კულტურის სფეროში ახალი წელი, ტრადიციულად, ოქროს გლობუსით დაიწყო. ამერიკულ კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების რიგით 82-ე ცერემონია 5 იანვარს გაიმართა.
საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გამარჯვებული დემი მური გახდა. მსახიობმა სამადლობელ სიტყვაში აღნიშნა, რომ 42-წლიანი კარიერის მანძილზე ეს მისი პირველი ჯილდო იყო.
დემიმ ოქროს გლობუსი The Substance-ში შესრულებული როლისთვის მოიპოვა.
მსახიობმა ფილმის სიუჟეტი ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს დაუკავშირა.
"ამერიკა პურიტანებს, რელიგიურ ფანატიკოსებსა და კრიმინალებს ეყრდნობა. სწორედ ამას ვხედავთ ჩვენს არჩევნებშიც," — თქვა მსახიობმა კინოთეკის სცენაზე. "სექსუალობა ჩვენს ქვეყანაში მუდამ ტაბუდადებულია და სხეულის ირგვლივ მუდამ შიში ტრიალებს. მე ამის არასდროს მესმოდა. ვერასდროს ვიგებდი, რატომ შეგვიძლია სხეულზე საუბარი და მისი აღნიშვნა ხელოვნების სხვა დარგებში, თუმცა არა კინოში."
დემი მური (დემეტრია ჯინი) შტატ ნიუ-მექსიკოს ქალაქ როსველში დაიბადა 1962 წლის 11 ნოემბერს. გაიზარდა გაჭირვებულ ოჯახში, დედა და მამინაცვალი ლოთები იყვნენ და საცხოვრებელ ადგილსაც ხშირად იცვლიდნენ. დემიმ 16 წლის ასაკში სკოლა მიატოვა და სამოდელო სააგენტოს მიაკითხა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემის ახალგაზრდა მეზობელმა ნასტასია კინსკიმ კინოში გადაღება ურჩია.
ერთ-ერთი პირველი როლი სერიალ „საერთო პროფილის საავადმყოფოში“ შეასრულა (1982-83). ამ ხანებში კოკაინს მიეჩვია. ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან 1985 წელს, ფილმ „წმინდა ელმოს ცეცხლის“ გადაღებისას განიკურნა, რაც რეჟისორ ჯოელ შუმახერის დამსახურებაა.
1990-იანების დამდეგს დემი ჰოლივუდში ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად მიიჩნევა. ის მონაწილეობას იღებს ფილმებში: „მოჩვენება“, „რამდენიმე კარგი ბიჭი“, „სტრიპტიზი“, რაც მას სუპერვარსკვლავის სტატუსს ანიჭებს.
2003 წელს დემი მურს ანტიპრიზი „ოქროს ჟოლო“ მისცეს როგორც ყველაზე ცუდ მსახიობს მეორე ხარისხოვანი როლისთვის, იგივე პრიზები შეხვდა მას 1996 და 1997 წლებშიც.
დემი 18 წლის ასაკში გაჰყვა ცოლად როკ-მუსიკოს ფრედი მურს. 1987 წელს ის მეორედ გათხოვდა მსახიობ ბრიუს უილისზე, 2005 წელს კი კომედიურ მსახიობ ეშტონ კაჩერზე.
დემი მური და ეშტონ კაჩერი ქორწინებში 2005 წლიდან 2013 წლამდე იყვნენ. მათ ერთმანეთთან დაშორების გადაწყვეტილება 2011 წელს მიიღეს, თუმცა ოფიციალურად 2013 წელს გაეყარნენ.
"დამოკიდებულება და კოდეპენდეცია. ჩემი დამოკიდებულება ეშტონ კაჩერზე უფრო მეტად გამანადგურებელი იყო, ვიდრე დამოკიდებულება ალკოჰოლზე, რადგან ამან ემოციურად მომშალა", - თქვა მსახიობმა.
დემი მურის თქმით, ის 20 წლის განმავლობაში ფხიზელი იყო, როდესაც სამოგზაუროდ ეშტონ კაჩერთან ერთად წასული კვლავ დაუბრუნდა ალკოჰოლის სმას.
"არ ვიცი რა არის ალკოჰოლიზმი, ვფიქრობ მთავარია ზომიერება. მე ჩემი ისტორია გამოვიგონე, მას [ეშტონ კაჩერს] სურდა ყოლოდა ვიღაც, ვისთან ერთადაც ღვინოს დალევდა და რამეს გააკეთებდა. ის არ არის მიზეზი, რატომაც მე ეს კარი შევაღე. მსურდა, ვყოფილიყავი ის, ვინც არ ვარ და ეს ყველაფერი გავდა ჩემი სიძლიერეების გაცემას", - თქვა მსახიობმა.