გურანდა გაბუნია ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი იყო. დაიბადა 1938 წლის 26 აგვისტოს, სოხუმში. მამა სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, დედა - მსახიობი. თუმცა თავად მსახიობობაზე არ უფიქრია და ბავშვობიდან ბალერინობაზე ოცნებობდა.
"სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. ორი რამ მიყვარდა ყველაზე ძალიან – ზღვა და ცეკვა. ზღვა აფხაზეთში აბსოლუტურად სხვანაირი იყო, საოცრად ლურჯი და თბილი. მე მხოლოდ იქ, იმ ზღვაში მიყვარდა ცურვა. ბავშვობაშიც კი, როცა მამას მივყავდით ოდესაში, იალტაში ან სხვაგან, არსად ვცურავდი, მე მელოდებოდა სოხუმი და ჩემი ზღვა…
არ მიფიქრია, რომ მსახიობი გავხდებოდი, ბალერინობა მინდოდა. იქნებ თეატრის კულისებში მუდმივად ყოფნამ იქონია გავლენა ან იქნებ ბავშვობაში სცენაზე შესრულებულმა ეპიზოდურმა როლებმა… ვერ გეტყვით, როდის მომწიფდა ჩემში აზრი, რომ თეატრალურში გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ ფაქტია, ჩავაბარე" - ამბობდა გურანდა გაბუნია.
კარიერა
გურანდა გაბუნიამ დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში; 1961–1963 წლებში მუშაობდა თბილისის სანიტარული კულტურის, 1967–1970 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის, 1970–1975 წლებში რუსთავის დრამატულ თეატრებში; 1975 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი.
შესრულებული აქვს კინო როლები: ირინე („დათა თუთაშხია“, 1978), ჯულიეტა („მზე შემოდგომისა“, 1973), ლაურა („ორომტრიალი“, 1986), დარეჯანი („დღეს ღამე უთენებია“, 1983), ჭორიკანა („აურზაური სალხინეთში“, 1975), რუსუდანი („ერთი ცის ქვეშ“, 1961), ლილის ბიცოლა („თბილისი ჩემი სახლია“, 1994) და სხვა.
გურანდა გაბუნია და ოთარ მეღვინეთუხუცესი
უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო მომავალი მეუღლე, ოთარ მეღვინეთუხუცესი. მაშინ გურანდა 19 წლის იყო, ოთარი - 27-ის. ორი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს.
"მე პირველ კურსზე ვიყავი, ოთარი – მეოთხეზე. რაღაცას ვღიღინებდი და ინსტიტუტის ფოიეში მივაბიჯებდი. გამაჩერა ჩემმა მეგობარმა, ნუგზარ გაჩავამ და გამაცნო თავის გვერდით მდგომი ჭაბუკი. გავოგნდი, რომ შევხედე, ისეთი ლამაზი იყო. ქართველს არ ჰგავდა, მაღალი იყო, ღია ფერებით და დიდი ლურჯი თვალებით. პირდაღებული შევყურებდი.
მერე კიბეები ავირბინე, ლექციები მქონდა. რამდენიმე საათის შემდეგ ოთარი ისევ სასწავლებლის ვესტიბიულში დამხვდა. მომიახლოვდა და მითხრა: “მე გაგაცილებთ”. რაღაც ძალიან იოლად გამოვიდა. მთელი გზა გაუჩერებლად ვლაპარაკობდი, მას კი ხმა არ ამოუღია, ზოგჯერ თუ ჩაურთავდა თითოოროლა სიტყვას. ორი წელი გაგრძელდა ჩვენი შეხვედრა-გაცილებები, მერე დავქორწინდით."