მას შემდეგ აგერ, ოცდახუთი წელი გავიდა და არასდროს არავისთვის არ მითქვამს, იმ ღამეს რაც მოხდა. ან კი როგორ დავძრავდი კრინტს, ამხელა დანაშაულის ჩადენას ვინ მაპატიებდა? ახლაც არ უნდა მეთქვა წესით და რიგით, მაგრამ უკვე აღარაფერს არა აქვს აზრი. ღმერთმა ყველა დაგვსაჯა, ვინც ამ საქმეში ვიყავით გარეული. ჩვენი სამშობიაროს დირექტორს ეს სიმწრით ნაპოვნი ვაჟიშვილი ავარიაში დაეღუპა რამდენიმე წლის წინ, იმ ცისანას ქმარი კიდევ ციხეში მოკლეს და იმ საწყალმა კაცმა ვერც ის გაიგო, შვილი რომ დაეღუპა და ვერც ის, მისი ცოლი სხვის შვილს რომ დაახვედრებდა ციხიდან გამოსულს. მახსოვს, მაშინ დაბადების მოწმობაც კი შეუცვალეს ბავშვს, ვითომ ერთი წლის იყო, რადგან შვილის დაღუპვიდან უკვე სამი თვე იყო გასული. გულიკოს, მეან-გინეკოლოგს, ვინც იმ ღამეს მშობიარობა ჩაიბარა, მთლად საშინელება დაემართა. ქმარ-შვილი იმ ცუდ წლებში გაზით გაეგუდა. მაშინ გაზით მოწამვლა ძალიან იყო გახშირებული. თვითონ მორიგე იყო საავადმყოფოში და მეორე დილით, მორიგეობიდან შინ მიბრუნებულს ორივე მკვდარი დახვდა სახლში. კინაღამ გადაყვა საწყალი ამ ამბავს. არც მე დამდგომია უკეთესი დღე, რაღა დავმალო. ჩემი ორი ძმა, მთლად ახალგაზრდები, დამეღუპნენ, ერთი ინსულტით, მეორე ინფარქტით… ზედიზედ, ერთ თვეში, ერთმანეთის მიყოლებით… ახლა კიდევ ფეხები მოვიტეხე და სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში ლოგინად ჩავვარდი. ასე რომ, დაუსჯელი არც ერთი არ დაგვტოვა ღმერთმა.
სულ ეს არის, რაც უნდა მეთქვა… ახლა ის მითხარი, შენ რომელი ხარ? რომლის გოგო ხარ? _ ევას მიაპყრო ქალმა მზერა და ხელზე ხელი მსუბუქად მოუჭირა.
_ მე ცისანას გოგო ვარ, მაგრამ გამოდის, რომ სინამდვილეში ნანასი ვარ, _ ძლივს ამოიღო ხმა ევამ. ისეთი დათრგუნვილი ჩანდა, შემეცოდა.
_ ჰოოო. კი, სინამდვილეში ასეა… მიდი, შვილო, უთხარი შენს ღვიძლ დედას, რაც ხდება. ამის გამო ნუ დაკარგავ. მთლად მისი ბრალიც არ არის, ასე რომ მოხდა.
_ აბა ვისი ბრალია?
_ რა ექნა იმასაც… პატრონი არავინ ჰყავდა, თავის თავს ვერ არჩენდა და შვილები როგორღა ერჩინა? აი, თქვენ რომ არ გეთქვათ მაშინ უარი და არ შეგშინებოდათ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, _ მე მომიბრუნდა ელზა.
_ მე? _ ისე დავიბენი, სათქმელს თავი ვერ მოვუყარე, _ იცით? მე არ ვიცოდი, ორსულად თუ იყო, მართლა არ უთქვამს ჩემთვის.
_ ეს არაფერ შუაშია, მაშინ დედაჩემი სხვასაც ხვდებოდა, ამიტომ ჯერ არ ვიცით, ვინ არის სინამდვილეში მამაჩემი. სწორედ ამის გამო დავიწყეთ ყველაფრის გარკვევა, _ თქვა ევამ და მე გადმომხედა.
_ ჩემგან უკვე ყველაფერი გარკვეულია, ჩემო ძვირფასებო, _ ამოიჩურჩულა ელზამ, _ უცნაურია, არა, როცა საკუთარ ცხოვრებას თავიდან სწავლობ. აბა, შეუსწავლელი ცხოვრება რაღა ცხოვრებაა, _ უცნაურად გაიცინა, _ მეც გულზე მომეშვა. აწი თუ მოვკვდები, აღარ ვინაღვლებ, შემსუბუქებული სინდისით დავტოვებ ამ ქვეყანას, დანარჩენს ღმერთი შემინდობს…
დაძმარებულები წამოვედით იქიდან. ევას პატარა ბავშვივით ჩაებღუჯა ჩემი ხელი, თითქოს მისი ერთადერთი მშველელი მე ვიყავი დედამიწის ზურგზე.
_ იცი რა მგონია, ანდრია? _ შეფიქრიანებულმა დაიწყო, _ რადგან მაშინ არ გითხრა, ორსულად ვარო, არა მგონია, შენი შვილი ვიყო. ალბათ სხვისგან იყო ორსულად, თორემ რაღაცაში მაინც ხომ გთხოვდა დახმარებას, არა? შენ როგორ გგონია?
_ საქმე რა არის, იცი? მან მითხრა, ორსულად ვარო და მე რომ სიფათი შემეცვალა, გეხუმრეო, გადაასხვაფერა ნათქვამი… ანუ, აღარ მითხრა ბოლომდე, გადაიფიქრა… ამიტომ ახლა ნამდვილად არ ვიცი, ვიტირო თუ ვიცინო. თუ შენ ჩემი შვილი ხარ და, შესაბამისად, თურმე ბიჭიც უნდა მყოლოდა, გამოდის, რომ ღმერთმა მე ყველაზე სასტიკად დამსაჯა. ერთი შვილი მომიკლა, მეორესთან კი… _ სათქმელი აღარ დავამთავრე, რადგან ღმუილი მომინდა.
_ რატომღაც, გული სულაც არ მიგრძნობს ამწუთას განგაშს, იცი? ასე მგონია, შენ მამაჩემი არ ხარ. ყოველ შემთხვევაში, ის ხომ არის კარგი, რომ ნინის მამა მაინც არ ხარ. ის მაინც შეგრჩება.
_ არავინაც არ შემრჩება, ევა. როგორც უნდა დამთავრდეს ეს ამბავი, მე უკვე აღარ ვვარგივარ ადამიანად. ოღონდ კი ახლა ნუ გამწირავს ღმერთი და ახლოსაც არ გავეკარები არც ნინის და არც ნანას.
_ და მე? _ სათნო ღიმილი გამოესახა ტუჩებზე.
_ შენ… შენ თუ ჩემი შვილი აღმოჩნდი, თავს მოვიკლავ, თუ არ აღმოჩნდი, ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდები. არა, მეგობარი ისედაც ხარ, უნდა მეთქვა, ჩემს საუკეთესო მეგობრად დარჩები-მეთქი. თანაც, ყოველგვარი სექსის გარეშე.
_ ჰო, მესმის… _ თავი ჩაჰკიდა, _ რა უცნაური რამაა ეს ცხოვრება, არა? რას ვიფიქრებდით ან შენ, ან მე, რომ ასეთი რამ გადაგვხდებოდა თავს?
_ იცი რა? ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, თუ ნანა მატყუებს და მამა მე არ ვარ, მოვკლავ ცილისწამებისთვის და ციხეში ჩავჯდები.
_ აპა, აპა-პა-პა, ეგეთები არ გვინდა, ანდრია! დაივიწყე! მაგას ისედაც მიუზღო ბედისწერამ თავისი. შურისძიება იცი რა იქნება? ხვალ რომ მივალ ნინისთან და ვეტყვი, ეს ქალი დედაშენი კი არა, დედაჩემია-მეთქი და ღვიძლი დედის ამბავს რომ გავუმხელ, მერე ნახე ნანას გაგიჟება. შენი მოკვლა აღარ დასჭირდება, თვითონ მოიკლავს თავს.
_ აპირებ ამის გაკეთებას? _ ცოტა არ იყოს, შევცბუნდი.
_ რა თქმა უნდა, ვაპირებ. ის კი არა, მიკვირს, იმ ქალმა, ლალიმ, აქამდე რატომ არ მოძებნა თავისი შვილი. ის ხომ მოუკვდა, რომელიც იშვილა, ანუ ჩემი ტყუპისცალი, მაგრამ ხომ იცოდა, რომ თავისი ქალიშვილი ცოცხალი იყო? რატომ არ მოიკითხა?
_ იმიტომ, რომ გოგოების მთელი არმია ჰყავს სახლში და კიდევ ერთის მიმატება რაღაში სჭირდებოდა?
_ აი, ეგ კი არ მიფიქრია, მაგრამ, გეხვეწები, ამიხსენი ერთი, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი გყავს? შვილები ერთმანეთისგან როგორ უნდა გამოარჩიო?
_ ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია, ევა, რას გაიგებ. ვისთვის ყველა შვილი ღირებულია, ვისთვის არა. მით უფრო, თუ არ გაგიზრდია. არ გესმოდა, რა თქვა იმ ქალმა? ქმარმა ასე უთხრა, კიდევ გოგოს თუ გააჩენ, მიგატოვებო.
_ ჰო, მესმოდა… შენ?
_ რა მე? _ ვერ მივუხვდი.
_ შენ რომ გცოდნოდა, შენგან იყო ნანა ორსულად და ტყუპი ჰყავდა მუცელში, შეირთავდი ცოლად?
დავმუნჯდი. არ ვიცოდი, რა მეპასუხა, იმიტომ, რომ არ ვიცოდი, როგორ მოვიქცეოდი. შემეძლო ევა დამეიმედებინა, აუცილებლად შევირთავდი-მეთქი, მაგრამ შევირთავდი? ამაში დარწმუნებული არ ვიყავი, ამიტომ ვერაფერი ვთქვი, ევას მოტყუება არ მინდოდა.
_ ანრი! რატომ არ მცემ პასუხს?
_ არ ვიცი, ევა, არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი და რა გიპასუხო?
_ ახლა რომ შეგქმნოდა მსგავსი სიტუაცია? _ `გამიადვილა~ ევამ მდგომარეობა.
_ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ახლა სულ სხვა ადამიანი ვარ, სრულიად განსხვავებული შეხედულებებით. ბევრი რამ შევაფასე და გადავაფასე წარსული ცხოვრებიდან. ახლა წამითაც არ დავფიქრდებოდი. გგონია, მეშინია, შენხელა შვილი რომ გამომიჩნდა? ჩემი შიში ამჯერად სულ სხვა შიშია.
_ მესმის შენი… მოდი, მოვითმინოთ ეს რამდენიმე დღე, დაველოდოთ ტესტის პასუხს და დანარჩენზე მერე ვიფიქროთ, კარგი?
_ მართალი ხარ, როგორც ყოველთვის, გენიალური აზრები მოგდის.
_ ახლა კი წავიდეთ და დავთვრეთ. თუ რამეა, ერთხელაც გამოვიტიროთ ჩვენი წარსული, შენი და ჩემი უნებლიე შეცდომა და ამით მაინც მოვიოხოთ გული.
_ მოვიოხოთ და მოვიოხოთ, _ ღრმად ამოვიხვნეშე და მანქანის სიჩქარეს მოვუმატე…
ახლა ერთადერთ იმედად დნმ-ის ტესტის ანალიზი გვრჩებოდა. თუ ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდებოდა და საშინელების მოლოდინი აგვცდებოდა, პირობას ვდებდი, რომ ჩემს ცხოვრებას ძირფესვიანად შევცვლიდი; არა მარტო ჩემსას, არამედ ევას ცხოვრებასაც, ოღონდ როგორ, ჯერ არ ვიცოდი…
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე. ნინისაც არ შევეხმიანე საიტზე, მასთან დალაპარაკების სურვილიც კი გამქრობოდა. ისედაც ყველა შემთხვევაში ვაპირებდი მასთან კავშირის გაწყვეტას, როგორიც გინდა ყოფილიყო დნმ-ის ტესტის შედეგი. ჯერ ერთი, ნანამ ყველაფერზე ამიცრუა გული და მეორეც… მასთან ურთიერთობის გაგრძელება ნანასთან ურთიერთობის გაგრძელება იქნებოდა, რაც არ მიმაჩნდა მართებულად. საბოლოო ჯამში ყველაფერს ჩემს თავს ვაბრალებდი და ალბათ ასეც იყო. მე რომ თავის დროზე რაღაც-რაღაცებზე თვალი დამეხუჭა და ნანა ცოლად შემერთო, ახლა ჩემ გვერდით იქნებოდა, შვილებიც გვეყოლებოდა და შეიძლება _ შვილიშვილებიც. კარგი ცოლ-ქმარი ვიქნებოდით თუ არა, ეგ არავინ იცის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, გზას მაინც არ ასცდებოდა და ამ სიბერეში არც მე გავერეოდი ასეთ ხათაბალაში.
საღამოობით ევა შემოივლიდა ხოლმე, ხელის აწევით მომესალმებოდა, ცოტა ხანს დაჯდებოდა, ორ სიტყვას გადმომიგდებდა, მერე ასევე უსიტყვოდ ადგებოდა და გავიდოდა. ორივეს დაკარგული გვქონდა ხალისი.
იმ საღამოსაც ამოვიდა, ოდნავ ნასვამი მეჩვენა.
_ ჩაარტყი? _ გავუღიმე.
_ ჰო. ფხიზელი თვალით უკვე ვეღარ ვუყურებ ამ დამპალ ცხოვრებას… როდის იქნება ჩვენი განაჩენი? _ მწარედ ჩაიცინა.
_ ზეგ. ცოტაღა დარჩა.
_ ჰოდა, როგორც კი პასუხი იქნება, ეგრევე მივადგეთ ქალბატონს.
_ ჰო, _ ყრუდ მივუგე, ნანას სახელის ხსენება უსიამოვნოდ მივლიდა ტანში.
_ სამსახურში არ გასულხარ?
_ არა ჯერ და არც ვიცი, როდის გავალ. შეიძლება გავაგრძელებინო შვებულება. ახლა მუშაობის ხასიათზე არ ვარ.
_ გიყვარს შენი პროფესია? სიამოვნებით მუშაობ ალბათ, არა?
_ ექიმობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო.
_ ბავშვობის ოცნებები ყველაზე ადვილად ასახდენი ოცნებებია, _ გაიღიმა ევამ.
_ ჰო, მაგრამ ოცნება რომ აგიხდება, მერე ის მუღამი აღარ აქვს. პროფესიაც ასეა. ჯერ ხომ ერთი სული გაქვს, სანამ კარგად დაეუფლები, განსაკუთრებით, თუ გიყვარს, მაგრამ რაც უფრო უკეთ ეუფლები და გამოგდის, მით უფრო მცირდება მისი ხიბლი. ახლა ჩემთვის ქირურგობა სულაც არ არის ისეთი მომხიბვლელი, როგორიც წლების წინ იყო.
_ შეიძლება ასეცაა… ამ დღეებში იმდენი საშინელება გამოვიარე, ფიქრის უნარი მთლიანად წამერთვა. რა სასწაულია ადამიანის ცხოვრება, არა?
_ სასწაულს ნამდვილად ვერ დავარქმევდი. მე თუ მკითხავ, ეს უბრალოდ, სკოლაა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ამთავრებს. კარგად თუ ისწავლი საგნებს, ცოდნა დაგიგროვდება, არ ისწავლი და ჩამორჩენილი იქნები. დააშავებ? დაგსჯიან, თავს გამოიჩენ? წაგახალისებენ. მთელი ჩვენი ცხოვრება ისე წარიმართება, როგორც სკოლაში. დაამთავრებ სკოლას და ზარ-ზეიმით მიგაცილებენ დამოუკიდებელი ცხოვრების კართან, გაგიხსნიან და მიდიიი. სიცოცხლის დასრულებაც ასეა. მოკვდები და ზარ-ზეიმით მიგაცილებენ სამარის კართან. მორჩა.
_ რა საშინელებებს ჰყვები, ანდრია, გული გამიჩერდა, _ წარბები შეყარა ევამ, _ მე და შენს ყოფას კიდევ ასეთი კოშმარული შედარებები უნდა? ისედაც სამარისკენ გვაქვს გადადგმული ცალ-ცალი ფეხი.
_ შენ რატომ?
გაგრძელება იქნება