მართალია, ყველაფერი თავის ადგილას დადგა და შიში არაფრის არ უნდა მქონოდა, მაინც მიჭირდა ბოლომდე დამშვიდება. სანამ სასამართლო პროცესი არ ჩამთავრდებოდა, ჩემს ფარულ შინაგან ფორიაქს ვერაფერს მოვუხერხებდი. ხანდახან ადგილს ვერ ვპოულობდი, ისე მინდოდა, ყველაფერი დროზე გარკვეულიყო.
პარასკევი იყო, შუადღე. ყველანი შინ ვიყავით და ზურიკოს ველოდებოდით. დღეს უნდა მოლაპარაკებოდა გოგის და მამუკას, საქმე როდის გადაეცათ პროკურორისთვის, რათა სასამართლო პროცესი ჩანიშნულიყო.
ზურიკო, რატომღაც, აგვიანებდა. ვინ იცის, რამდენჯერ დაურეკა ტიდამ, ის კი არ პასუხობდა. ლამის სული ამომხდა, სანამ მის ხმამაღალ „ალოს“ გავიგონებდი.
_ ნახევარ საათში მანდ ვარ, ბუბი, _ ესღა უთხრა ჩემს ქალიშვილს და იმწამსვე გათიშა.
სამივემ ერთმანეთს გადავხედეთ. ყველას ერთნაირად გაკვირვებული გაგვიხდა გამომეტყველება. მივხვდით, რაღაც რიგზე ვერ იყო, თორემ ბიჭი ასეთი მოკლე პასუხით არ შემოიფარგლებოდა.
დრო ისე ნელა მიიზლაზნებოდა, წამები საათებად იქცა.
როგორც იქნა, მოვიდა. სახე არეული ჰქონდა. გულზე თითქოს მარწუხები მომიჭირეს.
_ ცუდადაა საქმე, ხომ? _ კარის გაღებისთანავე შევეკითხე.
_ არა, რატომ… _ ორჭოფულად მომიგო და მზერა ამარიდა.
არც ტიდა განძრეულა ადგილიდან და არც ირაკლი, ორივე დივანზე იჯდა, ერთმანეთის გვერდით. ტიდა ზურიკოს შესცქეროდა, ირაკლი _ არავის, თავი ჩაეღუნა და ვინ იცის, იქნებ თვალებიც დახუჭული ჰქონდა.
_ რა მგლოვიარე სახეები გაქვთ, რა იყო? _ ნაძალადევი ღიმილით გადმოგვხედა ზურიკომ.
_ აბა, რა იყო, ტელეფონი რომ გამითიშე და გულები დაგვიხეთქე სუყველას? _ პირველად ვნახე, ტიდას ასე უხეშად მიემართა მისთვის.
_ ისეთ დროს დამირეკე, ლაპარაკი არ შემეძლო.
_ ჰოდა, მოგვიყევი, ერთი, რა იყო ამისთანა ეს „ისეთი დრო“, _ მკვახედ წამოიძახა ტიდამ და ძმას თავი მხარზე ჩამოადო.
_ არაფერი, ხალხნო, რა გჭირთ! უბრალოდ, შეიძლება სასამართლო პროცესამდე არ მივიდეს საქმე და ისე დამთავრდეს ეგ ამბავი.
_ ეგ როგორ? _ გავოცდი.
_ რატომ? _ ტიდაც დაინტერესდა.
ირაკლიმ ახლაღა ასწია თავი.
_ რას ნიშნავს ეს? _ თითქოს ხმა დაღლოდა ჩემს შვილს.
_ რა და, მოსამართლისა და პროკურორის გვერდის ავლით სამხილებს პროცესზე ვერ გავიტანთ. არ გამოვა. კი არის რაღაცები, რაც მე შემიძლია ჩემს თავზე ავიღო და განვაცხადო, რომ მე მოვიძიე ესა თუ ის დეტალი, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნას რა ვუყოთ? ნოდარმა ეს რომ დამალოს, სამსახურიდან მოხსნიან.
_ და რას აპირებენ?
_ ხვალ შაბათია, ზეგ კვირა. ორშაბათს ჩააყენებენ საქმის კურსში მოსამართლეს და მერე გასცემენ დაპატიმრების ორდერს და დაიჭერენ გუმბერიძეს. დანარჩენი ტექნიკის საქმეა, _ გაიხუმრა ზურიკომ.
ამოვისუნთქე. შვება ვიგრძენი, რახან ასე წარიმართა საქმე. სანახაობას რა თავში ვიხლიდი.
_ აუ, რა ცუდია, რომ შენ არ გამოჩნდები. ეგ პროცესი დაგხატავდა, _ აბუზღუნდა ტიდა.
_ რა თავში ვიხლი გამოჩენას? ჩემთვის მთავარი ირაკლუნას გამართლებაა, სხვა არაფერი მაინტერესებს. _ ისე გულწრფელად თქვა ზურიკომ, თვალზე ცრემლი მომადგა.
_ შენ გენაცვალოს ჩემი თავი, შვილო! _ ცრემლნარევი ხმით ამოვთქვი და მომავალ სიძეს შუბლზე ვაკოცე.
_ ასე რომ, გილოცავთ, ადამიანებო! საქმე მოგებულია, ირაკლუნა _ გათავისუფლებული. ორი დღის საქმეა, რა! _ გაიღიმა ზურიკელამ, _ ახლა კი მშია, მაჭამეთ რამე, თორემ ყველანი ხაჭაპურად მეჩვენებით!
ამის თქმა და ტიდა სამზარეულოში გავარდა. მე უკან მივყევი. ამისთანა ამბის მახარობელს როგორ დავამშევდით?
ყველამ ერთად ვისადილეთ, რადგან არცერთ ჩვენგანს დილიდან ლუკმა არ ჰქონდა ნაჭამი. ნერვიულობისგან ჭამა საერთოდ დაგვვიწყებოდა.
_ აუ, მე მომაფიქრდა ერთი რაღაც! _ წამოხტა უეცრად ტიდა, _ ევრიკა! ვიცი, რაც უნდა გავაკეთოთ!
_ რა მოგაფიქრდა ახლა! _ უკმაყოფილება გაისმა ირაკლის ტონში.
_ რა და, სიუჟეტი გავაკეთოთ. არაფერი მაგას არ უნდა, სიუჟეტის ჩაწერა სულ ნახევარი დღის საქმეა.
_ რა სიუჟეტი? _ თითქმის ერთდროულად ვიკითხეთ მე და ზურიკომ.
_ რა და, დავასწროთ გამოძიებას, სანამ ლაშას დაიჭერენ და ირაკლიზე სიუჟეტი გავაკეთოთ. ისედაც ვაპირებდი, მაგრამ ვიფიქრე, რომ გაამართლებენ, მერე-მეთქი. მხოლოდ შენი ჩაწერა იქნება საჭირო, სხვა არაფერი. მარიკას ახლავე დავურეკავ და ვეტყვი, როგორმე ბადეში ჩამსვან. მაგარი ხმაურიანი გადაცემა გამოვა.
_ ხო, მასე იზამ და მერე ეძებე გუმბერიძე ჰაერში! ხომ გააქრობენ ეგრევე, სადმე გადამალავენ! _ ავყვირდი.
_ არაფერსაც არ გადამალავენ. მამუკას ვუთხრათ, რასაც ვაპირებთ. გადაცემის მსვლელობისას მიადგეს სახლში და დააპატიმროს.
_ და ესეც გინდა გადაიღო?
_ ეგ არ მიფიქრია, მაგრამ რატომაც არა? მაგარი იქნება! სანამ ჩვენ სიუჟეტს გავუშვებთ, გადამღები ჯგუფი მამუკას გაჰყვება და მერე ამასაც დავურთავთ! აუუუ, რა ამბავი აიწევააა!
_ და რაში გჭირდება ეს ყველაფერი? _ ტუზი აიბზუა ზურიკომ.
_ ბუბი, რას ვერ ხვდები? შენი გახსნილი საქმეა და ჩრდილში რატომ უნდა დაგაყენონ? მე მინდა ყველამ გაიგოს, რა როგორ მოხდა, როგორ მიხვედი ამ დასკვნამდე, რა ღონისძიებები ჩაატარეთ შენ და გამომძიებელმა და ასე.
_ დიდად არ მხიბლავს შენი იდეა, _ შორს დაიჭირა ჩემმა შვილობილმა.
_ სამაგიეროდ, მე მხიბლავს, _ მაშინვე ტიდას მხარე დავიჭირე, _ მართალია ეს გოგო, განზე რატომ უნდა გადგე? კარგი იდეაა, მომწონს. იკაკო, შენ რას იტყვი, შვილო?
ირაკლიმ მხრები აიჩეჩა მხოლოდ, სიტყვა არ დაუძრავს, თუმცა ამ უსიტყვო მოქმედებითაც მივხვდი, რომ წინააღმდეგი არ იყო.
_ მაგარი სიუჟეტი გამოვა! _ ტაში შემოჰკრა ტიდამ, _ უკვე ისიც ვიცი, როგორ დავიწყებ გადაცემას: ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სადმირას მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი ფაღავა უდანაშაულოა და ნამდვილი მკვლელის დასაკავებლად სამართალდამცველების ჯგუფი სწორედ ამწუთას მიემართება მისი სახლისკენ. დაკავების კადრებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამდე კი სტუდიაშია ეჭვმიტანილის ადვოკატი ზურიკელა სულძაღლიანი! _ დაამთავრა ტიდამ და თავისსავე ნათქვამზე სიცილი აუტყდა.
_ ნეტავ რას იკრიჭები ცირკის კლოუნივით, ვიცოდე! _ დაუღრინა ძმამ.
ტიდამ პასუხი არ გასცა, მხოლოდ ენა გამოუყო ძმას და დაეჯღანა.
_ მაშინ უნდა გავაფრთხილოთ მამუკა. _ წამოვაყენე წინადადება.
_ და მოსამართლეც უნდა ჩააყენონ საქმის კურსში, მის გარეშე დაკავება არ მოხდება. _ დაამატა ზურიკომ.
_ ჩააყენონ რა, ეგ სულ არ მაინტერესებს, _ უდარდელად წამოისროლა ტიდამ.
_ და როგორ გინდა მერე ეს ყველაფერი ერთმანეთს დაამთხვიო? მოსამართლეს როდის მოეპრიანება ორდერის გაცემა დამნაშავის დასაკავებლად, ჩვენ რა ვიცით? იქნებ ორშაბათამდე არ აპირებს ამას.
ტიდა შეცბა. ამდენი წინაღობა თუ შეხვდებოდა ერთი სიუჟეტის მომზადებას, არ ეგონა.
_ ყველაფერს მოევლება, თუკი ცოტას დავფიქრდებით და საქმეს თავს მოვაბამთ. _ დინჯად წარმოვთქვი.
_ არ გვინდა, რა, _ იუარა ზურიკომ, _ ჩემ გამო თავის ნუ გამოიდებ, ტიდა. გუმბერიძეს რომ გასკვანჩავენ, მერე ჩაწერე ეგ შენი სიუჟეტი და რასაც გინდა იმას ვილაპარაკებ. ასე ყველაფერს ერთმანეთს ვერ დავამთხვევთ. მარტო მამუკაზე რომ იყოს დამოკიდებული, პრობლემა არაა, მაგრამ… სულ არ გავაფუჭოთ საქმე და არ გაიქცეს ის ტიპი.
ყველანი გავჩუმდით. ხმას არცერთი არ ვიღებდით, მაგრამ გონებაში, დარწმუნებული ვიყავი, თითოეული ჩვენგანი თავის ვერსიას ქმნიდა, როგორ ჯობდა საქმის მოგვარება.
_ აუ, მიდი რა, დაურეკე მამუკას, აბა რას გეტყვის. უთხარი, ტიდას ასეთი ვარიანტი აქვს და შენ რას იტყვი-თქო. ბოლოს და ბოლოს, მაგას უნდოდა საქმე გახმაურებულიყო და გუმბერიძე მთლად სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას აეყვანათ. ასე არ იყო?
ზურიკო შეყოყმანდა.
_ დარეკე, შენი რა მიდის, _ მეც შევაგულიანე, _ იქნებ თანახმაა, რა იცი? თუ უარს იტყვის და არც მაგითი დაშავდება რამე. გვეცოდინება მაინც, ვიმოქმედოთ თუ დაველოდოთ.
ზურიკომ ირაკლის შეხედა. იმან კვლავ მხრები აიჩეჩა, როგორც თქვენ გადაწყვეტთ, ისე გააკეთეთო და თავის ოთახში შევიდა. ზურიკო უკან მიჰყვა. მე და ტიდა ერთმანეთს შევაჩერდით.
ცოტა ხანში ზურიკოს ხმა შემოგვესმა, ვიღაცას ტელეფონზე ესაუბრებოდა. მივხვდით, მამუკას ურეკავდა. სმენა დავძაბე, მაგრამ ისე ვნერვიულობდი, ერთი სიტყვაც ვერ გავიგონე.
_ არის! _ იყვირა უცებ ტიდამ, დივანზე შეხტა და ცეკვას მოჰყვა. როგორც ჩანს, იმან გაიგონა, როგორ დამთავრდა ზურიკოს მამუკასთან საუბარი.
ამ დროს ირაკლის საძინებლის კარი გაიღო და გაღიმებული ზურიკო გამოვიდა.
_ თანახმაა მამუკა. დრო მითხარით, გადაცემა როდის უნდა დაიწყოს და ერთი საათით ადრე შევალ მოსამართლესთანო.
_ და გადამღებ ჯგუფსაც გავაფრთხილებ, რომ იმ დროს ადგილზე იყოს. ნუცას ჩავაწერინებ ლაშას აყვანის ამბებს. _ ტიდა სიხარულს ვერ მალავდა, დივნიდან ჩამოხტა და ზურიკოს ყელზე ჩამოეკიდა.
_ გეყოფა ახლა ტინგიცობა! – მკაცრად შევუძახე, _ მაგას ჯობია, დარეკო მარიკასთან და უთხრა, რასაც აპირებ. იქნება და საერთოდ ვერ გსვამს ბადეში.
_ რას ჰქვია ვერ მსვამს! გამორიცხულია! მოიცა! _ ტიდა თავის ჩანთას ეცა, მობილური ამოიღო და სტუდიაში დარეკა…
***
ისე სწრაფად მოგვარდა ყველაფერი, თავი სიზმარში მეგონა. მარიკა ლამის გამოძვრა ტელეფონიდან, ისე მოეწონა ტიდას იდეა. რეიტინგი განაღდებული გვაქვსო. მერე იმაზე დაიწყეს მსჯელობა, როდის ჯობდა მასალის გაშუქება. საბოლოოდ იმაზე შევთანხმდით, რომ შუადღის საინფორმაციოს დამთავრებისთანავე გასული სიუჟეტი ყველაზე მომგებიანი იქნებოდა, თან რეკლამასაც წაუმძღვარებდნენ _ ახალი დეტალები მკვლელობის შესახებ ნახეთ ჩვენს მომდევნო გადაცემაში ან რამე მსგავსი.
_ ახლა კი დავსხდეთ და სერიოზული გონებით მოვიფიქროთ, როგორ დავიწყოთ და დავამთავროთ, _ როგორც სტაჟიანმა ჟურნალისტმა, თავი გამოვიდე.
სამივე მაგიდას მივუსხედით და რამდენიმე ვერსია ჩამოვაყალიბეთ.
ერთი საათის შემდეგ სარეკლამო ტექსტიც მზად გვქონდა და სიუჟეტისაც. მხოლოდ ზურიკოსთან ინტერვიუ დარჩა ჩასაწერი.
_ სტუდიაში წავიდეთ და იქ ჩავწეროთ. _ თქვა ტიდამ და წამოხტა, ეგრევე წასასვლელად გაემზადა.
_ წავიდეთ, _ უყოყმანოდ დათანხმდა ზურიკო.
სწორედ ამ დროს მისი მობილური აწკრიალდა. ზურიკომ დახედა.
_ ოხ, ამ გოგომ არ გამიხურა საქმე! რა უდროო დროს იცის ხოლმე დარეკვა! _ ისეთი ტონით წარმოთქვა, მაშინვე მივხვდი, რომ თავისი თანაშემწე ურეკავდა.
_ ხო, ირინა, რა იყო, მოიწყინეთ უჩემოდ მანდ, თუ როგორაა საქმე? _ საკმაოდ მკვახედ უპასუხა ჩემმა შვილობილმა.
არ ისმოდა, ირინა რას ელაპარაკებოდა თავის უფროსს, მაგრამ ზურიკოს უცებ სახე წაეშალა, უმწეო მზერა მე მომაპყრო და როცა მიხვდა, რომ თანაშემწის ხმა არ მესმოდა, ტელეფონში ჩასძახა:
_ მოიცა ერთი წუთით! _ მერე სპიკერს დააჭირა თითი და მობილური ხმამაღალზე დააყენა, _ ახლა კიდევ ერთხელ გაიმეორე, რაც წეღან მითხარი!
_ ვიღაც ქალია მოსული. დილიდან აქაა დარჭობილი. ამბობს, ზურაბის დედა ვარო. შენი ნახვა უნდა და რა ვუთხრა? ცოცხალი თავით არ მიდის, დაველოდები, როდის მოვაო.
გაოცებაც არის და გაოცებაც. ამის გაგონებაზე ტიდას თვალები აცაბაცა გაექცა, მე კი პირი დავაღე. ის კი არა, ირაკლიც კი გამოვიდა თავისი ოთახიდან. როგორც ჩანს, ყურადღება ჩვენკენ ჰქონდა, რაზე ვმსჯელობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში.
_ ვინ დედა, რა დედა! სად მყავს დედა! _ მჭახედ გაისმა ამ დროს ზურიკოს ხმა.
იმწუთას არ ვიცი, რა დამემართა. სკამიდან წამოვფრინდი და ჩემს შვილობილს ხელში ვეცი, მობილური გამოვტაცე და ყურზე მივიდე:
_ ირინა, შვილო! გამარჯობა! მე ზურიკოს დეიდა ვარ. შეგიძლიათ ის ქალბატონი დამალაპარაკოთ? დიდი ბოდიში, რომ თქვენი შეწუხება მიწევს.
უცხო ხმის გაგონებამ ირინა ცოტათი დააბნია, მაგრამ უარი მაინც არ უთქვამს. ახლავეო, მიპასუხა და რამდენიმე წუთი ტელეფონში მისი ქუსლების პაკაპუკის ხმა ისმოდა. მერ ვიღაცას რაღაც უთხრა, მერ ისევ სიჩუმემ დაისადგურა. კიდევ რამდენიმე წუთი და ქალის ჩახლეჩილი ხმა გაისმა:
_ ალო! გისმენთ!
მობილურს ხელისგული დავაფარე და ზურიკოს ჩურჩულით მივმართე:
_ დამავიწყდა, დედაშენს რა ჰქვია.
_ ნანა, _ დაბნეულმა მომიგო.
იმწუთასვე გამახსენდა ჩემი და ნანას შეხვედრა. ლამაზი ქალი იყო, მოვლილი. საოცრად ლამაზი თითები ჰქონდა, რაც განსაკუთრებულად შემორჩა ჩემს მეხსიერებას. თუმცა ძალზე ვულგარულად გამოიყურებოდა მაშინ. ისიც გამახსენდა, მისი წასვლის შემდეგ როგორ მითხრა ზურიკომ, დედაჩემს ლამაზი სახელი ჰქვიაო და რომ დავინტერესდი, ნანაო, თქვა, თან დააყოლა, ხომ ლამაზი სახელიაო?
ეჰ, იმდენი წლის წინათ იყო ეს ამბავი, რა გასაკვირია, დამვიწყებოდა!
_ ნანა, გამარჯობა!
_ გაგიმარჯოს! რომელი ხარ? _ შევატყვე, თამამად უნდოდა შეკითხვა გამოსვლოდა, რადგან არ იცოდა, ვისთან უწევდა საუბარი.
_ ნატა ვარ. თუ გახსოვთ, ჩვენ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს, წლების წინ. მაშინ მე უშიშროების სამინისტროში ვმუშაობდი, ამერიკელების მეთოდით მაწანწალა ბავშვებს ვმფარველობდით. გაგახსენდათ? _ შევახსენე მაშინდელი სახელდახელოდ მოფიქრებული ტყუილი.
_ ა! კი, როგორ არა, მახსოვხართ! თქვენ ისევ ერთად ხართ? ახლაც? _ გაიკვირვა.
სასაცილოდ ლაპარაკობდა, თან თავხედურად. ერთი სული მქონდა მენახა, ახლა, ამდენი წლის მერე როგორ გამოიყურებოდა.
_ ერთად ვართ, ერთად, _ სიცილი ვერ შევიკავე, _ ზურიკო ჩემი ოჯახის წევრია თითქმის, ჩემს შვილებთან მეგობრობს.
_ კეთილი… _ ჩაიდუდუნა, _ არ უნდა, რომ დამელაპარაკოს?
_ კი, კი, ნანა, როგორ არ უნდა, მაგრამ მე სხვა წინადადება მაქვს და იმიტომ დაგელაპარაკეთ.
_ გისმენთ! _ ტელეფონში მწარე ამოოხვრის ხმა გაისმა.
_ მინდა ჩემთან ამოხვიდეთ სახლში, აქ შეხვდეთ თქვენს შვილს და მშვიდ ატმოსფეროში დაილაპარაკოთ. სამსახურში ყველა თქვენ დაგიწყებთ ყურებას, რაც პირველ რიგში, ზურიკოს ჩააყენებს უხერხულ მდგომარეობაში. აქ კი ხელს არავინ შეგიშლით. ჩვენც უფრო ახლოს გავიცნობთ ერთმანეთს, ცოტა მოვულხინოთ კიდეც. რას იტყვით?
ჩემს შეთავაზებას ხანგრძლივი დუმილი მოჰყვა.
_ ალო, ნანა, გესმით ჩემი? _ ვიფიქრე, ხომ არ გამითიშა-მეთქი.
_ მესმის, ქალბატონო, როგორ არა. არ ვიცი, რა გიპასუხოთ. ჩემს შვილს უნდა, რომ იქ გამოვიდე?
_ რა თქმა უნდა, ზურიკოსაც უნდა, აბა, მე ხომ არ მივიღებდი მის მაგივრად გადაწყვეტილებას. ახლა ჩვენ ტაქსის გამოგიძახებთ და გამოჰყევით. კორპუსთან მე დაგხვდებით და ამოგიყვანთ. კარგი? ძალიან გთხოვთ, უარი არ მითხრათ.
_ კარგი, წამოვალ. ამ ნომერზე დამირეკავთ?
_ არა, თქვენი ნომერი მიკარნახეთ და ჩავიწერ, _ ვთქვი და ტიდას ხელით ვანიშნე, ნომერი შენს ტელეფონში ჩაიწერე-მეთქი.
ტიდამ მაშინვე მოიმარჯვა თავისი მობილური. ნანა ნომერს მკარნახობდა, მე ხმამაღლა ვიმეორებდი ციფრებს, ტიდა იწერდა.
_ მადლობა, ჩემო კარგო! როგორც კი ტაქსი მოვა, დაგირეკავ და გეტყვი, რა მანქანა იქნება. მალე მოვა, ლოდინი დიდხანს არ მოგიწევთ! _ ამ სიტყვებით ტელეფონი გავთიშე.
ზურიკო დაფიქრებული კედელს მიჰყრდნობოდა და თვალები დაეხუჭა. როგორც კი ლაპარაკი დავამთავრე, თავი ჩემკენ მოაბრუნა და სევდიანი ტონით მისაყვედურა:
_ რა საჭირო იყო მისი აქ ამოყვანა, ნატა. სულ არ მინდა მისი ნახვა, რომ იცოდე.
_ რას მიქვია არ გინდა! _ ხმა გავიმკაცრე, _ რაც არ უნდა იყოს, ის დედაა შენი, რომელმაც გაგაჩინა, გაგზარდა…
_ როდის გამზარდა, რო? _ გამაწყვეტინა.
_ სანამ შეეძლო, გზრდიდა. ბოლოს და ბოლოს, ცხრა თვე მუცლით გატარა, შე მამაძაღლო! შენ რა იცი, რას განიცდის ორსული ქალი! იცი, როგორი ძნელია ის პერიოდი? მერე ბავშვის გაჩენა მთლად უარესი. შენ ამხელა ტკივილი არ გამოგიცდია და იმიტომ ხარ დიდ გულზე! _ დავუტატანე.
_ მე უფრო დიდი ტკივილი გამოვცადე, სხვათა შორის და ამას სხვა ვერავინ გაიგებს, რადგან ის ტკივილი იმ სხვას არ გამოუცდია, _ ეს უკვე ჩემი მისამართით იყო ნათქვამი.
გაგრძელება იქნება