ასე მეგონა, დრო გაიწელა. ორი დღე ორ კვირად მეჩვენებოდა, ორი კვირა _ ორ თვედ.
ორ დღეში მზად იყო ექსპერტიზის დასკვნა. ზურიკომ პასუხის მიღებისთანავე დაგვირეკა და მითხრა, ყველაფერი კარგადაა, საღამოს ამოვალ და დეტალურად მოგიყვებითო.
ერთი სული მქონდა, როდის მოსაღამოვდებოდა და გამოჩნდებოდა. რაღაცნაირად ვიყავი. ერთ მომენტში მჯეროდა, რომ ირაკლის გაამართლებდნენ, მეორე მომენტში კი სასოწარკვეთას ვეძლეოდი. თვალებიდან არ ამომდიოდა იმ დღის სცენა, გეწაძემ თავის კაბინეტში რომ შეიყვანა ლაშას მამა. ტვინს მიბურღავდა იმაზე ფიქრი, ვაითუ ახლობლები ყოფილიყვნენ და ჩვენი ყველა ძალისხმევა წყალში გადაგვყროდა.
ჩემმა ორივე „მე“-მ ერთმანეთში სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გააჩაღა. ამიჯანყდა მთელი სხეული, თითქოს შუაზე ვიხლიჩებოდი. იმედი და უიმედობა „აიწონა-დაიწონას“ პრინციპით ექიშპებოდნენ ერთმანეთს. ხან ერთი ერეოდა, ხან მეორე, თითქოს ხელის გადაწევაში გაუმართავთ შეჯიბრიო.
ირაკლი ჩემთან შედარებით მშვიდად იყო. ჭამითაც მშვენივრად ჭამა, ცოტა წაუძინა კიდეც. სწორედ მაგ დროს ვიხელთე, როცა ეძინა. ხატების წინ სანთელი ავანთე და ჩემი შვილის მომავალი შევავედრე. რატომღაც, ამ დღეებმა რწმენა გამიძლიერა. ასე არასდროს მომსურვებია ღმერთთან განმარტოება და ქადაგად დავარდნა. არადა, თავგადაკლული მორწმუნე არასდროს ვყოფილვარ. ეკლესიაში სანთლის ასანთებად თუ შევალ ხოლმე. ორიოდე ლოცვა ვიცი ზეპირად, ესაა და ეს. ახლა კი ჩემს თავს ვერ ვცნობდი. სინანულმა დამრია ხელი, რატომ უფრო ახლოს არ ვიყავი ღმერთთან მანამდე, როცა გამიჭირდა, მაშინ რომ გამახსენდა-მეთქი.
მაგრამ რას ვიზამთ, ადამიანები ვართ და ჩვენი ბუნება ასე უცნაურადაა მოწყობილი…
***
როგორც იქნა, მოსაღამოვდა. ზურიკო რომ მოვიდა, მე და ირაკლი აივნის მოაჯირს ვიყავით გადაყუდებული და პლატოს გავცქეროდით. არ ვსაუბრობდით, უბრალოდ, საკუთარ ფიქრებთან დარჩენილები გარემოს თვალიერებით თვალს წყალს ვალევინებდით.
_ აუჰ, იმდენი კარგი ახალი ამბავი მაქვს, არც ვიცი, საიდან დავიწყო, _ კარის ზღურბლზევე წამოიძახა ზურიკომ და შემოსვლისთანავე თავისი დოკუმენტებიანი ტყავის ჩანთა მაგიდაზე ისე მოისროლა, თითქოს კამათელს აგორებსო.
_ ცუდით დაიწყე, _ ურჩია ირაკლიმ.
_ ცუდით? ვახ, სადაა მერე ეს ცუდი? არ არის, ფა-ფუ! _ ხელისგულებით „ფა-ფუ“ გვაჩვენა და ორივე თავის ბავშვურ ღიმილში გაგვხვია.
_ ამევსო მოთმინების ფიალა, ბიჭო, დაიწყე შენც სულ თავიდან და ჩადი ბოლოში, _ ვეღარ ვითმენდი, ისე მაინტერესებდა, რა სასიკეთო ამბები მოგვიტანა.
_ ჰოდა, დაცალე შენც მაგ შენი მოთმინების ფიალა და თავიდან დაიწყე ავსება, _ ეშმაკური მზერა მესროლა და მაგიდას მიუჯდა.
_ მიდი, ხელები დაიბანე და შეჭამე რამე, მშიერი იქნები.
_ არ ვარ მშიერი, მაგრამ რომც ვიყო, ისეთი ამბები მაქვს, ვერ გადარჩებით, ამიტომ როგორც თქვენ, ისე მეც ლუკმა არ გადამივა ყელში. მალე ტიდაც მოვა და ნამცხვრებს მოიტანს. შემპირდა. აი, ყავასთან კი დავაგემოვნებდი სიამოვნებით. ახლა კი დაბრძანდით აგერ და ყურადღებით მომისმინეთ.
წინ დავუჯექი და სახეში მივაჩერდი, თითქოს ასე უკეთ გავიგონებდი, რას იტყოდა. ირაკლი ცოტა მოშორებით დაჯდა, თითები მაგიდაზე დააწყო, მზის სხივებივით გაფარჩხა და იმას დააჩერდა, თითქოს სულაც არ აინტერესებდა, მისი ადვოკატი რას იტყოდა.
როგორ მესმოდა მისი. გული მეწურებოდა, ასეთ დღეში რომ ვხედავდი.
_ ასე და ამგვარად, მოვიდა ექსპერტიზის პასუხები. აქედან დავიწყებ, კარგი?
_ გისმენთ, გისმენთ, ნუ ამოგვხადე სული. სულერთია, საიდანაც გინდა იქიდან დაიწყე, ადამიანო! _ მოუთმენლად მივაძახე.
_ ვიწყებ: ის ვაზაა თუ ლარნაკი, მკვლელობის იარაღი აღმოჩნდა. ეგ ისედაც ნათელი იყო და ამაზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ, მაგრამ… _ აქ შეჩერდა და ორივე დაკვირვებით შეგვათვალიერა, _ მაგრამ მასზე ლაშა გუმბერიძის თითის ანაბეჭდები არ დაფიქსირდა.
_ ეგ როგორ? _ ირაკლიმ თავი ასწია და ზურიკოს შეხედა.
_ კი მაგრამ, რატომ? _ გავიკვირვე.
_ ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. სწორედ ამ პასუხის მიღებას ველოდი ნოდარისგან. არ დაფიქსირდა იმიტომ, რომ შეცდომა დაუშვა და გაწმინდა, რომ ეჭვი მასზე არ მიეტანათ.
_ უი, რა მითხარი! _ ლოყაზე ვიტკიცე ხელი.
_ ეგ რა არის. უარესი „საქმენი გასაკვირალნი“ წინ გელოდებათ. არც ბინის კარის სახელურზე აღმოჩნდა მისი თითის ანაბეჭდები. რატომ? იმიტომ, რომ კვალი იქაც გააქრო. და რატომ? იმიტომ, რომ თავი არ გაეცა.
_ ესე იგი, გამოდის, რომ დანაშაულის დაფარვა უნდოდა თითის ანაბეჭდების გაქრობით, მაგრამ უარესი გამოუვიდა?
_ აბა რააა, აბა რააა! ამბობს, კარის სახელური ჩამოვწიე და გავაღეო. ხომ თქვა? ეს ვიდეოზეც ხომ ჩანს? ჩანს. მერე თქვა, მაგ ვაზაში მე თვითონ ჩავდე ყვავილები ორი თუ სამი დღის წინო. ეგრე არ იყო? იყო. მერედა, სად გაქრა ის ანაბეჭდები? ეს კი არა, უფრო სასწაულს გეტყვით. იმ ლარნაკზე მხოლოდ ირაკლის თითის ანაბეჭდებია დარჩენილი და მეტი არავის. სადმირასიც კი წაშალა გაუაზრებლად. აი, რამხელა შეცდომა აქვს დაშვებული. კარის სახელურზე, იმ დღეს სულაც რომ არ შეხებოდა, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ადრინდელი კვალი მაინც შერჩენილი. მაგრამ აღარაა. კარგი, დავუშვათ, სახელურს არ მოჰკიდა ხელი, მიაწვა და ისე გააღო. ეს მაინც ხომ უნდა დაფიქსირებულიყო? არც ეს ჩანს არსად. ანუ, გამოდის, რომ შეფრინდა. არადა, შიგნით, ბინაში, სამზარეულო გინდა, აივანი, ტუალეტი, სააბაზანო… ყველგან დატოვებული აქვს ანაბეჭდები. ანუ რა გამოდის? ის კვალი წაშალა, რომელიც მის დანაშაულზე მიუთითებდა.
სიხარულისგან ცრემლები მომაწვა.
_ ერთი სიტყვით, გუმბერიძე ყველანაირად შეეცადა, მკვლელობა ირაკლის დაჰბრალებოდა. ახლა, ალბათ, მკითხავთ დედა-შვილი, რა იცოდა, ირაკლი რომ მოვიდოდაო? იცოდა, ბატონო, ყველაფერი იცოდა. ისიც კი იცოდა, რომელ საათზე მოვიდოდა. ამას მე მხოლოდ ვვარაუდობ, მაგრამ დარწმუნებით ვიცი, რომ ასეა. შეიძლება სულაც ამაზე იჩხუბეს ან სხვა რამეზე, ამას ახლა დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. მთავარია, რომ იცოდა. მოკლედ, სცენარი ასე განვითარდა: ლაშა წინა საღამოს ესტუმრა თავის საცოლეს. იმ ღამეს იქ დარჩა და მეორე დღეს ცხვირი არ გაუყვია გარეთ. როგორც ჩანს, ნაწილობრივ მაინც შერიგდნენ, რახან იმ გოგომ ღამით დარჩენის ნება დართო. მეორე საღამოს, როცა სადმირა შინ მობრუნდა, დატვირთული პარკები მოჰქონდა თან. ეს ვიდეოთვალმაც დააფიქსირა. ჩემი ვარაუდით, ის ირაკლის ელოდებოდა და გადაწყვიტა რაღაც მოემზადებინა და გაშლილი სუფრით დახვედროდა თავის ყოფილს. აქ უკვე ორი ვარიანტია განსახილველი: ან არ ელოდა, თუ ლაშა ისევ ბინაში დახვდებოდა, ან იცოდა, რომ იქ იქნებოდა და მოსვლისთანავე უთხრა, რომ ირაკლი უნდა ამოსულიყო და გასაღები მოეტანა. ვფიქრობ, ამაზე წაკამათდნენ. ძნელი გამოსაცნობია, რეალურად რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ გუმბერიძეს რაღაც ძალიან არ მოეწონა და ის საყვავილე პირდაპირ სადმირას თავზე დაუშვა. შეიძლება მისი მოკვლა არც უნდოდა, მაგრამ გაცეცხლებულმა დარტყმის სიმძლავრე ვერ მოზომა და გოგო სასიკვდილოდ გაიმეტა. ეს უკვე მისი ადვოკატის პრეროგატივაა. თუ ჭკვიან ადვოკატს დაიქირავებს, _ ზურიკომ პაუზა გააკეთა, _ ჩემსავით ჭკვიანს, _ საჩვენებელი თითი გულზე მიიდო და თვალები სასაცილოდ აატრიალა, ვითომ ჩემს თავს დავცინიო, _ შეუძლია განზრახ მკვლელობას კვალიფიკაცია შეუცვალოს და „შემოაკვდას“ პრინციპს მიაწვეს. _ თქვა ზურიკომ და გაჩუმდა.
_ სულ ესაა? _ ირაკლისაც გაუწყდა მოთმინების ძაფი.
_ არა, ბატონო, უფრო მეტია და მაცალეთ, თუ შეიძლება. ამოსუნთქვის უფლება არ მაქვს?
_ გაქვს, გაქვს, და ხომ ამოისუნთქე უკვე, ჰოდა, გააგრძელე! _ ისე ვიყავი დაძაბული, ვერ ვითმენდი, სანამ ბოლომდე არ იტყოდა სათქმელს.
_ ვაგრძელებ: მისი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ექპერტიზამ აჩვენა, რომ ერთიც და მეორეც სისხლის ლაქებითაა სავსე. სულ დაწინწკლულია ორივე. კი გაურეცხავს დედამისს გულდასმით, მაგრამ სისხლი ისეთი ოხერი „ვინმეა“, ასე ადვილად არ ქრება, სულ რომ ქლორით რეცხო. ახლა გეკითხებით: თუ ახლოს არ მიჰკარებია გარდაცვლილს და ირაკლუნასთან ჭიდაობით იყო გართული, საიდან გაჩნდა ეს ლაქები მის სამოსზე ან ფეხსაცმელზე? თან შხეფები, რაც ადასტურებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს შეესხა სისხლი დამნაშავეს. აი, ასე: ბრახ! დაამხო თავზე საყვავილე, იმას თავი გაუსკდა, სისხლმა იფეთქა და ერთიანად მოსვარა ჩვენი „უდანაშაულო“ გმირი. _ ზურიკომ „უდანაშაულოს“ ბრჭყალები ორივე ხელის მოკაკვული საჩვენებელი და შუათითით გამოხატა. _ როცა დარწმუნდა, რომ საცოლე მოკლა, მაშინვე კვალის დაფარვას შეეცადა. ყველაფერი გაწმინდა, რასაც ხელი შეახო _ ლარნაკიც, კარის სახელურიც და თვითონ კარიც. მერე გარეთ გავიდა, კარი ოდნავ შეღებული დატოვა, ერთი სართულით მაღლა აინაცვლა და ირაკლის მოსვლას დაელოდა. მერე კი, როგორც ქორი წიწილას, თავს დააცხრა და ყვირილს მოჰყვა, სადმირა შენ მოკალიო. თან პოლიციაც გამოიძახა. ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, ძალიან, ძალიან. ყველა სიკეთესთან ერთად, ისიც ვერ გათვალა, რომ კორპუსის წინ აფთიაქს შეიძლებოდა ვიდეოკამერა ჰქონოდა გარეთა პერიმეტრზე. ამაზე წამითაც არ უფიქრია, თორემ რამე სხვას მოიფიქრებდა. იმ კამერამ ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი, თორემ სიმართლის დადგენა უფრო გაგვიჭირდებოდა. მაინც კი გავიდოდით ბოლოში, მაგრამ ცოტა გაგვიჭიანურდებოდა. ახლა კი ვეღარაფერი ვერ დაგვაბრკოლებს.
სწორედ ამ დროს ტიდამაც შემოაღო კარი, ხელში ნამცხვრების ყუთი ეჭირა.
_ აბა, როგორაა დღევანდელი დღის გმირი? _ ჩემმა გოგომ ყველას ჩამოგვიარა, გვაკოცა და ყუთი მხოლოდ ამის შემდეგ დადო მაგიდაზე.
_ ტკბილით ხელში უფრო დატკბილული კოცნა გამოგივიდა თუ როგორაა შენი საქმე? _ გაიცინა ირაკლიმ.
_ შუ მომიტანე, ბუბი? _ ხმით მიეალერსა ზურიკო.
_ არა, უშუ. _ დაეჯღანა ტიდა.
_ უშუ რატომ, უნდა მომწამლო?
_ ჰო, ინსტრუქციაში ასე წერია. _ თქვა ჩემმა შვილმა ყუთს თავი ახადა.
ლამის ერთნაირმა ცხრა შუმ, შაქრის პუდრი რომ ჰქონდა თავზე დაფრქვეული, ყველას მადა გაგვიღვიძა. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე მხოლოდ იმწამს მივხვდი, მთელი დღის უჭმელს როგორ მომშივებოდა და ეს ნამცხვარი, სულ რომ მარტოს შემეჭამა, ვერ დამანაყრებდა.
_ მე ყავა მინდა! _ მასწავლებლის შეკითხვაზე პასუხის გამცემ მოსწავლესავით ასწია ხელი ზურიკომ.
_ მეც, _ სოლიდარობა გაუცხადა ტიდამ შეყვარებულს.
_ მე ჩაის დავლევ. „უშუ“ ჩაის უხდება, _ განმარტა ირაკლიმ.
_ მე კიდევ ჯერ საჭმელი მშია და მერე ეგ თქვენი „უშუ“, _ დავაგვირგვინე ბოლოს და ეგრევე ავდექი, რათა ვახშმის სამზადისი დამეჭირა.
გაგრძელება იქნება