""რატი მეხუთედ გახდა 42-ის, მისი ასაკი აღარ იძვრის, დავეწიე და გავუსწარი..." -მწერალი ეკატერინე ტოგონიძე გარდაცვლილი მეუღლის შესახებ - Marao

"რატი მეხუთედ გახდა 42-ის, მისი ასაკი აღარ იძვრის, დავეწიე და გავუსწარი..." -მწერალი ეკატერინე ტოგონიძე გარდაცვლილი მეუღლის შესახებ

2024-12-20 12:19:32+04:00

"რატი მეხუთედ გახდა 42-ის, მისი ასაკი აღარ იძვრის, დავეწიე და გავუსწარი, წელს რატიზე უფროსი ვარ. სულ ჩვენთანაა, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ერთად მივდი-მოვდივართ. მაგრამ ჩვენ უფრო ჩვენთან გვინდოდა, ბევრად უფრო ჩვენთან", - წერს სოციალურ ქსელში მწერალი და ჟურნალისტი ეკატერინე ტოგონიძე გარდაცვლილი მეუღლის, პოლიტიკოსი რატი სამყურაშვილის შესახებ. 

ეკატერინე ტოგონიძე და რატი სამყურაშვილი  

2020 წელს 43 წლის ასაკში ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა. იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა. ყოფილ პოლიტიკოსს მეუღლე და ერთი ქალიშვილი დარჩა. მწერალი და ჟურნალისტი ეკატერინე ტოგონიძე გარდაცვლილი მეუღლის შესახებ სოციალურ ქსელში ხშირად წერს:

  • "მეცხრე თვეში ვიყავი, ექიმმა მითხრა, ამაზე არ ინერვიულო, მაგრამ ბავშვი რომ გაჩნდება, მის ტირილს ვერ გაიგონებო... ჩემს შვილს ყოველდღე ველაპარაკებოდი მუცელში და ვთხოვდი, რომ გამოეხსნა თავი" - ეკატერინე ტოგონიძე ქალიშვილის შესახებ 

togonidze

"ბავშვმა მკითხა, რას აირჩევდი, მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო თუ წასულიყოო. ამაზე ისედაც ნაფიქრი მქონდა და ძალიან მტკიცედ ვიცოდი, რომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, რადგან უშენობას ჯობს ყველაფერი. ვუპასუხე, რომ, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მთელი ცხოვრება მეყოლებოდი, თუმცა ეს არ არის სწორი არჩევანი. დამეთანხმა. თუთა აღმოჩნდა ყველაზე მამაცი გოგო, ნამდვილი რატის გოგო, რომელიც იქით ზრუნავს და ამშვიდებს დედას. წმენდს ცრემლებს და ეუბნება: ღრმად ისუნთქე, ისუნთქე! ჰო, აი, ასე, დამშვიდდი, მაკის არ უნდა, რომ ასეთი იყო ("მაკი" "მაკინოს", ანუ თუთას მიერ პირველად წარმოთქმული "მამიკოს" შემოკლებითი სახელი და ყველაზე ტკბილი სიტყვაა ჩვენს ცხოვრებაში. მაკისნაირი - რატისნაირი მამა არავის ჰყოლია და ახლა აღარც თუთას ჰყავს)...

 ეს ფოტო მაშინ გადაგიღე, როცა პირველად გაბანავე. ეტლი უკვე მქონდა და საშხაპე დავშალეთ, კარი ჩამოვიღეთ, რომ სივრცე გვქონოდა. ცოტას ვნერვიულობდი, რამე არასწორად არ გამეკეთებინა. პატარა დისკომფორტიც არ გეგრძნო, შამპუნი არ ჩაგსვლოდა თვალში ან გამოსვლისას არ შეგციებოდა. მინდოდა, რომ ყველაფერი მეკეთებინა საუკეთესოდ, რადგან მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებ შენ. მაშინ უკვე აღარ ლაპარაკობდი და მე ჯერ არ მქონდა ნასწავლი ამ სიჩუმეში შენი გაგება. მერე ეგეც მოხდა. ჩვენი კონტაქტი 100% აღდგა და შეიძლება იმაზე მეტადაც, ვიდრე სიტყვებით და წინადადებებით.

  • "უკვე მეოთხედ გახდი 42 წლის... 42-დან 20 წელი ხომ მაინც გიცნობდი და ჩემი თვალით ვნახე შენი დიდზე დიდი ბუნება!" - რას წერს მწერალი ეკატერინე ტოგონიძე გარდაცვლილი მეუღლის შესახებ 

საოცარია! ყველაფერი შეიზღუდა და ურთიერთობა გაღრმავდა. შენი ერთი საღი თვალი და ხმა, უბრალოდ ყელიდან ამოშვებული ხმა, ინტონაციით და ტონალობით ყველაფერს უკლებლივ მაგებინებდა. მაგებინებდა ოდნავ მოძრავი მარცხენა ხელიც და მთელი უძრავი სხეულიც. არასდროს ამდენი სითბო და სიყვარული არ მინახავს არსად, რამდენიც შენს ერთ თვალში, ამ მართლა სულის სარკმელში, რომლიდანაც უწყვეტ ნაკადად იფრქვეოდა ემოცია და სათქმელი. საერთოდ, ამ თვეებში მივხვდი ერთ რამეს, რომ შენ შეძელი ყოფილიყავი შენ მაშინაც კი, როცა პარალიზებული სხეულის ტყვედ ჩავარდი. აზრზე არა ვარ, როგორ მოახერხე თავის შენარჩუნება და შენად დარჩენა. წარმოუდგენელია, მაგრამ საერთოდ არ შეცვლილხარ და მთელი შენი ხასიათის, შინაგანი სამყაროს ენერგია მოდიოდა ამ გაჩერებული კადრიდან. დაუჯერებელია, რომ ასე უმოძრაოდ, უსიტყვოდ და ცალ-თვალაკრული იყავი ასეთი სავსე, საინტერესო, მადლიერი, ღირსეული და მუდმივ ურთიერთობაში ჩართული, უწყვეტ კავშირზე მყოფი, მოსიყვარულე და ისევ და ისევ აქეთ ჩემი მფარველი! მე ზუსტად ვიცი, რატომ იცოცხლე იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით ვარაუდობდნენ. ეს ჩვენთვის გააკეთე, ხათრით და სიყვარულით, როგორც ყოველთვის ყველაფერი.

წაიკითხეთ სრულად