მეორე დილით ირაკლი სახლში დავტოვე და უთენია გავემართე განყოფილებაში. სახლში ვეღარ ვჩერდებოდი. მინდოდა, ყველაფრის საქმის კურსში ვყოფილიყავი და ერთი წვრილმანიც კი არ გამომრჩენოდა.
ჯერ არავინ არ დამხვდა მოსული, მხოლოდ მორიგე პოლიციელები ირეოდნენ დერეფანში. როგორც იქნა, ცოტა ხანში გრძელიძეც გამოჩნდა. დინჯად მომესალმა, რათა სხვებს თვალში არ მოხვედროდა ჩვენი „კეთილი ნაცნობობა“ და მთხოვა, ცოტა ხანს გარეთ დამელოდეთ, მალე დაგიძახებთო.
ის იყო, თავის კაბინეტში შეიმალა, რომ დერეფანში ლამის სირბილით მომავალი ორი კაცი შევნიშნე. ახლოს რომ მოვიდნენ, აკაკი და მისი შვილი შევიცანი - უფროსი და უმცროსი გუმბერიძეები. ლაშას მამას სიბრაზისგან ფერი არ ედო სახეზე. მე არც შევუმჩნევივარ, ისე შევარდა გრძელიძის კაბინეტში. ლამის შეგლიჯა კარი.
წამიც არ გასულა, რომ მამაკაცის ყვირილმა დერეფანი გააყრუა. უფროსი გუმბერიძე გამომძიებელს შავ დღეში აგდებდა.
იმავე წუთში რამდენიმე პოლიციელი მამუკას კაბინეტთან გაჩნდა, სასწრაფოდ შიგნით შევიდნენ და ცოტა ხანში ხელებგაკავებული აკაკი გამოიყვანეს.
- ამას ასე არ დავტოვებ! თქვენ ჩემი შვილი დაბალი ღობე ხომ არ გგონიათ! - გრგვინავდა ბიზნესმენი.
ამ დროს მოპირდაპირე მხარეს კარი გაიღო და ის კაცი გამოვიდა, ვინც პირველ დღეს პოლიციის უფროსად მოვიაზრე. მან თითით ანიშნა აკაკის გამკავებელ თანამშრომლებს, ჩემთან შეიყვანეთო. როცა აკაკი ოთახის სიღრმეში გაუჩინარდა, უფროსმა დერეფანში გაიხედ-გამოიხედა და ისევ კაბინეტში შებრუნდა.
ოh, როგორ მინდოდა გამეგო, რა ხდებოდა შიგნით, რაზე ილაპარაკებდნენ იქ მყოფნი, მაგრამ მათთან ვინ შემიშვებდა? ნეტავ როგორი კაცია ამათი უფროსი? შემთხვევით, ხომ არ მეგობრობს აკაკისთან? ამის გაფიქრებამ თავზარი დამცა. ძლივს ადგილიდან დაძრულ საქმეს საშიშროება ხომ არ ემუქრებოდა?
გული ამოვარდნაზე მქონდა. ამ დროს გრძელიძის ოთახის კარი გაიღო და მამუკა გამოჩნდა. ხელში მომცრო ჩანთა ეჭირა, უკან კი ლაშა მოსდევდა.
- ტყუილად ჩხუბობს მამაშენი, კაცო! ფორმალობაა ეს ყველაფერი, ხომ აგიხსენი გუშინ? ამ ტანსაცმელზე რომ არანაირი კვალი არ იქნება, შენც ხომ კარგად იცი, არა? უბრალოდ, ეს კიდევ უფრო განამტკიცებს შენ უდანაშაულობას, ფაღავას კი ბრალს დაუმძიმებს. ამიტომ გითხარი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მოიტანე-მეთქი. რა იყო აქ ქვეყნის დასაქცევი, ვაა! - ამ სიტყვებით მამუკა დარეფანს დაუყვა. უმცროსი გუმბერიძის ტანსაცმელ-ფეხსაცმელი ექსპერტიზისთვის მიჰქონდა.
ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. წამოვხტი და წინ და უკან დავიწყე დერეფანში სიარული.
გრძელიძე მალევე მობრუნდა. მომიახლოვდა და ხმადაბლა, თან ჩქარ-ჩქარა მითხრა:
- ქალბატონო, ზურაბი მჭირდება სასწრაფოდ. ვურეკავ და მობილური გათიშული აქვს. იქნებ მიაკითხოთ ოფისში და უთხრათ, ჩემთან გამოვიდეს?
- ცუდადაა საქმე? - პირგამშრალმა ძლივს ვკითხე.
- არა, არა, უბრალოდ, რაღაცები უნდა გავიაროთ ერთად.
- შემეძლება მეც დავესწრო თქვენს საუბარს?
- მაპატიეთ, მაგრამ ამას აქ ვერ ვიზამ. არ მინდა ვინმემ რამე იფიქროს. მერე ზურაბი მოგიყვებათ ყველაფერს. ბოდიში, რა.
- არა, შვილო, რა გაქვთ საბოდიშო. პირიქით, მე უნდა მაპატიოთ, რომ ასე თვალში გეჩხირებით. რა ვქნა, დედა ვარ და ყველაზე მეტად მე მტკივა ჩემი შვილის სატკივარი.
- მესმის, ქალბატონო. არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება. მინდა ისე დავალაგო ეს საქმე, რომ სასამართლო პროცესამდე ამათ არაფერი იყნოსონ. ერთი თუ შეეპარათ რამეში ეჭვი, შეიძლება ისე გადამალონ ეს ვაჟბატონი, მერე საძებარი გაგვიხდეს. ხომ გესმით?
- გასაგებია, გენაცვალე. კარგი, ახლავე გავიქცევი და გადავცემ ზურიკოს თქვენს დანაბარებს, - დავფაცურდი და გულდამძიმებულმა დავტოვე პოლიციის განყოფილება.
***
საადვოკატო ფირმა, სადაც ზურიკო მუშაობდა, ჩემთვის უცხო სულაც არ იყო. ფირმის უფროსი, იზოლდა მარდალეიშვილი, ჩემი დიდი ხნის ნაცნობი გახლდათ. შეიძლება ითქვას, ვმეგობრობდით კიდევაც. მისი დახმარებით ბევრი რეპორტაჟი გამიკეთებია. რამდენჯერმე სახლშიც მიმიპატიჟა, რესტორანშიც გვიქეიფია ერთად. ვიცოდი, ჩემი ნახვა გაუხარდებოდა, თუკი სამსახურში დამხვდებოდა.
შევედი თუ არა კაბინეტებად გადატიხრულ დარბაზში, რამდენიმე წყვილი თვალი ერთდროულად მომაჩერდა. მერე ერთი დაბალი, ჯმუხი მამაკაცი წამოხტა და ჩემკენ გამოემართა. მივხვდი, კლიენტი ვეგონე და ჩემი „დათრევა“ განიზრახა. საქმიანი იერით მომიახლოვდა და დაყენებული ტონით მომმართა:
- გისმენთ, ქალბატონო!
- ზურიკოს ვეძებ, შვილო! - რაც შეიძლებოდა მზრუნველი და თბილი ხმით წარმოვთქვი.
ზურიკოს ხსენებაზე უცებ შეეცვალა სახე.
- ა, ზურაბი ჯერ არ მოსულა, იცით? მე შემიძლია დაგეხმაროთ, თუ რამეა.
ისე გავუღიმე, როგორც პატარა ბავშვს, თავისი ცელქობის გამართლებას რომ ცდილობს.
- სამწუხაროდ, თქვენ ვერ დამეხმარებით. ხომ არ იცით სად იქნება?
უცებ ვერაგულად ჩაიცინა, ჩემკენ გადმოიხარა და ძალიან ხმადაბლა მითხრა:
- ალბათ, თავის ქალებთან. ყველას რატომ გგონიათ, რომ ის საუკეთესო ადვოკატია? კაცი რომ აფერისტობით საქმეს მოიგებს, ესაა პროფესიონალიზმი?
იმდენად გავოცდი, რომ ავირიე. ამით რისი თქმა უნდოდა?
- ვერ გავიგე… უკაცრავად, თქვენი სახელი?
- კოტე მქვია, ქალბატონო, კოტე დავითულიანი.
- სასიამოვნოა, ბატონო კოტე. თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ბატონი ზურაბი აფერისტია?
- აბა, როგორ იგებს პროცესებს, რა გგონიათ? ყველა თავის მოწმეს სიყვარულს უხსნის, ცოლობას ჰპირდება, ლოგინში შეიტყუებს და ეს საწყალი ქალებიც იმას ამბობენ, რაც მას სჭირდება. სულ ესაა მისი ცოდნა, სხვა კი არაფერი. მაგარი გაქნილი ვინმეა. - მამცნო დავითულიანმა.
კრიჭა შემეკრა. მერედა, ვისზე ამბობდნენ ამას! არც მეტი, არც ნაკლები… ჩემი ქალიშვილის შეყვარებულზე! ჩემს მომავალ სიძეზე!
ნუთუ მართალია, რასაც მეუბნება? იქნებ ამ ბიჭს ზურიკოს ბოღმა ახრჩობს და ამ ყველაფერს მის დასაკნინებლად იგონებს?
ხან წამომახურებდა, ხან შემამცივნებდა. იქნებ მეტი დავტყუო-მეთქი და კარგ მოკავშირესავით ავყევი:
- ალბათ, უკრაინაში სხვა მეთოდებით მუშაობენ, არა? ეგ ხომ იქიდანაა ჩამოსული, - მეც დავიდაბლე ხმა და ისეთი გასაიდუმლოებული გამომეტყველება ავიკარი სახეზე, ჯეიმს ბონდს შეშურდებოდა.
- როგორც ყველა მეგრელი, ეგეც მაგარი აფერისტია, - გამოიტანა განაჩენი და ბეჭედიც ზედ დაუსვა, თავი დამაჯერებლად დააქნია.
- რას ამბობთ, კოტე! მეც მეგრელი ვარ! - „შევიცხადე“ და აი, მანდ დაერხა.
უცებ გადაასხვაფერა ნათქვამი:
- ლტოლვილი მეგრელები სულ სხვა ადამიანები არიან, ქალბატონო. თან ადვოკატები? მტრისას! ოღონდ ფული გააკეთონ და რაზე არ წავლენ!
- თქვენ? თქვენ ასეთი არ ხართ, რა თქმა უნდა, - ძალიან კეთილად გავუღიმე.
- ღმერთმა დამიფაროს! ცამეტი წელია ადვოკატი ვარ და ჩემი უკმაყოფილო ჯერ კლიენტი არ ყოფილა.
- ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, კოტე! - მხარზე მოვუთათუნე მარჯვენა, - იზო აქაა, თუ იცი? - უცებ ძალიან შინაურულად მივმართე, - მე იზოს მეგობარი ვარ.
ამის გაგონებაზე ნირი წაუხდა. როგორც ჩანს, იფიქრა, უფროსთან ჩამიშვებსო.
- მგონი, აქ უნდა იყოს. მეგონა, თქვენ პირად საქმეზე იყავით მოსული.
- კი, პირად საქმეზე ვარ. მე ირაკლი ფაღავას დედა ვარ, ჟურნალისტი ნატა მეუნარგია.
ამ ცნობამ საბოლოოდ მოცელა. აწრიალდა, მაგრამ რა აწრიალდა. თავს ვიკავებდი, არ გამცინებოდა, მაგრამ ვერაფრით ვერ შევძელი. ისევ მოვუთათუნე მხარზე ხელი და ჩურჩულით ვუთხარი:
- ნუ გეშინია, ჩამშვები არ ვარ. სამარედ მიგულე. რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, ჩვენ შორის მოკვდება. გპირდები.
ის იყო, იზოლდას კაბინეტისკენ გავტრიალდი, რომ კარი გაიღო და ზურიკო შემოვიდა. თვალები დასიებოდა, უძინარს ჰგავდა.
- ნატა! - შესძახა ჩემი დანახვისთანავე, - აქ რა გინდა?
ხელკავი გამოვდე და განზე გავიყვანე:
- გრძელიძე გიბარებს, სასწრაფოდ მოვიდესო. რატომ გქონდა ტელეფონი გამორთული? თვალები რა დღეში გაქვს? რა ხდება, ზურიკო, შენს თავს? - ერთ კითხვას მეორეს ვუნაცვლებდი.
- არაფერი, რა უნდა ხდებოდეს. წუხელ მთელი ღამე ვიმუშავე. ყველაფერი ჩამოვწერე. სავარაუდო სცენარი, როგორ მოხდა ყველაფერი. დეტალურად აღვწერე სიტუაცია. ამიტომ თენდებოდა, რომ დავწექი და გაღვიძება გამიჭირდა. ტელეფონიც დამჯდარა და დატენვა ვერ მოვასწარი. მამუკა სად ნახე?
- განყოფილებაში ვიყავი. დილიდან იქ ვარ.
- რამე მოხდა და მე არ ვიცი?
- არა, არა, ისეთი არაფერი. გულმა არ მომითმინა, სახლში ვერ გავჩერდი და ვიფიქრე, იქ დაგხვედროდი. გუმბერიძეები მოვიდნენ მერე, მამაც და შვილიც. ააწიოკეს მამუკა. ისე ყვიროდა ლაშას მამა, მთელ განყოფილებას ესმოდა.
- ეგ არაა კარგი ამბავი. არ მინდა ეჭვი გაუჩნდეთ, რომ მკვლელობაში მაგის შვილს ვადანაშაულებთ.
- ჰოდა, მაგიტომ გიბარებს მამუკაც. ლაშა კი დაამშვიდა, მაგრამ მამამისს არ ვიცი, რა ეშველება. მერე უფროსმა შეიყვანა თავის კაბინეტში.
- გეწაძემ?
- არ ვიცი, რა გვარია. მაღალი, ხმელ-ხმელი კაცი რომაა, ჭაღარა.
- ჰო, ეგაა. კარგი წამოვალ ახლავე, ოღონდ ჯერ იზოლდას დავენახვები.
- წამო, მეც ვაპირებდი შესვლას. საუკუნეა არ მინახავს.
ორივემ მარდალეიშვილის კაბინეტისკენ ავიღეთ გეზი. იზოლდას ნახვა კი მიხაროდა, მაგრამ ის, რაც ზურიკოზე გავიგე ცოტა ხნის წინ, გულს მიკლავდა. მინდოდა მასზე აგორებული ჭორი სიმართლე არ გამომდგარიყო. თუ მართლა ჰქონდა აფერისტობისკენ მიდრეკილება, ტიდას ასეთი ქმრის ხელში კარგი დღე არ დაადგებოდა. რა მიქვია, მოწმეებს საწოლში იტყუებსო! ასეთი საქციელი კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩემთვის, მაგრამ როგორ გამერკვია, სად იწყებოდა სიმართლე და სად მთავრდებოდა ტყუილი? ზურიკოს ხომ არ ვკითხავდი, რასაც შენზე ამბობენ, მართალია თუ სიცრუე-მეთქი?
ისევ იზო თუ დამეხმარებოდა ამის გარკვევაში, ოღონდ ცალკე უნდა მომეხელთებინა.
ეგ არ იყო პრობლემა. აი, ზურიკო წავიდოდა პოლიციაში და მე და იზო მარტონი დავრჩებოდით. სულერთია, განყოფილებაში მაინც ვერ გავბრუნდებოდი. გრძელიძემ გამაფრთხილა კიდევაც, მე და ზურაბი დღეს უშენოდ გავართმევთ საქმეს თავსო.
ასე რომ, სიმართლეს იზოსთან გავარკვევდი. ის არაფერს დამიმალავდა.
ზურიკომ იზო ნაწილობრივ ჩააყენა საქმის კურსში. მოუყვა, რაც მოხდა წინა დღეებში, მაგრამ კარტები უფროსს ბოლომდე მაინც არ გაუშალა. მივხვდი, ჩემი შვილობილი სამსახურში დიდად არავის ენდობოდა, თავის უფროსსაც კი, რომელიც პირველი დღიდან სწყალობდა.
როცა ზურიკო წავიდა, მე და იზო მარტონი დავრჩით.
- როგორ მესმის შენი, ნატა, წარმომიდგენია რა დღეში ხარ. თუმცა სანერვიულო მართლა არაფერი გაქვს, ისეთი კაცის ხელშია შენი შვილის საქმე.
- ვიცი, იზო, ჩემზე უკეთ ვინ იცის ეგ, ლამის ჩემს ხელშია ზურიკო გაზრდილი.
- რას ლაპარაკობ! მართლა? საიდან იცნობ? ნათესავია?
- არა, არა. ბავშვობიდან ვიცნობ. დევნილია, სოხუმიდან. უფრო სწორად, მისი მშობლები იყვნენ იქიდან. ზურიკო თბილისში დაიბადა. რომ წამოიზარდა, პრობლემები შეექმნა. მამამისი დაიჭირეს, დედა გზას აცდა და დარჩა ბავშვი უპატრონოდ. ამ დროს შემთხვევით მე გავიცანი და ჩემთან წამოვიყვანე სახლში. კარგა ხანს ვპატრონობდი, სკოლაშიც კი მივიყვანე. მერე მამასისი გამოვიდა ციხიდან და უკრაინაში გაემგზავრნენ.
- რას მეუბნები! ყველაფერს წარმოვიდგენდი და ამას ვერა! აბა, რა გადარდებს? ასე თუა, ორმაგი პასუხისმგებლობით მოეკიდება საქმეს. შესაშურად მოწესრიგებული ბიჭია.
- რამდენად გულწრფელია, იზო? ოღონდ არ დამიმალო. ისეთ რამეებს ამბობენ მასზე, რომ ცოტა მეშინია, მის შეფასებაში არ შევცდე.
- რას ამბობენ, ნუ გადამრიე! - შეიცხადა იზოლდამ.
- რას და, საქმის მოსაგებად თავის მოწმეებს ცოლობას ჰპირდება და სასურველ ჩვენებას აწერინებსო.
- უიმეეე! მაგას ჩემები გეტყოდნენ, დარწმუნებული ვარ! ხომ მართალია? გაფიცებ ირაკლის, თუ არ მითხრა, ვისგან გაიგე! - ღიმილით ჩემკენ გადმოიხარა იზოლდა და ნიკაპი მუშტად შეკრულ ხელზე ჩამოდო.
- რა მნიშვნელობა აქვს, ასე მითხრეს და… - არ მინდოდა მეთქვა კოტესთან გამართული საუბრის შესახებ.
- ის მნიშვნელობა აქვს, ჩემო კარგო, რომ ჩემი ადვოკატები შურით სკდებიან, ზურაბი საქმეს საქმეზე რომ იგებს. ამიტომ უგონებენ გაუგონარ რაღაცებს. აბა, როგორ წარმოგიდგენია, ვიღაცამ ტყუილი ილაპარაკოს იმის გამო, რომ ადვოკატი ცოლობას შეჰპირდა? ორი თავი ვისა აქვს? წამითაც არ დაიჯერო ეგ! ჩმახავენ რაღაცას! არ იციან ზურიკოს სახელს ჩირქი როგორ მოსცხონ. ამ ბიჭს ტვინი სხვანაირად აქვს მომართული. ალღო აქვს სასწაული. ისე უდგება საქმეს, ისე ზედმიწევნით შეისწავლის ხოლმე სიტუაციას, ვერცერთი სხვა რომ ვერ მიხვდება. ძალიან შორს წავა, რომ იცოდე! უდიდეს პატივს ვცემ და ვერ ავიტან, მასზე ვინმემ ცუდი ილაპარაკოს! ნუ უსმენ შენ ნურავის, მე მომისმინე აგერ. ჩემზე უკეთეს სიმართლეს არავინ გეტყვის.
იზოლდას ახსნა-განმარტების შემდეგ ცოტა გულზე მომეშვა. მასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებდა, არ მომატყუებდა. ახლა უკვე ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, როგორ უნდა შემპარვოდა ამისთანა კრისტალივით ადამიანში ეჭვი? როგორ შეიძლებოდა ზურიკო აფერისტი ყოფილიყო? ხომ ვხედავდი, როგორ უყვარდა ჩემი ოჯახი, - მეც, ტიდაც, ირაკლიც… ამ საქმის გამო რამდენი კლიენტი გაისტუმრა უარით.
კარგა ხანს ვიჭორავეთ მე და იზოლდამ. მასთან შეხვედრამ ხასიათი გამომიკეთა. ცოტათი შევმსუბუქდი კიდევაც. მერე დავემშვიდობე და სახლში წავედი. იქ ირაკლი მარტო მეგულებოდა. მისი მარტო დატოვება კი სულაც არ იყო მიზანშეწონილი. მარტო კი არა, ყველა ერთად რომ ვიყავით, მაშინაც კი უშტერდებოდა თვალები და სადღაც გადავარდებოდა ფიქრებით. მე ახლა მუდმივად მის გვერდში უნდა ვყოფილიყავი.
როგორი სასტიკი გამოცდა მომიწყო ცხოვრებამ. ისედაც, მთელი ჩემი სიცოცხლე გულივერი ვიყავი - ხან ყველაზე დიდი და ძლიერი მეგონა ჩემი თავი, ხან პატარა და უსუსური. ახლა პატარა გულივერად ვგრძნობდი თავს, რომელსაც გოლიათებში გარევა უწევდა, მაგრამ როგორმე მოხერხებულად უნდა დამეძვრინა თავი ამ გოლიათებისგან, ან თავად უნდა გავმხდარიყავი გოლიათი.
გაგრძელება იქნება
- დედას არ ვუტირებ, რო? - კაი ძველი ბიჭივით ხმამაღლა შევძახე კორპუსში შემავალმა და ლიფტი გამოვიძახე…