_ ნეტავ ახლა რა ხასიათზე დადგება მამამისი, იმ დღეს ქვეყანა რომ დააქცია? _ ჩემთვის ჩავილაპარაკე, როცა ყველანი ვახშმობას შევუდექით.
_ რატომღაც, მგონია, რომ ლაშას მშობლებმა ყველაფერი იციან. _ ეჭვი გამოთქვა ტიდამ.
_ არა გამორიცხული, თუმცა მეეჭვება. თქვენ არ გინახავთ, როგორი სახე ჰქონდა იმ დღეს მაგ აკაკის. ერთი კვირის მიცვალებულს ჰგავდა. ასე ადამიანი ვერ ითამაშებს. _ თავი გავაქნიე.
_ მეც ეგრე ვფიქრობ, _ დამეთანხმა ზურიკო, _ ეგ ლაშა ისეთი კვაჭია, არავის არაფერს ეტყოდა. თავის ჭკუაში, ათიანზე მოაგვარა საქმე. სინამდვილეში კი თავისი თავი ბოლომდე გააშიშვლა. ეტყობა, მაგარი შტერია, ამდენი რამე რომ ვერ მოტვინა.
_ ნარკომანმა მაგდენიც რომ მოიფიქრა, არ გიკვირს? თანაც როგორ სიტუაციაში. მოკლული საცოლე წინ ეგდო და იმაზე ფიქრობდა, მკვლელობა ჩემთვის როგორ შეეტენა. _ თქვა ირაკლიმ.
_ ჰოდა, ეგაა, რა. იმ სიჩქარეში, თანაც შეშინებულმა, უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა. ამასობაში შეცდომა შეცდომაზე დაუშვა, რამაც ჩვენს წისქვილზე დაასხა წყალი.
_ ერთი ამას უყურეთ! წმინდა ქართულით რომ ლაპარაკობს! იმ უკრაინაში ეგ ქართული გამოთქმები სად ისწავლე, ძმა? _ აბუბუნდა ჩემი შვილი.
_ სად ვისწავლე და აქ, ირაკლუნა, აქ. დედაშენმა რომ მიმიყვანა, იმ სკოლაში, კიდევ ერთი ვიღაც რომ სწავლობდა ჩემთან ერთად, ერთი კლასით წინ! გვარს არ დავასახელებ! _ ნიშნის მოგებით მიუგო ზურიკომ.
_ ფაღავაზე ამბობ მაგას? „მე“-ზე? _ ირაკლიმ ღიმილით გაფშეკილი საჩვენებელი თითი გულზე მიიკაკუნა.
_ გეყოფათ! ჯობია საქმეზე ვილაპარაკოთ! _ ორივეს გაჩერება ვცადე.
_ მეტი რაღა უნდა ვილაპარაკოთ, როცა ყველაფერი ნათელია? _ ზურიკომ მეორე შუ პირისკენ გააქანა.
_ ცოტა არ იყოს, მეშინია. საკმარისი იქნება ეს სამხილები? რომ არ აღიაროს იმ სასიკვდილემ?
_ სად წავა? აღიარებს! _ თავდაჯერებული ტონით წარმოთქვა ზურიკომ.
_ არ აღიარებს და მისი აჯობებს! მაშინ მართლა მომიწევს კაცის მოკვლა და სამართლიანად მაინც ჩავჯდები! _ დაიქადნა ჩემმა ბიჭმა და თვალები ისე დააბრიალა, გული გადამიცივდა.
_ დამიწყნარდი, მეგობარო, შენ! არავის მოკვლა არ მოგიწევს. აქ მე რისთვის ვარ, თუ იცი? ყველაფერი დალაგებული მაქვს. ისე მივიმწყვდევ კუთხეში, თავისი პირით ვათქმევინებ, რომ მოკლა. აგერ ნახავ!
_ ის გეწაძე ძალიან მაფიქრებს, ბავშვებო! არ იცით, როგორ შეაყვანინა იმ დღეს ლაშას მამა პოლიციელებს თავის კაბინეტში. თითქოს მალულად. მერე ისე გაიხედ-გამოიხედა დერეფანში, გეგონებოდა, ამოწმებს, ვინ დაგვინახაო. _ შევფიქრიანდი.
_ ტყუილად ნერვიულობ, ნატა. გეწაძე მაგარი წესიერი კაცია, მაგ მხრივ არანაირი საშიშროება არ გველის. ეგრე იმიტომ მოიქცა, რომ განყოფილების რეპუტაცია არ შელახულიყო. როგორია, ვიღაც რომ მოგივარდება და ლანძღვით აგიკლებს? ვიღაცას ხომ უნდა დაეშოშმინებინა? ასეთ დაძაბულ ვითარებაში კი სიტუაციის განმუხტვას უფროსზე უკეთ ვინ შეძლებს? ვერავინ. პოლიციამ იცის თავისი საქმე. იმ აკაკის ბოლოს სულ ბოდიშები უხდია მამუკასთვის, შემეშინდა, ჩემს შვილს არ აჰკიდონ იმ გოგოს მკვლელობაო. საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე და ბოდიში „მამიხდიაო“.
_ საწყალი კაცი. მეცოდება მაგნაირი შვილის ხელში. რა ეშველება აწი, ოხრად რომ დარჩება მთელი თავისი ქონება?
_ აი, დარდი! ჩვენ, მთავარია, ჩვენი სიმართლე ვიპოვოთ და ის რას იზამს, მისი საქმეა. არ უნდა გაეზარდა ასე მიშვებულად და ყველაფერი კარგად იქნებოდა. მამა რომ შვილს ნარკომანობას არ დაუშლის… არ ვიცი რა, _ ტიდამ თავი გადააქნია.
_ დაშლით როგორ არ დაუშლიდა, მაგრამ ვინ მოუსმენდა? რომელი ერთი შვილი იღებს რჩევებს მშობლისგან? _ შეეპასუხა ზურიკო.
_ რჩევაზე უკეთესი ის იქნებოდა, უაზროდ არ მიეცა ფული და მაგით არ გაეფუჭებინა შვილი, _ გამოვთქვი ჩემი აზრი.
_ ჰოდა, რომ აღარ აძლევდა, იმიტომ მიუჩოჩდა სადმირას. მაგას ართმევდა ალბათ ფულს. ერთი ამბავი იყო მაგაზე, მამამისი ერთ თეთრსაც არ აძლევს ლაშას და ამის გამო მთელი თავისი სამეგობროს ვალები აიკიდაო. _ ტიდამ ყავის სმა დაამთავრა და თავისი ფინჯანი ამოატრიალა, თითქოს სამკითხაოდ ამზადებსო.
_ ეგ კი შეიძლება მათი ჩხუბის მიზეზიც გამხდარიყო. არც ეგ ვარიანტია გამოსარიცხი, _ დაასკვნა ზურიკომ და წამოდგა, _ მორჩა, წავედი ახლა. ამაღამ კარგად უნდა გამოვიძინო, თორემ ხვალ დილითაც გამიჭირდება ადგომა. ორი დღეა სამსახურში ვაგვიანებ. იმ დღეს ნატა რომ არა, იზოლდა აუცილებლად მისაყვედურებდა დაგვიანებისთვის.
_ დაგვიანება ერთია, მაგრამ შენი თანამშრომლები რომ არ გიყურებენ კარგი თვალით, ეგ კიდევ მეორე. _ გულმა არ მომითმინა, არ მეთქვა, რაც მისმა კოლეგამ მასზე ილაპარაკა.
_ ეგ დიდი ხანია ვიცი. შეჩვეული ვარ უკვე.
_ მაგრამ რას ჭორაობენ შენზე, ის თუ იცი?
_ ალბათ, ათასგვარ საზიზღრობას. რაში მაინტერესებს, _ ხელი ჩაიქნია ზურიკელამ.
_ გამაგიჟებ მე შენ! რას ჰქვია, არ გაინტერესებს! იქნებ კაცის კვლას გაბრალებენ?
ზურიკოს ხითხითი აუტყდა. ამწუთას ძალიან ჰგავდა ბავშვობაში მოხითხითე ზურიკელას.
_ რაო, დე, რას ამბობენ, თქვი, რა, მეც დამაინტერესა რაღაც, _ მთხოვა ირაკლიმ.
_ რაო და… _ თავდაპირველად შევყოყმანდი, მაგრამ ბოლოს მაინც მოვყევი, რაზეც კოტე დავითულიანი „მეჭორავა“.
ზურიკოს ამის გაგონებაზე სახე გადაუთეთრდა, ტიდამ კი ისეთი გამანადგურებელი მზერით შეხედა…
უცებ ოთახში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. თურმე მხოლოდ მზერა არ არსებობს გამანადგურებელი, ხანდახან დუმილიც გამანადგურებელი ყოფილა. ასე მეგონა, ზურიკო ნაწილაკებად დაიშალა და უეცრად აორთქლდა. საშინლად განიცადა თავის თავზე მოსმენილი ჭორი. ისევ დაჯდა და გაირინდა.
_ კარგი, რა ცხვირი ჩამოუშვი. არ იცი როგორი ადამიანების გარემოცვაში მუშაობ თუ რა? _ სიტუაციის განმუხტვა ვცადე, _ პირველად გესმის ეგეთი რამეები?
_ ნატა, ვინ გითხრა მითხარი, რა, ძალიან გთხოვ. _ სახესთან ერთად ხმაც გაშრობოდა.
_ კარგი, რა ზურიკელა, ნუ გამოეკიდები ახლა ამ ამბავს, თორემ ჩემზეც ააგორებენ ჭორებს, _ სიცილით დავაყოლე.
_ ზურია, ბიჭო, რაში გაინტერესებს, ვინ თქვა, რატომ თქვა, როდის თქვა. ერთი მაგათი დედაც!.. ძალიან კარგად იცი, შური როგორი შურიანი რამეცაა. იოტისოდენა სიკარგეს არ გაპატიებს. განა მაგაზე არ დავწერეთ იმ დღეს მე და შენ ლექსი? როგორ იყო? მზვერავს შავი შურიო თუ… რაღაც, ბოღმით, შარიშურითო, შენ არ დაამატე? _ ამ სიტყვებით ირაკლი წამოდგა, ზურიკოს მიუახლოვდა და მხრებზე დააწყო ხელები, _ დაიკიდე, ძმაო! ჩვენ ვერავინ მოგვერევა, მეგრელების „გრუპიროვკას“.
_ ჯაზბანდას, თან! _ როგორც იქნა, ზურიკელამაც გაიღიმა და დაძაბული ატმოსფეროც მსწრაფლ გაქრა.
ყველამ გავიცინეთ, თუმცა არცერთს არ გვეცინებოდა.
_ კარგი, წავედი, _ ამოიხვნეშა ბოლოს ზურიკომ.
_ აიტ! სად წახვედი! ამაღამ ფეხს არ გაადგამ აქედან! _ ირაკლი თავის ხელებს, ზურიკოს მხრებზე რომ ჰქონდა დაწყობილი, მთელი ძალით დააწვა და ბიჭს ადგომის უფლება არ მისცა, _ ამაღამ ჩემთან უნდა დარჩე, მეგობარო!
მისი მისამართით სიტყვა „მეგობარო“ პირველად ახსენა ირაკლიმ და ამით აგრძნობინა, რაოდენ ახლობელი იყო ზურიკო მისთვის.
გული ამიჩუყდა, ლამის ვიტირე.
იმ ღამეს ზურიკო ჩვენთან დარჩა და კიდევ დიდხანს შემოვრჩით შუსგან პირწმინდად დაცარიელებულ სუფრას…
***
ახალმა ამბებმა თითქოს ჩემი გულიდან მძიმე ლოდი გადააგორა და თავისუფლად სუნთქვის საშუალება მომცა. საქმეს კარგი პირი უჩანდა. ირაკლისაც გამოუკეთდა ხასიათი. კლინიკაშიც კი გავიდა, დავხედავ ერთი, უჩემოდ საქმეს თავს როგორ ართმევენო. თითქმის ყოველდღე მიდიოდა, იქიდან კი კმაყოფილი ბრუნდებოდა, სახე უღიმოდა.
აბა, რომელ დედას არ გაუხარდება, როცა შვილის მშვიდ და მოღიმარ სახეს უყურებს? ჩემი უძილო ღამეებიც დამთავრდა. ისე აღარ ვნერვიულობდი. ისე კი არა, სულ აღარ ვნერვიულობდი. დარწმუნებული ვიყავი, ირაკლის გაამართლებდნენ და ლაშა გუმბერიძე თავისი დანაშაულისთვის პასუხს აგებდა. ახლა მხოლოდ პროკურორისთვის საქმის გადაცემას და მერე სასამართლო პროცესის დანიშვნას უნდა დავლოდებოდით.
ზურიკო ლამის ჩვენთან გადმოსახლდა. ხან ირაკლი არ უშვებდა, ხან ტიდა ანიშნებდა თვალით, დარჩიო, ხან მე გამოვიდებდი თავს. როცა ის ჩვენთან რჩებოდა, რატომღაც, უფრო დაცულად მეგულებოდა ჩემი ოჯახი, ასე მეგონა, ბეტმენი მყავდა ბინაში ჩასახლებული, ნებისმიერი გაჭირვების ჟამს რომ შეეძლო ქსელების ნებისმიერ ადგილას გაბმა და ჩვენს საშველად გადაფრენ-გადმოფრენა.
განსაკუთრებით ტიდა იყო ამ დროს გახარებული. თავისი გულის სწორი გვერდით ეგულებოდა. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა ყოფილიყო შეყვარებული გოგოსთვის? ზურიკო, მართალია, უფრო თავშეკავებულად იქცეოდა და სიხარულს არ იმჩნევდა, მაგრამ ტიდას უჭირდა დამალვა. კი არ უჭირდა, არ მიაჩნდა საჭიროდ, რადგან საკუთარ სახლში იყო და მისი ოჯახის წევრებმა მათი სიყვარულის შესახებ ყველაფერი იცოდნენ. იცოდნენ და არ უწუნებდნენ არჩევანს.
ისეთი ღამეებიც ყოფილა, მე და ირაკლი ჩვენ-ჩვენს ოთახებში გავსულვართ დასაძინებლად, ტიდა და ზურიკო კი მარტო დაგვიტოვებია, რათა ერთმანეთის სიახლოვით გული ეჯერათ. ვიცოდი, ჩემი გოგო ყველაზე თამამ ნაბიჯს არ გადადგამდა, ყოველ შემთხვევაში საკუთარ ბინაში, სადაც დედა და ძმა იქვე, ორ ნაბიჯში ეგულებოდა, მაგრამ მაინც ვფხიზლობდი, სანამ თავიანთ ოთახებში განაწილდებოდნენ. განა რამე დაშავდებოდა იმით, თუ „იცელქებდნენ“, სულაც არ ვიყავი ძველმოდური და დროს ჩამორჩენილი, მაგრამ რადგან ჩემი ქალიშვილი იყო და ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი, მინდოდა ისე ჩაჰბარებოდა თავის მომავალ ქმარს, როგორც ქართველ ქალს ეკადრებოდა. ახლა, ამ დროში კი არა, ჩემს ახალგაზრდობაშიც კი ცინიკურად უყურებდნენ ქალიშვილობის ინსტიტუტს ღრმაგანათლებამიღებულები. რაღა შორს წავიდე, მე თვითონ სამი თვის ორსული ვიყავი, როცა დაჩის ცოლად გავყევი, თუმცა ჩემი მეუღლის სანათესაოს მხრიდან ამაზე არასდროს არავის გაუმახვილებია ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ გათხოვებიდან ექვს თვეში გავაჩინე შვილი. მათგან ყოველთვის უდიდეს მოწიწებასა და განსაკუთრებულ მოპყრობას ვგრძნობდი მას შემდეგაც, როცა მე და ცოტნე ერთმანეთს დავშორდით.
და მაინც, მინდოდა ჩემი ქალიშვილი გათხოვებამდე ქალიშვილად დარჩენილიყო. არ ვიცი, რა იყო ეს, რამ აღმიძრა ასეთი სურვილი, ამას ახსნას ვვერ ვუძებნიდი, მაგრამ მინდოდა, თუმცა წამითაც არ დამიშვია, რომ ისინი ერთმანეთს ვერ შეეგუებოდნენ და საქმე დაქორწინებამდე არ მივიდოდა. ალბათ, დედური ალღო მკარნახობდა, რომ ასე იქნებოდა.
გაგრძელება იქნება