თეატრისა და კინოს მსახიობი მალხაზ აბულაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მსახიობი აცხადებს, რომ ქედს იხრის გულწრფელი და გულანთებული ახალგაზრდების წინაშე და ყველას, ვინც სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძვის, გამარჯვებას უსურვებს.
„როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, მე, მალხაზ აბულაძე, მთელი ჩემი არსით, ჩემი სიკეთით და ჩემი ცოდვებით, ქედს ვიხრი ამ ჯანსაღი, გულწრფელი, გულანთებული, მართალი და შესაშურად მტკიცე ახალგაზრდების წინაშე, რომლებმაც აღასრულეს უკვე თავისი სიმტკიცით, ჩვენი ერის კაცების მისწრაფებები და სურვილები. მათი უკვდავება განამტკიცეს.
მე არ შემიძლია, ვინმეს მოვუწოდო, ამის არანაირი უფლება არ მაქვს, მაგრამ ყველას, ვინც სამშობლოს თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის იბრძვის, გამძლეობას და გამარჯვებას ვუსურვებ.
კომუნისტური იდეოლოგია დაიბადა რუსეთში და მათთვისაა შექმნილი. თავისუფლება მეტი პასუხისმგებლობაა თითოეულ გადადგმულ ნაბიჯზე, რომლის თავზე აღებაც ყველას არ უნდა. ურჩევნიათ ბრძანებები შეასრულონ. ასე უფრო მარტივია. მხოლოდ ჭამა-სმა და… თავისუფლება რჩეულების ხვედრია“, – წერს მალხაზ აბულაძე სოციალურ ქსელში.
თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი მალხაზ აბულაძე მისი სამსახიობო კარიერის დასაწყისში, როგორც მუსიკოსი წარუდგა მსმენელსა და მაყურებელს - თავდაპირველად ბათუმური ჯგუფის Insight წევრად, ხოლო შემდეგ ლაშა და ნიკა აბაშმაძეებთან ერთად საკუთარი ჯგუფი „ჩვენ“ ჩამოაყალიბა.
მალხაზის საავტორო მუსიკამ მისი ორიგინალურობისა და გულწრფელობის წყალობით იმთავითვე მსმენელის მოწონება დაიმსახურა.ჯუფმა „ჩვენ“ 2002 წელს გამოსცა ალბომი „ურთი+ერთობა“.
ამის შემდეგ სამსახიობო კარიერის სასარგებლოდ მალხაზ აბულაძე მუსიკალურ შემოქმედებას ჩამოსცილდა. საკმაოდ გვიან მან კვლავ აიღო გიტარა ხელში და მეგობარ მუსიკოსებთან ერთად 2022 წელს კონცერტით წარსდგა მსმენელის წინაშე. დღესდღეობით მალხაზი ესპანეთში ცხოვრობს და ფიქრობს მუსიკალური საქმიანობის გაგრძელებას.
საზოგადოებამ მალხაზ აბულაძე სერიალიდან "ტიფლისი" გაიცნო. სერიალის მეორე სეზონში მოქმედებები ციმბირში მიმდინარეობს. ციხის უფროსი, კობა მკაცრი და დაუნდობელია, კობას როლს მსახიობი მალხაზ აბულაძე ასრულებს, რომელიც ფართო საზოგადოებამ სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' გაიცნო პაატას როლით.
"კინომსახიობთა და მარჯანიშვილის თეატრებში ვმუშაობ. ჩემი ბებია-ბაბუა ბათუმის თეატრის მსახიობები იყვნენ. ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა. როგორც ხედავთ, სურვილი ამისრულდა. რაც შეეხება "ტიფლისს", ფილმის სიუჟეტი XX საუკუნის დასაწყისს ასახავს. მეორე სეზონში მოვლენები ციმბირში ვითარდება. ჩემი პერსონაჟის, კობას ცხოვრება ნამდვილად არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. არიან სუსტი ნებისყოფის ადამიანები, რომელთაც ფსიქიკა ერევათ და ბავშვობაში გადატანილი ტრავმები, შემდგომში უარყოფითად იჩენს თავს. ასე ემართება კობასაც. ის ციხის უფროსია. იქ, სადაც კობა მუშაობს, ნორმალური ფსიქიკის ადამიანი ვერც გაჩერდებოდა. კობაც გაცხოველებულია, გასადისტებული."
შეიძლება ითქვას, რომ მალხაზ აბულაძე უარყოფითი როლების შესრულების ოსტატია. მსახიობი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.