდი და ამ თემას ტაბუ დავადეთ. ორივენი იმაზე კარგები გავხდით, ვიდრე ვიყავით. ყველაფერი ისევ მახსოვს, პროტესტიც მაქვს, თუმცა ჩვენი ოჯახი ბევრად კარგი გახდა. დღეში რამდენჯერმე "მიყვარხარს" ვეუბნებოდით ერთმანეთს. სიმსივნით გარდაიცვალა“, – საუბრობს დიზაინერი.